მერაბ მამარდაშვილი: რას ვგრძნობ სინამდვილეში, ეს არ გახლავთ თავისთავად ცხადი კითხვა, რომელსაც ასეთივე ცხადი პასუხი აქვს.

0
912
…და ვინაიდან უკვე გამოვიყენე სიტყვა „ცხოვრება“, მინდა, ჩავეჭიდო მას. როგორ გამოვხატავდი პრუსტის ძირითად მდგომარეობას წიგნში, რომელზეც უნდა ვისაუბროთ? კაცმა რომ თქვას, ეს სურვილების და მოტივების რომანია.
ფსიქოლოგიაში არის ასეთი ტერმინი – „მოტივი“, რომელიც გულისხმობს ამა თუ იმ საქმის ან ქმედების ფსიქოლოგიურ მიზეზს. მაგრამ პრუსტი სიტყვა „მოტივს“ (და მასთან ერთად მეც) მუსიკალური მნიშვნელობით იყენებს – ამბობს, რომ არსებობს რომელიღაც უცვლელი ნოტი, რომელიც მუსიკალური ნაწარმოების საკმაოდ დიდ სივრცეზე ვრცელდება. ცხოვრებასაც აქვს თავისი მოტივი, რაღაც ნოტი, რომელიც ცხოვრების დიდ სივრცეს და დროს მსჭვალავს. და ეს მოტივი ყველაზე ხშირად სურვილს უკავშირდება.
ერთი, ძალიან მარტივი გაგებით: ჩვენ ხომ მხოლოდ და მხოლოდ სურვილის მქონე არსებები ვართ. და მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი – სიცოცხლის სურვილია. მაგრამ როგორი სიცოცხლის? რომ თავი ცოცხალ არსებებად ვიგრძნოთ! სწორედ სურვილების წყალობით ვგრძნობთ თავს ცოცხალ არსებებად. ეს ყველაზე დიდი ფასეულობაა.
ცხოვრებას საკუთარი თავის გარეშე არ აქვს ფასეულობები, ამ გაგებით ის თავისთავად ფასეულობაა. იმ გაგებით არა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, როგორც ფიზიკურ ფაქტს, – ფიზიკური თვალსაზრისით ხომ ვიცით, რომ ვიღაც მოკვდა, ვიღაც – ცოცხალია. არა, აქ ის იგულისხმება, რომ, ვიმეორებ, სურვილები ჩვენი ისეთი გამოვლინებები ან თავისებურებებია, რომლებშიც საკუთარ თავს ცოცხალ არსებებად შევიგრძნობთ და ამიტომაც მათი განხორციელებისკენ ვისწრაფვით.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ვიცოცხლოთ. სიცოცხლე კი, როგორც ჩანს, არ არის იოლი და არა მხოლოდ იმ მიზეზების გამო, რომლებზეც ვისაუბრე. ვამბობდი, რომ სიცოცხლე გადაჯაჭვულია სიკვდილთან და იქ ძალიან ბევრი რთული ელემენტებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრებისეული აქტების უკან დგას. იმ სიტუაციათა (და ასეთი რამ მრავლადაა) უკან დგას, რომლებიც ჩვენგან მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვენ: რომ ჩვენი მხრიდან შინაგანი აქტი განვახორციელოთ. ახლავე განვმარტავ, რასაც ვგულისხმობ.
ყველაზე ტიპურ მაგალითს მოვიხმობ, რომელიც ამგვარ ქმედებას საჭიროებს. პრუსტთან ამგვარი მდგომარეობაა (ჩემთან ერთად გონებაში გაშიფრეთ ეს მდგომარეობა სიტყვა „სურვილთან“, „თავს ცოცხალ არსებად ვგრძნობ“-თან და ა.შ. მიმართებაში) – პირობითად მას ადგილის მდგომარეობას დავარქმევ. კერძოდ: სად ვარ? ის სიტუაცია, როდესაც ვიცი ან არ ვიცი საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობა. პირობითად რომ ვთქვათ, რომელ სამყაროში ვარ? სად ვარ რაიმესთან მიმართებით? რა ხდება სინამდვილეში ჩემს თავს? იმიტომ, რომ ის, რაც ჩემს თავს ნამდვილად ხდება, შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ჩემს თვალწინ ხდება. რას ვგრძნობ სინამდვილეში? ვინაიდან ძალიან ხშირად მგონია, რომ მიყვარს, მაგრამ ფაქტობრივად მძულს.
ეს არა მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან იცით, არამედ ელემენტარული ფსიქოლოგიური ცოდნიდანაც. ასე მგონია, რომ მიყვარს ალბერტინა (პრუსტის რომანის გმირი), სინამდვილეში კი მუსიკის მოსმენა მინდა. რატომ? უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, ალბერტინა ჩემთვის ამ სურვილის მატარებლად იქცა – ანუ რაღაც მექანიზმის წყალობით, რომელიც ჩემთვის უცნობია, მუსიკისადმი ჩემი ლტოლვა ალბერტინასადმი სწრაფვაში გადაიზარდა.
საკუთარ ცნობიერებაში ალბერტინასკენ ვისწრაფვი, სინამდვილეში კი კარგი მუსიკის მოსმენა მინდა. ან: ქალთან პაემანზე მივდივარ იმაში დარწმუნებული, რომ სწორედ მასთან შეხვედრა მაინტერესებს, სინამდვილეში რაღაც სხვა გრძნობებს ვემორჩილები, და, ის ფაქტი, რომ ეს გრძნობები სხვაა, ძალიან ხშირად ვლინდება ხოლმე პაემანის დროს, ვინაიდან ზოგჯერ პაემანზე მირბენის ჩემი სურვილი იმ მოწყენილობის პირდაპირპროპორციულია, რომელიც ამიტანს ხოლმე პაემანზე და სურვილი მიჩნდება, რომ იგი მალე დასრულდეს.
თან, ეს მოწყენილობა გაურკვეველია, ვინაიდან პაემანზე მისვლისას, ვხედავ ადამიანს, რომელსაც ყველა ის თვისება შერჩა, – და ეს თვისებები არ შეცვლილა, – რის გამოც, თითქოსდა, ამ პაემანზე მოვისწრაფოდი. მაგრამ რაღაც შფოთვა, სევდა გიპყრობს, რომელსაც გერმანელები Unbehagen-ს უწოდებენ და როგორც პრუსტი ამბობს, საყვარელი ქალის ნაკვთებსაც კი ვეღარ იხსენებ. არა და, გეგონა, რომ სწორედ ეს ნაკვთები იყო სიყვარულის საგანი ან მიზეზი, მაგრამ, ჩანს, ასე არ ყოფილა, რადგან პაემანის შემდეგ აღარც კი გახსოვს ისინი. და ის, რაც არ გახსოვს, შეუძლებელია სწრაფვის მდგომარეობის მიზეზად იქცეს.

ეს მაგალითები იმის განსამარტავად მოვიხმე, რომ როცა ჩნდება კითხვა: რას ვგრძნობ სინამდვილეში, ეს არ გახლავთ თავისთავად ცხადი კითხვა, რომელსაც ასეთივე ცხადი პასუხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროს, ამაზე მიუთითებდა ფოლკნერი… მართლაც, იმან, რასაც ახლა ვამბობ, რომანის რადიკალურად შეცვლილ, ან, გნებავთ, რევოლუციურ ფორმაზე მოახდინა გავლენა. როგორც ჩანს, გამოცდის ის ტიპი, რომლის გავლაც პირველ რიგში სურდათ ფოლკნერს და პრუსტს, მათი გამოცდილების სახე კლასიკურ ფორმაში ვერ მოთავსდებოდა, დაანგრევდა მას და საჭირო გახდა ახალი, განსხვავებული ფორმის მოძებნა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი