ჩვენი ბედნიერების ზუსტ ზომას ჩვენი ქმედება აყალიბებს

0
811

ადამიანს ქმნის აზრი, ფიქრი. რაზედაც ის ფიქრობს დღეს, ხვალ ისეთი ხდება.
გავრცელებულია შეხედულება, რომ გარემო ჩვენს გონებრივ წყობას, აზრს, ჩვენს შინაგან და გარეგან მოთხოვნილებებს აყალიბებს, განაპირობებს. თუ ადამიანის შინაგანი სიცოცხლის დინებას ჩაუფიქრდებით, მაშინ ეს აზრი უმაღლეს ჭეშმარიტებად არ მოგეჩვენებათ. ის ალბათ, დიფერენციაციას უნდა ექვემდებარებოდეს. გააჩნია, ვის გონებაზე მოქმედებს, ან ვერ მოქმედებს გარემო. 

არიან ადამიანები, რომლებზეც გარემომცველი გარემო გავლენას ვერ ახდენს. თუ ასეთი ადამიანების რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია, ეს ამტკიცებს იმას, რომ ჩვენს გონებაზე გარემო კი არ მოქმედებს, არამედ  ყოველი ჩვენთაგანი მიისწრაფის ისეთ გარემოში, რომელიც ყველაზე მეტად ეთანადება მისი ზნეობისა და ინტელექტის რეალურ დონეს. 

რა ქმნის, რა განსაზღვრავს იმ ადამიანთა შინაგან ენერგიას, რომელიც პირიქით, გარემოზე ახდენს ზემოქმედებას, ხანდახან ისე, რომ არა მარტო გარემოს, არამედ ცივილიზაციის განვითარების მიმართულებასაც საერთოდ ცვლის?  რა გარემო იყო სოკრატეს გარშემო? 

ბერძნები ცხოვრობდნენ პლასტიკით, სილამაზით, მითებით, ზღაპრებით, ინსტიქტებითა და ინტუიციით. მათ ღრმად სწამდათ თავისთავად ზრდადი სიცოცხლის საკრალური, წმინდა ძალა. ამ გარემოში ადამიანი მოვიდა და ბავშვურ, უცოდველ სამყაროს (ძველბერძნული გაგებით), დემონურად – ანალიტიკურად, უძირო, ირონიული თვალებით შეხედა. 
პირველად მოხდა, რომ ცხოვრებას შეხედეს არა შიგნიდან, არამედ გარედან.

დაიწყეს ცხოვრების შეფასება. დაიწყეს ცხოვრების გასამართლება აზრის, ლოგიკის, გონების, იდეალების პოზიციიდან. ანალიტიკურმა აზროვნებამ გაანგრია კედელი, დაიწყო არსებულის დაშლა და ეს დაშლა მიმდინარეობდა გააზრებულად, მეთოდურად, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს უცოდველი ფილოსოფია ისევე, როგორც არ არსებობს უცოდველი იდეები. 

გონებით აღქმული იდეა რეალურ ქმედებას იწვევს, რადგან, როგორც შოპენჰაუერი თვლიდა: “არავითარი რეალური სამყარო არ არსებობს. არის მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე. სამყარო მხოლოდ ჩვენს ინტერპრეტაციაში არსებობს “.  ადამიანში, რომელიც ყოფიერების მთლიანობის მიმართ სრულ ყურადღებას ავლენს, აუცილებლად ვითარდება თვითშეზღუდვის ეთიკური ძალა.  გარემოს გააზრებამ აიძულა სოკრატე ამ ძალაზე ამაღლებულიყო. მან იცოდა, რომ ადამიანში ყველაფერი ფიქრობს და ეს ქმნის მის მთლიან ბიოენერგეტიკულ სივრცეს. 

სოკრატეს ფილოსოფიაში ინტუიცია გადაიწონა “აზრით”; ეს მან მოახერხა ხალხი აზრის წინაშე დაეჩოქებინა. სოკრატე ცხოვრებიდან გავიდა და იქიდან შეხედა სამყაროს. მისგან გამომდინარე, მოგვიანებით გაჩნდა გამოთქმა:

“ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”. მთელი ცივილიზებული სამყარო გაჟღენთილია ამ აზრით.  გარემომცველი გულგრილი, ე.ი. ჭეშმარიტების მოძულე თანამოქალაქეები სოკრატესთვის, უპირველეს ყოვლისა, იყვნენ ავადმყოფები, პაციენტები, რომლებიც უნდა განიკურნონ, რადაც უნდა დაჯდეს და თუ, მათ არ ესმით მათი ავადმყოფობის დამანგრეველი ძალა, მაშინ მათი განკურნება უნდა მოხდეს მათი სურვილის წინააღმდეგაც კი, და არ უნდა მიაქციო ყურადღება იმას, როგორ იგრიხებიან და ღრიალებენ კლინიკური გაპრიალებული ფოლადის დანახვაზე. 

იმასაც არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ რა ენერგიულად აცხადებენ პროტესტს, სისხლიანი გულის ყველა ფიბრებით. აუჩქარებლად, მთელი ყურადღებით, აბსოლუტური სიზუსტით, უნდა ამოვკვეთოთ მათი გონებიდან ალოგიკურობა, სიცრუე, ჭეშმარიტებისგან გაქცევის სურვილი.

სოკრატემ ეს მოახერხა. ნებისმიერი შემთხვევითი გამვლელი, როცა ხალხით გარშემორტყმულ, დაბალ, მსუქან, გაცვეთილ ხალათში გამოწყობილ მოსაუბრე კაცს დაინახავდა, მოსასმენად მას ჯერ ირონიული ღიმილით უახლოვდებოდა, მაგრამ, მის პირველსავე ფრაზებზე, მსმენელს, გულიდან წამოსული ირონიული ღიმილი, სახეზე ეყინებოდა. გამვლელი გაოცებული ისმენდა. მეორე დღეს, ის სპეციალურად ეძებდა ამ შეუხედავ კაცს, რათა კიდევ ერთხელ მოესმინა მისთვის. 

იწყება ამაღლება.

აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ქმედების სიმბოლო. ნუ გეშინიათ აზრობრივი ძალადობის. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. ჩვენ იძულებულები ვართ, ასე მოვიქცეთ. ადამიანთა ცნობიერებამ, გამოცდილებამ მკვეთრად განასხვავა აუცილებელი ქმედება და დანაშაული: მკვლელობა თავდაცვისას და მკვლელობა ძარცვის, ან შურისძიების მიზნით, ცდუნება და ძალადობა და ა.შ.

მე-19 საუკუნეში იყო მცდელობა გაეთანაბრებინათ აღნიშნული დანაშაულებანი და ეს, უსაფუძვლო აზრი იყო. ამგვარად, ცივილიზაციამ მოგვანიჭა უფლება, ვიბრძოლოთ ადამიანის ამაღლებისთვის, რადგან ეს გადარჩენისთვის აუცილებელი ქმედებაა და არა დანაშაული.

მთავარია გვახსოვდეს, რომ რა წმინდაც უნდა იყოს მიზანი – ადამიანის კეთილდღეობისთვის ზრუნვა, ეს ფიზიკური, ან სხვა უხეში ფორმით ძალადობის საფუძველი არ უნდა გახდეს!

სოკრატემ ევროპულ აზროვნებაში მიკრობი შემოიტანა და ამ მიკრობის მოქმედების შედეგის გააზრება დღემდე არ დასრულებულა. მან ცივილიზაციის არნახული ბიძგი გამოიწვია. სოკრატეს მიხედვით, გარე სამყარო ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე უნდა იქნას გაგებული. 

აი, ესაა თვითმყოფადი და მოზეიმე ძალა, ეს უნდა იყოს ჩვენი აზროვნების ორიენტირი!
დიალექტიკა, ანუ განვითარების პროცესი, სოკრატესთვის იყო ცხოვრება, ეროსი, ეროტიზმი. 
განვითარების პროცესს ჩვენც ასე შევხედოთ.

ჩვენი შინაგანი ენერგია, ინტელექტი ქმნის ჩვენს გონებას, და თუ, ეს ქმნილება მყარია, კარგია, ამ ქმნილების სიკეთით ჩვენვე ვსარგებლობთ, თუ არა – მის უკეთურ თვისებებზე ჩვენვე ვართ პასუხისმგებელნი; მაგრამ ეს არასაკმარისია: საქმე იმაშია, რომ აზრის შედეგი არა მარტო მის შემოქმედზე აისახება და არ არსებობს უფრო მეტად საპასუხისმგებლო ქმედება, ვიდრე აზრის გავრცელებაა.

ინტელექტი – პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ნებისყოფას ავითარებს. 
გაიხსენეთ ვაჟას “გველის მჭამელი” – ადამიანი, რომელმაც ბუნება შეიცნო, მყისიერად უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობს. 

გააზრება – ეს პასუხისმგებლობაა. რის მიმართაც, ჩვენი უცოდინარობით, უყურადღებობა მიგვეტევებოდა, გათვითცნობიერების შემდეგ, მისი უგულებელყოფა დაუშვებელია. 
გააზრების შემდეგ თვალის დახუჭვა უკვე ბოროტებაა.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ არაფერი ისე მარტივად არ გადაეცემა სხვას, როგორც ჩვენი აზრები, ე.ი. ერთის აზრი გადაეცემა მეორეს, მეორისა – პირველს. ასეთი კომპლექსი აერთიანებს ადამიანებს და აკავშირებს ან სიკეთესთან, ან ბოროტებასთან, ჩვენი მომავლის მშობელს, მეგობრებს, მტრებს განსაზღვრავს.

სურვილის უმაღლესი ფორმაა ნებისყოფა, რომელიც თავის მხრივ, ყველაზე მძლავრი შემოქმედებითი ძალაა. გარე სამყაროს საგნებთან გვიზიდავს სურვილი. სწორედ სურვილს მიჰყავს ადამიანი იქ, იმ გარემოში, სადაც შესაძლებელია მისი სურვილის დაკმაყოფილება. ამ გარემოში იწყება მისი, როგორც ადამიანის, სრულყოფილი ჩამოყალიბება, ანუ დაბადება.
თუ ის გარემო, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს სულიერ და მატერიალურ მოთხოვნებს, არ არსებობს, მაშინ ის ჩვენ უნდა შევქმნათ. 

მოაზროვნე ადამიანი თავისი სურვილის შესაბამისად იბადება და ყალიბდება. ამიტომ სურვილის არჩევისას განსაკუთრებით ფრთხილნი უნდა ვიყოთ. სულში არ უნდა შევუშვათ ის სურვილი, რომელიც ჩვენს განვითარებას შეაფერხებს. ჩვენი სურვილები მოქმედებენ ჩვენ გარემომცველ ხალხზე. ისე, როგორც ჩვენი აზრი, სურვილიც გადაეცემა სხვას. რადგან ჩვენ, ადამიანები, ევოლუციის ისეთ საფეხურზე ვიმყოფებით, სადაც სურვილი გაცილებით ძლიერია აზრზე, ამიტომ ერთნაირი სურვილები უფრო აკავშირებენ ადამიანებს, ვიდრე ერთნაირი აზრები.

აქედან გამომდინარე, ადამიანთა უმრავლესობაში სურვილი ქმნის მომავალში მტრებსა და მოყვარეებს. სურვილს შეუძლია ხვალ დაგაკავშიროს ისეთ ადამიანებთან, რომელთა არსებობაზე დღეს წარმოდგენაც კი არა გვაქვს. შესაძლებელია, ერთის მძლავრმა სურვილმა ისე იმოქმედოს მეორეზე, თანაც ისეთ მომენტში და ისეთ გარემოებაში, რომ შედეგი წარმოუდგენელი აღმოჩნდეს. 

არსებობს ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როდესაც შინაგანი ზნეობრივი, სიკეთესა და ბოროტებას შორის მერხევი, სასწორი არამდგრად წონასწორობაშია. ჩვენთვის შეუცნობელი ფსიქიკის სამყაროდან ნაკარნახევი უმცირესი ვიბრაციაც კი, მომენტალურად გადაწყვეტს, თუ სასწორის ისარი რომელ მხარეს გადაიწონოს. 

ადამიანს უკვირს, როდესაც, მისი აზრით, დაუმსახურებლად, უეცრად, თავს უბედურება ატყდება. მის მოუმზადებელ ცნობიერებას ვერც კი წარმოუდგენია, ეჭვიც კი არ უჩნდება, რომ მისი უბედურების მიზეზი იყო ზიანი, რომელიც მისმა უარყოფითმა სურვილმა, შეუმჩნეველმა ჟესტმა, ირონიამ, მიმიკამ სხვა ადამიანს მიაყენა.

სამი ძალა აშენებს ჩვენს მომავალს. ჩვენი აზრები ქმნიან ჩვენს ხასიათს. ჩვენი სურვილი ირჩევს იმათ, ვის გარემოცვაშიც მომავალში ცხოვრება მოგვიწევს. ჩვენი ბედნიერების ზუსტ ზომას ჩვენი ქმედება აყალიბებს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ძალას თავისი მოქმედების არეალი, სფერო აქვს. თუ ადამიანი მიწაზე თესავს, მოსავალს ცაში ვერ მოიმკის. 

მან შეიძლება ხორბალი ბოროტი ჩანაფიქრით დათესოს, მაგალითად, იმისათვის, რომ ბოროტების ჩასადენად საშუალება მოიპოვოს, მაგრამ ამ თესლიდან ისეთივე ხორბალი ამოვა, როგორიც კეთილი აზრით დათესილი მარცვლიდან ამოვიდოდა. ამ პროცესის შედეგისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ხორბალი რა მიზნით დაითესა. სულიერი, ფსიქოლოგიური, გონებრივი ძალა და მისი ზემოქმედების შედეგები შეიძლება აზრის, ჟინის გაცხოველებით გამოიხატოს, ანუ სულიერ სფეროში; როდესაც აზრი, გრძნობა ქმედებაში გადადის, მაშინ ყველა შედეგი მიწიერში გამოისახება. 

თუ ადამიანი ეკლესიას აშენებს, შესაძლებელია, ეს ჩანაფიქრი უარყოფითი განზრახვით, ქედმაღლობით, განდიდებით იყოს ნაკარნახევი, მაგრამ ეკლესიაში შემსვლელისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. აქ ისინი ისეთსავე შვებას იგრძნობენ, როგორსაც ეკლესიის კეთილი სურვილით აშენების შემთხვევაში მიიღებდნენ. რაც უფრო მაღალია ის წყარო, საიდანაც მოდის ადამიანის შინაგანი ქმედება, მით ხანგრძლივი და ძლიერია მისი გავლენა.ავირჩიოთ ამაღლებული წყარო და დავიწყოთ ქმედება ყოყმანისა და შიშის გარეშე.

უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ქმედება აბსოლუტურად ჭეშმარიტი არ იყოს. მთავარია, რომ ავმოქმედდით, რადგან შეცდომა მხოლოდ მიწიერი გამოვა, ამიტომ მისი მიღება, როგორც მკაცრი გაკვეთილისა, და შესაბამისად, მისი გამოსწორება, შესაძლებელია. მთავარია არ დავემორჩილოთ ჩვენი აზროვნებისთვის მიუღებელ, გარემოს მიერ თავსმოხვეულ ცხოვრების წესს.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი