ნინუცა კომახიძე – ნარკოტიკი ნიღბის გარეშე

0
373
„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ ნარკოტიკების ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდებს, არადა სინამდვილეში ნარკოკულტურის სოციალური რეაბილიტაცია გვჭირდება“. ბრიუს ალექსანდერ
„უფრთხილდი ჩაბნელებულ სადარბაზოებს! იქ ხალხს ძალით უკეთებენ ნარკოტიკებს, რომ გახადონ ნარკომანები და მერე ფული ჩაატანინონ!’’  – წინა საუკუნის ოჯახის ამ გაფრთხილებას, რომელსაც კულუარულად ირონიული პასუხიც ჰქონდა – მაჩვენეთ ერთი სად არის ეგ სადარბაზო, სამწუხაროდ დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. მართალია ამ საშიში სადარბაზოების არსებობის უკვე ნაკლებად სჯერათ, თუმცა მთავარი პათოსი შენარჩუნებულია. საზოგადოებაში წარმოდგენა თუ რა არის ნარკოტიკი და ნარკომანია, ძირითადად ფიზიკურ თვისებებზე ინფორმაციით შემოიფარგლება, რომ ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომლის სისტემატიური მიღების შედეგად, გარკვეულ პერიოდში ყალიბდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
რეალურად ეს ასეც არის, უბრალოდ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, თანაც მთელ რიგ შემთხვევებში რადიკალურად განსხვავებული სურათია. მაგალითად, ადამიანი შეიძლება გახდეს დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, სადაც არანაირი ქიმია და ნივთიერება არ არსებობს, რომელსაც ის მოიხმარს. ან პაციენტის საავადმყოფოში, რომელიც ექიმის დანიშნულებით, რაღაც პერიოდი შეიძლება ღებულობდეს დიამორფინს, (ჰეროინის სამედიცინო დასახელება) როგორც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს და ეგრევე შეწყვიტოს ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე, როდესაც მისი სამედიცინო საჭიროება აღარ იქნება.
საინტერესო კი ის არის რომ, ზუსტად იგივე ნარკოტიკი, იგივე პერიოდით მოპოვებული ნარკოდილერისგან ნარკოტიკული თრობის მიზნით, აუცილებლად იწვევს დამოკიდებულებას. აგრეთვე ცნობილი ფაქტია, რომ ვიეტნამის ომში მებრძოლი ჯარისკაცები, საკმაოდ ხშირად მოიხმარდნენ დიდი ოდენობის ნარკოტიკებს. იყო სერიოზული საშიშროება, რომ უკან ისინი როგორც ნარკოდამოკიდებულები ისე დაბრუნდებოდნენ, თუმცა სახლში დაბრუნებული ჯარისკაცების 95% – მა. უბრალოდ შეწყვიტა ნარკოტიკების მოხმარება, თანაც ისე რომ, მხოლოდ მცირე რაოდენობამ გაიარა რეაბილიტაციის კურსი. მშვიდ და უსაფრხო გარემოში მათ უბრალოდ აღარ დასჭირდათ ნარკოტიკი.
სინამდვილეში რა არის ნარკოტიკი, მიზეზები თუ რატომ ხდება მათი მიღება ამდენი ადამიანისთვის ასე აუცილებელი, გაცილებით უფრო მაშტაბური და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ დამოკიდებულება. ის ყოველთვის არის რაღაცის შედეგი, და არა მიზეზი. მთავარია ჩვენ ვიყოთ მზად ამ რეალობის მისაღებად.
არსებობს ცნობილი ექპერიმენტი ‘’ვირთხების პარკი’’ (Rat Park), რომელიც ამ პრობლემას აბსოლუტურად სხვა რაკურსით აყენებს. მისმა ავტორმა, კანადელმა ფსიქოლოგმა, პროფ.ბრიუს ალექსანდერმა(Bruce K. Alexander) ამ ექსპერიმენტის შედეგებით გამოწვევა ესროლა მანამდე არსებულ მოსაზრებებს, როგორც რადიკალურს, რომ ნარკომანია არის კრიმინალი, ან დაბალი მორალის მქონე პირების ჩვევა, ისე ლიბერალურ დამოკიდებულებას, რომ ის მხოლოდ დაავადებაა, გამოწვეული თავის ტვინზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით.
მისი აზრით, ნარკოტიკები არის ადაპტაციის ერთ-ერთი საშუალება გარემო პირობების მიმართ და რომ სწორედ გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ.
ეს საინტერესო ექპერიმენტი შემდეგში მდგომარეობს: პირველ ეტაპზე, თითო-თითო ვირთაგვა განმარტოებით მოათავსეს პატარა გალიაში სადაც მათ ჰქონდათ მხოლოდ საკვები და ორი ულუფა წყალი – ერთი ჩვეულებრივი, მეორე ნარკოტიკებით გაზავებული (ჰეროინი ან კოკაინი). 10 ვირთაგვიდან 9, რომელმაც გასინჯა ნარკოტიკიანი წყალი, ისევ და ისევ დაუბრუნდა მას და თავი სიკვდილამდე მიიყვანა. ბანალური ისტორია, ისინი გახდნენ დამოკიდებული ქიმიურ ნივთიერებაზე, როგორც კი მისი გემო გაიგეს. ზუსტად ეს არის ის აისბერგის წვერი.
ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე პროფ. ალექსანდერმა ააგო ე.წ. ვირთხების პარკი, ერთგვარი სამოთხე, სადაც იყო ყველაფერი რაც შეიძლება ვირთაგვას მოწონებოდა – უფრო დიდი სივრცე, ბევრნაირი საკვები, გვირაბები, ფერადი ბურთები, რაც მთავარია, რამდენიმე მეგობარი და რათქმაუნდა, ისევ ორნაირი წყლის ულუფა. ‘’ვირთხების პარკის’’ ყველა ბინადარმა გასინჯა ორივე წყალი, თუმცა, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ვირთაგვებს რომლებსაც ‘’კარგი’’ანუ საინტერესო და სავსე ცხოვრება ჰქონდათ, წყალი რომელშიც ნარკოტიკი იყო, არ მოეწონათ და თავს არიდებდნენ მას.
აღმოჩნდა, რომ ის ვირთაგვები, რომლებიც იყვნენ მარტო, იზოლირებული, უინტერესო და დამთრგუნველ გარემოში, გახდნენ მძიმე ნარკომანები, ხოლო ბედნიერი ვირთაგვიდან არც ერთი არ გახდა ნარკოდამოკიდებული.
ექსპერიმენტის მესამე ეტაპზე, ვირთაგვა 57 დღის განმავლობაში მოთავსებული ჰყავდათ მარტო გალიაში, სადაც იღებდა ნარკოტიკს. ეს პერიოდი საკმარისია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დამოკიდებულების სინდრომი. ამის შემდეგ, ვირთაგვა გადაყავდათ ‘’ვირთხების პარკში“, ანუ აბსოლუტურად სხვა, ბედნიერ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ტვინი იყო ქიმიური ნივთიერებით დაზიანებული და დამოკიდებულების სინდრომი განვითარებული, ვირთაგვამ უმოკლეს დროში შეწყვიტა ნარკოტიკიანი წყლის მიღება და ცხოვრების იმ რითმში ჩაება რაც ‘’ვირთხების პარკში’’ იყო.
ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება დაამყარონ, შექმნან კავშირები, იყვნენ კომუნიკაციაში და შეხებაში სხვა ადამიანებთან, ეს ჩვენში, როგორც სოციალურ არსებებში ჩადებული ერთ-ერთი მთავარი კოდია. თუ ჩვენ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ ვამყარებთ კავშირს გარემოსთან, ადამიანებთან და ზოგადად სამყაროსთან, ვამყარებთ იმასთან, რასთანაც შეგვიძლია, ნარკოტიკთან მაგალითად.
დამოკიდებულებიდან გამოსვლის გზა არ გადის შიშზე, თავშეკავებაზე და აკრძალვაზე, ის ადამიანებთან ურთიერთობაზე, თანადგომაზე და ემოციების გაცვლაზე გადის. ამ ყველაფერის გაცნობიერებას თუ შევძლებთ, შევძლებთ დავინახოთ საზოგადოების როლი დამოკიდებულებასთან ბრძოლაში და რომ გვერდზე გადგომის უფლება არ გვაქვს. მაშინ ჩვენ შევძლებთ ავაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც დაეხმარება ნარკოდამოკიდებულ პირებს აღადგინონ გაწყვეტილი კავშირები სამყაროსთან და უკან მოიტოვონ ეს პრობლემა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი