ბერტრან რასელი – ეჭვისადმი ნება

0
274
უილიამ ჯეიმსი ოდესღაც რწმენისადმი ნებას  ქადაგებდა. მე, ჩემის მხრივ, მინდა ვიქადაგო ეჭვისადმი ნება. არც ერთი ჩვენი შეხედულება არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყველა მათგანი ატარებს განუსაზღვრელობისა და გაურკვევლობის ანაბეჭდს. ჩვენი შეხედულებების ჭეშმარიტების ხარისხის გაზრდის მეთოდები კარგადაა ცნობილი:ის მდგომარეობს ყველა მხარის მოსმენის მცდელობაში, საკითხის შესახებ არსებული ფაქტების დადგენის მცდელობაში, კამათისას პირადი მიკერძოების მოთოკვაში, აგრეთვე უნდა შეგვეძლოს უარვყოთ ნებისმიერი ჰიპოთეზა, თუ კი ცხადად დამტკიცდება მისი სიყალბე.
ასეთი მეთოდები გამოიყენება მეცნიერებაში და ისინი წარმოადგენენ მეცნიერული ცოდნის საფუძველს. ყოველი ჭეშმარიტი სწავლული მზადაა აღიაროს, რომ მეცნიერების განვითარებიდან გამომდინარე ნებისმიერი თანამედროვე მეცნიერული ცოდნა, უდაოდ, საჭიროებს ცვლილებას (კორექციას). ეს კორექცია საკმარისია მეცნიერული კვლევის პრაქტიკული მიზნების უმრავლესობის განხორციელებისათვის. მეცნიერებაში, რომელშიდაც მხოლოდ შეიძლება ნამდვილ ცოდნასთან მიახლოებული აღმოჩენების გაკეთება, ადამიანების შეხედულებები მაინც შეფარდებითია და ეჭვებით აღსავსე.
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიასა და პოლიტიკაში ცოდნისადმი მეცნიერული მიდგომის მსგავსიც კი არ არსებობს ყველა თვლის დე რიგუეურ (მკაცრად სავალდებულოდ ფრანგ.) დოგმატური მსოფლმხედველობის ქონას, რომელის განმტკიცებისთვისაც იყენებენ შიმშილს, ციხეებს, ომებს, ახშობენ ყოველ არგუმენტირებულ კრიტიკას. შესაძლებელი, რომ იყოს ყველა ამ პრობლემის ანალიტიკოსი აგნოსტიკოსის თვალით შეხედვა, თანამედროვე მსოფლიოში ბოროტების ცხრა მეათედი აღარ იარსებებდა. ომი წარმოუდგენელი გახდებოდა, რადგან თითოეული მხარე აღიარებდა, რომ შეიძლება ორივენი ცდებოდნენ. დევნაც შეწყდებოდა.
განათლება მიზნად დაისახავდა აზროვნების განვითარებასა და გავრცელებას და არა მის შეზღუდვას. თანამდებობებზე შეირჩეოდნენ ადამიანები, პროფესიონალიზმის მიხედვით და არა იმიტომ, რომ ისინი ეპირფერებიან ხელისუფლების წევრების ირაციონალურ იდეოლოგიას. ამდენად, მხოლოდ რაციონალური ანალიზია საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ოქროს ხანა .
ახლახანს ჩვენ ფარდობითობის თეორიისადმი და მსოფლიოს მიერ მისი აღქმისადმი მეცნიერული მიდგომის შესანიშნავი მაგალითი ვნახეთ. აინშტაინი, გერმანულ-შვეიცარიულ-ებრაული წარმოშობის პაციფისტი, გერმანულმა ხელისუფლებამ პროფესორად დანიშნა და მეცნიერულ კველვებს ატარებდა 1914-1918 ომის წლებში. მისი თეორია დადასტურებულ იქნა ინგლისური ექსპედიციის მიერ, რომელიც 1919 წელს მთვარის დაბნელებას თვალყურს ადევნებდა.
აინშტაინის თეორია ცვლის ტრადიციული ფიზიკის მთელ თეორიულ საფუძველს. ის ისეთივე გამანადგურებელია კლასიკური დინამიკისთვის, როგორც დარვინის ევოლუციის თეორია ბიბლიის დაბადების წიგნისთვის. ამისდა მიუხედავად ფიზიკოსები ყველგან აცხადებენ აინშტაინის თეორიის მიღებისთვის მზადყოფნას, რადგანაც არსებობდა მრავალი დამამტკიცებელი საბუთი. მაგრამ არცერთი მათგანი და თვი თაინშტაინიც კი, არ აცხადებს, რომ ფლობს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას.
აინშტაინს არ აღუმართავს უცდომელობის მარადიული მონუმენტი. არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მას არ ძალუძს. მისი დოქტრინა, ისევე, შეიცვლება როგორც ნიუტონის თეორია შეიცვალა. სწორედ ასეთი არის კრიტიკული, არადოგმატური აღქმა და ნამდვილი მეცნიერული პოზიცია.
რა მოხდებოდა თუ აინშტაინი წამოჭრიდა რაიმე, ასეთივე ახალ საკითხს, რელიგიასა ან პოლიტიკაში? მის თეორიაში ინგლისელები პრუსიელობის ელემენტებს აღმოაჩენდნენ, ანტისემიტები – სიონისტურ სიუჟეტებს, ყველა ქვეყნის ნაციონალისტები – ლაჩრულ პაციფიზმს და სამხედრო სამსახურის თავის არიდების მცდელობას.
ყველა ძველმოდური პროფესორი სკოტლანდ იარდს მოსთხოვდა აინშტაინის წიგნების აკრძალვას. მისდამი სიმპათიით განწყობილ მასწავლებლებს სამსახურიდან მოხსნიდნენ. თვითონ აინშტაინს კი დაისაკუთრებდა რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყნის მთავრობა, რომელიც მის თეორიას მისტიკურ იდეოლოგიად გადააქცევდა და თავის სახელმწიფოში სხვა ყველაფრის სწავლებას აკრძალავდა.
ბოლოს, მისი დოქტრინის ჭეშმარიტების თუ მცდარობის საკითხი, ყოველგვარი დამამტკიცებელი თუ უარმყოფელი მტკიცებულებების ძებნის მცდელობის გარეშე, ბრძოლის ველზე გადაწყდებოდა. ეს არის ლოგიკური შედეგი უილიამ ჯეიმსის რწმენის სურვილისა .

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი