ნონა ხიდეშელი:იპოვო ღმერთი ნიშნავს, განიცადო ღმერთი საკუთარ თავში

0
707

„მოდის ჟამი, ამბობს მაცხოვარი, და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან” (იოანეს სახ. თავი5-21) ეს ჟამი მუდამ იყო და არის მათთვის, ვისაც შესწევს უნარი, მოისმინოს და დაინახოს ნაცნობის მიღმა, მხოლოდ მაშინ გაცოცხლდება ადამიანი და დაიწყებს ნამდვილ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, როდესაც შესძლებს დაანგრიოს თავისი შეზღუდული ცნობიერების ფარგლები და ეზიაროს მისთვის უცნობს, ზე-ცნობიერს, იგივე ძე ღვთისას, რომლის ხმაც სადღაც ზეციდან კი არ მოდის, არამედ საკუთარი სულის დაფარული სიღრმეებიდან.

ქრისტეს, როგორც მხსნელის, როგორც  მაცხოვრის შობისა და გოლგოთის მისტერია, სულიერი თვალსაზრისით დაუსრულებელი პროცესია, იგი მუდმივად გრძელდება კონკრეტულ ინდივიდებში, როგორც სულის განუყოფელი ნაწილი, მისი ხსნა, მისი ინდივიდუალური აღორძინება. ადამიანმა თუ თავად არ შეიგრძნო და აღმოაჩინა თავის თავში მხსნელი, ქრისტე და მარტო გარეგნული რიტუალებისა და იმიტაციის მდგომარეობაში დარჩა, ვერასოდეს იპოვის ხსნას, რადგანაც იპოვო ღმერთი, ნიშნავს განიცადო ღმერთი საკუთარ თავში, როგორც სულის საკუთრება, თავად გახდე ღმერთი, რადგანაც მხოლოდ ასე შესძლებ ჩასწვდე იმ საკრალურ ცოდნას, რასაც ასე ეძებს ადამიანი ბიბლიაში, ყურანში თუ სადმე სხვაგან.

სიცოცხლე, თვისთავად  საკუთარი არსებობის შეგრძნებაა და როგორ უნდა შევიგრძნო საკუთარი თავი, თუ მტკიცედ ვარ ჩაკეტილი ცნობიერების ლიმიტირებულ ფარგლებში, სადაც წესებისა და ტრადიციების სახით უკვე მოცემულია გზა განვითარების, უკვე არსებობს ნიმუში ზნეობრივი და წარმატებული ადამიანის, ხოლო მე ისღა დამრჩენია ამ ნიმუშს მივყვე. ბუნებრივია აქ პირადი არაფერია, მხოლოდ ავტორიტეტების მიერ შემოთავაზებული ცოდნა და გამოცდილება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვიბადები თუ არა, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად უკვე განსაზღვრულია რაღაც სტერეოტიპების მიერ, ვიღაც დიდმა, მოაზროვნე ადამიანებმა რაღაც გაიგეს და გააცნობიერეს, შესაბამისად დაგვიტოვეს საკუთარი გამოცდილება და მე უბრალოდ მათთან იდენტიფიკაციას ვახდენ.

ცხადია ამას საერთო არაფერი აქვს ჩემს რეალურ, შინაგან განცდებთან. შესაძლოა მათ მართლაც ჰქონდათ ჭეშმარიტი განცდა და ცოდნა ამის, მაგრამ მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს, უბრალოდ იმიტატორი ვარ და რაც უფრო კარგად მივბაძავ მათ, მით მეტი სახელი და პატივი მექნება. მაშასადამე, ჩვენს ფიზიკურ არსებობას, არავითარი საერთო არა აქვს ნამდვილ, ჭეშმარიტ სიცოცხლესთან, რაც ნიშნავს კრეატიულობას, მუდმივ სიახლესა და ინტერესს. ამიტომ ამბობს სახარება “მსმენელნი გაცოცხლდებიანო”,  რადგანც შინაგანად, სულიერად მკვდრები ვართ და იმისათვის რომ გავცოცხლდეთ, აუცილებელია ნამდვილი, ცოცხალი განცდებითა და პირადი გამოცდილებებით ცხოვრება.  

გონება უნდა გავათავისუფლოთ ყოველგვარი სტერეოტიპების, ნიმუშებისა და იდეალებისგან და დავიწყოთ საკუთარი თავის კვლევა-ძიება, რათა გავაცნობიეროთ საკუთარი არსებობა და წერტილი დავუსვათ ამ ქაოსს, რაც ჩვენში არსებობს და რისი ანარეკლიცაა ემპირიული სამყარო. მ. მამარდაშვილი ამბობდა „არსებული ცოდნა, ყველაზე ხშირად უკვე სტერეოტიპია და ჩვენს ცოცხალ აზრს, ცოცხალ გრძნობებს მოკლებულია, ეს არის დაავადება, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.”

ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, როდესაც არ იცის ვინ არის სინამდვილეში, რა უნდა, საიდან მოდის და საით მიდის.  ეს არის შინაგანი ადამიანის პრობლემა, ანუ როგორც ფილოსოფოსი ამბობს “ სახარებისეული ადამიანის, არა ეკლესიური- არამედ სახარებისეული, შინაგანი ადამიანის პრობლემა, ადამიანის, რომელსაც თავის სამყაროში ტექსტებიდან კი არ შეაქვს რაღაც კანონები, ნორმები, წესები, არამედ თვითონ შობს მათ, გამოცდილს საკუთარი არავერბალური ძირით.” ეს არის საკუთარი ძალისხმევის, დიდი შრომისა და მუდმივი თვითდაკვირვების შედეგად მიღებული ცოდნა იმის, რისი ცოდნაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი