ფრიდრიხ ნიცშე და მისი ფილოსოფიური დისკურსი

0
536

„ადამიანი რაობაა რომელსაც ძლევა ჰხამს“ – ეს სიტყვები ფრიდრიხ ნიცშეს ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომიდან „ასე იტყოდა ზარატუსტრადანაა“. იდეა ამ ფრაზის უკან ინდივიდუალიზმის და საკუთარ თავში, იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრაის წახალისებაშია, რომელიც უფრო მეტად დაგვაშორებს ჩვენს ცხოველურ ბუნებას, და დაგვაახლოვებს ზეადამიანურ საწყისს. ზეადამიანი ნიცშესეული გაგებით საკმაოდ კომპლექსური საკითხია. მის მიერ დასახული კრიტერიუმები მზა რეცეპტი არ არის. ნიცშე ხაზს უსვამს რომ მთავარი საკუთარი თავის, საკუთარი სურვილებისა და საკუთარი „მე“-ს ჭეშმარიტი გაგება და გააზრებაა და არა იმ რეალობაში ცხოვრების აღიარება, რომელსაც გარემო, გვაწვდის ჩვენს შესახებ.

მარტივია, ჩვენს შესახებ არსებული წარმოდგენები, შეხედულებები თუ აზრები ძალიან ეფექტური საშუალებაა დავიჯეროთ რომ მართლაც ასეთები ვყოფილვართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვფიქრობდით აქმადე საკუთარ თავებზე. სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგია ნიცშე. არ შეიძლება საკუთარი თავი იყოს საზოგადოების ნაწარმი. ამიტომაცაა რომ „ბაზრის ბუზები“, როგორც იგი საზოგადოებას ახასიათებს, ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ დაღს ასვამს ინდივიდს, რომელიც ვეღარასოდეს იგებს თუ სინამდვილეში ვინ არის იგი და რეალურად რა სურს მას.

ნიცშე გათავისუფლებულ და საკუთარი ნების გააზრების მქონე პირს ზეადამიანს უწოდებს, რომელიც პატარა ბავშვთანაა გაიგივებული. თუმცა ამ წერტილამდე მისასვლელად მას ისეთივე ბრძოლა უწევს როგორც ლომს, ხოლო ლომამდე იგი ისევე უნდა დაიტვირთოს სირთულეებით, როგორც აქლემი. ეს პირვანდელი, აქლემისეული მდგომარეობა მხოლოდ დასაწყისი და იმ დიაგნოზის აღიარებაა, რომლის მიხედვითაც რაღაც უნდა შეიცვალოს.

რეალურად, ნიცშეს ფილოსოფიური მიდგომა ყოველთვის აღწერითი (ე.წ. დესკრიფციული) არ არის და უმეტეს შემთხვევაში ცვლილებებისაკენაა მიმართული. თუნდაც ნიცშეს ყველაზე ცნობილი გამოთქმა „ღმერთი მოკვდა“ სულაც არ გულისხმობს აღწერით რეალობას, რომლის მიხედვითაც ღვთიური ძალა უბრალოდ გარდაიცვალა, არამედ იმ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზეა მინიშნება, რომელმაც საკუთარ თავში ღმერთის ადგილი თანდათან ჩაანაცვლა, წინ წამოწია ფსევდო-საკუთარი თავი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავად კი არ იქცა საკუთარი თავისა და მაშსადამე სურვილების ხელმძღვანელად, არამედ გარდაიქმნა სოციუმისაგან მიღებული წარმოდგენების ტყვედ შესაბამისად კი ბოლომდე დაექვემდებარა გარეშე ფაქტორებს. ღმერთი თუ აქამდე რელიგიის საკუთრება იყო, ახლა ღმერთის ადგილი საზოგადოებისაგან წამოსულმა დაკვეთებმა, ტრადიციებმა, შეხედულებებმა და მოთხოვნებმა ჩაანაცვლა. მისი აზრით არცერთი ზემოთ აღნიშნული არ არის გამოსავალი ინდივიდის თავისუფლების გზაზე.

ნიცშეს მხირდან რელიგიური ნორმატიკის წინააღმდეგ გამოსვლა რამდენიმე მიზეზით აიხსნება, მათ შორის მისი პირადი გამოცდილებითაც: იგი ლუთერანი მოძღვრის შვილი გახლდათ და ახალგაზრდა ასაკში ეკლესიაში ძალიან დიდ დროს ატარებდა. ერთი იყო ქადაგება, წმინდა წერილი, დაწერილი ნორმები და კრებულები, მაგრამ მეორე ის რეალობა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობდა, რომელიც ნიცშესათვის მოჩვენებითი, ფარისევლური გარემოა, სადაც მხოლოდ დეკლარირებულად ხდება რწმენის გამოვლენა.  აცდენა რეალურ რწმენასა და ფორმალურად დაწესებულ ქცევებს შორის საკმაოდ დიდი და შეუსაბამო იყო. იმედგაცრუება საეკლესიო ცხოვრებაში თავდაპირველადვე ძალიან მძაფრი და შესამჩნევი გახდა.

თუმცა XX საუკუნის დადგომა, ინდუსტირიული რევოლუცია, სოციალიზმი, ნაციონალიზმი და პოლიტიკური პროცესების წინ წამოწევა, კიდევ უფრო აშორებს უბრალო ადამიანს ნიცშეს მიერ აღწერილ ზეადამიანისაგან. იმისათვის, რომ გათავისუფლდე მაქსიმალურად დიდი დრო უნდა გაატარო საკუთარი თავის ძიებაში. ნიცშე თავის ნაშრომში “Ecce Homo” მაქსიმალურად დიდ დროს უთმობს ადამიანის მხრიდან მსხვილი ქალაქებიდან შორს გასვლის, განმარტოებისა და თვითჩაღრმავების აუცილებლობას. იგი უფრო დეტალურ რეკომენდაციებსაც იძლევა და ხაზს უსვამს სეირნობის, საკუთრ თავთან საუბრისა და სწორი კვების მნიშვნელობასაც კი.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ჩვენ მიერ არსებულ სამყაროში ცხოვრება ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ცალკეული ადმაიანების მიერ ჩაფიქრებულ სისტემურ წესრიგში არსებობას. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ რეალობასაც, რომელიც გააზრებული და მოფიქრებულია სხვადასხვა მოაზროვნის ან მოაზროვნეების გონებაში, რომელთაც შეძლეს და დაამკვიდრეს იგი, როგორც ერთადერთი ან უკეთეს შემთხვევაში ერთ-ერთი ჭეშმარიტება. ნიცშეს ეს კარგად ესმის და მიაჩნია, რომ ამ წესრიგის რღვევა არა მხოლოდ მის თავში უბრალო მოქცევითაა შესაძლებელი, არამედ თავდაპირველად საკუთარი თავის ტყვეობიდან დახსნაში და რეალურად იმის გააზრებაში „ნამდვილად მსურს თუ არა მე ეს?“.

ნიცშეს ეთანხმება ეკონომისტი ჯოზეფ შუმპეტერი, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს იმას, რომ ადამიანთა ნება, რომელიც შემდგომ თავისუფალ არჩევანსა და პოლიტიკის წარმოებაში უნდა გამოიხატოს მოდის არა ყოველთვის ქვემოდან (მოსახლეობიდან) ზემოთ, არამედ ხშირად ზემოდან ქვემოთ, რაც აკარგვინებს მოქალაქეს თავისი პირვანდელი სურვილისა თუ მოთხოვნის არსს. თუ აღნიშნული პროცესი ჭკვიანური პიარ სვლაა ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაში, ნიცშეს ეგზისტენციალურ ფილოსოფიაში მას მტრულად უყურებენ. არ შეიძლება ისეთი პროცესი იყოს კარგი, რომელსაც ინდივიდი ვერ აკონტროლებს. რეკლამა, აღზრდა, მშობლებისა და სოციუმის მიერ წინდაწინ დაწესებული ტრადიციული ღირებულებები და სხვა, არ შეიძლება გაიგივებულ იქნას, როგორც პირვანდელი, რეალური სურვილი, რომელიც ინდივიდს შესაძლოა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე ნიცშესეული ხედვა სწორედ იმ იდეას ეფუძნება, რომ ზეადამიანმა გადალახოს საზოგადოებრივი დაკვეთა და დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ თავზე.

ნიცშე კიდევ უფრო შორს მიდის და ინდივიდის თავისუფლებას უკავშირებს არა ისეთ საზოგადოებრივ თემებს, როგორიც პოლიტიკა ან საზოგადოებრივი ურთიერთოებია, არმედ ეშვება კერძო, პიროვნებათშორის ურთიერთობებშიც და ხაზს უსვამს ოჯახური, სასიყვარულო ან მეგობრული ურთიერთობის ნებაყოფლობითობას, თავისუფლებასა და საზოგადოებრივი წნეხებისაგან გათავისუფლებას. ერთი შეხედვით ეს ყველაზე ადვილად მიღწევადი მიზანია, თუმცაღა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეხედულებები ოჯახის, სკოლის, საზოაგდოების სხვადასხვა ინსიტუტებისა და აქტორების ზეგავლენით ფორმირდება, ძნელი სათქმელია რეალურად მოგვწონს თუ არა ესა თუ ის ადამიანი, თუ უბრალოდ თვითდაჯერებასთან გვაქვს საქმე, რომელიც დაგვეხმარებოდა საზოგადოების დაკვეთასთნ ადაპტირებაში.

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს სწორედ ნიცშეს ინდივიდუალიზმის აღნიშნული შეხედულება კვებავს მრავალ სოციალურ და პოლიტიკურ იდეოლოგიას, მათ შორის ფაშიზმს, პოსტმოდერნიზმსა და ლიბერალიზმს. 

ნიცშე ისეთ წარმონაქმნს, როგორც იმპერიაა და მის თანმდევ იდეებს – იმპერიალიზმს, მილიტარიზმსა და სამხედრო აგრესიას – საკმაოდ ეჭვისა და კრიტიკის თვალით უყურებს, რაც წარმოუდგენელს ხდის აღნიშნული ფილოსოფიის ფაშიზმთან რაიმე სახით კავშირს, მაგრამ ისევე, როგორც ნებისმიერი ფილოსოფიური კონცეფცია, ნიცშეს ხედვებიც დაექვემდებარა ინტერპრეტაციას, განსაკუთრებით მისივე დის მიერ, რომელმაც საკუთარი ძმის ნაშრომები პოლიტიკური იდეოლოგიების მკვებავ წყაროდ აქცია.

ნაციზმმა ნიცშეს ზეადამიანის კონცეფცია აიტაცა და ლიდერობისა და იერარქიის აუცილებლობის შესახებ დაიწყო ხაზგასმა. ის, რომ თვითგააზრებული ადამიანები გათავისუფლებულები და ზემდგომები არიან საკმარის მოტივაციად იქცა იმისათვის, რათა გერმანული ნაციზმი ნიცშესეული იდეებით დატვირთულიყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნიცშეს ფილოსოფიის თანამედროვე მკვლევარები ფაქტობრივად გამორიცხავენ ფილოსოფოსის შეხედულებების ნაციმში რეალური ადაპტირების შესაძლებლობას, თუმცაღა ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ზეადამიანური ლიდერობის კონცეფცია ბუნებრივად მიმზიდველი იქნებოდა ისეთი რეჟიმებისათვის, რომლებიც დიქტატურასა და პერსონიფიცირებულ მმართვეობაზე იყო და არის აგებული.

პოსტმოდერნიზმი და ლიბერალიზმი ნიცშეს იმ მკაცრი ბუნების გამო ეტრფის, რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარ თავზე მუდმივად უნდა მუშაობდეს, ავითარებდეს და ღირებულებების გადაფასებისა არ უნდა ეშინოდეს. შესაბამისად ნიცშეს ფილოსოფიის რევოლუციურობა საკმაოდ სასურველი გამოდგა ინდივიდუალისტური პოლიტიკური თუ სოციალური მიმდინარეობებისათვის.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი ნიცშემ რელიგიაზე დატოვა. მან არათუ დეტალურად აღწერა ფასდაკარგული რელიგიური რიტუალები, რომლებიც თანდათან ჩანაცვლდა უბრალო ჩვეულებით ან საერთოდაც გაიცვალა სხვადასხვა სოციალურ აქტივობაზე, არამედ ხაზი გაუსვა მისეულ იმ დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც რეალური მორწმუნე ადამიანი რელიგიის დაბადებისთანავე გაქრა, რადგან სისტემურმა სახემ მთლიანად ჩაანაცვლა რწმენა. სწორედ ეს გახდა იმ პროცესის გააზრების საფუძველი, რომლის მიხედვითაც რელიგია და რწმენა ხშირად ორ სხვადასხვა დიაპაზონში განიხილება.

ნიცშეს ფილოსოფიური ზეგავლენები საკმაოდ დიდი და მრავლისმომცველია, თუცაღა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე მწვავედ მისი შედეგების ასახვა არა აკადემიურ სფეროში მყოფმა მოღვაწეებმა, არამედ უშალო, უბრალო ადამიანმებმა მოახერხეს, რომელთა შორის იყო თავად ნიცშეც, რომელიც მუდმივად ცდილობდა ებრძოლა საკუთარ თავში არსებული უბრალო ადამიანური ბუნების გადალახვისათვის, თუმცაღა პარალიზებამდელი მისი ბოლო თავისუფალი აქტი ტურინში დაცემული და პატრონის მიერ ნაცემი ცხენის დანახვისას გამოწვეული სიბრალული და მისი ჩახუტების სურვილი გახლდათ, რითიც მან როგორც ადამიანური, ისე ზეადმიანური ბუნება გამოავლინა. 

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი