ნონა ხიდეშელი – იდეათა სამყარო

0
990

მერაბ მამარდაშვილს აქვს ასეთი ფრაზა “ადამიანის ონტოლოგიური მდგომარეობა, ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობაა”. ჯიუტი სიბრმავე-არის ზუსტი შესატყვისი ჩვენი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური ყოფისა, ბრმა, რომელიც ჯიუტად ცდილობს ბრმად ყოფნას, საინტერესოა საით მიდის იგი… უილიამ ფოლკერი ამბობდა: “ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ მან არ იცის ვინ არის და რა ადგილი უკავია”.

როდესაც ვერ ვახერხებთ თვითრეალიზაციას,  ვხდებით ჩვენ სულში არსებული აჩრდილების, გნებავთ იდეალების მონები, ადამიანი კი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, ფსიქოლოგიური გამთლიანება რომ შეძლოს.  ეს ჩვენს სულში არსებული არარეალიზებული ფუნქციების პროეცირებაა მხოლოდ, მთავარი მიზეზი კი შიგნითაა, ჩვენი მუდმივი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ვიღაცაზე ამ რაღაცაზე, მოლოდინი რომ ეს ვიღაც ან რაღაც დიდ მიზნამდე მიგვიყვანს და ბედნიერებას მოგვანიჭებს.

ხშირად ისეც ხდება, რომ მთელი ცხოვრება ვებრძვით რაღაც აჩრდილს, რაც მეორე ”მე” გამხდარა და ვერ ვთავისუფლდებით მისგან. შეიძლება ამას კომპლექსებიც ვუწოდოთ, მაგალითად ზედმეტი სიმორცხვე და გადამეტებული სითამამე კომპლექსია. ერთი მომდინარეობს არასრულფასოვნების განცდისგან, მეორე კი ამბიციისა და თვითშეფასებისგან.   

მინახავს ადამიანი რომელსაც საკუთარი სიმორცხვე თითქმის სტანჯავს, მაგარამ ვერაფერი მოუხერხებია მისთვის. ორივე შემთხვევაში მთავარ როლს ცენტრი ასრულებს, “მე” საიდანაც ვმოქმედებთ. არასრულფასოვნების კომპლექსის მიზეზიც იგივე ამბიციაა, ოღონდ ეს მედლის მეორე მხარეა. როდესაც თავი მაგარი ტიპი გგონია, ან პირიქით არაფრად მიგაჩნია, ორივე ერთნაირად შემაწუხებელი განცდაა, ორივე რეალობის აცილებას ნიშნავს და შესაბამისად უსიამოვნებათა მუდმივი წყაროა. ცხადია ასეთი ტიპის კომპლექსებისგან გათავისუფლება იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია თუ შევძლებთ და საკუთარ თავს ცოტათი მაინც მივუახლოვდებით, გამოვიკვლევთ და შევიცნობთ.

ამას სჭირება მუდმივი დაკვირვება საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებზე, ფხიზელი გონებით უნდა ვადევნოთ თვალი რა პროცესები მიდის იქ და როგორია ჩვენი რეალური ქმედებები. დააკვირდით საკუთარ თავს, როგორია თქვენი ქმედებები როცა არავინ გიყურებთ, როგორ მოძრაობთ, როგორ ჭამთ ან საერთოდ როგორ ასრულებთ რაიმე სამუშაოს და ამით თქვენს რეალურ სახეს დაინახავთ, შემდეგ შეადარეთ როგორ ასრულებთ იგივე ქმედებებს მაშინ, როდესაც ვიღაც გიყურებთ და მომენტალურად მიხვდებით იმ განსხვავებას რაც არსებობს –ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს – შორის.  

ჩვენი ლოცვაც კი ერთგვარი პოზაა, სხვანაირად რით შეიძლება აიხსნას განსხვავებულობა ჩვენი რეალურ სახესა და ლოცვის დროს შექმნილ სათნო და უბიწო გამომეტყველებას შორის, განა ის, ვის წინაშეც ასე მოწიწებით ვლოცულობთ, ყველაფრის მხილველი არ არის?..  ასევე, მაგალითად საუბრობ რაიმე თემაზე, წამიერად მაინც თუ შეხედავ შენს თავს გვერდიდან, იმ წუთას გააცნობიერებ რა პოზა გიჭირავს, რას ამბობ ან რატომ ამბობ, რა არის ნამდვილი მიზეზი, ინფორმაციის გადაცემა, თუ საკუთარი განსწავლულობისა და ცოდნის დემონსტრირება. ასეთი ტიპის დაკვირვება გონებას გამოიყვანს მექანიკური მოქმედების რეჟიმიდან და კონცენტრაციის უნარს მოგცემთ.

საკუთარი თავზე დაკვირვებისას, აუცილებლად აღმოვაჩენთ ერთ საინტერსო რამეს, პირობითად მას იდეათა სამყარო ვუწოდოთ. ჩვენ უამრავი იდეალები, თეორიები, პრინციპები და სტერეოტიპები გვაქვს. თუმცა ყველაფრის პირველმიზეზი მაინც იდეაა, ანუ აზრი რომელიც ჩნდება და ხშირად მთელს ჩვენს არსებას იკავებს. შეიძლება ითქვას შეპყრობილი და დაჰიპნოზებული ვართ ამ იდეებით და მათგან გამომდინარე ვმოქმედებთ, ვმოძრაობთ, ვაყალიბებთ ურთიერთობებს.

იდეა შეიძლება არსებობდეს ყველაფრის შესახებ, იქნება ეს რელიგია, ნაციონალიზმი, ერი, სიყვარული, სიცოცხლე ან სიკვდილი და ა.შ თავისთავად იდეა არც კარგია და არც ცუდი, ის უბრალოდ რაღაც აზრთა წყობაა და მეტი არაფერი.  მაგრამ საინტერესოა რა ხდება მაშინ,  როდესაც ამ იდეებს ფსიქოლოგიურად ვეჯაჭვებით და  იდენტიფიკაციას ვახდენთ მათთან.

მაგალითად ჩემი იდეა ნაციონალიზმის შესახებ ასეთია, მე მიყვარს ჩემი სამშობლო (სამშობლოს სიყვარული თავისთავად აბსტრაქტული ცნებაა, მიყვარს ის, რაც ჩემია და რაც ნაცნობია) და მას უნდა ვემსახურო. ის ვინც ჩემი ქვეყნის სათავეშია, ანუ ვისაც ვანდობთ საყვარელი სამშობლოს მართვა-გამგეობას, თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის რაიმე ტიპის საომარი მოქმედებაა საჭირო, ამ იდეიდან გამდინარე დაუფიქრებლად ავიღებ იარაღს და წავალ საბრძოლველად (და ამას პატრიოტიზმს ვარქმევ)მათ წინააღმდეგ, ვინც ჩემს იდეას საფრთხეს უქმნის(ან არ უქნის, მაგრამ სამშობლოს დიდებას ასე სჭირდება.

ალბათ ასე ფიქრობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ გერმანელებიც და კიდევ მრავალი სხვა…) როდესაც რაიმე იდეით ხარ შეპყრობილი, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ზედმეტ ფიქრსა და დაეჭვებას, მით უმეტეს, თუ ეს დიად და კეთილშობილურ იდეალებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ხომ ამისთვის ვიღწვით, ჩავიდინოთ რაიმე დიადი, საგმირო საქმეები და ისტორიაში შევიდეთ, ან სასუფეველში მაინც….

მერე რა, რომ ჩემი ე.წ. მტრები, ისეთივე ადამიანები არიან როგორიც მე, უყვართ სიცოცხლე, რაღაცას ქმნიან, აზროვნებენ, სტკივათ, უხარიათ და ა.შ. მთავარი იდეაა, იდეა ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის შესახებ. სწორედ ასეთმა იდეამ, ერთ მშვენიერ დღეს,  გუშინდელი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები  დაუძინებელ მტრებად აქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ისეთი ჭრილობა დატოვა, თაობები დასჭირდება მის მოშუშებას.

ასეთივე საინტერესოა იდეა რელიგიის შესახებ. მე ვარ მორწმუნე ადამიანი და რელიგია შესაბამისად ჩემს ცხოვრებაში დომინანტია. რომელი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევარიც ვარ, ბუნებრივია ჩემი სუბიექტური ღირებულებებიც მისგან მომდინარეობს და მთელს ჩემს ცხოვრებას მართავს, რაც აუცილებლად დიდ როლს ითამაშებს პიროვნულ ურთიერთობებში.

ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები ”ჩვენ ქრისტიანები ასეთი და ასეთი ჰუმანურები ვართ”, “ჩვენ მუსლიმანები ასეთი წესებით ვცხოვრობთ და სხვის აზრს ვერ გავიზიარებთ” ერთხელ ასეთი რამეც გავიგე, თურმე ნუ იტყვით და ერთ იაპონელს მართლმადიდებლური სული აღმოაჩნდა, ანუ ისეთი კეთილშობილი ყოფილა.. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ჩვენი რელიგიაა გზა ჭეშმარიტებისკენ და სხვა ყველა ცთომილებაშია.

ბუნებრივია ასეთი ტიპის აზროვნება ადამიანთა დაყოფას იწვევს. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, მთელი ის დაპირისპირება, რაც რელიგიურ ნიადაგზე ყოფილა, სწორედ ამ იდეის გამო ხდებოდა და არა თავად რელიგიის, რაც თავისთავად ზნეობრივ  და მორალურ კანონთა კრებულია და მისი მიზანი ადამიანის სულიერი აღორძინებაა მხოლოდ.

როგორ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს კომუნიზმის იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები და შემდგომ ამ იდეის გამო  დაყოფილი კომუნისტებად და ანტიკომუნისტებად, სამშობლოს მტრებად და ა.შ. დაკარგული თაობები, სულიერად თუ ფიზიკურად განადგურებული  ათასობით ადამიანი. ასეთია ერთი შეხედვით მარტივი და უწყინარი იდეების რეალური შედეგები, თუ მათ ადამიანის გონებაში ადგილი დაიმკვიდრეს.

რეალურად კი ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები, რით განვსხვავდებით ასე მკვეთრად ერთმანეთისგან, რომ ასე დაუნდობლად ვექცევით ერთმანეთს. ერთნი ვართ, ერთი ღმერთის ქმნილებები, მსგავსი თვისებებისა და ინსტიქტების მატარებელნი, ყველას ერთნაირად გვესაჭიროება ჰაერი, წყალი, მიწა, “პური ჩვენი არსობისა”, სიყვარული, თანაგრძნობა, გაგება, გაზრდა-განვითარება. ჩვენში ერთი სული ტრიალებს – მარადიულობის სული – და ვერასოდეს მოვიპოვებთ ვერც სულიერ და ვერც ფიზიკურ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას თუ ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს არ ვისწავლით, მიუხედავად ჩვენი რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილებისა, კანის ფერისა ან სოციალური მდგომარეობისა.

თითოეული ადამიანის არსებობა ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ რასაც მოვიმოქმედებთ სხვის მიმართ, იგივე დაგვიბრუნდება უკან, ეს კანონზომიერებაა და გონიერი ადამიანი ყველგან გრძნობს ამას.  ფიზიკური მტერი მანამდე იარსებებს, სანამ ის იდეის სახით გონებაში არსებობს. როდესაც გგონია რომ სხვას ატყუებ – სინამდვილეში საკუთარ თავს ატყუებ, თუ ფიზიკურად მოკლავ ვინმეს, ამით საკუთარ თავს გაანადგურებ, სანამ ვინმეს ტკივილს მივაყენებთ, იქნებ სჯობს იმაზე დავფიქრდეთ რომ ის სხვა – სინამდვილეში მე ვარ.

სამწუხაროდ ამჟამად ასეთია ჩვენი ცნობიერების მექანიზმი და სანამ მთელს სტრუქტურას ამ მექანიზმისას არ გამოვიკვლევთ და არ შევისწავლით, მანამდე გარეგნული ქაოსი და დაპირისპირება, მთელი ეს დრამა ჩვენი არსებობის, არასოდეს დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი