ბერტრან რასელი – აზროვნების და პიროვნების თავისუფლება

0
409

ბერტრან არტურ უილიამ რასელი (1872 – 1970) ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმისდა „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 
1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 1908 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. მნიშვნელოვანი ევოლუციის ავტორი ფილოსოფიაში, რომელიც თვითონ განმარტა, როგორც პითაგორეიზმის პლატონისეული ინტერპრეტაციიდან იუმიზმისკენ გადასვლა.

(კონვეის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია, 1922 წ.)

მონკურ კონვეიმ, რომლის ხსოვნის პატივსაცემადაც აქ შევიკრიბეთ, თავისი ცხოვრება მიუძღვნა ორ დიდ მიზანს: აზროვნების თავისუფლებასა და პიროვნების თავისუფლებას.

ამასთან დაკავშირებით, ბევრი რამ იქნა მიღწეული, თუმცა ბევრიც დარჩა გასაკეთებელი. სახეცვლილი ფორმით ახალი საშიშროებანი საფრთხეში აგდებენ ამ ორივე თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ დასაცავად შეიძლება შეიქმნას ენერგიული და ფხიზელი საზოგადოებრივი აზრი, ასობით წლის შემდეგ, ორივე შეიძლება უფრო შემცირდეს, დღევანდელთან შედარებით.

ჩემი საუბრის მიზანია ახალი საშიშროებებისადმი ყურადღების მიქცევა და მათი თავიდან აცილების საშუალებათა განხილვა. ნება მომეცით, დავიწყო ისეთი ცნების ახსნის მცდელობით, როგორიცაა თავისუფალი აზრი. მას გააჩნია ორგვარი მნიშვნელობა. ყველაზე ვიწრო გაგებით, ის ნიშნავს აზროვნებას, რომელიც არ იღებს ტრადიციული რელიგიის დოგმებს.

ამ გაგებით, ადამიანი არის თავისუფლად მოაზროვნე , თუ ის არ არის ქრისტიანი, არც მუსულმანი, არც ბუდისტი, არც სიონისტი და არც რომელიმე სხვა კონფესიის წევრი. ქრისტიანულ ქვეყნებში ადამიანი მაშინ იწოდება თავისუფლად მოაზროვნედ, თუკი მის შესახებ გადაწყვეტით არ შეიძლება ითქვას, რომ მას ღმერთის სწამს, თუმცა ბუდისტურ სახელმწიფოში ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი მივიჩნიოთ თავისუფლად მოაზროვნედ .

მე მაინც არ მინდა შევამცირო თვით თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობა ამ ასპექტში. პირადად, არ მივეკუთვნები არც ერთ არსებულ რელიგიურ კონფესიას და ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი რელიგია დროთა განმავლობაში შეწყვეტს თავის არსებობას. აგრეთვე, არ მწამს, რომ რელიგია ავრცელებდაა მსოფლიოში სიკეთეს. თუმცა, მზად ვარ ვაღიარო, რომ განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ქვეყნებში მას გააჩნდა გარკვეული დადებითი ეფექტი და მე მას მივაკუთვნებ ადამიანური გონების ფორმირების პროცესს და განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ.

არსებობს, ასევე, თავისუფალი აზრის  უფრო ფართო გაგებაც, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო მეტად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, ტრადიციული რელიგიების მიერ მიყენებული ზიანი უფრო მეტად საგრძნობია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისინი აფერხებდნენ თავისუფალ აზრის ფართოდ განვითარებას.

ამის ახსნა, ვიწრო გაგებისგან განსხვავებით, არც თუ ისე ადვილია და უმჯობესი იქნებოდა მისი უფრო არსებითი განხილვა. როდესაც ვსაუბრობთ რაიმეზე, როგოც თავისუფალზე, ჩვენი განსაზღვრება იქამდეა გაურკვეველი, სანამ არ შევძლებთ იმის თქმას, თუ რისგანაა ის თავისუფალი.

რაიმე ან ვინმე თავისუფალია, თუკი ის არ განიცდის გარეგან იძულებას, და კონკრეტულნი, რომ ვიყოთ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა სახისაა არის ეს იძულება. ამდენად, აზრი თავისუფალია, თუკი ის თავისუფალია ხშირად არსებული გარეგანი კონტროლისგან. კონტროლის ზოგიერთი სახე, რომელიც არ უნდა არსებობდეს, თუკი აზრი თავისუფალია, საკმარისად თვალსაჩინოა, მაგრამ სხვები უფრო რთული აღმოსაჩენი და ფარულია.

დავიწყოთ შედარებით თვალსაჩინოთაგან. აზრი არ არის თავისუფალი, თუკი ამა თუ იმ შეხედულების მომხრეების ან ოპონენტების მიმართ იყენებენ სამართლებრივ სასჯელებს, დაშვებულია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოთქმის შესაძლებლობა ან განსაზღვრულ საკითხებზე საერთოდ აკრძალულია აზრის გამოთქმა. ასეთი ელემენტარული სახის თავისუფლებაც ჯერ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის სახელწიფოებში არსებობს.

ინგლისში მკრეხელობის შესახებ კანონის თანახმად, ისჯება ქრისტიანული რელიგიის მიმართ ურწმუნოების გამოხატვა, თუმცა რეალურად, ეს კანონი არ მოქმედებს მდიდრებისთვის. საოცარია, რომ აგრეთვე იკრძალება ბოროტების წინააღმდეგ ძალადობის არგამოყენების შესახებ ქრისტეს სწავლების პროპაგანდა. ამდენად, ნებისმიერი, ვისაც სურს გაექცეს დამნაშავის ხვედრს, უნდა ეთანხმებოდეს ქრისტეს მოძღვრებას, მაგრამ თავი უნდა აარიდოს იმის შესახებ საუბარს, თუ რაში მდგომარეობს ეს მოძღვრება.

ამერიკაში არავის შეუძლია ჩავიდეს იმ ოფიციალური განცხადების გარეშე, რომლის თანახმად, ის არ არის ანარქისტი და პოლიგამიის წინააღმდეგი. აგრეთვე, ის არ უნდა იყოს კომუნიზმის მომხრე. იაპონიაში უკანონოდაა გამოცხადებული მიკადოს (იაპონიის იმპერატორი) ღვთაებრიობაში ეჭვის შეტანა. ამდენად, მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობა შეიძლება ძალიანაც სარისკო აღმოჩნდეს.

ასე რომ მუჰამედის ან ტოლსტოის მიმდევარი, ბოლშევიკი ან ქრისტიანი, თავისი მოგზაურობის რაღაც მომენტში შიეძლება ბრალდებული აღმოჩნდეს თუ არ გაჩუმდება იმის შესახებ, თუ რას თვლის ის მნიშვნელოვნად და ჭეშმარიტებად. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება მესამე კლასის მგზავრებს, ხოლო პირველი კლასის მგზავრებს კი შეუძლიათ სჯეროდეთ იმის, რაც სურთ, მათ ვერავინ შეაწუხებს აბეზარი შეკითხვებით.

ნათელია, რომ თავისუფალი აზრის არსებობის ელემენტარული პირობა არის ამ აზრის გამოხატვისათვის სამართლებრივი სასჯელების არარსებობა. სინამდვილეში ვერც ერთმა დიდმა სახელმწიფომ ამას ვერ მიაღწია, თუმცა მათი უმეტესობა ამას არ აღიარებს. შეხედულებები, რომელთა გამოც შეიძლება დევნა განიცადო, უმრავლესობას შეიძლება მოეჩვენოს ისეთ საშინელებად, რომლის მიმართ შემწყნარებლობა შეუძლებელია.

სწორედ სხვაგვარი აზროვნების მიმართ შეუწყნარებლობამ გახადა თავის დროზე შესაძლებელი ინკვიზიციის საშინელებანი. იყო დრო, როდესაც პროტესტანტიზმი წარმოჩინდებოდა ისეთივე ბოროტებად, როგორც ახლა ბოლშევიზმი. გთხოვთ, არ გეგონოთ, რომ თითქოს მე პროტესტანტი ან ბოლშევიკი ვიყო.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში სამართლებრივი სასჯელები ყველაზე ნაკლებად უშლიან ხელს აზრის თავისუფლებას. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება არის ეკონომიკური სასჯელები და და ფაქტების გაყალბება. ცხადია, რომ აზრი ვერ იქნება თავისუფალი, თუკი განსაზღვრული შეხედულებების მიმდევრები თავს ვერ ირჩენენ და შიმშილისთვის არიან განწირულნი. ასევე, ცხადია, რომ აზრი არ არის თავისუფალი, თუ დისკუსიის დროს ერთი მხარის ყველა არგუმენტები ყოველთვის წარმოდგენილია შეძლებისდაგვარად მიმზიდველად, ხოლო მეორე მხარის არგუმენტების წარმოჩენასაც კი თითქმის ყოველთვის უშლიან ხელს. ორივე ეს წინაღობა არსებობს ჩემთვის ცნობილ ყველა დიდ ქვეყანაში, ჩინეთის გარდა, რომელიც თავისუფლების უკანასკნელი კუნძულია.

შევეცდები ვისაუბრო სწორედ, ამ დაბრკოლებების, მათი ახლანდელი მდგომარეობისა და მნიშვნელობის, მათი გაზრდისა და ან შემცირების შესაძლებლობის შესახებ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზრი თავისუფალია, როცა ის იმყოფება სხვა შეხედულებებთან ერთად თავისუფალი კონკურენციის პირობებში ე.ი. მაშინ, როცა თითოეულს შეეძლება თავისი აზრის გამოხატვა და არც იურიდიული, არც მატერიალური მდგომარეობა გავლენას არ ახდენს პიროვნების შეხედულებებზე. ეს იდეალური მდგომარეოობაა, რომელიც სხვადახვა მიზეზების გამო ვერ იქნება მიღწეული, მაგრამ მასთან მიახლოება შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე დღეს ვიმყოფებით.

სამი მაგალითი ჩემი პირადი ცხოვრებიდან აჩვენებს, რომ ინგლისში თემიდას სასწორი ქრისტიანების მხარეს იხრება და მრავალ აგნოსტიკოსს ვერც კი წარმოუდგენია, თუ რა პრობლემების წინ შეიძლება აღმოჩნდეს თავისი მსოფლმხედველობის საჯაროდ გამოხატვის შემთხვევაში.

პირველი ინციდენტი მოხდა ჩემი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. მამაჩემი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო. სამი წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა. მას უნდოდა, რომ მე ყოველგვარი რელიგიური ცრურწმენისაგან გარეშე გავზრდილიყავი, ამიტომ ორი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი დამინიშნა მეურვედ. სასამართლომ მისი ნება უგულვებელყო და მე ქრისტიანულ სარწმუნოებაში გავიზარდე. ვშიშობ, რომ შედეგი იმედის გამაცრუებლი იყო, მაგრამ აქ კანონს ბრალი არ მიუძღვის. თუკი მამა ისურვებდა ჩემს მაგლეტონიანისტად ან მეშვიდე დღის ადვენტისტად აღზრდას, მოსამართლენი უარს არ ეტყოდნენ. რა გამოდის? მშობლებს აქვთ უფლება წინასწარ განსაზღვრონ ნებისმიერი ცრურწმენა, რომელსაც შვილებს ასწავლიან მათი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ უფლება არ აქვთ უანდერძონ ბავშვების იურიდიული დაცვა ცრუმორწმუნეობისგან.

მეორე შემთხვევა მოხდა 1910 წელს. იმ დროს მინდოდა, ლიბერალური პარტიის სიით საპარლამენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა და ფრაქციის წევრებმა რეკომენდაცია გამიწიეს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში. სიტყვით გამოვედი ლიბერალურ ასოციაციაში, რომელიც კეთილად მომექცა და ჩემი მიღება გადაწყვეტილი იყო. ფრაქციის დახურულ წინასაარჩევნო სხდომაზე მკითხეს ჩემი რწმენის შესახებ, მე ვუპასუხე, რომ აგნოსტიკოსი ვიყავი. ისინი დაინტერესდნენ თუ არსებობდა შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი საზოგადოებისათვის ცნობილი გამხდარიყო. მე დადებითად ვუპასუხე. მათ მკითხეს ხომ არ მინდოდა, რომ ხან და ხან შემევლო ეკლესიაში. მე ვიუარე. შედეგად, მათ, სხვა კანდიდატი წარადგინეს პარლამენტის დაპუტატად, რომელიც ახლა მთავრობის წევრი გახდა.

მესამე შემთხვევა: მიმიწვიეს კემბრიჯის უნივერსიტეტის სამების კოლეჯში ლექტორად, მაგრამ არა კოლეჯის საბჭოს წევრად. განსხვავება ხელფასში კი არ არის, არამედ იმაში, რომ საბჭოს წევრს კოლეჯის მართვაში ხმის უფლება გააჩნია და ვერ იქნება განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან წევრობის პერიოდში, თუ არ ჩაიდენს რაიმე ამორალურ საქციელს. მთავარი მიზეზი იმისა, რომ არ შემომთავაზეს საბჭოში მონაწილეობა იყო ის, რომ კლერიკალურ პარტიას არ უნდოდა ანტიკლერიკალური ხმების გაზრდა. შედეგად, 1916 წელს, მათ ჩემი გაგდების შესაძლებლობა მიეცათ, როდესაც არ მოეწონათ ჩემი შეხედულებები ომის თაობაზე. დავამატებდი, რომ მოგვიანებით, საომარი ვნებები დაცხრა და მათ კვლავ დამნიშნეს თანამდებობაზე. მე რომ მატერიალურად დამოკიდებული ვყოფილიყავი კოლეჯში სამსახურზე, მაშინ შიმშილი მომიწევდა.

ეს სამი შემთხვევა წარმოაჩენს იმ დევნას, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები განიცდიან, თვით თანამედროვე ინგლისშიც კი. ნებისმიერი სხვა ადამიანი, მსგავსი შეხედულებებით, შეიძლებდა ასეთი და კიდევ უფრო უარესი ფაქტების დასახელებას თავისი გამოცდილებიდან. ნათელია, რომ, მატერიალურად გაჭირვებული ხალხი ვერ გაბედავს ღიად საუბარს თავისი რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესახებ.

თავისუფლების არარსებობა, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება მხოლოდ რელიგიას. კომუნიზმის ან თავისუფალი სიყვარულისადმი რწმენა ადამიანს უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე აგნოსტიციზმი. ამ ადამიანის საზოგადოებრივი სტატუსისათვის საშიშია არა მარტო ამ შეხედულებების პირადად გაზიარება, არამედ უფრო რთულია მათი სასარგებლო არგუმენტების საჯაროდ განცხადება.

მეორეს მხრივ, რუსეთში დიამეტრალურად საპირისპიროა სიტუაციაა – იქ პრივილეგიებს და ძალაუფლებას ფლობენ ისინი, ვინც ქადაგებს ათეიზმს, კომუნიზმს და თავისუფალ სიყვარულს და არ არსებობს რაიმე საშუალება მათი საწინააღმდეგო აზრების გავრცელებისა.

შედეგად, რუსეთში ფანატიკოსების ერთი ჯგუფი აბსოლუტურად დარწმუნებულია მოცემულ საეჭვო ჭეშმარიტებაში, მაშინ როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ფანატიკოსების სხვა ჯგუფს ისეთივე რწმენა აქვს დიამეტრულად განსხვავებული საეჭვო ჭეშმარიტების მიმართ. ორივე შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია იწვევს ომს, იმედგაცრუებასა და დევნას.

თარგმანი ინგლისურიდან – ნინო მთვარელიშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი