ნონა ხიდეშელი – იყო ინდივიდუალური, ნიშნავს ყველაფერი ისეთი დაინახო და მიიღო როგორიც ის სინამდვილეშია

0
1151

ცივილიზაციის განვითარება ექვივალენტურია ადამიანის ცნობიერების განვითარებასთან. ერთის მხრივ ცივილიზაციამ დიდი გარდატეხა შეიტანა ჩვენს ყოველდღიურ არსებობაში და მრავალი რთული პრობლემა გაამარტივა,  მაგრამ მეორეს მხრივ, მენტალური ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრი ვერაფერი შეცვალა. დაინგრა ძველი და გაცვეთილი იდეები და იდეალები, მათ კი ახალი, უფრო პროგრესული და ჰუმანური ჩაენაცვლა, ცხოვრება ისევ ისე გრძელდება, აღსავსე ქაოსით, შფოთით, შიშით, დაპირისპირებითა და ძალადობით, რაც თავისთავად წყაროა ტკივილისა და უბედურების.

ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ და თავად ჩვენში გრძნობებისა და ცოდნის სახით არსებობს, კარგად ნაცნობია ჩვენთვის და შესაბამისად შეჩვეული ვართ მათ.  გონება მტკიცედაა ჩაკეტილი ამ  “ნაცნობის” ფარგლებში და მის იქით გასვლა არ ძალუძს, ანუ შეზღუდული და ლიმიტირებულია. მაინც რა არის ეს ნაცნობი, ასე რომ მოიცავს მთელს ჩვენს არსებას და შეუძლებელს ხდის მის მიღმა რაიმეს დანახვას. ნაცნობია ყველაფერი – ჩვენი სახელი, სტატუსი, მდგომარეობა, სახლი, ქალაქი, ქვეყანა, ოჯახი, საზოგადოება, ჩვენი იდეები, წესები, ტრადიციები, იდეალები, იდეოლოგიები და ა.შ. ჩვენი შეხება გარესამყაროსთან, ადამიანებთან და თვით ღმერთთანაც კი, მთლიანად მომდინარეობს ამ ნაცნობისგან.  “ჩვენს წარმოსახვას, წერდა ფრანგი მწერალი მარსელ პრუსტი, ვერ წარმოუდგენია უცნობი სიტუაცია, რადგანაც უცნობი წარმოსახვა ნაცნობი ელემენტებისგან შედგება და ჩვენ არსებითად არ ძალგვიძს, რომ ნაცნობი ელემენტების ხლართებს თავი დავაღწიოთ”

ცნობიერების შეზღუდულობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ჩვენი ზედაპირული და მექანიკური აზროვნებაა, თვით დიდი წიგნიერი და ინტელექტუალური ცოდნაც კი არ არის წინაპირობა გონების გათავისუფლებისთვის, რადგანაც ყველაფერი, რაც საკუთარი გამოცდილებითა და გააზრებით არ არის მიღებული და გაგებული, არ შეიძლება ჩაითვალოს ცოცხალ ცოდნად და ბუნებრივია ბევრს ვერაფერს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში.

როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ დაჰიპნოზებული მდგომარეობიდან, მოვიშოროთ სიზანტე და თვით-შემეცნების გზას შევუდგეთ. გავაცნობიეროთ საკუთარ ფსიქიკაში არსებული ყველა კომპლექსი, შიში, სურვილი, ამბიცია და იდეა, რაც მთავარია გავიაზროთ მათდამი ჩვენი დამოკიდებულება. საკმარისია სიღრმისეულად დააკვირდე რაიმე იდეას, რაზეც გონებაა ჩაჭიდებული და შეხედო მისგან მოტანილ შედეგებს, რომ მომენტალურად მიხვდები, რა მარტივად შეიძლება გონებაში წარმოშობილმა აზრმა თუ მასთან იდენტიფიკაციას მოახდენ, სრული ქაოსი და ნგრევა მოიტანოს.

ამის დანახვა არის გონიერება – ანუ საკუთარი გამოცდილებითა და ცოცხალი შეგრძნებებით მიღებული რაიმე ცოდნა. მხოლოდ ასეთი გონიერება დაგვეხმარება საკუთრი თავის შეცნობაში, რაც შეგვაძლებინებს საკუთარი შეზღუდულობის დანგრევას და მის მიღმა რაიმეს დანახვას. სხვა შემთხვევაში ისეთ ზე-აღმატებულ თემებზე, როგორიცაა ჭეშმარიტება და ღმერთი, ფიქრი ან რაღაც აზრებისა და შეხედულებების შექმნა თვითდაპროექტებულია და შესაბამისად არასერიოზული.

ცნობიერების მოცემული მდგომარეობით, შეუძლებელია ვინმემ იცოდეს რა არის ჭეშმარიტება, ვინაიდან ის უცნობია, ანუ ჩვენი ცნობიერების მიღმაა, ხოლო ჩვენი ნებისმიერი განცდა,  ფიქრი, რწმენა თუ თვალსაზრისი, მომდინარეობს ნაცნობიდან, ანუ ჩვენი შეზღუდული აზროვნებიდან და თავისთავად არარეალურია. ”მომაკვდინებელი დაავადება, ამბობდა მ. მამარდაშვილი, არის ცოდნა, წინასწარი ცოდნა, მათ შორის, ჩემი დაბეჯითებული ცოდნა საკუთარი თავსი შესახებ: როგორი ვარ, რა მინდა, რა პირობებში და როგორ შეიძლება მოვიპოვო საკუთარი თავის პატივისცემა, როგორი უნდა იყოს სამყარო, რომელშიც ღირსეულად ვიცხოვრებდი და ა.შ”

“თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამასა და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი –  ამბობს  მაცხოვარი იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.”(ლუკა. თ14. 25) შეუძლებელია თავად განსხეულებული სიყვარული, ვინმეს სიძულვილისკენ მოუწოდებდეს,  ეს მინიშნებაა აბსოლუტურ, შინაგან თავისუფლებაზე, რათა ყოველი ადამიანი, თუ მას სურს მაცხოვრის მოწაფე და მისი თანაზიარი გახდეს, უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ფსიქოლოგიური თუ ემოციური მოჯაჭვისგან ნებისმისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს შვილი, მშობელი, ქმარი თუ ცოლი.

იქ, სადაც არ არის სრული შინაგანი თავისუფლება, სრული ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა, ვერასოდეს აღმოცენდება აბსოლუტური ნებელობა და ვერასოდეს იშვება ძე ღვთისა, ..თუ არ მოიძულებთ, საკუთარ სულსაც კიო.., როგორ უნდა მოიძულოს ადამიანმა საკუთარი სული, თუკი არც კი იცის რა არის იგი, ხომ არ გულისხმობს ეს გონების გათავისუფლებას ყველა იდეის, თეორიის, სტერეოტიპის, იდეალის, ცოდნისა და ნიმუშისგან, ყველაფრისგან რაც ნაცნობია, რასაც ასე ველოლიავებით და ვუფრთხილდებით, რაც წყაროა ჩვენი შინაგანი დაპირისპირებისა და ქაოსის.

ყველაფერი რაც ნაცნობია, რაც ვიცით და შესაბამისად შეჩვეული ვათ, წარმავალია, მასში არ არის კრეატიულობა, ყოველდღიური სიახლე და მშვენიერება, არამედ მოწყენილობა და რუტინა. ის რაც უსასრულობისკენ გვიხსნის გზას, რაც მუდმივად ახალი და სრულიად განსხვავებულია – სწორედ უცნობია, ანუ ჩვენი შეზღუდული ცნობიერების მიღმაა, და მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირადი გამოცდილებით მიღებული ცოდნით, ანუ როგორც ვამბობთ, ცოცხალი ცოდნით.  

ერთხელ მაინც თუ გასინჯავ მანგოს, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება, მაგრამ თუ არ გასინჯე, შეიძლება  მთელი ცხოვრება გიხსნათ ვინმემ როგორი გემო აქვს მას, თუმცა ვერასოდეს გაიგებთ. უცნობი მხოლოდ მაშინ მოდის,  მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები, როდესაც ქრება წინასწარი შეხედულება და რაც მთავარია მოლოდინი რაიმესი, გონება უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი შეფასებისა და განსჯისგან, რათა შეხედო მოვლენას და დაინახო ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.  ამის გაცნობიერება ცხოვრებას მთლიანად გარდაქმნის, სამყარო აღარასოდეს მოგეჩვენებათ ცუდი ან კარგი, შესაბამისად მტანჯველი განცდები საკუთარი არსებობის შესახებ მთლიანად გაქრება.

ეს არის ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალურია მხოლოდ ის, რაც საკუთარი გამოცდილებითაა მიღებული და არაფერს გავს, სრულიად უნიკალური და განუმეორებელია. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გავცდებით ნაცნობის ფარგლებს, საუბარი ჩვენს ინდივიდუალიზმზე ილუზიაა. იყო ინდივიდუალური, ნიშნავს ყველაფერი ისეთი დაინახო და მიიღო როგორიც ის სინამდვილეშია, იყო ის რაც ხარ და არ ესწრაფოდე ვიღაც სხვად გახდომას, თავად იყო შემოქმედი საკუთარი ცხოვრების და არ გქონდეს მუდმივი მოლოდინი მესიების, ზეკაცებისა და იდეალების, ანუ მყარად იდგე აწმყოში და ცოცხალი შეგრძნებებით ცხოვრობდე, მთელი არსებით, მთლიანად,  ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარეშე. გჯეროდეს საკუთარი თავისა და  შესაძლებლობების და აცნობიერებდე შენს არსებობას ამ უსასრულო სამყაროში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი