იაგო ხვიჩია:გამოსავალი გამოხატვის თავისუფლების შინაარსის გაგებაშია

0
692

,,შარშან, პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, მომხდარიყო „რელიგიური გრძნობების“ კრიმინალიზაცია.

საახალწლო მილოცვაში ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციასაც პატრიარქის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ჩაუდგა სათავეში, განაცხადა „უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგანო“.            ამას მოჰყვა 2019 წლის საშობაო ეპისტოლე, რომელშიც პატრიარქმა იგივე თემა გააგრძელა – „სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობენო“.                                                      საშობაო ეპისტოლეზე გაკეთებულ კომენტარში პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ უფრო შორს წავიდა – „ცილისწამება … სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ზომების მიღებაო“.                                                                                                                                გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ვერ იქნება დამთხვევა და სავარაუდოდ, სადღაც სერიოზულად ფიქრობენ ქვეყანაში შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება და ეს შეზღუდვა გაამართლონ ცილიწამების, „რელიგიური გრძნობების“ თუ უბრალოდ შეურაცხყოფის დაუშვებლობით.                                                                                                                                ზოგადად, სიტყვის თავისუფლების მთელი არსი მდგომარეობს სწორად იმაში, რომ დაცული იყოს გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, გამაღიზიანებელია, გასაბრაზებელია და გასაგიჟებელიც შეიძლება იყოს.

„გენაცვალეს“ და „შენი ჭირიმეს“ დაცვა არ სჭირდება.

შეურაცხყოფა არის სუბიექტური აღქმის საკითხი. სხვადასხვა ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. შესაბამისად, შეუძლებელია უნივერსალური ფორმულის მოფიქრება და კანონით განსაზღვრა, კონკრეტულად რისი თქმა ან დაწერა უნდა გახდეს დასჯადი.

კიდევ უფრო რთულია ცილისწამების კრიმინალიზება, რადგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული, „რეპუტაციის შემლახველი“ ფრაზის ავტორმა წინასწარ იცოდა, რომ ტყუილს ამბობდა.

ორივე შემთხვევაში, დანაშაულის ფაქტის სასამართლოს მიერ დადასტურება ურთულესი ამოცანაა ყველგან, სადაც არსებობს ასეთი კანონმდებლობა, მაგრამ საერთოდ შეუსრულებელი – მურუსიძის სასამართლოს პირობებში.

შესაბამისად, გასაგებია რომ, მიღების შემთხვევაში, ამ კანონს ექნება ერთადერთი ფუნქცია – ის იქცევა სადამსჯელო ინსტრუმენტად ძალაუფლების მქონეთა ხელში.

გირჩისთვის თავისუფლება არის არსებობის აზრი. ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება არის არა უბრალოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, არამედ მექანიზმი, რომლითაც ჩვენ ვარკვევთ სიმართლესა და ტყუილს, ცუდსა და კარგს, ბოროტსა და კეთილს. შესაბამისად, არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც გირჩს ამ მექანიზმის სრულყოფილად გამოყენების უფლებას თუნდაც ოდნავ მაინც შეუზღუდავს. მითუმეტეს, რომ, მაღალი ალბათობით, ჩვენი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის იდეის კანონად ქცევას, ის ინსტიტუტი შეეცდება, სადაც ჰაერიდან მოტანილი იმუნიტეტით დაცულნი, პერიოდულად, ერთმანეთს არათუ აგინებენ, თავპირსაც ამტვრევენ, ხოლო იდეის ინიციატორი ის ინსტიტუტია, სადაც ერთმანეთს ციანიდით დასდევენ მოსაკლავად“. –  ეს არის გირჩის განცხადება, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

mesaage:ისეთი ჰიბრიდული საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის აკრძალვის დაწესება, როგორიც რელიგიური გრძნობების კრიმინალიზაციაა, საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმისკენ უფრო დიდ ნაბიჯს გადავდგავთ, ვიდრე დემოკრატიისკენ. ეს იმ ფონზე, როდესაც  ერთ-ერთმა ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ Economist Intelligence Unit-მა გამოაქვეყნა 2018 წლის დემოკრატიის ინდექსი. საქართველოს ქულა – 10 – დან 5.50. ნიშნულამდე ჩამოვიდა.                                                                                                      ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა საზოგადოების განათლებაა. მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთის მოსაზრებას პატივი უნდა ვცეთ, რათა გავხდეთ სხვათა აზრის გამთვალისწინებლები. საქართველოს შემთხვევაში არა, კრიმინალიზაცია რელიგიური გრძნობების, არამედ სამოქალაქო განათლება და ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტიური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, რომ საზოგადოებაში რელიგიურობისა და ყოველგვარი ჯგუფური მიკუთვნილების გარეშე, ყველა ადამიანს შეგვეძლოს თავისუფლად ცხოვრება. რელიგიური გრძნობების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მესიჯი ესაუბრა – იაგო ხვიჩიას

message:იაგო, რატომ წამოიწია ეს თემა?

სხვადასხვა უცნაური ორგანიზაციებიდან, ასეთი რაღაცეები პერმანენტულად წამოიწევა ხოლმე. რომელთაც სურთ, ასეთი მავნებელი ამბების წამოწევით და ვითომ პრობლემად ქცევით, საქართველოს საპატრიარქოს კეთილგანწყობა მოიპოვონ.

სავარაუდოდ მოხდა ასეთი რამ:იცოდა რა პატრიოტთა ალიანსმა, რომ ამ თემას ეკლესიაში მხარდამჭერები ჰყავდა და მათი გულის მოსაგებად პოლიტიკურ დღის წესრიგში „შემოაგდო“. ასე ვთქვათ, ერთგვარი მოედანი შექმნა ამ საშიში თემით სავაჭროდ.

აბა, ადამიანებს ეს საერთოდ არ აინტერესებთ. ხალხი სხვა რამეს ითხოვს ამ ქვეყანაში და არა იმას, ლაპარაკის უფლება წაგვართვითო. ეს თემა აწყობს მხოლოდ მთავრობას და საპატრიარქოს, ისინი არიან ამ თემის შემკვეთები ქვეყნის პოლიტიკაში და მათ რელიგიური გრძნობები საერთოდ არ აინტერესებთ, უბრალოდ იციან რომ მორალურად მძიმე სიტუაციაში არიან და უნდათ ადამიანებს კრიტიკა, გნებავთ, მხილება, აუკრძალონ,  თან ფიქრობენ რომ ეს შესაძლებელია ამ ეპოქაში.

mesaage:რატომ აინტერესებს ეს თემა საქართველოს საპატრიარქოს?

ბევრი ისეთი თემა დაუგროვდა საპატრიარქოს, სადაც მკაფიო მორალური პოზიციაა დასაფიქსირებელი, შეიძლება ბოდიშიც კი იყოს მოსახდელი. ადამიანები ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ პრეტენზიებს, ხშირად მიუღებელი ფორმებით, მაგრამ სიტყვის თავისუფლების შინაარსიც სწორედ ეგაა, რაც ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას და როცა ადამიანს აქებ, ან ლოცვაში მოიხსენიებ მაშინ კი არ მოქმედებს, არამედ მაშინ, როცა ყველაზე საშინელი სიტყვებით აკრიტიკებ, რადგან სწორედ მძაფრი და მიუღებელი კრიტიკაა მისი დაცვის ობიექტი.

ზოგადად, ეკლესია არაა ის ადგილი, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტია დაცული. მაგრამ ეს არ წარმოადგენს პრობლემას. არც ის, როდესაც ეკლესია მორწმუნეებთან ადამიანურად, დარწმუნების გზით ურთიერთობს და ძალადობის მეთოდებს არ იყენებს. მაგრამ, როცა ეკლესიის ქადაგებას სინქრონულად ემთხვევა მთავრობის ანალოგიური სურვილი – პრობლემა თვალსაჩინო და რეალური ხდება.

message:საქართველოს მთავრობა მყისვე გამოეხმაურა ეპისტოლეს…

მთავრობას აწყობს მისი მოქალაქე იყოს ჩუმი, უპრეტენზიო, ისევე როგორც ეკლესიას.  მათ არ უყვართ თავისუფალი ადამიანები, უფრო მეტიც, ნერვებს უშლით. ამას გარდა, არც მთავრობაა მორალურად გამართული ქართველ ხალხთან, უამრავი უხერხული კითხვაა მათი მისამართითაც. ამიტომ ადამიანებს იმ ერთადერთ უფლებასაც ართმევენ, რისი უფლებაც დღემდე შემორჩათ – მთავრობაზე შეგინების.

message:რა მოხდება თუ პარლამენტი შეიტანს ცვლილებას კანონში და რელიგიური გრძნობების შელახვა იქნება კანონდარღვევა?

ადამიანები ვიქნებით ნაკლებად თავისუფლები, სარისკო გახდება ხელისუფლების ვერტიკალში მყოფი ხალხის კრიტიკა. როგორც ახლა 2 პოლიციელის ჩვენებით სვამენ ადამიანს ციხეში და აბრალებენ რომ წინააღმდეგობა გაუწია, ისე გაატარებენ სანქციებს მაშინაც როცა, მაგალითად,  ,,აიისა“ – სავით მოიქცევი და თანამდებობის პირს დაახატავ პრეზერვატივზე და ამ გზით გამოხატავ პროტესტს, რომელიმე ხელისუფლების ან მისი წარმომადგენლის მიმართ. იტყვიან რომ კანონი დაარღვიე და მერე ეძებე სამართალი ამ სასამართლოში. საბოლოოდ ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლების აკრძალვამდე მიდის და არასოდეს კარგად არ მთავრდება არავისთვის.

message:რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

გამოსავალი გამოხატვის თავისუფლების შინაარსის გაგებაშია. თუ ჩემი საუბარი, ახლა და ამ წამს არ ქმნის ადამიანისთვის რეალურ საფრთხეს (მყისიერი და რეალური საფრთხე), მე უფლება მაქვს როგორც მინდა და რაზეც მინდა ვილაპარაკო. 

ადამიანს არაპოლიტკორექტული საუბრისთვის პოლიცია არ უნდა გავუგზავნოთ რომ აუკრძალოს, არამედ დაველაპარაკოთ და გავარკვიოთ რატომ გვეჩხუბება, რას აპროტესტებს, ამისთვის არსებობს ეს უფლება. ამას გარდა სხვა მნიშვნელობაც აქვს გამოხატვის თავისუფლებას, უფრო მშვიდი და არადაძაბული საზოგადოების შექმნას უწყობს ხელს.

მაგალითად, თუ ადამიანი ისეთ დღეში გყავს, როგორშიც ქართველ ხალხს ამყოფებს ჩვენი მთავრობა, გინება ერთადერთი საშუალებაა დაგროვილი ბრაზის გადმოსანთხევად და ყველაზე მეტად მთავრობას არ უნდა აწყობდეს მისი აკრძალვა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი