ყველა დროისა და ხალხის გენიის შესაძლებლობები

0
338

ენტელექიური – არისტოტელეს ფილოსოფიიდან – მიზანდასახული, მიზანმიმართული მამოძრავებელი ძალის, აქტიური საწყისის, შესაძლებლობათა რეალურად განმახორციელებელი ადამიანი.

პასიონარი – შარლ ფურიეს ფილოსოფიიდან – საზოგადოების განვითარების მამოძრავებელი ძალა. ჟინის, ვნების, მგზნებარების, დაუდგრომლობის მქონე ადამიანი.

პასიონარის ძირითადი ნიშან-მახასიათებელი, ანუ დომინანტა, არის პიროვნების (ცნობიერი, ან გაუცნობიერებელი) ქმედებისკენ დაუოკებელი შინაგანი სწრაფვა. ის ადამიანის ფსიქიკური კონსტიტუციის ნიშან-თვისებაა. მას ეთიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ის ბადებს როგორც გმირობას, ისევე დანაშაულს, შემოქმედებასა და ნგრევას, სიკეთესა და ბოროტებას. 

ტრანსცენდენტული ადამიანები – ტრანსცენდენტული, როგორც ხვდებით, ისეთი ბუნების ადამიანია, რომელსაც ახასიათებს თვითგანვითარების შემოქმედებითი უნარი. თითოეულ ასეთ ინდივიდში უზარმაზარი პოტენციალია ჩადებული, ისეთი, რომ მათი სიკვდილის შემდეგაც კი, ათეული საუკუნეების განმავლობაში უსასრულოდ, შეუფერხებლად მუშაობს და ჩვენ მათი სახელი ვიცით თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. ამ ადამიანების მიერ არის შექმნილი სამყაროს შვიდი საოცრება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა აღარ არსებობს. 

პარადოქსი შემდეგშია: მათი უზარმაზარი პოტენციალის კვალიც კი აღარაა, მაგრამ მგრძნობიარე ადამიანები, შემოქმედის პოტენციალით აღფრთოვანებულნი, უზარმაზარ ემოციურ დატვირთვას განიცდიან. 

მაგალითად, ჩვენ განცვიფრებულნი ვართ როდოსის კოლოსის უნიკალურობით, რომელიც არც გვინახავს. თუ ტრანსცენდენტული ადამიანის შემოქმედების, დროის მსახვრალი ხელის მიერ, წაშლილი კვალი თქვენში აღფრთოვანებას არ იწვევს, მაშინ, წადით და ნახეთ ჯერ კიდევ წარუშლელი – სამთავისის ეკლესია! ან სადღაც, წიგნებში ჩაკარგული ტატოს “მერანი”, ვაჟას “ხმელი წიფელი” მოძებნეთ; ვერ იპოვეთ? – მაშინ გვერდით მდგომს მშობლიურ ენაზე დაელაპარაკეთ და თუ, ეს მოახერხეთ, მაშინ გაიხსენეთ, რომ ეს იმ უდიდესი პოტენციალის მქონე ადამიანის ქმედების შედეგია, რომელსაც დავით აღმაშენებელი ერქვა. იქნებ, მაშინ დავიჯეროთ, რომ მისი სული ყველა ჩვენთაგანშია განაწილებული. 

ენტელექიური ადამიანები – ამ ჯგუფში ჰარმონიულად თავსდება ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც მიზნის მიღწევისადმი სწრაფვის დიდი პოტენციალით არის დაჯილდოვებული. მას შესაძლებლობების გამოსავლენად კომფორტული პირობები არ სჭირდება. ასეთი პიროვნება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას: ფეხით მიდის იტალიიდან მონღოლების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გავლით ჩინეთში (სადაც ყოველი ბუჩქის უკან სიკვდილია ჩასაფრებული) და ცივილიზებული ევროპისთვის კომპასის, ქაღალდის, დენთის დამზადების ტექნოლოგიები (მარკო პოლო) ჩამოაქვს. აღარას ვამბობ, საპნის დამზადების ტექნოლოგიაზე, რომელიც იაპონიიდან ასევე ენტელექიური ტიპის ადამიანმა ჩამოიტანა. 
მანამდე განათლებული ევროპის ფავორიტი ქალები მაღალი ტონის დარღვევას ერიდებოდნენ, ამიტომ პარიკის ქვეშ, ტილებით შეწუხებულნი, ფრჩხილით კი არ იფხანდნენ თავს, არამედ კეთილშობილი ლითონებითა და ქვებით გაწყობილი სპეციალური საფხანი ჩხირებით. 

გთხოვთ, წარმოიდგინოთ შუა საუკუნეები, სადაც გაუპარსავ, შრამებითა და მძიმე მახვილებით შეიარაღებულ, ნახევრად კრიმინალურ ბრბოში, გამოჩნდა სუსტი უწლოვანი ქალიშვილი, რომელიც მშობლიურ ენაზეც კი, ცუდად ლაპარაკობდა, და განაცხადა: “მე მიყვარს საფრანგეთი, მე მას გადავარჩენ!” როგორც ცნობილია, მან ეს შეასრულა. 
ჟანა დარკივით კოცონზე ასვლას ნუ მოვთხოვთ ერთმანეთს. საერთო სოციალური მოტივით გმირობა (ინდივიდუალურ გმირობას არ ვგულისხმობთ) სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს.

ბედნიერია ის ერი, რომელსაც გმირი არ სჭირდება. ასეთი სახის გმირობა ყოველთვის ზემდგომი მმართველი სტრუქტურების შეცდომათა მყისიერი გამოსწორების მცდელობის შედეგია. თუ მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავი იღუპება და ამ დროს პილოტი, უკანასკნელ წამს, გმირობის ფასად, მანქანას არაწონასწორული მდგომარეობიდან გამოიყვანს, ის, საკუთარი სიცოცხლის ფასად, კონსტრუქტორის, ან მომსახურე ტექნიკური პერსონალის შეცდომის გამოსწორებას ცდილობს. რაც უფრო გააზრებულია მოქმედების გეგმა, მით დაბალია გმირობის გამოვლენის საჭიროება. მართვაზე პასუხისმგებელობის შერჩევა უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ადამიანთა დასაჯგუფებლად სისტემურ ანალიზს სწორედ ამიტომ ვიყენებთ. 

არც იმან უნდა შეგვაშფოთოს, რომ ზოგიერთ ენტელექიურ ადამიანებს, შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოსავლენად კომფორტული პირობები სჭირდებათ.

მაგალითად, უდიდესი მოჭადრაკე – რობერტ ფიშერი მონაცემებს სრულყოფილად ვერ ავლენდა, თუ განათების ინტენსივობა, ან ოთახის ტემპერატურა მისთვის არაკომფორტული იყო. მაშინ, როდესაც კომფორტული პირობები: მყუდრო ოთახი, სავარძელში უშფოთველი თვლემა, მეორე ენტელექიური ჯგუფის წარმომადგენლისთვის – ქრისტეფორე კოლუმბისთვის, ინკვიზიციური წამების ტოლფასია. როგორ ეხვეწებოდა ქალბატონი პენელოპე თავის მეუღლეს, ოდისევს, დარჩი სახლში, მშვენიერ სადილს და საუკეთესო ღვინოს მოგართმევთო. არა! მას მცირეოდენი მიზეზი სჭირდება, რათა ის ცალთვალა და ცალტვინა ციკლოპებთან საომრად წავიდეს.

ასევე არსებობენ ისეთი ენტელექიური ტიპის ადამიანები, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად აბსოლუტური წესრიგი ესაჭიროებათ. ის იდეალურად, ეფექტურად მუშაობს როცა ყველაფერი თავის ადგილზეა. საკმარისია, საწერ მაგიდაზე ფანქარი მან არ აღმოაჩინოს იქ, სადაც, მისი აზრით, უნდა იდოს, რომ ის სტრესს განიცდის და მისი შრომის ეფექტურობაც იკლებს. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი მხატვრის სახელოსნოში რაიმე ნივთის მოძებნას გამოცდილი დეტექტივი სჭირდება, მაგრამ ეს ხელოვანში შემოქმედების დაქვეითებას არ იწვევს. 

განსხვავებული ენტელექიური ტიპის ადამიანებიც არსებობენ – ცეზარი. ის ცამეტი წლის იყო, როდესაც თავისი “ბიძის”, რომის სრულუფლებიანი მმართველის – გაი მარიის, პროტექციით იუპიტერის ქურუმად იქნა არჩეული. ამისთანა ფალშსტარტის მიუხედავად, მას რეალურ მმართველობამდე მისაღწევად ორმოცი წელი დასჭირდა. 

“ყველა დროისა და ხალხის გენიის” შესაძლებლობების გამოსამჟღავნებლად ძალიან დიდი დრო ხომ არ არის ორმოცი წელი? ორმოცი წლის იყო ცეზარი, როდესაც მოწყენილობისგან ამოიხვნეშა – “ეეჰ, ჩემი ხნის იყო ალექსანდრე და უკვე მთელი მსოფლიო ჰქონდა დაპყრობილი, მე კი ჯერ არაფერი გამიკეთებია”.

10 წლის შემდეგ ის გალიის დაპყრობას მაინც ახერხებს და მათ სულიერ ცხოვრებას დაუნდობლად ანადგურებს; მისი ახირებით ალექსანდრიის ბიბლიოთეკა თითქმის მთლიანად გადაიწვა და რომში ჩამოიტანა შემთხვევით გადარჩენილი ეგვიპტური კალენდარი, რომელსაც “რატომღაც” იულიუსის კალენდარი დაერქვა. მისი ცხოვრება ძირითადად იმ ინტრიგებისგან შედგებოდა, რითაც მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში. გალიის დაპყრობის გარდა მან ისეთი მნიშვნელოვანი ვერაფერი მოახერხა, რომ რომის ხალხის აღფრთოვანება დაემსახურებინა. მას მართლაც არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც მის წინამორბედს არ მოსვლოდა თავში. 

მხოლოდ ადამიანთა რეალურ სიზმრებში შეიძლება დაბადებულიყო ის ცეზარი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. საოცრად “გასხივოსნდა” მისი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ; ბრწყინვალეა არა რეალური, არამედ ლიტერატურული ცეზარი. რეალურ ცხოვრებაში, ის არაფრით გამორჩეული მმართველი იყო. ეს იყო პიროვნება, რომელმაც თავის “მჩქეფარე” ცხოვრებაში მეგობრებისა და მტრების გარჩევაც კი, ვერ ისწავლა.

მან, ქონების გარკვეული ნაწილი, ანდერძით საკუთარ მკვლელს დეციმ ბრუტსს დაუტოვა. მისი საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები – “შენც ბრუტუს?!”, მას არ ეკუთვნის. ეს, მის მაგივრად, შექსპირმა თქვა. არ იფიქროთ, რომ ცინიზმი, ან დაუმსახურებული ირონია გვალაპარაკებს; არაფერია ამის მსგავსი, უბრალოდ, ის უმრავლესობისგან არაფრით გამორჩეული პიროვნება იყო. ის მაინც ცეზარია, ანუ მიზანდასახული ადამიანი, მაგრამ საკუთარ მოძმეთა მიმართ ამაღლებული გულგრილობით.

ცხადია, ვერავინ გაბედავს ბატონი უინსტონ ჩერჩილი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის უდიადეს პოლიტიკოსთა შორის არ მოიხსენიოს. და ეს ჭეშმარიტებაა, რადგან ისიც, რომელიმე ჩვენთაგანზე, ნაკლები არაფრით გახლდათ. იმ განსხვავბით, რომ ჰერცოგ მარლბოროების შთამომავალი იყო, და აგრეთვე დედამისს, საკმაოდ განათლებულ ქალბატონს, იმდროინდელ ელიტასთან მრავალმხრივი კავშირები ჰქონდა. მას უპრობლემოდ იღებდა დედოფალი ვიქტორია; და ეს პატივსაცემი ქალბატონი მთელ თავის ენერგიას შვილის კარიერის შექმნას ახმარდა. 

უინსტონ ჩერჩილის ოჯახის ხშირი სტრუმრები იყვნენ: ბერნარდ შოუ, ოსკარ უაილდი. . . საზოგადოებრივი იერარქიიდან გამომდინარე, უინსტონს განათლება საკმაოდ მაღალი მოთხოვნების იტონის დახურულ სკოლაში უნდა მიეღო; მაგრამ მისი მშობლების მიერ, დახურულ კარს მიღმა, გამოტანილ იქნა რეალური დასკვნა – მისი გონებრივი შესაძლებლობა და მომზადება ამ სკოლაში სწავლის იმედს არ იძლევაო.

ამრიგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ”ჰერროუს” სკოლაში შეყვანის შესახებ; იქ შედარებით დაბალი მოთხოვნები იყო. ის აქაც უკანასკნელი მოსწავლე იყო და სწავლა არა პრესტიჟულ, ფეხოსანთა სასწავლებელში, არამედ კავალერიის სასწავლებელში განაგრძო; ამ სასწავლებლის შიგა ინსტრუქციის თანახმად, საკუთარი სახსრებით ცხენის შენახვა აუცილებლობას წარმოადგენდა, რაც, გასაგებია, მრავალთათვის მიუღწეველი გახლდათ; შესაბამისად, ამ სკოლაში სწავლის მსურველთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო. მან კონკურსის დაძლევა მხოლოდ ამ პირობებში შეძლო. 

ამ პერიოდში უინსტონ ჩერჩილი მხოლოდ ერთ რამეზე წუხდა, რომ ახლო-მახლო ომი არ მიმდინარეობდა, მისი აზრით, აუცილებლად ომში უნდა გამოეჩინა თავი. სწორედ ამ დროს კუბაში ესპანურ-ამერიკული კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა; მან, არისტოკრატიული ელიტისთვის განკუთვნილი ხუთთვიანი შვებულება, გამოიყენა და კუბაში სამხედრო კორესპონდენტად წავიდა; მას წერა მართლაც ბრწყინვალედ შეეძლო. ამ მოგზაურობის შედეგად მიიღო ესპანური მედალი, ისწავლა სიგარის მოწევა და სიესტა – შუადღის ძილი, რომანიც დაწერა. და როდესაც ჰკითხეს, რატომ გახდა პარლამენტარი, მან პირდაპირ უპასუხა – “პატივმოყვარეობა, აბსოლუტური შიშველი პატივმოყვარეობა, პოლიტიკაში მხოლოდ ამან მომიყვანა”. ის დაუღალავად ებრძოდა თანდაყოლილ ლიყიანობასა და სიზარმაცეს. 

პოლიტიკური კარიერა კონსერვატულ პარტიაში დაიწყო; და როდესაც, კონსერვატორობის პოპულარობამ დაიწია, სასწრაფოდ ლიბერალურ პარტიაში გადავიდა, რითაც იქ მინისტრის პორთფელიც დაიმსახურა. განაწყენებულმა კონსერვატორებმა მას შეუთვალეს – ”ბატონო უინსტონ, დაიმახსოვრეთ, ხომალდს ვირთხები მხოლოდ ერთხელ ტოვებენ”. ჩერჩილი, მოგვიანებით, კვლავ კონსერვატიულ პარტიაში დაბრუნდება, რითაც დაამტკიცა, რომ ვირთხას ხომალდის ორჯერ დატოვებაც მშვენივრად შეუძლია. 

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი