სიორენ კირკეგორი — ესთეტიკური და ეთიკური

0
721
ჰეგელის ფილოსოფია არ არის დაკავშირებული ცხოვრებასთან, ადამიანის შინაგან, პიროვნულ, ყველაზე ინტიმურსა და ღირებულ განცდებთან — ასეთია კირკეგორის საყვედური დიდი გერმანელი ფილოსოფოსის მიმართ. რაღას გვთავაზობს თავად დანიელი მოაზროვნე?
კირკეგორი ადამიანის ყოფიერების ორ ასპექტს გამოყოფს. ადამიანში, ჯერ ერთი, არსებობს ერთი მხარე, რომლის წარმოქმნის საწყისი თავად ადამიანი არ არის, რომლის წარმოშობის ინიციატორი თავად ადამიანი არ არის. ის თავისებურებები, რომლებიც ადამიანისათვის ბუნებას უბოძებია, ანდა ის თავისებურებები, რომლებიც მასში გარემოს ზეგავლენით წარმოშობილა, სწორედ ამ მხარეს ეკუთვნის. ამ თავისებურებათა წარმოქმნა არ არის გაშუალებული ადამიანისავე გადაწყვეტილებებით, ისინი უშუალოა. ამ უშუალოდ ყოფნას, ყოფნას მგრძნობელობის, „აისთეზისის“ და არა განსჯის კარნახით, კირკეგორი აღნიშნავს ტერმინით „ესთეტიკური“: „ესთეტიკური ადამიანში ისაა, — ვკითხულობთ „ან-ანში“, — რითაც იგი უშუალოდ არის ის, რაც არის“. ესთეტიკურმა არ იცი სიღრმისეული, შინაგანი პიროვნული ცხოვრება, ის თავდაპირველია, „უბიწოა“.
გარდა ესთეტიკურისა, ადამიანის ყოფიერებას შეიძლება ჰქონდეს ისეთი მხარე, რომლის საწყისიც თავად ადამიანშია. ამ შემთხვევაში თავდაპირველი უშუალობა მოხსნილია. ადამიანი თავისივე გადაწყვეტილებების საფუძველზე ქმნის, ძერწავს თავის თავს. იმ მხარეს, რომელიც თავად ადამიანის ქმნილია, კირკეგორი ეთიკურს უწოდებს: „ეთიკურია ის, რითაც იგი ხდება ის, რადაც ხდება“.
კირკეგორი ფიქრობს, რომ ადამიანის ყოფიერების ამ ორ მხარეს ცხოვრების ორი განსხვავებული წესი შეესატყვისება: შეიძლება ადამიანმა ესთეტიკური გააბატონოს და მას დაუმორჩილოს ყოველი თავისი ქცევა.
ესთეტიკურად მცხოვრები ადამიანები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათ აქვთ საერთო გაგება ცხოვრებისა: ყოველი მათგანისათვის მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მამოძრავებელი მოტივია ცხოვრებით ტკბობა. „უნდა დავტკბეთ ცხოვრებით!“ — აი, ესთეტიკური ცხოვრების ყოველი მიმდევრის დევიზი. ამ დევიზის მიმდევრები შეიძლება განსხვავდებოდნენ განცდებისა და მოთხოვნილებების რომელობებით — ესთეტიკური ცხოვრების მიმდევარი შეიძლება იყოს დაბალი, უხეში გემოვნების ადამიანიცა და დახვეწილი გემოვნების ადამიანიც — მაგრამ მათ აერთიანებს უშუალობა, ყოველი მათგანი ცხოვრობს იმით, რაც მისთვის ბუნებას უბოძებია. ის თავის ბუნებრივი, უშუალოდ მოცემული, გრძნობადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ესწრაფვის და არა იმ მოთხოვნილებებისა, რომელიც უჩნდება ადამიანს თავად ადამიანისავე აქტიურობის, თავისი თავის შექმნის შედეგად.
ესთეტიკური ცხოვრების მიმდევართა ერთი ნაწილისათვის მთავარია ჯანმრთელობა: ჯანმრთელობა არის უმაღლესი სიკეთე, რომლის გარშემოც ბრუნავს სხვა ყველაფერი. ამ თვალსაზრისს ენათესავება მეორე პოზიცია: „უმაღლესი სილამაზე“. ესთეტიკური ცხოვრების მიმდევართათვის უმაღლესი სიკეთის როლი შეიძლება შეასრულოს სიმდიდრემ, ბუნებით მომადლებული რომელიმე ნიჭის განვითარებამ და სხვ. განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ამ კატეგორიის იმ ადამიანებს, რომელთათვისაც მთავარია სიამოვნება.
თუ ზემოთ დასახელებული ადამიანებისათვის უმაღლესი ღირებულება რაღაც ერთ ფენომენს ენიჭება — ჯანმრთელობას, სილამაზეს და ა.შ., და ამის შესაბამისად მათი ცხოვრება ერთი დიდი იდეით იმსჭვალება, სიამოვნებას აყოლილი ადამიანის ცხოვრება კარგავს გამაერთიანებელ ღერძს — სიამოვნება ხომ მრავალფეროვანია, მრავალსახოვანია, ცხოვრება აქ მთლიანობას მოკლებულია, დანაწილებულ-დანაწევრებულია.
ეს გარეგანი გაპირობებულობა ცხოვრებისა, შემთხვევით ვითარებებზე დამოკიდებულება ესთეტიკოსის არსებობას ართმევს სიმყარეს — ბედნიერება, რომელსაც ეძებს ესთეტიკოსი, შემთხვევითობის შედეგია.
თუ კარგად დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ასეთი ცხოვრება დამუხტულია უბედურებით და სასოწარკვეთილებით: ის, რასაც ეძებს ესთეტიკოსი, სავსებით გარეგანია, მასზე დამოკიდებული არ არის. სწორედ ამიტომ თვლის კირკეგორი, რომ ესთეტიკური წესი ცხოვრებისა არის „თავისებური სახის სასოწარკვეთილება.“ ესთეტიკოსი ყველაფერს გარედან ელის, საკუთარი, დამოუკიდებელი, შინაგანი სასიცოცხლო ენერგია მას არა აქვს, ამიტომ არსებითად სასოწარკვეთილია.
ესთეტიკური ცხოვრების წესის შედეგია სასოწარკვეთილება, მელანქოლია. ადამიანს იპყრობს სიცარიელისა და შიშის განცდა. ვინც ცდილობს ეს სასოწარკვეთილება ბოლომდე მიიყვანოს, ცდილობს სასოწარკვეთილება რადიკალური გახადოს, ე.ი. ვინც თავად ირჩევს სასოწარკვეთილებას — ის ამით უკვე თავის თავს ირჩევს. ეს არჩევანი უკვე ნიშნავს სასოწარკვეთილებიდან გამოსვლას, თავისი თავის პოვნას, ესთეტიკური საზღვრების დატოვებას.
არჩევანი, კირკეგორის თანახმად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა პიროვნების ცხოვრებისათვის. თავისი თავის არჩევით ადამიანი ესთეტიკურიდან ეთიკურში აკეთებს ნახტომს. ის უკვე თავისუფალია, თავისუფალია იმ აზრით, რომ თვითონ განსაზღვრავს თავის თავს, თვითონ უქვემდებარებს თავის ცხოვრებას მოვალეობის იმპერატივებს. ეთიკური ცხოვრება ესაა ცხოვრება გონების კანონებით, რომლებიც სხვა ადამიანებთან გონიერი ურთიერთობის საშუალებას იძლევა.
მაგრამ ეთიკური — გონების კანონებს დამორჩილებული ცხოვრება — არ არის კირკეგორისთვის ცხოვრების უმაღლესი საფეხური. დანიელი მოაზროვნისათვის უმაღლესი საფეხური გულისხმობს ღმერთთან თავისებურ მისვლას — რელიგიურ ცხოვრებას, რწმენაში და რწმენით ცხოვრებას.
ავტორი:თაზო ბუაჩიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი