გიორგი გურჯიევი – სასწაულმოქმედი საქართველოდან

0
661

20 – ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ევროპაში დაიწყო არაორთოდოქსალური რელიგიური მოძღვრებების ბუმი, აქ გამოჩნდა ,,კავკასიელ სასწაულმოქმედად” შერაცხული სულიერების მასწავლებელი გიორგი ივანეს ძე გურჯიევი.

არსებობს ზღვა ლიტერატურა გურჯიევის შესახებ. ავტორები ცდილობენ გამოიკვლიონ როგორც მისი ბუნდოვანებით მოცული ბიოგრაფიული წარსული, ასევე მისი მოძღვრების ურთულესი და იდუმალი ფენომენი. რამდენადაც ჩვენ ვიცით ამ გაფაციცეცბულ კვლევა-ძიებას დიდი წარმატებები არ მოჰყოლია არც ერთი და არც მეორე მიმართულებით.

აი რას წერდა მიხეილ კვესელავა გიორგი გურჯიევის შესახებ: ,, ვინ იყო ეს გიორგი გურჯიევი, რომელმაც ამდენი ლაპარაკი გამოიწვია მთელ მსოფლიოში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. ბიოგრაფიები წერენ, რომ გურჯიევი ცდილობდა დაეფარა თავისი წარმოშობის კვალი.

წერილობითი დოკუმენტების მიხედვით იგი თითქოს ბერძენია, დაბადებული უძველეს სომხურ ქალაქ გუმბრში, სადაც ბერძნული კოლონია ჩამოსხლებულა. ამის შემდეგ გუმბრისათვის ალექსანდროპოლი უწოდებიათ. ბიოგრაფთა უმრავლესობა და თვითონ გუჯიევიც თავის სამშობლოდ ალექსანდროპოლს მიიჩნევს. მაგრამ შეიძლება ეს წინასწარგანზრახული ფალსიფიკაცია იყოს, რადგან მისი სახელი უმთავრესად საქართველოსთანაა დაკავშირებული. ,,გურჯიც” ხომ საქართველოს ნიშნავს.

ამ გვარს სხვა ეტიმოლოგია გარდა ,,ქართველისა”, არც აქვს. როგორც ჩანს წარმოშობით ქართველები, რომლებიც უცხო ეთნიკურ გარემოში ხვდებოდნენ, ხშირად ,,გურჯიდან” აწარმოებდნენ თავიანთ გვარს. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ცნიბილია პოლონეთის ქართველი ელჩი სპარსეთში ბოგდან გურჯიცკი, უფრო გვიან – თურქეთში გიორგი გურჯი ცინცაძე, იეთიმ გურჯი, გურჯიშვილები და სხვა… გურჯიევები ახლაც ცხოვრობენ თბილისში.

ესეც გვაფიქრებინებს, რომ გიორგი გურჯიევი, შესაძლოა, გუმბრში (ალექსანდროპოლში ) კი დაიბადა, მაგრამ წარმოშობით ქართველი იყო. ქენეთ ვალიერი თავის წიგნში, სადაც გურჯიევზეა ლაპარაკი, წერს:,,გურჯიევი და სტალინი ცხოვრობდნენ ერთ ეპოქაში და სწავლობდნენ ერთ სემინარიაში”. სხვა ბიოგრაფიებიც აღნიშნავენ, რომ იგი თბილისში სწავლობდა, ხოლო მისი პარიზელი ნაცნობები გადმოგვცემენ, რომ თვითონ გურჯიევი ამბობდა – “ქართველი ვარო. . . “

შესაძლებელია გურჯიევის ბიოგრაფიული წარმოშობის ბუნდოვანება გამოწვეული იყოს მისი პიროვნების და მთლიანად მოძღვრების კოსმოპოლიტური ხასიათის გამო. ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი ამბობს:,,დასავლეთის კულტურა უაღრეს კრიზისშია. ორმა ომმა და ეკონომიკურმა ნგრევამ შეწყვიტა ყოველგვარი პროგრსი. დასავლეთმა მიაღწია მკვდარ წერტილს… გურჯიევს ესმოდა ეს და უნდოდა ახალი სული შემოეტანა ჩვენში . . . “

დენის სიუარე კი გვამცნობს:,,გურჯიევთან მცირე შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ მისგან მიგეღოთ შთაბეჭდილება, როგორც მსოფლიოს უდიდესი ადამიანისაგან”.

,,ევროპაში გამეფებული იყო რწმენის კრიზისი – ამტკიცებს ლუი ბაუელსი, როცა სადღაც , კავკასიიდან მოვიდა გურჯიევი თავისი წმინდა, შეურყვნელი დოქტრინებით და ახლა მთელი დასავლეთის ელიტა განიცდის მის გავლენას”.

მოწაფეთა და თაყვანისმცემელთა აზრით გურჯიევი, უწინარეს ყოვლისა, გაოცებას იწვევდა თავისი ,,არჩვეულებრივი მოქმედებით “, სახელდობრ, რაღაც იდუმალებით მოსილი უნარით  ,,გააკეთეთოს ის, რისი ახსნაც ხშირად არ ძალუძს გონებას “ მარკი წერდა: ,,იგი შველოდა ხალხს იქ, სადაც სხვები მხოლოდ უმწეოდ ასავსავებდნენ ხელებს”.

გურჯიევმა პირველი რელიგიურ-მისტიკური სალონი ჩამოაყალიბა 1912 წელს მოსკოვში. გურჯიევის ავტორიტეტი და პოპულარობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ 1916 წელს, პეტერბურგში რასპუტინის მკვლელობის მერე უმაღლეს წრეებში მის მემკვიდრედ გურჯიევს მიიჩნევდნენ. ნიკოლოზ II-ის ნათესავებიც კი ხშირად ახსენებდნენ იდუმალი კავკასიელის ახალ მოძღვრებას. იმპერატრიცაც კი დაინტერესდა გურჯიევის პიროვნებით და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა თებერვლის რევოლუცია.

შემდეგ ის ჩამოვიდა თბილისში და 1919 წელს აქ დაარსა ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” მაგრამ 1921 წელს ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, გურჯიევისთვის უკვე აღარ დარჩა ადგილი საბჭოთა საქართველოში და იგი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თბილისი.

1922 წელს გურჯიევი საფრანგეთში გამოჩნდა, სადაც მას საუკეთესო პირობები შეუქმნეს მუშაობისთვის და მან თავისი ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების” ინსტიტუტი უკვე გახსნა ფონტებლოში. შემდეგ კი მსგავსი ინსტიტუტები გაიხსნა ამერიკაში, ინგლისში, ევროპის სხვა ქვეყნებში.

წიგნში თავმოყრილი ლექციები შეკრებილია გურჯიევის მოწაფეთა მიერ შედგენილ წიგნში. საუბრები არ წარმოადგენენ გურჯიევის ლექციათა სინქრონულ ჩანაწერს, რადგან იგი ლექციის დროს მოწაფეებს არ რთავდა ნებას, ჩაეწერათ მისი საუბარი. ამდენად ლექციათა კრებული წარმოდგენილია რეტროსპექტრული, გონებაში აღდგენილი სახით. მიუხედავდ ამისა,  ლექციებში შენარჩუნებულია ის მთავარი მომენტი, რაც დამახასიათებელი იყო გურჯიევის მოძღვრებისათვის.

ჟურნალი “საუნჯე”  1992 წ.                                                                                                                                                          თარგმნა:მერაბ ხერგიანმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი