რეალპოლიტიკა

0
249

რეალპოლიტიკა შეგვიძლია განსაზღვროთ როგორც ქმედებათა და შედეგთა ერთობლიობა, რომელიც არ ემორჩინება საზოგადოებრივ მოლოდინებს, განისაზღვრება მრავალი ფსიქო-სოციალური მიზეზებით, ხშირად ალოგიკური ხასიათისაა და მკაცრად ინდივიდუალურსა და ირაციონალურ პრინციპებზეა აგებული. მოკლედ რომ დავახასიათით ეს ფორმულა, უნდა ვთქვათ, რომ რეალპოლიტიკა არის ის, რაც სინამდვილეში ხდება.

რეალპოლიტიკა აგებულია ცხოვრებისეულ, ხშირ შემთხვევაში არააკადემიურ ურთიერთობებზე, სადაც საუბრის თემატიკა და მისი განხილვის მეთოდები, ისევე როგორც გადაწყვეტილება და საბოლოო შედეგი, მიიღება იმ პრინციპით თუ საბოლოოდ ვინ რა შედეგზე გავა და ვის რა პირდაპირი სარგებელი ექნება. რეალპოლიტიკის განსასაზღვრავად შეგვიძლია მოვიხმოთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დიზრაელის სიტყვები: “ბრიტანეთს არ ჰყავს მუდმივი მტრები ან მუდმივი მეგობრები, არამედ აქვს მუდმივი ინტერესები და ამით ხელძღვანელობს იგი”. ყოველივე ამით ვხედავთ, რომ რეალპოლიტიკაში მორალი არ არსებობს და შეიძლება გქონდეს ურთიერთობა მეგობართან ისე, რომ ამასთან მოლაპარაკებებსა და გარიგებებს აწარმოებდე მტერთანაც.

რეალპოლიტიკა ხელძღვანელობს ფსიქოლოგიური მეთოდებით. გადაწყვეტილების მიღებისას თუ ცალკეული სახელმწიფოები ითვალისწინებენ რაციონალურ და ირაციონალურ მოტივებს, საზოგადოებასთან ურთიერთობისას მათი მთავარი პრინციპია გახადონ ყოველივე მარტივად ახსნადი და განმარტებადი, რაც მათ მისცემთ მეტ დამაჯერებლობას, ხოლო მოწინააღმდეგეს გამოიყვანს უსუსურად. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალპოლიტიკა სავსეა გარკვეული პოლიტიკური სარჩულებითა და წარმოდგენებით, რომელსაც მაყურებელი აღიქვამს და სჯერა მისი, ხოლო სინამდვილეში თუ რა ხდება ამის ზუსტი გაგება ნაკლებადაა შესაძლებელი და ფართო საზოგადოებისათვის ხშირად უინტერესოც.

რეალპოლიტიკაში არ არსებობს მიამიტური მოლოდინები, სანაცვლოდ არსებობს მუმდივი ვაჭრობა. მაგალითად თუ რომელიმე სახელმწიფო ან ლიდერი თმობს რაიმეს, ეს იმის ფასად რომ მან მიიღო სხვა მისთვის ღირებული.

რეალპოლიტიკაში ჩართული აქტორები ცდილობენ მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას, რაც მიიღწევა მისი, როგორც პერსონის ნეგატიური სახით ჩვენებისაკენ. ეს გულისხმობს იმას, რომ რეალპოლიტიკოსი სრულად სწავლობს საზოგადოებრივ მოლოდინებსა და მოთხოვნებს, იმასაც თუ რა წინასწარი განწყობები აქვთ მათ შექმნილი და შემდგომ ამის მიხედვით ხელძღვანელობენ ისინი. ეს ნიშნავს, იმას, რომ თუ ზემო თქმულ მაგალითს განვავრცობთ დავინახავთ, რომ მოწინააღმდეგე, რომელსაც საზოგადოება იცნობს კონკრეტული მახასიათებლებით, მისი სხვა სახის წარმოჩენის შემთხვევაში მისდამი ნდობა ნელ-ნელა იკარგება და ჩნდება კითხვები. ამიტომაა, რომ რეალპოლიტიკაში დისკრიმინაციული ელემენტები ძალიან ხშირად და ძალიან აქტიურად გამოიყენება ხოლმე.

რეალპოლიტიკაში ინდივიდები ქმნიან პროდუქტს და მათ აწვდიან საზოგადოებას, ისე, თითქოს საზოგადოება ითხოვდა ამას. ანუ ხშირ შემთხვევაში აქტორი მოქმედებს არა ისე, როგორც ამას სოციუმი კარნახობსა და ითხოვს, არამედ ისე, როგორც იგი თავად ფიქრობს, ხოლო შემდგომ თავის ქმედებას აკავშირებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებასთან, შესაბამისად მისი გადადგმული ნაბიჯი განიხილება, როგორც საზოგადოებრივი დაკვეთან ან წარმოჩენა, თითქოს მას ზურგს უმაგრებს ფართო საზოგადოება.

და ბოლოს: რეალპოლიტიკა მიმართულია ერთდროულად სანახაობისაკენაც და ერთდროულად რაციონალიზაციისაკენ, ანუ საზოგადოებრივი ასპარეზზე რეალპოლიტიკოსი ცდილობს მეტი დრამატიზირება ან სიმარტივე წარმოაჩინოს ცალკეული საკითხისა, ხოლო იქ, სადაც ამ საკითხის განხილვა სინამდვილეში მიმდინარეობს, და იქ, სადაც გადაწყვეტილება მიიღება, მოვლენა წარმოჩინდება მისი რეალური სახით და შესაძლო შედეგების განხილვაც ანალოგიურ ხასიათს ატარებს. თუმცაღა გადაწყვეტილების მიღებაშიც ხშირია ირაციონალურის გამოყენება, ის ზემოქმედებს ორ ცალკეულ ლიდერსა თუ სახელწმიფოს შორის ურთიერთობებზე, უშუალოდ მოლაპარაკების გარემოს, პროცესებსა და ერთმანეთისადმი მიართვის ფორმებზე, რაც უფრო შინაურ ხასიათს ატარებს, ასევე ხშირია პროცესების შესაძლო ნეგატიური შედეგების გამოყენება და მისით აპელირება და ასე შემდეგ – მაგრამ უშუალოდ გადაწყვეტილება წაგება-მოგებისა და რაციონალური გათვლების შედეგია ხოლმე. შესაბამისად თავად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ ირაციონალური და რაციონალური მომენტები, და კითხვა თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ შედეგს.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი