განწყობის მნიშვნელობა ქრისტეს სწავლებისადმი მოციქულთა დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში

0
306

გონივრული ხასიათის უზნაძისეული განწყობა ვლინდება მოციქულთა დამოკიდებულებაში ქრისტეს სწავლებისადმი. მოციქულთა განწყობის დადგენის მცდელობისას შევეცადე დამეკავშირებინა წმინდა წერილში მოთხრობილი ფაქტები იმ რეალურ ისტორიულ ვითარებასთან, რომელიც არსებობდა ისრაელში ქრისტეს დაბადებამდე და დაბადების პერიოდში. ისრაელი რომაელთა მიერ იყო დაპყრობილი. ებრაელი ხალხის თავისუფლება დათრგუნული იყო, მთელი თაობები გაიზარდა რომაელთა ბატონობის პირობებში.

ამ პერიოდში ებრაელ ხალხში პატრიოტული გრძნობა ძლიერდება. ხალხმა მესიაზე
იწყო ოცნება. ახალგაზრდა თაობებს ბავშვობიდანვე უნერგავდნენ აზრს მესიის
მოსვლის შესახებ. მესია – ძველებრაული სიტყვაა, «მაშიას» «ცხებულს» ნიშნავს, ე.ი. «მეფეთ ცხებულს», «კანონიერ მეფეს».

ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში, დაახლოებით 742–701 წლებს შორის წმ. ესაიას წინასწარმეტყველების წიგნში ნაწინასწარმეტყველებია მესიის მოვლინება. «ხელმწიფების განსადიდებლად და მშვიდობისათვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. საბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას» (ესაია 9,6).

ძველი აღთქმის წიგნებში გაბნეულია 60-მდე პირდაპირი და 270-მდე არაპირდაპირი
მინიშნება მესიის მოსვლის შესახებ. ნაწინასწარმეტყველებია მესიის დაბადების
ადგილი – ბეთლემი, ქალაქი 1000 მაცხოვრებლით, დრო – სანამ იერუსალიმის
ტაძარი არ დაინგრევა. ტაძარი დაინგრა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს. იგი ჯერაც
არ არის აღდგენილი. მითითებულია მესიის გენეალოგია. აღნიშნულია, რომ მესიას
მეგობარი უღალატებს და ღალატში 30 ვერცხლს აიღებს. ოცდაათი ვერცხლი
დაყრილი იქნება მიწაზე. ამ ფულით ნაყიდი იქნება მიწა.

წმინდა წერილში კიდევ მრავალი ფაქტია მოხსენიებული. თეოლოგთა შეხედულებებით, ყველა ნაწინასწარმეტყველები ფაქტი აღსრულდა ერთ პიროვნებაში – იესო ქრისტეში.
«იესუ» ეწოდა ღვთის ძეს, რომელიც განკაცდა. «იესო» ნიშნავს «მაცხოვარს»,
«მხსნელს». «ქრისტე» ებრაული სიტყვის «მაშია» ბერძნული თარგმანია და ნიშნავს
«ცხებულს». ეს არ არის საკუთარი სახელი. ეს არის ტიტული მეფის, რომლის
მოსვლაზეც ოცნებობდნენ ებრაელები.

ებრაელი ხალხი კარგად იცნობდა ძველ აღთქმას და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ღმერთი გამოუგზავნიდა დიდ მეფეს – მესიას, რომელიც დაამყარებდა მარადიულ მეუფებას, იხსნიდა რომაელთა ბატონობისაგან და აღადგენდა ებრაელთა ძველ დიდებას. დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ პოლიტიკურ-სოციალური ვითარების რეალურმა განცდამ და
წმინდა წერილის კითხვამ ებრაელ ხალხში ჩამოაყალიბა ზოგიერთისთვის გაცნობიერებული, ხოლო უფრო მეტისთვის გაუცნობიერებელი განწყობა მესიის მოვლინებაზე.

მრავალი იუდეველი ამ დღის მოლოდინით ცხოვრობდა, რაც სახარებით დასტურდება. მოსახლეობის უმრავლესობა, როდესაც იგებდა ქრისტეს სწავლებისა და სასწაულების შესახებ, კითხულობდა: «ეს ხომ არ არის მესია?» წმინდა წერილში ხშირად არის საუბარი ადამიანის ზნეობრივ დახვეწაზე. «როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს – მის ქედმაღლურ მზერას» (ესაია 10,12).

წმინდა წერილში ბევრია ნათქვამი ცხოვრებისა და რწმენის საკითხებზე. უზნაძის
თეორიიდან გამომდინარე, ვინაიდან არავითარი ფსიქიკური პროცესი განწყობის
გარეშე არ მიმდინარეობს, ამიტომ არც ებრაელი ხალხია გამონაკლისი. სახარებიდან
ნათელი ხდება, რომ ხალხს განწყობა შეექმნა პირველ რიგში როგორც ნაციონალურ-
პოლიტიკურ მოვლენაზე, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
წმინდა წერილში ბევრ სხვა საკითხზეც არის მითითება.

განწყობის თეორიიდან გამომდინარე, ეს ვითარება ახსნადია. პირველ ხანებში განწყობა დიფუზური ხასიათისა იყო, მომდევნო პერიოდში კი ის დიფერენცირებული გახდა. იგი
დიფერენცირებული გახადა ისტორიულმა ვითარებამ, რეალურმა გარემომ, რომელიც
სავალდებულოა განწყობის შესაქმნელად. ამიტომ განწყობა მესიაზე ემყარებოდა
ნაციონალურ თავისუფლებას.

შურე თვლის, რომ წმინდა მოციქულებს ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ მესიაზე,
როგორიც ებრაელთა უმრავლესობას, რომელთა შორისაც უხდებოდათ ცხოვრება.
რეალური ისტორიული ვითარების და წმინდა წერილში მოთხრობილის აღქმამ მათ
ჩამოუყალიბა კონკრეტული განწყობა მესიაზე. მათ სჯეროდათ, რომ მოვა მესია –
დავითის შტოდან და იხსნიდა ებრაელ ხალხს რომის იმპერიის ბატონობისაგან.
ამიტომ მოციქულებს უძნელდებოდათ მესიის იდეის დაკავშირება ქრისტეს
სწავლებასთან. მოციქულებიდან მხოლოდ პეტრემ უპასუხა სწორად, როდესაც
ქრისტემ ჰკითხა, თუ რად თვლიდა იგი მას. პეტრემ უპასუხა: «შენ ხარ ქრისტე
ღმერთის შვილი», რაზედაც ქრისტემ გააფრთხილა, რომ სხვისთვის არ ეთქვა ეს. თუ
რატომ გააფრთხილა, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.

ქრისტეს ღმერთის შვილობა ძნელი აღსაქმელი იყო მოციქულებისათვის თუნდაც იმიტომ, რომ ებრაელები მონო-თეისტები არიან, ხოლო ქრისტეს განკაცება წარმოუდგენელი – დაუშვებელი იყო მათთვის. ქრისტეს სწავლებაში პოლითეიზმს ხედავდნენ. მოციქულებს ვერ
წარმოედგინათ მესია ჯვარზე გაკრული. ამ ფაქტმა კი მათში ფრუსტრაცია გამოიწვია.
ისინი განუდგნენ მასწავლებელს, არ გაჰყვნენ ბოლომდე, უღალატეს. ამას პეტრეს
ქცევაც ამტკიცებს, მან სამჯერ უარყო მასწავლებელი. ვერ მიჰყვნენ იმიტომ, რომ არ
იყვნენ დარწმუნებულნი ქრისტეს ღმერთობაში, ამიტომ ვერც მისი სწავლება
გააცნობიერეს. ვერ გააცნობიერეს იმიტომ, რომ ჯერ არ ჰქონდათ გამომუშავებული
განწყობა მესიის ღმერთობაზე. მოციქულებში იმდენად ძლიერად იყო
ჩამოყალიბებული განწყობა მესიის ნაციონალურ-პოლიტიკური მიმართულებით,
რომ ვერ იწამეს თვალხილული საოცრება – ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა.
«დაბოლოს, ეჩვენა თვით თერთმეტს, ინახდ მსხდომთ, და დაჰგმო მათი ურწმუნობა
და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი» 

მოციქულების დამოკიდებულება ქრისტეს სწავლებისადმი ჩანს იმ ფაქტიდანაც,
რომელიც აღწერილია წმინდა მარკოზის სახარებაში. იერუსალიმისაკენ მიმავალ
გზაზე ქრისტე წინ მიუძღოდა მის მრავალ მიმდევარს. გზაში მან გვერდზე გაიხმო
თორმეტივე მოწაფე და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას. «აჰა ავდივართ
იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და
მიუსჯიან მას სიკვდილს, და მისცემენ წარმართთ, და შეურაცხყოფენ მას და სცემენ
მას, და აფურთხებენ მას, და მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება იგი» (მარკოზი
10, 33-34).

საუბრის დროს ზებედეს შვილებმა იაკობმა და იოანემ სთხოვეს: «მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ» (მარკოზი 10,35). ქრისტემ ჰკითხა, რის შესრულებას მოითხოვთო. «მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში, ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ» (მარკოზი 10,37).

პასუხად ქრისტემ უთხრა: «არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?» (მარკოზი 10,38).
ძმებმა განაცხადეს – შეგვიძლიაო. ქრისტემ უპასუხა: «მე როდი მომეცა, თუ ვინ
დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ – მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს»
(მარკოზი 10,40). ამის მოსმენისას ათივე მოწაფე რისხვით აღივსო ძმების მიმართ.

ეს შემთხვევა აღწერილია აგრეთვე მათეს სახარებაში იმ განსხვავებით, რომ ქრისტეს
ზებედეს ცოლი ევედრება შვილებზე. მათესა და მარკოზის სახარებაში აღწერილი ეს ისტორია გვარწმუნებს იმაში, რომ მოციქულები არ იყვნენ გარკვეულნი ქრისტეს ახალ სწავლებაში. მათ მესიაზე წარმოდგენა ჰქონდათ, როგორც ისრაელის რეალურ მეფეზე. ამიტომ სთხოვდა ზებედეს ოჯახი, რომ ქრისტეს მის სამეფოში ებოძებინა რაღაც დიდი სოციალური მდგომარეობა იაკობისა და იოანესათვის.

ათი მოწაფის განრისხება ძმების მიმართ შესაძლებელია აიხსნას ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტით. ვინაიდან ძმებმა დაასწრეს მათ ოცნების განხორციელების რეალიზაციის დაწყებაში. ის, რომ მოციქულებმა ვერ იწამეს ქრისტეს მესიობა, ჩანს თომას ქცევიდანაც.
აღდგომის შემდეგ, როცა ქრისტე გამოეცხადა მოწაფეებს, მათ შორის არ იმყოფებოდა
თომა. მოწაფეებმა თომას უთხრეს: «ვიხილეთ უფალი». მან თქვა: «თუ არ ვიხილავ
მის ხელებზე ლურსმნების ნაჭდევს და არ ჩავყობ ნაჭდევში თითს, ხოლო მის
ფერდში არ ჩავდებ ხელს, არ ვირწმუნებ» (იოანე 20,25). საუბრიდან რვა დღის შემდეგ,
როდესაც მოწაფეები ერთად იყვნენ ჩაკეტილ სახლში, მათთან შევიდა ქრისტე, დადგა
მათ შორის და თომას მიმართა, «მოიტა შენი თითი, და იხილე ჩემი ხელები, და
მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში, და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს»
(იოანე 20,27). თომამ თქვა: «უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!» (იოანე 20,28). იესომ
თომას ყველას გასაგონად უთხრა: «რაკი მიხილე, თომა იმიტომ მიწამე, ნეტარ არიან
ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს» (იოანე 20,29).

ქრისტეს ამ სიტყვებით ვრწმუნდებით, რომ მის სწავლებაში გარკვევა ადამიანს თვითონ უნდა მოეხერხებინა. საკუთარი გონების მეშვეობით უნდა დახვეწილიყო. დახვეწილიყო იმდენად, რომ შეეყვარებინა მტერი მისი. ქრისტე ხშირად იგავებით მიმართავდა მასთან მისულ ხალხს და თავის მოწაფეებს, რათა ადამიანი ჩასწვდომოდა იგავის სიბრძნეს და
გამოემუშავებინა განწყობა მისი ჭეშმარიტი მოძღვრების მიმართ.

ალბათ, გასაგები ხდება ის ფაქტი, თუ რატომ გააფრთხილა ქრისტემ მოციქული პეტრე, არ ელაპარაკა სხვებთან მასზე, როგორც ღმერთის შვილზე. უზნაძის თეორიის მიხედვით, განწყობის საფუძველზე ყალიბდება მიზანსწრაფული ქცევა, რომელიც არ წარმოადგენს ფსიქიკური პროცესის ინერციას და არც მდგრადობას, რომელსაც პიროვნება ხშირ შემთხვევაში მიჰყავს მცდარ მოქმედებამდე, რაც რეალურად განხორციელდა მოციქულთა შორის.

მოწაფეები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდგომ რამდენჯერმე გამოცხადებისა და
სულიწმინდის მიღებით, ჭეშმარიტი მიმდევარნი გახდნენ მას შემდეგ, რაც თავის
თავში გარდაქმნეს განწყობა და «იყვნენ მუდამ ტაძარში და ადიდებდნენ და
აკურთხებდნენ ღმერთს» (ლუკა 24,53).

ადამიანის ქცევა, ფროიდის მიხედვით, ხორციელდება არა მარტო საარსებო გარემოსა
და სოციალური ფაქტორების გაცნობიერებული პროცესების გავლენით, არამედ
ზოგიერთი იმ პროცესითაც, რომელიც ქვეცნობიერად მიმდინარეობს ნერვულ
სისტემაში. ფროიდი განარჩევდა წინაცნობიერსა და ქვეცნობიერს. ქვეცნობიერს
ნეიროფსიქოლოგები მიიჩნევენ ადამიანის ფსიქიკური მოქმედების გამაადვილებელ
და სარეზერვო ფაქტორად.

იუნგის გაგებით სუბიექტის ფსიქიკაში პრევალირებს კოლექტიური ქვეცნობიერის ფენომენი.
არაცნობიერ პროცესებში ადამიანის ტვინი წამში 109 ბიტ ინფორმაციას ამუშავებს,
ცნობიერში კი მხოლოდ 102. უცნობია, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია მუშავდება
ქვეცნობიერსა და წინაცნობიერში. განწყობა არის რაიმეს მიმართ სუბიექტის
დამოკიდებულების განმსაზღვრელი მდგომარეობა. განწყობა თავს იჩენს შეხედულებებში, გრძნობებსა და მიზანმიმართულ ქცევებში. იგი მონაწილეობს ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

დ. უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია.
დ. უზნაძის თეორიის მიხედვით ვერც ერთი ცნობიერი ფსიქიკური მოვლენა
ქმედებით ვერ გამოვლინდება განწყობის გარეშე. იმისათვის, რომ ცნობიერებამ
დაიწყოს გარკვეული მიმართულებით მუშაობა, აუცილებელია სახეზე იყოს აქტუალური წინასწარი განწყობა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ქცევის მიზანსწრაფულობას და მოწესრიგებულობას.

ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესი არ განსხვავდება ცნობიერისაგან. დ. უზნაძის
შეხედულებით, ქვეცნობიერ ფსიქიკურ პროცესს არ გააჩნია არც ერთი სპეციფიკური
თვისება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყოფა
ცნობიერისაგან. მისი შეხედულებით, ქვეცნობიერი პროცესი, რომელიც რეალურად
არსებობს, არის განწყობა და იგი ინტენსიურად შეისწავლება ფსიქოანალიტიკოსების
მიერ.

განწყობა არ წარმოადგენს სუბიექტის ცნობიერებისაგან გამოყოფილ აქტს, იგი
განხილული უნდა იყოს როგორც სუბიექტის მთლიანობის გარკვეული შემადგენელი
მოდუსი. ის, რაც რეალურად ქვეცნობიერად მიმდინარეობს ჩვენს ფსიქიკაში, არის
განწყობა. გონივრული ხასიათის უზნაძისეული განწყობა ვლინდება მოციქულთა
დამოკიდებულებაში ქრისტეს სწავლებისადმი.

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი