ალფრედ ნობელი – ოკეანემ ნობელს იმედები გაუცრუა, ნობელმა კი ნათესავებს

0
272

…ანდერძის შინაარსიის გაცნობის შემდეგ დარბაზში დაძაბულმა დუმილმა დაისადგურა. ნათესავები დიდი გამოგონებლისა, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს კაცად ითვლებოდა, ძლივსღა ახერხებდნენ თავის შეკავებას და დუმილიც სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დაარღვია: “ეს შეუძლებელია!!!” – იყვირა და დარბაზიდან გავარდა. მას სხვებიც მიჰყვნენ და მალე მთელი დარბაზი დაცარიელდა. მაშინ ნოტარიუსმა ერთხელ კიდევ გადაიკითხა ანდერძი და გონებაში ის არგუმენტები მოიძია, რის საფუძველზედაც ნათესავებს განსვენებულის სურვილის გასაჩივრება შეეძლებოდათ.

“მთელი ჩემი უძრავი და მოძრავი ქონება – ეწერა ანდერძში – გადაყვანილ უნდა იქნას ფულად ერთეულებში და მოთავსდეს სანდო ბანკში. ეს ქონება უნდა ეკუთვნოდეს ფონდს, რომელიც ყოველწლიურად ამ ქონებისაგან მიღებულ შემოსავალს გასცემს პრემიის სახით მათთვის, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში და რომლის მოღვაწეობამაც სარგებელი მოუტანა კაცობრიობას“. ქონებიდან შემოსული მოგების თანხა უნდა გაყოფილიყი ხუთ ნაწილად და ყოველი ეს ნაწილი პრემიის სახით გადანაწილებულიყო ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის და მშვიდობის სფეროებზე. ამ პრემიის მაძიებელი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანი, რადგან ეროვნებასა და რასაზე არაფერი იყო ნათქვამი ანდერძში.

ყველაზე ძუნწი მონაცემებით ნობელის უძრავ-მოძრავი ქონება 33 233 792 შვედური კრონის (დაახლოებით 62 მილიონი ფუნტი სტერლინგი ახლანდელი კურსით) ტოლფასი იყო… და მთელი ეს თანხა რაღაც ფონდში უნდა გადასულიყო?! ნათესავებისათვის კი ფაქტიურად “ხურდა ფული” ანუ სულ რაღაც 2 მილიონი კრონი იყო გათვალისწინებული…

გამოცდილი ნოტარიუსი გრძნობდა, რომ პრობლემები სწორედ ახლა იწყებოდა და არც შემცდარა. ანდერძის გამოქვეყნების შემდეგ დიდი სკანდალი ატყდა. მემკვიდრეთა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა, გაზეთები კი ალფრედ ნობელს პატრიოტიზმის არქონაში ადანაშაულებდნენ – განა შეიძლებაო პაციფიზმის იდეებს ეროვნული და ნათესაური ინტერესები შესწიროო?! თვით შვედეთის მეფე ოსკარ II-ემაც. რომელსაც აღიზიანებდა ის, რომ ეს გიგანტური ქონება უაზროდ იკარგება, განაცხადა, რომ ნობელი “მშვიდობის ფანატიკოსებმა” გაასულელესო და უკეთესი იქნებოდა ნობელის იარაღის მწარმოებელი უზარმაზარი ქარხნები შვედეთის მთავრობას დარჩენოდაო…

მთავარი სიძნელე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ნობელის ქონება მთელ მსოფლიოში იყო გაფანტული: აგარაკი – ნიცაში, სახლი – პარიზში, უამრავი ფაბრიკა – ფინეთში, რუსეთში გერმანიაში, იტალიასა და ინგლისში…

განსვენებულის ნების აღსასრულებლად ხელდახელ კომისია შეაკოწიწეს და ამ კომისიის წევრები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, რათა ნობელის ქონება ზედმეტი ბიუროკრატული გაწამაწიის გარეშე გაეყიდათ. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ ნობელს ზოგიერთი ქვეყნის მთავრობასთან საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. საფრანგეთში მას, დინამიტის გამომგონებელს, უბრალოდ ჯაშუშად თვლიდნენ და მის ქონებას ისეთი გადასახადები დაადეს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ფულის საფრანგეთიდან შვედეთში გადაგზავნა.

ბოლოს გადაწყვიტეს ნაღდი ფული წამოეღოთ საფრანგეთიდან და ამ ოპერაციას თავად ნობელის ნოტარიუსი ჩაუდგა სათავეში. მან დაიქირავა ეტლი, ბანკნოტები მასში მიმალა და საგანგებოდაც შეიარაღდა, რათა თავდამსხმელთაგან თავი დაეცვა… და გზაში კინაღამ ერთ მეგაზეთე ბიჭუნას გაუხვრიტა შუბლი, რომელიც ეტლს შეახტა და მეეტლეს უბრალოდ ახალი გაზეთი შესთავაზა…

ამასობაში ნათესავებიც გააფთრებით ცდლობდნენ ანდერძის გადასინჯვას და სტოკჰოლმის, ლონდონის, პარიზისა თუ ბერლინის სასამართლოებში სულ ახალ და ახალ პროცესებს იწყებდნენ. რაღაც ხელჩასაჭიდი მათაც ჰქონდათ, რადგან ნობელს დავიწყებოდა და ანდერძი ნოტარიუსთან არ დაემტკიცებინა. ამ აწრიალებულ ბრბოს მოულოდნელად მეცნიერებიც შეუერთდნენ – ერთი მათემატიკოსი ვენიდან აღშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მისი მეცნიერება ნობელმა არ მიუთითა დასაჯილდოებელთა სიაში.
მათემატიკის იგნორირება მართლაც უცნაურად ჩანდა… ოღონდ არა მათთვის, ვინც იცოდა დიდი სატრფიალო ამბავი, რამაც სამუდამოდ გაუტეხა ალფრედ ნობელს გული.

ეს მოხდა პეტერბურგში …შვედი ჭაბუკი და დანიელი გოგონა ხეივანში მისეირნობდნენ…
შორიდან მადამ დეზრის სტუმრების გნიასი ისმოდა… ახალგაზრდა ალფრედი ამ ქალაქში მამასთან ერთად ჩავიდა, ანა კი პეტერბურგში დაიბადა – მამამისი, ცნობილი დანიელი გემთმშენებელი, შთამომავალი იყო მათი, ვინც თავად პეტრე I-მა მიიწვია რუსეთში.

ალფრედმა პირველად რომ ნახა ანა, ასე ეგონა – მსოფლიოს ყველა პოეტს მხოლოდ მისთვის დაუწერიაო სახოტბო ლექსები… ანა კი რაიმე განასკუთრებულს არ გრძნობდა ალფრედის მიმართ, თუმცა კი ეს მელანქოლიური შვედი სხვებისაგან მიზანდასახულობით მაინც გამოირჩეოდა. ალფრედი გარეგნულადაც დიდს არაფერს წარმოადგენდა – ფერმკრთალი და სუსტი აღნაგობის ყმაწვილი გახლდათ… არადა, მას, შესანიშნავ თანამოსაუბრეს, უკვე მოესწრო და მამის ნება-სურვილით მთელი ევროპა შემოევლო!..

“ოკეანემ იმედი გამიცრუაო” – იტყოდა ალფრედი და ანა ისეთ მომხიბლავ ღიმილს შეაგებებდა, რომ ყმაწვილს ისღა დარჩენოდა ბაირონის ან შელლის ლექსისთვის მიემართ, რადგან საკუთარ სათქმელს თავს ვეღარ ართმევდა…

…და სიყვარულის ანაბანის წესისამებრ ალფრედის ცხოვრება ერთ დიდ სიზმარს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ ის და ანა ბინადრობდნენ… სადაც იყო მხოლოდ სიყვარული, პოეზია და თეატრი… სხვა არაფერი. ჭაბუკი მომავალ ქორწილზეც ოცნებობდა და ერთხელ ეს საკუთარ ძმას, ლუდვიგსაც, გაანდო, მაგრამ ეს უკანასკნელი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა ამ ფაქტს. თუმცა ვის აინტერესებს ძმის აზრი, როცა უყვარს არაამქვეყნიური არსება?!

…არაამქვეყნიურმა არსებამ კი ყველაფერი წამიერად გაანადგურა…
ალფრედის და ანნას ნაცნობთა წრეში ერთხელ ერთი წარმოსადეგი ფრანგი ახალგაზრდა ფრანც ლემარჟი გამოჩნდა; ალფრედს ჯერ ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, მაგრამ სულ მალე ეჭვიანობის საფუძველი გაუჩნდა, რადგან მისი სატრფო მოხდენილი ფრანგი ვაჟის მიმართ ისეთ მზერასა და რეპლიკებს ისროდა, რაც მხოლოდ სიმპათიით განმსჭვალულ ქალს შეუძლია გააკეთოს.

ფრანც ლემარჟი დიპლომატის შვილი იყო,  რომელიც ავსტრიის იმპერატორის კარზე მსახურობდა და ახლა პეტერბურგში იყო გადმოგზავნილი სამსახურის გასაგრძელებლად. ფრანცმა ევროპის უახლესი ჭორები იცოდა და ამით სულელი გოგონას ყურადღება უფრო მეტად მიიპყრო,  ვიდრე სამყაროსეული სევდით მოსილმა ალფრდის გაუთავებელმა პოეტურმა წიაღსვლებმა.

ერთ მშვენიერ დღეს კი… ლემარჟი კვლავაც რომ ენამახვილობდა და კოკობზიკობდა, ალფრედი კი გამაოგნებელი ეჭვისა გამო მიწის გახეთქვასა და მასში შთანთქმას რომ ლამობდა, სიყვარულში მოქიშპე ჭაბუკებს ერთმანეთთან გაბაასება მოუხდათ.
“თქვენ წარმოდგენა გაქვთ მათემატიკის შესახებ? –  დამცინავად ჰკითხა ლემარჟმა და დააყოლა – ხომ ყველა განათლებულმა კაცმა უნდა იცოდეს დღეს ეს მეცნიერება?!” .
“მამაჩემმა მე განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიმაღებინა” – თითქმის არ დაიბნა ალფრედი.
“მართლა?!… მაშ, თქვენ ამის ამოხსნაც შეგეძლებათ... – გაიღიმა ლემარჟმა და ხელსახოცზე რაღაც ფორმულა დაწერა. ნობელი დიდხანს ეწვალა, მაგრამ ამოცანას თავი ვერ გაართვა და ლემარჟმა პუბლიკას განუცხადა:
“დიახ, ბატონებო, ალფრედის მსგავსი ლიტერატორები იმას ვერასოდეს გაართმევენ თავს, რაც ჩვენ, მათემატიკოსებს, შეგვიძლია…”

ფრანც ლემარჟისა და ანას ქორწილს მთელი პეტერბურგი დაესწრო. ნობელების ოჯახიც მიიწვიეს, მაგრამ ალფრედი “რატომღაც ავად გახდა”. ქორწილიდან დაბრუნებულ ახლობლებს ალფრედი მართლაც ცუდ მდგომარეობაში დახვდათ: იგი უგონოდ იყო განრთხმული იატაკზე, მის გვერდით კი ეგდო მელანშეუმშრალი პოემა ვიღაც მკვდარი მიჯნურის, რაღაც თეთრი სუდარისა და მიმჭკნარი ვარდების სურნელების შესახებ.
ალფრედი თითქმის მთელი კვირის განმავლობაში ვერ მოასულიერეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მამა არ მოშორებია შვილის სასთუმალს, თან წყევლიდა პეტერბურგსაც,  დანიელ ლამაზმანებსაც და ფრანგ დიპლომატებსაც…

ალფრედის მამა, ემანუილ ნობელი, სტოკჰოლმიდან მევალეებს გამოექცა და რუსეთში დააპირა თავისი ბიზნესის გაგრძელება; ბორან “ევლე-ტურკუზე” ემანუილი ერთ მყუდრო კაიუტაში იყო შეყუჟული და ფანჯრიდან შიშით იმზირებოდა იმ დათოვლილი ქვეყნისაკენ, სადაც მას ცხოვრება მოუწევდა. შვედეთში კი დარჩა კარგად აწყობილი ბიზნესი, კაუჩუკის ქარხანა, მჭიდრო კავშირები და სანდო კომერსანტის რეპუტაცია… ყვლაფერში დამნაშავე აღმოჩნდა ცეცხლის პატარა ალი, რომელიც დიდ ხანძრად გადაიქცა და სტოკჰოლმის ერთ მყუდრო ქუჩაზე განლაგებული ნობელების სახლი ცეცხლში შთანთქა.

დაიწვა ყველაფერი: ფული, ობლიგაციები, სხვა ფასიანი ქაღალდები თუ უამრავი პატენტები; ემანუილ ნობელი მეუღლესა და სამ ვაჟთან ერთად ქუჩაში დარჩა და იძულებული შეიქნა სასწრაფოდ გაეყიდა ყველაფერი. ასე რომ, მთელი ცხოვრების საქმე ერთ დღეში ფერფლად და ნაცრად იქცა. ოჯახის მამას შვედეთში სიკეთე აღარ დაადგებოდა მევალეებისაგან და ამიტომაც გადაწყვიტა ბედი პეტერბურგში ეცადა.

ცოლ-შვილი მან სტოკჰოლმში დატოვა და დაპირდა მათ, რომ თავისთან ჩაიყვანდა, როგორც კი საქმეს ააწყობდა. ანრიეტამ, მისმა მეუღლემ, პატარა ფარდული გახსნა, რათა არსებობა შეენარჩუნებინა, ორი უფროსი ვაჟი, ლუდვიგი და რუდოლფი კი, ანდერსენის ზღაპრის გმირებივით, ქუჩაში ასანთით ვაჭრობდნენ. უმცროსი ვაჟი, ალფრედი მაშინ ერთი წლისაც არ იყო…

გავიდა რამდენიმე წელი, ოჯახის მამამ ყველა ვალი გაისტუმრა, პეტერბურგის ცენტრში კარგი სახლი იყიდა და ამ ქალაქის ღირსეული მოქალაქე გახდა, რადგან მის მიერ შექმნილი გათბობის სისტემები და, რაც მთავარია, მთავარი გამოგონება – ლითონის კორპუსში მოთავსებული დენთი – მეტად გამოსადეგი აღმოჩნდა რუსეთისათვის და იმპერატორმა ნობელი-უფროსი სპეციალური ოქროს მედლითაც კი დააჯილდოვა.

ერთი სიტყვით, საქმეები კარგად მიდიოდა (რა თქმა უნდა, ოჯახიც ჩაიყვანა პატერბურგში), უკვირდა კიდეც ასეთი ხანგრძლივი წარმატებები და მოსახდენი მაინც მოხდა:
სატრფოს ღალატის გამო, რომელმაც ფრანგი დიპლომატი ანაცვლა ალფრედს, ამ უკანასკნელმა თავის მოკვლა დააპირა, იგი ძლივს გადაარჩინეს და მამას მთელი კვირის განმავლობაში შვილის სასთუმალთან მოუწია ჯდომა. ალფრედი გონს რომ მოვიდა, მამას ასეთი ბარათი დაუწერა:
“დღეიდან მე ამ საზარელ ბრბოსთან ვწყვეტ კავშირს და ვიწყებ იმ დიდი წიგნის შესწავლას, რასაც ბუნება ჰქვია, რათა ვიპოვო ჩემი ტკივილის განკურნების საშუალება”

“შენ გინდა ამ პარკეტის მუწუკს (ემანუილმა ის ფრანგი დიპლომატი იგულისხმა) დაუმტკიცო, რომ იგი შენს ფრჩხილადაც არ ღირს?” ალფრედმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა – “მე გამომგონებელი უნდა გავხდე… ყველაზე ცნობილი! მე უნდა შევისწავლო ყველა საბუნებისმეტყველო მეცნიერება და… ანა ინანებს, ინანებს, მაგრამ გვიან იქნება!”

შვილის გადარჩენით გახარებულმა მამამ მას საუკეთესო პროფესორები დაუქირავა ქიმიასა თუ ფიზიკაში და ალფრედი ისეთი გულმოდგინებით შეუდგა სწავლას, რომ მასწავლებლები გაოცებულნი იყვნენ. ალფრედმა მალე სტაჟირებებზე დაიწყო სიარული ევროპის საუკეთესო სპეციალისტებთან და მალე ცნობილი ქიმიკოსის სახელი დაიმკვიდრა. შვილის წარმატებები ყველაზე მეტად მამას ახარებდა და მან გადაწყვიტა მისთვის გადაეცა თავისი ცხოვრების მთავარი გამოგონება:
“დენთი ძვირია, მოუხერხებელია და ადვილად სველდება. ის,  ვინც იპოვის მის შემცვლელს,  საუკუნოდ გაითქვამს სახელს… უკვე არის რაღაც წინადადებები, ხომ არაფერი გსმენია ნიტროგლიცერინის შესახებ?”

ალფრედს, რა თქმა უნდა, სმენოდა ეს. ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ: ვიღაცამ შემთხვევით გააცხელა გოგირდისა და აზოტის მჟავა და შედეგად აფეთქება მიიღო. შემდეგ ერთმა იტალიელმა შერეკილმა – ასკანიო სობრერომ – ამ ნარევს გლიცერინი ჩაუმატა და სახელად რატომღაც ნიტროგლიცერინი დაარქვა და ახლა თავადაც არ იცოდა, რისთვის გამოეყენებინა ეს ნივთიერება.

“ღმერთო, რატომ უგზავნი ასეთ იდეებს იდიოტებს?!” – სინანულით იტყოდა ხოლმე ალფრედი. დიახ, ეს სწორედ ის გახლავთ, რამაც დენთი უნდა შეცვალოს ასაფეთქებელ მოწყობილობაში; საჭიროა მხოლოდ მცირეოდენი ექსპერიმენტები, პროპორციების დადგენა და პრობლემა გადაწყვეტილია! იმ შერეკილმა იტალიელმა კი სხვა რომ ვერაფერი მოიგონა, ნიტროგლიცერინს გულით დაავადებულებს სთავაზობდა, როგორც უებარს წამალს.

გრუხუნმა არემარე შეაზანზარა და ცაში კვამლის სვეტი აღიმართა. “ეს ჩემი ახალი გამოგონებაა – ნობელის ნიტროგლიცერინი!” – ამაყად განუცხდა ალფრედმა ძმებს.
ნობელის ნიტროგლიცერინზე მართლაც მთელი ქვეყნიერება ალაპარაკდა. ყველგან დაიწყო ფაბრიკების მშენებლობა ამ ახალი ნივთიერების საწარმოებლად; ალფრედი ცდილობდა უმოკლეს დროში მთელი მსოფლიო ბაზარი დაეპყრო; მან ფართო სარეკლამო კამპანია გაშალა პრესაში, დაიქირავა უამრავი ჩინოვნიკი, თუმცა არაფერს ამბობდა იმის შესახებ, რომ საქმე მთლად ბოლომდე მიყვანილი არ იყო და არც იმას ააშკარავებდა, რომ ნიტროგლიცერინი, რომელსაც კლდეების დაშლა შეეძლო, საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და მისი ტრანსპორტირება მინის ჭურჭლით არაფრით არ შეიძლებოდა.

შედეგმაც არ დააყოვნა. 1864 წლის 3 სექტემბერს სტოკჰოლმში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ასი კილოგრამი ნიტროგლიცერინი, რომელიც ნობელების ფაბრიკიდან უნდა გაეგზავნათ, აფეთქდა და მთელი შენობა მტვრად აქცია, დაიღუპა ყველა თანამშრომელი… შვედეთის გაზეთები წერდნენ: “აფეთქების ადგილზე გვამების ნაცვლად ძვლების გროვა იქნაო ნაპოვნი”. თავად ალფრედს ორიდე ნაკაწრი ჰქონდა სხეულზე, მაგრამ მათს ოჯახს მაინც დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, აფეთქების დროს დაიღუპა არდადეგებზე ჩამოსული უმცროსი ვაჟი ემილი. ამ ამბავმა ემანუილ ნობელიც იმსხვერპლა, შვილის სიკვდილით შეძრწუნებულს დამბლა დაეცა და მეტყველების უნარი წაერთვა.

ამგვარი აფეთქებები სხვა ქვეყნებშიც მოხდა და ნიტროგლიცერინის წარმოება საერთოდ აიკრძალა. ალფრედი ამაოდ ცდილობდა საქმის გაგრძელებას, მაგრამ მისი სახელის გაგონება აღარავის სურდა. ასე რომ, იგი იძულებული შეიქნა ლაბორატორიაში ჩაკეტილიყო და ექსპერიმენტები გაეგრძელებინა. გარკვეული ხნის შემდეგ იშვა დინამიტი – მშრალი და ცეცხლგამძლე, უფრო სწორად ისეთი, რაც ფეთქდებოდა მხოლოდ გარკვეული პირობების შექმნის შედეგად.

ალფრედის საქმეები კვლავ კარგად წარიმართა და იგი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. მან პრესტიჟულ უბანში შეიძინა ბინა და მაღალი საზოგადოების წვეულებებზედაც კი დაიწყო სიარული. თუმცა, კაცმა რო თქვას, ეს დაბალი ტანის, სულ უკმაყოფილო სახის მქონე კაცი, რომელსაც ძალზედ უკბილო ხუმრობები უყვარდა, დიდი წარმატებით არ სარგებლობადა ქალებში, სამაგიეროდ ექსტრავაგანტური შერეკილის რეპუტაცია დაიმსახურა.

შერეკილის სახელი კი ნამდვილად ეკუთვნოდა მას, რადგან იმ პერიოდში უცნაური იდეები აწუხებდა – თუნდაც თვითმკვლელობის ინსტიტუტის შექმნა სულიერად დაავადებული ადამიანების უკანასკნელი წუთების შესამსუბუქებლად. ამ მდიდარ და “ავადმყოფური ფანტაზიის” მქონე შვედს ყველა ერიდებოდა.

თავად მას კი უცნაური კოშმარები დასჩემდა იმხანად და ამას ბიძგი მისცა იმ ამბის გამოაშკარავებამ, რომ თურმე რუსი მწერალი ნიკოლაი გოგოლი ცოცხლად დამარხეს მიწაში. ალფრედი შიშმა შეიპყრო,  მას დაძინებ არ უნდოდა,  რადგან სიზმარში საკუთარ თავს სულ ოთხ ფიცარში გამოკეტილს ნახულობდა. ამგვარ ყოფას მისი მარტოობა უფრო ამძაფრებდა და ექიმის რჩევით მან ასეთი განცხადება გამოაქვეყნა ვენის გაზეთ “NFP”-ში: “საშუალო ასაკის მამაკაცი ეძებს ინგლისური და ფრანგული ენების მცოდნე კომპანიონ ქალს“. ამგვარი განცხადებები მაშინ საყვარლის ძიებას ნიშნავდა, თუმცა ნობელი უფრო სულიერ მეგობარს ეძებდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი; მთავარი ის გახლდათ, რომ განცხადებას გამოეხმაურა ოცდაათი წლის გრაფინია ბერტა კინსკი; დაიწყო მიმოწერა და ერთი თვის შემდეგ ალფრედ ნობელმა მას ფული გაუგზავნა პარიზში ჩასასვლელად…

ბერტა კინსკი ძველი არისტოკრატული გვარის შთამომავალი იყო, მაგრამ იმხანად მათ აღარაფერი გააჩნდათ და ლუკმა-პურის მოსაპოვებლად ერთი ბარონესას სახლში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა და… საკუთარი აღსაზრდელი შეუყვარდა, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსი იყო. ამ ორი “მტრედის” ფარული ტრფობა ორიოდე წელს გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს ამხილეს ისინი და ბერტა კვლავ ულუკმაპუროდ დარჩა… სწორედ მაშინ ჩაუვარდა მას ხელთ ალფრედ ნობელის განცხადება!..

ალფრედს დანახვისთანავე შეუყვარდა ბერტა და, როგორც XIX საუკუნის ევროპელ კაცს შეეფერებოდა, წინასატრფიალო რიტუალთა აღსრულება დაიწყო: იყო სპექტაკლებზე დასწრება, პოეზიაზე საუბარი, თაიგულების გამოგზავნა მივლინებებიდან და ბოლოს დადგა წუთი, როცა ნობელმა პირდაპირ მიმართა გაზეთით ნაპოვნ ქალს – “თანახმა ხარ თუ არა, რომ ჩემი სატრფო გერქვასო?”

…და ბერტამ უარით უპასუხა…
მას თურმე კვლავაც ის 17 წლის ყმაწვილი უტრიალებდა გულში, რომლის გამოისობითაც მშობლიური ქალაქის დატოვება მოუხდა. ნობელმა თანაგრძნობით მოისმინა ამბავი ამ უასაკოდ გამიჯნურებული ქალისა, თუმცა-კი მარტოდ დარჩენილმა წყევლა-კრულვით აიკლო საკუთარი ბედის გამრიგე, რომელიც მთელ მის ცხოვრებას სასაცილო სპექტაკლად აქცევდა. ასეთ ვითარებაში ალფრედმა მცირე ხნით პარიზიდან გამგზავრება არჩია, მაგრამ მალევე მოეგო გონს და ბერტასთან წერილს წერილზე აგზავნიდა, სადაც საგულდაგულოდ აღუწერდა მათი ერთად ყოფნის ყველა პერსპექტიულ სიკეთეს, მაგრამ, რას გაუგებ ამ ქალებს?! – ბერტამ მაინც ვენაში დაბრუნება არჩია და თან ისე,  რომ ნობელისათვის კაპიკიც კი არ გამოურთმევია და მგზავრობის ყველა ხარჯი თავისი უკანასკნელი საგვარეულო ნივთების გაყიდვით დაფარა.

ალფრედს კვლავ თავზე დაემხო ქვეყნიერება!
მან იგრძნო, რომ ახლობელი ქალის გარეშე ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა და თავადაც ვენაში გაემგზავრა, სადაც პატარა ქარხანა და ლაბორატორია გააჩნდა… კაეშანის განსაქარვებლად სწორედ ამ ლაბორატორიაში გამოიკეტა ნობელი და, სიყვარულისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფანტაზიისაგან შეწუხება ნამდვილად მოჰყვა, რის შედეგიც მის მიერ გამოგონილი კაუჩუკის საბურავებიანი პირველი ველოსიპედი,  საბრძოლო რაკეტის მოდელი და ხელოვნური აბრეშუმის რეცეპტი გახლდათ.

ლაბორატორიიდან მხოლოდ საღამოობით გამოდიოდა, თავის საყვარელ ორქიდეებს ყიდულობდა, ჩამოჯდებოდა სადმე სიმყუდროვეში და…. ერთი ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას – ვის დარჩება ეს გიგანტური ქონება მისი სიკვდილის შემდეგ?
ძმებს? – ისინი ხომ ისედაც მდიდრები იყვნენ (მთელ მათს ოჯახს უზარმაზარ შემოსავალს აძლევდა კასპიისპირა ნავთობსაბადოები).

ნათესავებს? – ამ არაფრისმაქნის ვიგინდარებს ნობელი კაპიკსაც არ მისცემდა, რადგან მათ შრომისა და ფულის შოვნის ფასი არ იცოდნენ…

ასე და ამგვარად, ალფრედ ნობელს მოუვიდა იდეა თავისი საგანგებო ფონდის შექმნის შესახებ!… ფონდი შეიქმნა და დაიწერა ანდერძიც, რომლის თანახმადაც მთელი ქონება ალფრედ ნობელისა ამ ახლადდაარსებული ფონდის გამგებლობაში რჩებოდა. საოცარია, მაგრამ სწორედ ეს ანდერძი გახდა მიზეზი იმისა, რომ ალფრედს კვლავ დაუბრუნდა სურვილი ეცხოვრა… ეცხოვრა ისე, როგორც მისი ქონებისა და სიმდიდრის ადამიანს შეეფერებოდა, თუმცა ამის მიზეზი მისი მორიგი უიღბლო სიყვარული უფრო გახლდათ…

ერთ საღამოს, ყვავილების მაღაზიაში ალფრედმა 20 წლის სოფი იხილა და პატარა ბიჭივით ჭკუა დაკარგა მისთვის. დაიწყო “შემთხვევითი” შეხვედრები, შემდეგ ხანმოკლე საუბრები, შემდეგ… და ყველაფერი იმით გაგრძელდა, რომ სოფიმ საკუთარი სახლი შეიძინა ვენაში (საჩუქრად ალფრედისაგამ); შემდეგ სოფი ასეთივე სახლის მფლობელი გახდა პარიზში, ამას მოჰყვა საკუთარი ვილა საფრანგეთისა რივიერაზე და… ერთ მშვენიერ დღეს ალფრედმა სოფისაგან წერილი მიიღო, რომელსაც უკვე “მადამ ნობელი” აწერდა ხელს.

ამ სკანდალური მიჯნურობის ამბავი ალფრედის ძმებმაც გაიგეს და ალფრედს დაკითხვა მოუწყეს სოფის თაობაზე, თუმცა კი მშვენივრად იცოდნენ, რასაც წარმოადგენდა ეს თავქარიანი ქალი, რომელსაც ერთადერთი მიზანი გააჩნდა ცხოვრებაში – რაც შეიძლება მეტი ფული გამოეძალა ასაკგადაცილებული საყვარლისაგან და ბოლოს იმდენად გათავხედდა, რომ ალფრედთან ცხვირზე მომდგარი მუცლით გამოცხადდა და განუცხადა – კაპიტან ფონ კალივარისაგან ვარ ფეხმძიმედ და ჩვენ (მას და კაპიტანს) ფული გვჭირდება ცხოვრების მოსაწყობადო!…

ასე დასრულდა ალფრედის მორიგი სატრფიალო თავგადასავალი, რომელიც საკმაოდ დიდხანს, 18 წელიწადს გაგრძელდა.

ასე გაცნობიერდა ალფრედ ნობელის უკანასკნელი სურვილიც – მან თავისი ანდერძი ნოტარიუსს გაუგზავნა და აცნობა, რომ აღარანაირ შესწორებას არ შეიტანდა მასში. თუმცა ერთხელ მთლად გაფითრებული და ძალაწართმეული ნობელი კვლავ ესტუმრა ნოტარიუსს და უკანასკნელი მინაწერი გაუკეთა თავის ანდერძს…

დინამიტის მეფემ, მაშინდელი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უკანასკნელად ის ისურვა, რომ სიკვდილის შემდეგ მისთვის ვენები გადაეჭრათ, რადგან მას კვლავაც არ აძლევდა მოსვენებას ნიკოლაი გოგოლის ცოცხლად დამარხვის ამბავი…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი