ინდიფერენტული ფსევდო-ინტელიგენცია და ზნეობის კრიზისი

0
501

ეს, ჩემი აზრით, ბოროტების კვინტესენციაა და შესაბამისად, ამ ჯგუფის ადამიანთა არსის შესახებ სრული წარმოდგენის შესაქმნელად დროსა და ენერგიას არ დავინანებ.

სიკეთეს აქვს საწყისი, საფუძველი – ეს არის ღმერთი – სამყაროს (რაც გვესმის და რაც ჩვენი შემეცნების მიღმაა) სამართლიანობის უდიადესი კანონი. 
ბოროტებას საწყისი არა აქვს – ის მარტივია – ის, უბრალოდ, სიკეთის უარყოფაა. 
სიკეთის უარყოფის ერთ-ერთი გამოვლინებაა გულგრილობა.
ე.ი. თუ გულგრილი ხარ – ხარ ბოროტიც. 

სიკეთეს, როგორც სამართლიანობის უდიადეს კანონს, ვერ აღვიქვამთ ლოგიკის, აზროვნების გარეშე. ჩვენი ქვეყნის თანამედროვე საზოგადოებისა და ინტელიგენციის უმეტესი ნაწილის დამოკიდებულება ლოგიკურ აზროვნებასთან, ფილოსოფიასთან, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

ამ დამოკიდებულების ანალიზმა უნდა დაგვანახოს ის ძირითადი სულიერი მახასიათებლები, რომელიც ჩვენი ტრაგედიის ძირითადი მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. ინტელიგენციის ნაწილი საერთო ცხოვრებიდან ხელოვნურადაა გათიშული. მისი ფსიქიკა ორმაგ დატვირთვას განიცდის. ერთის მხრივ – შეუცნობელი შიში, არ დაკარგოს ის მცირედი, რაც აქვს და მეორე – ინერტულობა, კონსერვატულობა, გულგრილობა, ცინიზმი, ირონია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ ფსევდო “ინტელიგენტის” სულიერი წყობის კონსერვატიზმი ნებისმიერი სიახლისადმი ზედაპირულ დაინტერესებას არ გამორიცხავს. მათ შორის, ევროპული აზროვნების მიმართაც, რომელიც, სამწუხაროდ, არასდროს გაუთავისებია. შესაბამისად, ეს დაინტერესება, ხშირად, აგრესიული ფორმით მჟღავნდება. 

თვალში საცემია ზერელე მიდგომა არა მარტო ფილოსოფიასთან, ლოგიკურ აზროვნებასთან, არამედ სხვა სულიერ ფასეულობასთანაც. ფსევდო “ინტელიგენციას” არა მარტო ფილოსოფიური ცოდნის დაბალი დონე ახასიათებს (ეს ადვილად გამოსწორებადია), არამედ სულის წყობის ისეთი მოზაიკაც, რომ ვერ იღებს სულიერ ფასეულობას და მას აღიქვამს, როგორც წარმოსახვითი სამყაროს საიდუმლოებით მოცულ იდუმალებას, გაუგებრობას, არაპრაქტიკულს და შესაბამისად, გამოუყენებელს. 

რა თქმა უნდა, ის ხანდახან რაღაცას კითხულობს, ხანდახან ჩაფიქრდება კიდეც, მაგრამ, ლოგიკური აზროვნების, ფილოსოფიის, ხელოვნების აღქმისა და ესთეტიური სიამოვნების მიღების უნარი, მასში უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს აიხსნება არა ინტელექტის დეფექტით, არამედ ნებისყოფის, სურვილის ატროფიით. 

ფსევდო-“ინტელიგენციას” უტილიტარული ფასეულობა უკვე ისეთი კონცენტრაციით აქვს გამჯდარი სისხლსა და ხორცში, რომ მის სულში რაიმე ფასეულობისთვის ადგილი აღარ რჩება. ის ამ უტილიტარულ აზროვნებას ეთაყვანება, რადგან მისგან, ასე ვთქვათ, რაღაც ხეირს ელის (რომელსაც ვერასდროს ვერ მიიღებს, თუმცა ეს მას არ ესმის). მუქთა ხეირი, როგორც მიუღწეველი რამ, მის სათაყვანებელ “ღმერთად” იქცა. ეს “ღმერთი” მისგან დაჩოქებას ითხოვს და ისიც იჩოქებს. 

ცხადია, ამ მდგომარეობაში, მას შემოქმედებისა ან წარმოების რაიმე ინტერესი, არ შეიძლება გააჩნდეს. ის ქვევიდან შესცქერის, თუ როგორ მიმდინარეობს კრიმინალურ ჯგუფებს შორის, ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილი, მატერიალური ფასეულობების გადანაწილების პროცესი და დაჩოქილი ელის, იქნებ ვინმემ რამე უწილადოს.

ანუ აინტერესებს – როდის წაართმევენ ვინმეს რამეს და მას მისცემენ. მისგან მატერიალური ფასეულობების (სულიერზე აღარაფერს ვამბობთ) შექმნაში მონაწილეობის მიღების მცდელობა გამორიცხულია. მას მხოლოდ იმის სუსტი სურვილი ამოძრავებს, რომ მიეტმასნოს რომელიმე პოლიტიკურ მიმართულებას, რათა ამ გზით მაინც იშოვოს რამე.

ფსევდო-ინტელიგენტებში მატერიალური ნეტარებისადმი ასეთმა სწრაფვამ ჭეშმარიტების ძიებისადმი, ლოგიკისადმი ინტერესი გაანადგურა. შესაბამისად, მათში ამოტივტივდა ერთადერთი პრინციპი – “რაში მჭირდება ჭეშმარიტება, ლოგიკა, თუ მე დღესვე კმაყოფილი არ ვიქნები?!” (კმაყოფილების მიღწევას რომ პირადი აქტიურობა სჭირდება, ბუნდოვნად ახსოვთ, მაგრამ ეს მათი ცხოვრების სტილი არ არის). 

მათი (და არა მარტო მათი) კრახის ძირითადი არსი იმ ყველაფრის პაროდიულობაშია, რაც გარს გვახვევია, რასაც ვაკეთებდით და ვაკეთებთ. მათი პაროდიულობა მათთან კონტაქტში შესვლისას მჟღავნდება. ერთი პატრიოტის პაროდიაა, მეორე ინტელექტუალის, მესამე – ქრისტიანის და ეს სია, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ამიტომ იყო პაროდია ჩვენი ომი, პაროდიაა არმიაც, პოლიციაც, სამართალიც, სახელმწიფოც და ვიღაც პაროდიული, არასერიოზული ფსევდო-ინტელიგენტი პოლიტიკოსები, პაროდიულ სახელმწიფოში პაროდიულ “დემოკრატიას” ამკვიდრებენ. 
შედეგი რაღაც სუბფეოდალური (არ გვინდა ფეოდალიზმის ცნებას შეურაცხყოფა მივაყენოთ და ფეოდალიზმი დავარქვათ იმას, რაშიაც ვცხოვრობთ) წყობაა, სადაც ინტელიგენტის (და არა მარტო მისი) სულიერი ძარცვა მიმდინარეობს. 

მატერიალურად ის დიდი ხანია გაძარცვულია. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს არასდროს მოსთხოვს ელემენტარული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობის აღიარებას და მისგან არც ამ იდეათა დამკვიდრების მცდელობას უნდა ველოდეთ. მისდამი მიმართული ყველა მოწოდება, ამაღლებული სიტყვები, ქმედება, საბოლოო ჯამში, მისი სულის სიცარიელეს აწყდება. 

სერიოზულად გასააზრებელია ის, თუ როგორ მოხდა, რომ ჩვენი ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ნაწილის, თითქოს მდგრადი, ზნეობრივი პრინციპები, სულ მცირე დროში, რადიკალურად შეიცვალა? როგორ ავხსნათ, რომ სუფთა, პატიოსანი ქართული ინტელიგენციის ეს ნაწილი, რომელიც აღზრდილია ათასხუთასწლოვან საკუთარ ლიტერატურასა და ფილოსოფიაზე, ძარცვამდე და ცხოველურ ინსტინქტებამდე ასე სწრაფად დაეშვა. 

როგორ მოხდა, რომ ფსევდო-ინტელიგენციის ნაწილის, საკუთარი ხალხის მიმართ, პოლიტიკური დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულს შეერწყა.  ზნეობის დროებითი მოშლა შესაძლებელია ყველგან და ყოველთვის – ეს გასაგებია. გამაოგნებელია, საშინელებაა, რომ ზნეობის გაუფასურება გადადის ცხოვრების წესში – ე.ი. ადგილი აქვს ფასეულობათა გადაფასებას, ყალიბდება ახალი “იდეალი”.  როგორ მოხდა, რომ ინტელიგენციაში ფეხი ვერ მოიკიდა მყარმა მორალურმა ტრადიციებმა, რომლებიც ენერგიულ წინააღმდეგობას გაუწევდა თავსდატეხილ კოშმარს? 

ზნეობის კრიზისი მოითხოვს, ჩვენი ინტელიგენციის სულიერი ცხოვრება გადაისინჯოს. საჭიროა ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებში გარკვევა. საჭიროა აზრობრივი ანატომირება, რათა უფრო ახლოს მივიდეთ ამ კოშმარის ფესვებთან. გასარკვევია, თუ უტილიტარული ფერებით მისი გონებრივი განვითარება და მორალი როგორ შეიღება. რათა მათ შეიყვარონ, ან დაიჯერონ ის, რაც არ უყვართ და არ სწამთ – ისინი შინაგანად უნდა განახლდნენ. 

შინაგანი განახლება ურთულესი პროცესია. აქ ცნობიერება თითქმის უძლურია. საჭიროა თავიდან შეიქმნას მისი სულიერი ქსოვილი. ეს ურთულესი ორგანული პროცესი უნდა მოხდეს იმ სფეროში, რასაც ნებისყოფის სფერო ჰქვია. ერთადერთი, რაც აუცილებელია და ჩვენს შესაძლებლობაშია, არის ის, რომ ვურჩიოთ: შეეცადე, გახდე ადამიანი, და, თუ მან ეს შეძლო, მაშინ ის უჩვენოდ გაიგებს, თუ რა უნდა, რა უნდა უყვარდეს და სწამდეს, და როგორ, რათა არ დაკარგოს ბუნებრივი განვითარების უნარი. 

უნდა მივეხმაროთ მას, რათა მასში ცნობიერება და ნებისყოფა ერთნაირად განვითარდეს. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, მაშინ აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობის ფორსირება.
რადგან, არსად ისე დესპოტურად არ ბატონობს ადამიანზე საზოგადოებრივი უტილიტარული აზრი, როგორც ჩვენთან. ჩვენი საზოგადოებრივი აზრი უშფოთველად ფუვდება იმ პრინციპის საფუძველზე, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს – “იფიქრე მხოლოდ საკუთარ თავზე”  და ისინიც უკვე სრულიად შეეჩვივნენ ასეთ მდგომარეობას და აზრად არავის მოსდის, რომ 
თუ რაიმე კორდინალურად არ შეიცვალა – ქვეყანა განწირულია.

ეს საზოგადოების, ინტელიგენციის სერიოზული დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა ინტელიგენციის ისეთ მომაკვდინებელ სოციალურ ფენად გარდაქმნა გამოიწვიოს როგორიც არის ბრბო. 

ბრბო. ოპტიმისტური, კეთილი წინასწარმეტყველება მორალურ ჩარჩოებში ეტევა. სულ სხვაა ნეგატიური მოვლენის წინასწარმეტყველება. აქ წინასწარმეტყველი ან თავხედი უნდა იყოს, ან ნეგატიური მომავალი – ისეთი ცხადი კოშმარი, რომ ეთიკის ნორმების დაცვა უკვე ინფანტილიზმად შეიძლება ჩაითვალოს. 

ჩვენი ყოფა, წარსული, ისეთი დოზით შეიცავს ალოგიკურობასა და მისგან გამომდინარე ბოროტებას, რომ ნოსტრადამუსის გენია სულაც არ არის საჭირო, რათა დაინახო ის, რაც გველის. ვიმეორებთ _ აქ უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს:  ჩვენს საკუთარ აპოკალიფსზე ჩვენვე ვართ პასუხისმგებელნი.

ჩვენი უპრინციპობით, სიჩუმით კრიმინალურ ჯგუფს ქვეყნის განადგურების საშუალება მივეცით, ეს ერთის მხრივ. მეორე, უფრო საშინელი – თავის დროზე ვერ შევნიშნეთ რიცხობრივად მცირე, ინერტული სოციალური ფენის წარმოქმნა. სათანადოდ ვერ შევაფასეთ მათი ლოზუნგები: “ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, ჩვენ ვიშიმშილებთ, ძალიან მცირედიც გვეყოფა, გთხოვთ, ყველაფერს ნუ წაგვართმევთ!” და “მოგცლია, ამ ქვეყანას შენ ვერ გამოასწორებ!” 

ინერტულ ფენას არ აინტერესებს წარსული, აწმყო, მომავალი. მასში ჩამკვდარია შემოქმედებითი იმპულსი. ის მრავლდება, რადგან სხვა არაფერი შეუძლია, და უკვე, აღარ არის უმცირესობა, ეს უკვე მრავალრიცხოვანი სოციალური ფენა – ბრბოა. მათგან მოდის ბრძანება – “იყავი ისეთი, როგორიც ვარ მე, აბა, გაბედე რამე! ნუ ისწრაფვი იმისკენ, რაც არ იჭმევა და არ ისმევა . . . !”

ბრბოს ირონია, ცინიზმი მიმართულია აქტიური შემომქმედი ადამიანისკენ. არნახულ მასშტაბებს აღწევს მათი სიჩუმით წაქეზებული ძალადობა. შესაბამისად, ეცემა ხელოვნებისა და მეცნიერების დონე. მათი უკვე კრიმინალურ მმართველობასაც კი, ეშინია, რომელიც ბრბოს ყოველ ნაბიჯს, გამოსვლას გაფაციცებით ადევნებს თვალს.

მათი რაოდენობრივი ცვლილება თვისობრივში გადადის. ეს უკვე ”მორჩილთა” აგრესიული ბანდაა. მათ რიგებში ერთი აქტიური ავანტიურისტის გამოჩენაც კი, დეტონატორის როლს შეასრულებს და ბრბო დინამიტივით აფეთქდება.  აი, მაშინ იქნება გვიან, ძალიან გვიან! 
განუსაზღვრელი იქნება მათი ძალადობა. ქვეყანა, კიდევ ერთხელ, ძვლების მტვრევას ვეღარ გაუძლებს. არნახულ მასშტაბებს მიაღწევს არა მარტო კორუფცია, არამედ ძარცვა და ძალადობაც. ერთი დემონი შეცვლის მეორეს და აღსრულდება ჩვენი სუსტი თუ ძლიერი მტრების ოცნება.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი