ევროპა ყოველდღიურ ცხოვრებაში

0
282

საინტერესო იქნება განვიხილოთ და დავინახოთ ევროპა, არა როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტიტუტების ერთობლიობა ან გეოგრაფიული ერთეული, არამედ როგორც ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების ერთობლიობა. მოდით თანდათან მივყვეთ:

ევროპულ ქალაქებში სიგნალის ხმას თითქმის ვერ გაიგებთ, ხოლო როდესაც გზაზე ფეხით მოსიარულე გადადის მას ყოველთვის უთმობენ გზას, იქაც კი, სადაც ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი არ არის. საცობები ხშირია, მაგრამ ავტომობილები მოწესრიგებულად ჩაწყობილან სავალ ზოლებში და მოთმინებით და აუღელვებლად ელოდებიან გზის გათავისუფლებას. ფეხით მოსიარულეებს კი ტროტუარებზე სიარული თავისუფლად შეუძლიათ, რადგან იქ მანქანებს არ აჩერებენ.

მანქანები მთავარი ტრანსპორტი სულაც არ გახლავთ. ძალიან ხშირად შეხვდებით ველოსიპედებით მოსიარულე ადამიანებს. მათი ასაკი არავის ეგონოს, რომ შეზღუდულია: იხიალვთ როგორც 60-ს გადაცილებულ, ისე სრულიად ახალგაზრდა მოქალაქეებს, რომლებიც ნებისმიერ ამინდში, შესაბამისი ჩაცმულობით ველოსიპედებისათვის სპეციალურად გამოყოფილ სავალ ნაწილზე მოძრაობენ. ამასთან ტრამვაი, ავტობუსები და მეტრო გადასაადგილებლად საკმაოდ კომფორტული და სწრაფი საშუალებაა, სადაც მგზავრობის საფასურის გადახდა მარტივი და მრავალგვარია, ხოლო მგზავრობა სასიამოვნოა.

კერძო, პიროვნული და ინდივიდუალური შტრიხები მოქალაქეთა ცხოვრების უდიდესი ნაწილია, რაც მათ ჩაცმის სტილში, სხვადსხვა სპორტის მიმდევრობასა თუ პოლიტიკური პარტიებისადმი მიკუთვნებულობაშიც კი კარგად გამოიხატება. სამოქალაქო აქტივობა დიდია, ისევე, როგორც სოლიდარობის გრძნობა. თავისუფლად იპოვით ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც გაიზიარებენ თქვენს პრობლემას და საკმაოდ სპონტანურადაც კი მოაწყობენ მხარდამჭერ მანიფესტაციას, თუ ამის აუცილებლობა იქნება.

ქუჩაში სიარულისას თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ყოფნისას თითქმის არასდროს იქცევით დაკვირვების და მით უფრო განხილვის ობიექტი, რადგან ყველას თავისი ცხოვრება და თავისი საფიქრალი აქვს.

საინტერესოა ისიც, ქალაქებში ხშირად წააწყდებით უჩვეულო, პატარა, მაგრამ ლამაზ ქანდაკებებსა და ძეგლებს, რომლებსაც თავიანთი ისტორია გააჩნიათ. გარემოს მორთულობა და განათლება კი ნებისმიერ დროს თვალწარმტაცი და შესაშური სილამაზისაა.

მნიშვნელოვანი როლი უჭირავს დასვენებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს: თვეში ან კვარტალში ერთხელ აუცილებლად გადიან მოქალაქეები დასასვენებლად ქალაქგარეთ და ცდილობენ განტვირთვას. თუმცა ყველაფერი მხოლოდ ქალაქიდან ან ქვეყნიდან გასვლით როდი შემოიფარგლება? ყოველდღიურ სამუშაო გარემოში სპორტულ აქტივობას შეუცვლელი ადგილი უკავია. დღის ნებისმიერ დროს იხილავთ ქუჩაში მორბენალ ყველანაირი ასაკისა და სტატუსის მქონე ადმაიანებს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ სამსახურიდან შესვენებისას გამოვიდა და გამაჯანსაღებელი ვარჯიშითაა დაკავებული, შემდეგ მივა სამსახურში, გადაივლებს შხაპს და განაგრძობს მუშაობას.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღზრდას: ახალგაზრდებს აძლევენ მაქსიმალურად დიდი არჩევნის საშუალებას, მანამდე კი საკმაოდ უვითარებენ ზოგად ცოდნას, ჩუქნიან საინტერესო წიგნებს ყველაფრის შესახებ, არ უშლიან გამოთქვან დამოუკიდებლად თავიანთი შეხედულება და აზრი, ცდილობენ არ დაუმსხვრიონ ოცნებები და თუნდაც დაარწმუნონ რომ სანტა მართლაც არსებობს. შემდგომ კი კარიერისა და სწავლის დაწყებისას ახალგაზრდები თავად ირჩევენ ცხოვრების გზას. წარმატებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა არ არსებობს, მათ შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, ან პირდაპირ მუშაობა დაიწყონ, ზოგიც საკუთარ ჰობს აქცევს შემოსავლის ძირითად წყაროდ, ფოტოგრაფია, ფერწერა, მუსიკა, მწერლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანთა პირად თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახებულ ადამიანთა რიცხვი მცირეა. ოჯახებს ძირითადად კარგად მომწიფებული, კარიერა არჩეული, ცნობიერება ჩამოყალიბებული 27-28 წელს გადაცილებული ადამიანები ქმნიან. თუმცა სექსუალური ცხოვრება ქორწინებამდე აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

შეუცვლელი მნიშვნელობისაა გარემოზე ზრუნვა. ყველგან ნახავთ დიდ პარკებსა და გამწვანებულ ადგილებს, რომლებზეც არამხოლოდ სამართალდამცავები და ადგილობრივი მცველები, არამედ თავად მოქალაქეებიც ზრუნავენ. ხშირ შემთხვევაში გამწვანება ქალაქის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული და საკმაოდ კომფორტულადაა მოწყობილი ხოლმე.

საინტერესოა ისიც, რომ ევროპული ქალაქებისა თუ დასახლებების აბსოლუტურ უმრავლესობაში სანიაღვრე სისტემები ზედმიწევნით კარგადაა გამართული. იშვიათად შეხვდებით სადმე ტალახს ან გუბურას და შესაძლოა ფეხსაცმელების წმენდაც დიდად არ დაგჭირდეთ.

მრავალმხირივია გართობის საშუალებაც: სამსახურებიდან შინ მისული ადამიანები ხშირად გადიან ქალაქში ფეხით სასეირნოთ, ლუდის ან ღვინის დასალევად, მანქანით ქალაქგარეთ, მუზეუმებში გამოფენებზე, თეატრებსა და კინოებში, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ აქტივობებზე. ამ უკანასკნელს მართლაც უდიდესი ღირებულება გააჩნია, რადგან სხვადსხვა სპორტსა და გუნდთან მიკუთვნებულობა ზოგჯერ პოლიტიკურ პარტიასთან მიკუთვნებულობის ხარისხს აჭარბებს კიდეც.

და ბოლოს, საინტერესოა პენსიონერებზეც ითქვას მცირეოდენი. პენსიონერები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილია საზოგადოებისა. მათ გააჩნიათ თავიანთი დანაზოგი და ახლა ცხოვრებისაგან სიამოვნებას იღებენ. მათ სულაც არ მიაჩნიათ, რომ დაბერდნენ და სახლში უნდა ისხდნენ, არმედ პირიქით, მაქსიმუმს აკეთებენ, რათა გაიგონ და აკეთონ ის, რისი კეთების დრო და საშუალებაც წინათ არ ჰქონდათ.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი