ფრიდრიხ სოლომონ პერლსი გეშტალტ თერაპია

0
498

გეშტალტ თერაპია, როგორც ფსიქოლოგიური მიმართულება, XX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვა ფსიქოლოგიური მიმართულებებისაგან. მასში თავმოყრილია აღმოსავლური სიბრძნე და დასავლური ფსიქოლოგიური ცოდნა, ის ლაკონურია და ამავდროულად ეფექტური. გეშტალტ თერაპიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დღესდღეისობით , როდესაც ყოველი წუთი განსაზღვრული და ლიმიტირებულია ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით ის არ მოითხოვს დიდ დროს. გეშტალტთერაპიით მკურნალობა მიმართულია არა მხოლოდ განკურნების არამედ პიროვნული განვითარების და ზრდის პროცესისკენ, თავისთავადობის, მთლიანობის მისაღწევად.

ადამიანი თვითონ ახდენს ფსიქოლოგიური ბარიერების შექმნას გაუცნობიერებლად რაც მის გარე სამყაროსთან გაუცხოვებას და უკონტაქტობას იწვევს. ის იზოლაციაშია მოქცეული და მისთვის გაუგებარი, უინტერესოა და უმნიშვნელო ის რაც სასიცოცხლო სტიმულის მიმცემი იქნებოდა. გეშტალტ თერაპიის მსოფლმხედველობის მიხედვით თუ პიროვნების “მე” დაშლილი, დაკარგული და არაინტეგრირებულია, ასეთი ადამიანისთვის სამყარო კარგავს მომხიბვლელობას, ხოლო “მე”-ს მთლიანობა ბადებს სიცოცხლის საზრისს და მუდმივ ინტერესს სამყაროს შეცნობის.

გეშტალტ თერაპიის მიზანია ადამიანმა ენერგია საკუთარ თავს, გარე რეალობასთან კონტაქტს და მასთან ინტეგრირებას, პიროვნულ ზრდას მოახმაროს. სიტყვა “გეშტალტი” გერმანული სიტყვაა და მთელს ნიშნავს. ასევე ფორმის, ინტეგრაციის და კონფიგურაციის აზრითაც იხმარება. გეშტალტ თერაპიაში ამ ტერმინს პიროვნების გამთლიანების მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად თავის ორიგინალურობისა, მის ჩამოყალიბებაში მრავალმა მიმდინარეობამ იქონია ზეგავლენა. მათ შორისაა ეგზისტენციალიზმი, ფსიქოანალიზი, წინააღმდეგობის თეორია-ვილჰელმ რაიხის შეხედულება, ასევე გეშტალტ ფსიქოლოგიამ- პიროვნების მთლიანობის და ფიგურა-ფონის იდეამ. მნიშვნელოვანია მასზე ბუდიზმის გავლენაც. ადამიანის და სამყაროს ჰარმონიზაციის იდეა ძველი ინდო-ჩინური მოძღვრებიდან მომდინარეობს. გეშტალტ თერაპიამ შეძლო თავის თავში ამდენი განსხვავებული მიმართულების გავლენის შემდეგ მკაფიო ინდივიდუალობა შეენარჩუნებინა და ერთ სისტემად ჩამოყალიბებულიყო.

გეშტალტ თერაპიის ფუძემდებელი ფსიქოთერაპევტი ფრიდრიხ სოლომონ პერლსია. იგი დაიბადა 1893 წელს ბერლინში, თუმცა 1933 წელს ჰიტლერის მოსვლის შემდეგ იგი ტოვებს ქვეყანას. ბევრი გადაადგილების შემდეგ ჩადის ამერიკაში, სადაც 1952 წელს აარსებს გეშტალტ ინსტიტუტს, რომლის პოპულარობას ხელი შეუწყო იმდროინდელმა ახალგაზრდობის გამოსვლებმა, სექსუალურმა რევოლუციამ და ჰიპურმა მოძრაობამ. 

ფრიც პერლზი თვლიდა, რომ ადამიანის ფსიქიკა ისწრაფვის ერთიანობისა და დასრულებულობისაკენ. ადამიანი კი საკუთარი ცხოვრების აქტიური შემოქმედია. ის გარემოსთან ურთიერთობის შედეგად ღებულობს გარკვეულ გამოცდილებას, იყალიბებს წარმოდგენას გარემოზე. ფსიქოანალიზის მსგავსად აქაც მთავარია გაცნობიერებულობა. რაც უფრო გაცნობიერებულად ცხოვრობს ადამიანი მით უფრო ჯანმრთელია იგი. პრობლემები კი მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანის შინაგანი მთლიანობა (გეშტალტი) ირღვევა. ასეთ დროს ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს კონფლიქტი ვალდებულებებსა (უნდა გავაკეთო) და სურვილებს (მინდა გავაკეთო) შორის შეუთანხმებლობის გამო. შესაძლოა პიროვნება ვერ აცნობიერებდეს ამა თუ იმ განცდას და ვერ გამოხატავდეს მას, რის შედეგადაც მას უნვითარება სხვადასხვა ნევროტული ხასიათის სიმპტომი.

შესაძლოა მთლიანობის დაკარგვა სხვების ინტერესების დამორჩილებამ და მათთან შერწყმამ გამოიწვიოს. ასეთ დროს ადამიანი უფრო იმას აკეთებს, რაც სხვები მოელიან მისგან და არა იმას რაც თავად უნდა და რაც მისი თვითრეალიზებისთვისაა აუცილებელი. ეს ყველაფერი ფსიქოანალიტიკურ შეხედულებებს ძალიან გავს, მაგრამ აქ პრინციპული განსხვავებაა: გეშტალტ-თერაპია აქცენტს პრინციპზე ,,აქ და ამჟამად” აკეთებს.

მნიშვნელობა იმას კი არ აქვს როგორ ჩამოყალიბდა ეს სიმპტომი არამედ იმას თუ რა ხდება აქ და ამჟამად – რის გამოხატვას ცდილობს პაციენტი ამა თუ იმ ჟესტით ან მიმიკით ან თუნდაც სიმპტომით. ამისათვის პერლზმა ე. წ. “ცარიელი სკამის” ტექნიკა შემოიღო. პაციენტი ჯერ საკუთარი პოზიციიდან საუბრობს შემდეგ კი მეორე სკამზე ჯდება და უკვე თავისი რაიმე განცდის, შეგრძნების, ან ვინმე მნიშვნელოვანი ადამიანის სახელით იწყებს საუბარს. ეს ტექნიკა ისევ და ისევ პრობლემასთან დისტანცირების საშუალებას იძლევა. ადამიანი ხედავს და აცნობიერებს თავის განცდებს და მათ ღებულობს, რითაც მთლიანობას, გეშტალტის დასრულებას აღწევს.

გეშტალტ-თერაპიის საშუალებით ადამიანი უფრო გაცნობიერებულად ცხოვრებას სწავლობს. ის იაზრებს, აცნობიერებს თავის განცდებს და სურვილებს, მათ გაცნობიერებულ კონტროლს სწავლობს. რაც ფსიქიური სიჯანსაღის საწინდარი ხდება.

პერლსს ნაკლებად აინტერესებდა თეორიული შეხედულებები. მისი მთავარი მიზანი ადამიანის არსებობის უშუალო წვდომა და მოქმედების გამოცდილების შესწავლაა, ამიტომ ადამიანის ქცევის შესასწავლად ის სვამს კითხვას როგორ და არა რატომ, რითაც ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლების ხარისხს. პიროვნებას, საკუთარ პოტენციალზე დაყრდნობით შეუძლია ცვლილების შეტანა რეალობაში.

ვერტჰაიმერის ფორმულირება, რომელსაც გეშტალტ თერაპიაც იზიარებს ასეთია:,,არსებობს მთელი, რომლის ქცევა არ განისაზღვრება ცალკეული ელემენტებით, ასეთი მთელის ნაწილში მიმდინარე პროცესები თავადაა განსაზღვრული მთელის შინაგანი ბუნებით. ადამიანი ერთიანი ორგანიზმია და ის ყოველთვის ფუნქციონირებს, როგორც მთელი. არ არსებობს მე, რომელსაც აქვს სული, სხეული და გონება. ამის სანაცვლოდ არსებობს მე, ორგანიზებული მთელი. ჯანმრთელი ორგანიზმი არის არსება, რომელიც გრძნობს, აზროვნებს, მოქმედებს. ემოციებს აზროვნებითი, მოქმედებითი, ფიზოლოგიური, გრძნობითი ასპექტები გააჩნია. მენტალური აქტივობა მთლიანი პიროვნების აქტივობაა, რომელიც ენერგეტიკის უფრო დაბალ დონეზე მიმდინარეობს, ვიდრე ეგრეთ წოდებული ფიზიკური აქტივობა. ადამიანის ქცევის მენტალური და ფიზიკური მხარეები არ წარმოადგენს ურთიერთდამოუკიდებელ მოცემულობას, რომელსაც შეუძლია არსებობა ერთმანეთისგან ან ადამიანისგან მოწყვეტით”.

პერლზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო ადგილსამყოფელი კანადის ვანკუვერნის კუნძული ბრიტანეთის კოლუმბიაში იყო. პერლზი იქვე გარდაიცვალა 1970 წელს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი