ბუდა:ყველაფერ განპირობებულს აქვს რღვევის თვისება, გულმოდგინედ ისწრაფეთ მიზნისაკენ

0
765

რელიგიური ცნობიერება – შორეული წარსულიდან დაწყებული დღემდე მსოფლიოს სამი დიდი რელიგია – ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი – საზოგადოებაში ასრულებს განსაკუთრებულ  ფუნქციას.

აერთიანებს მორწმუნეებს – რელიგიური რიტუალების საშუალებით ახდენს საზოგადოების ცხოვრების რეგლამენტაციას. ამიტომ, ბუნებრივია, რელიგიურ ცნობიერებას დიდი როლი
მიუძღვის საზოგადოების კულტურულ ევოლუციაში. დღეს განვიხილავთ ბუდიზმს.

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში ჩრდილო ინდოეთის ქალაქ კაპილავასტუში, ახლანდელი ნეპალის ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა ბრძენი კაპილა, მეფობდა შაკიათა ტომის მბრძანებელი შუდჰოდანა. სამეფო არ იყო დიდი, 30 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ნიადაგი იყო ნოყიერი და ხალხი მშრომელი.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით შუდჰოდანას მეუღლემ, მაჰამაიამ, იბანავა ჰიმალაის მთიანეთის ტბაში და მიიძინა წმინდა ხის ქვეშ. სიზმარში ნახა, რომ მარჯვენა ფერდში უმტკივნეულოდ შეუვიდა თეთრი ექვსეშვიანი სპილო. აღელვებულმა ქმარს უამბო უცნაური სიზმარი. მაშინდელი ტრადიციისამებრ მოხუცმა შუდჰოდანმა ქვეყნის ყველა კუთხიდან

მოიწვია ვარსკვლავთმრიცხველნი მეუღლის სიზმრის ასახსნელად. მათ სიზმარი შემდეგნაირად ახსნეს: დედოფალს შეეძინება ვაჟი, რომელიც ქვეყანას უმძლავრეს მეფედ მოევლინება, ხოლო თუ განუდგება სააქაოს, გადაიქცევა მხსნელ მეფედ, რომლის სწავლება გაანათლებს ყველას.

პირველ შვილზე ფეხმძიმე მაჰამაიმ გადაწყვიტა ემშობიარა მშობლების სახლში. კაპილავასტუდან მშობლიურ სოფელში მიმავალმა მაიამ ლუმბინთან ახლოს ირმების ბაღში მარჯვენა ფერდიდან სასწაულებრივად შვა ვაჟი. დაბადებამ ბუნების ზეიმი გამოიწვია. დადუმდნენ მხეცნი, გაიშალნენ ყვავილები. ახალდაბადებულმა შვიდი ნაბიჯი გადადგა (ზოგი
წყარო ოთხ ნაბიჯს აღნიშნავს), ძლევის ყიჟინი დასცა და ლომივით დაიძახა: «მე
შეუდარებელი ვარ. ეს იქნება ჩემი ბოლო გარდასახვა».

ძველი ლეგენდის მიხედვით, დაბადებულს დაჰყვა სხეულის 32 სპეციფიკური ნიშანი. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს მათი ჩამონათვალი ერნსტ მულდაშევის ნაშრომის 204-ე გვერდზე.

მემკვიდრის დაბადებით გახარებულმა შუდჰოდანმა ბრძანა პატიმართა განთავისუფლება და ბევრი ღარიბი დაასაჩუქრა. ბავშვი მიიყვანა ბრძენ ასიტასთან მისი ჰოროსკოპის შესადგენად. მემკვიდრის ბედით დაინტერესებულმა შუდჰოდანმა ისურვა მაიას სიზმრის ხელახლა ახსნა. ყველა ასტროლოგმა ერთი და იგივე პასუხი მოახსენა: «შენს ძეს ორი შესაძლებლობა აქვს ამ ცხოვრებაში, ან დიდი მეფე გახდება, ან მიატოვებს ქვეყნიერებას, რათა ეძიოს ჭეშმარიტება და მსოფლიოს უდიდესი განსხივოსნებული მოძღვარი იქნება». მხოლოდ ერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდა ასტროლოგმა თქვა: «არა, მეფეო, ეს ადამიანი ძალიან დიდხანს, მრავალი სიცოცხლის განმავლობაში იყო ძიებაში. მისი დრო მოვიდა, ის უეჭველად განსხივოსნდება, სხვა შესაძლებლობა არ არსებობს».

დაბადებულ უფლისწულს სიდხარტა (მიზნის მიმღწევი) დაარქვეს. დედის საპატივცემულოდ, ვინაიდან ის გაუტამთა ტომიდან იყო, უფლისწულს გაუტამას უწოდებდნენ. სიდხარტა გაუტამა მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც ბუდა შაკიამუნი. ბოლო პერიოდის გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბუდას მამის, შუდჰოდანის, მეფედ მოხსენიება არ არის სწორი. ამ პერიოდში ჩრდილო ინდოეთის ტომებში დემოკრატიული ყოფა იყო დამკვიდრებული. მმართველს (რაჯუს) ირჩევდნენ 12 წლით. აღსანიშნავია ერთი გარემოება – არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს ქალაქ კაპილავასტას არსებობა. აღმოჩენილია იმ წარწერებიანი სვეტის ნანგრევებიც, რომელიც დადგმული იყო ბუდას დაბადების ადგილის აღსანიშნავად.

სიდხარტა გაუტამას დაბადებიდან მეშვიდე დღეს მაია გარდაიცვალა. მას დედობა
დეიდამ – მაჰაპრაჯაპატიმ გაუწია. შუდჰოდანი შეწუხებული იყო მემკვიდრის მომავლით. მოხუცმა ვეზირმა დაამშვიდა და ურჩია: «ისე გაზარდე შვილი, რომ არ იცოდეს არაფერი გაჭირვებაზე, ავადმყოფობაზე, სიბერესა და სიკვდილზე. ნუ გააკარებთ იმ ადამიანებს, ვინც უფრო მეტს ეძებს, ვიდრე ამქვეყნიური სიცოცხლეა. თუ ასე მოიქცევი, ის არასდროს ჩაუფიქრდება ყოფიერებას და არც სიცოცხლეს მიატოვებს.» შუდჰოდანმა დაუჯერა ვეზირს. შვილს აუშენა სამი სასახლე და ზრდიდა ფუფუნებაში. ყველა მისი სურვილი სრულდებოდა. ბავშვობაში მას არასდროს უნახავს ავადმყოფი, მოხუცი, გაჭირვებული და მკვდარი. გაუტამა
სწრაფად იზრდებოდა, ადვილად ეუფლებოდა სიბრძნეს, ლაპარაკობდა მრავალ
ენაზე.

16 წლის გაუტამას შერთეს ნათესავი, მზეთუნახავი იასუდარი. იასუდარის მამა განებივრებული ახალგაზრდის სიძეობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გაუტამამ ყველა
მოწინააღმდეგე დაჯაბნა ასპარეზობაში, სიბრძნესა და ხელოვნებაში. მის წინაშე ყველამ დამარცხებულად ცნო თავი. მალე ბედნიერ ცოლ-ქმარს შეეძინა ვაჟი რაჰულა. ასრულდა დედოფლის სიზმარი.

მას შემდეგ, რაც ცოლ- შვილიანმა უფლისწულმა იხილა კბილჩაცვენილი მოხუცი, დასნეულებული ადამიანი, მიცვალებული, რომლის სულმა დატოვა სხეული, გონება ჩაუქრა, გული გაუქვავდა და განშორდა მახლობლებს. როდესაც გაუტამამ შეიტყო ისიც, რომ ასეთია ყოველი ადამიანის სიცოცხლის ბოლო, მის სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა. მან ტყის პირას იხილა ყანაში მომუშავე დაქანცული ხალხი, გადახნული მიწა, გასრესილი ჭიაღუები. ამის შემდეგ ხის ქვეშ ფეხმორთხმული მიეცემა ფიქრს და ვერც შეამჩნევს ძონძებში
გამოხვეული განდეგილის მიახლოებას. მასთან საუბარი თითქოს ხსნის გზას დაუსახავს. ჩაესახება ბოდხისატყვად (გახდეს გაბრწყინებული) გახდომის პირველი
საფეხური.

ამ დროს გაუტამა 29 წლისაა. ის ტოვებს სასახლეს, შორდება ცოლ-შვილს და ახლობლებს, იწყებს განდეგილის ცხოვრებას. მან თითქმის ექვსი წელი გაატარა ტყე-ღრეში ხეტიალსა და სხვა განდეგილებთან ურთიერთობაში. მოგზაურობისას შეხვდა რამდენიმე ბრძენ მასწავლებელს, რომელთაგან აღსანიშნავია ჯაიანიზმის ფუძემდებელ მაჰავირასთან ურთიერთობა.

განდეგილების წაბაძვით გაუტამამ იშიმშილა, გახდა, გაშავდა, სიკვდილის პირას მივიდა, მაგრამ სასურველ სრულყოფას ვერ მიაღწია. მწყემსის ასული ნანდას მიერ მორთმეული ბრინჯით სულმობრუნებულმა სიდხარტა გაუტამამ ჭეშმარიტების შეცნობისათვის გადაწყვიტა
საკუთარ თავში ჩაღრმავება. ამისათვის კი საჭირო პირობების შექმნა იყო აუცილებელი. დაიწყო ასკეტური ცხოვრება. მოგზაურობისას მიადგა წმინდა ხეს – ბოდჰის, რომლის ძირშიც გაატარა რამდენიმე ღამე.

წმინდა ხის ძირში მჯდომმა სიდხარტა გაუტამამ მედიტაციაში გაატარა დრო. მისი შინაგანი მზერის წინაშე ცნობიერებაში გაიარა უამრავმა ფერისცვალებამ, ვიდრე მასში არ ჩაკვდა ხელახალი აღორძინების ყოველგვარი სურვილი, ვიდრე არ მიაღწია სრულ დანთქმას – პარინირვანას. ასე იქცა ბოდხისატყვა ბუდად, დასძლია საკუთარი არსი, ჩაიკლა გულში ბოროტება, ვნება, უმეცარი სიტყვა და საქმე, ყოველგვარი სურვილი, მიხვდა და ჩაწვდა სიბრძნეს.

ადამიანი უნდა გაურბოდეს ცხოვრების სიამეებით ტკბობასაც და უკიდურეს თვითგვემასაც. ბუდა სანსკრიტულად სხივმოსილს ნიშნავს, ნირვანა – ქრობას, დამშვიდებას, პარი – უმაღლესს. ბუდამ მიაღწია უმაღლეს ნირვანას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თურმე ბუდა არასდროს ლაპარაკობდა ნირვანაზე. იგი ცდილობდა არ ეპასუხა შეკითხვაზე – რა არის ნირვანა.

ბუდოლოგებმა ნირვანა განმარტეს, როგორც ცნობიერების სიმშვიდე. სხვანაირად
ნირვანა ცნობიერების ისეთი გაურკვეველი მდგომარეობაა, როდესაც კარმა (ბედისწერა) კარგავს ზემოქმედებას. ბუდას გარშემო იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი – ჯერ ხუთი, შემდეგ სამოცი, ათასი…

ბენარესში (ახლანდელი სარნახი) მის პირველ ქადაგებას ესწრებოდა ხუთი მოწაფე და ორი ირემი. აქედან იწყება მოგზაურობა მთელ ინდოეთში. იგი შეხვდა მამას და მშობლიურ კაპილავასტუს მცხოვრებთ გააცნო თავისი სწავლების ძირითადი არსი. 

ბუდამ იცოცხლა 80 წელი. მისი სული სხეულს გაშორდა კუშნიგარში, სადაც დღეს მოქმედებს პარინირვანას ტაძარი. ბუდასთან გამოსათხოვებლად მივიდნენ ცხოველები კუშნიგარის გარშემო მდებარე ტყიდან. თავი უამრავმა ადამიანმა მოიყარა. გადმოცემის თანახმად ესწრებოდნენ ღმერთებიც.

ბუდამ დამსწრეთ უკანასკნელად მიმართა: «ყველაფერ განპირობებულს აქვს რღვევის
თვისება. გულმოდგინედ ისწრაფეთ მიზნისაკენ.» ბუდას სწავლებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეს, გახდეს ბუდა და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რათა სამყაროს ყველა ცოცხალი ორგანიზმი იყოს თავისუფალი. ბუდას სიტყვების ჩანაწერები მოიცავს 108 ტომს, რომელშიც თავმოყრილია 84000 სასარგებლო მითითება.

ამქვეყნიდან მისი განშორების თარიღი უცნობია. სახელდება 544 და 586 წლები. თანამედროვე მეცნიერება ასახელებს უფრო ძველ თარიღს, 400 წელს ძველი წელთაღრიცხვით. 1956 წელს მსოფლიოს ბუდისტებმა ზეიმით აღნიშნეს მისი 2500 წლისთავი, უფრო ზუსტად, ნირვანაში ჩაძირვის თარიღი. ბუდას დაბადებიდან 500–600 წლის შემდეგ დაიწერა მისი ცხოვრება, მითებისა და გადმოცემების კრებული.

ბუდას გამოთქმათა უადრეს და კანონად ქცეულ კრებულს «მოძღვრების კვალი» («დჰამაპადა») ეწოდება. ბუდა თავის მოძღვრებას რელიგიას არ უწოდებდა. რელიგიად იგი აღიარებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ. ბუდიზმი გავრცელდა თითქმის მთელ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში.

ბუდიზმი გაიყო ორ ნაწილად: ჩრდილო და სამხრეთ ბუდიზმად. ჩრდილო ბუდიზმის ცენტრი ტიბეტია. აქვე შედის ჩინეთი, იაპონია, ნეპალი და მონღოლეთი. გავრცელებულია ბურიატებსა და კალმიკებში. სამხრეთის ბუდიზმი გავრცელებულია ინდოეთში, ბირმასა და
ცეილონზე. ბუდიზმის გავრცელებას თან სდევდა მოძღვრების შეფასება, შეცვლა და
გადასხვაფერება. სხვადასხვა მიმართულების ბუდიზმს აერთიანებს ბუდას მიერ დადგენილი ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება:
– ყოფიერებას ახასიათებს ტანჯვა;
– ტანჯვას გააჩნია მიზეზი;
– ტანჯვა წარმავალია;
– უნდა მონახო ტანჯვის გაქრობის გზა.

ჭეშმარიტების დადგენას ბუდამ თითქმის ნახევარი საუკუნე მოანდომა. ეს ის ოთხი
ჭეშმარიტებაა, რომელმაც ბუდიზმის ევოლუციის შედეგად ცვლილება არ განიცადა.

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი