ნონა ხიდეშელი სულიერი სამყაროს გაგება და გააზრება

0
897

“ვისაც ჭეშმარიტად ჩაუხედავს ადამიანის ფსიქეს სიღრმეებში, დამეთანხმება, რომ ფსიქე ყველაზე ბუნდოვანი და საიდუმლოებით მოცული სფეროა, მისი შემეცნებისკენ სავალი გზა კი უსასრულო”

კ.გ.იუნგი

ადამიანის სულიერი სამყაროს გაგება და გააზრება, ყველაზე უმნიშვნელოვანესია ამ სამყაროში. ყველა ჩვენი ბედნიერი თუ უბედური განცდა სწორედ იქიდან იღებს სათავეს. ყველაფრის პირველმიზეზი და შესაბამისად პასუხი იმ უამრავ შეკითხვაზე, რაც ადამიანს აწუხებს საკუთარი არსებობის შესახებ, მხოლოდ იქ შეიძლება არსებობდეს, ისევე როგორც გაგება და განჭვრეტა ისეთი უზენაესი ღირებულებებისა რასაც ჭეშმარიტება და ღმერთი ქვია.

ჩვენ საკუთარ თავში ვატარებთ ამ დაპირისპირებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც გარეგნულ ქმედებებში აისახება და შესაბამისად უსიამოვნება მოაქვს, ამის გამოა ადამიანთა უმეტესობა გულწრფელად დაბნეული და შეშინებული საკუთარი არსებობით, მიზეზებს მხოლოდ გარეთ ხედავენ და შესაბამისად უჩნდებათ  შეკითხვები,  რაზეც პასუხს ვერსად იღებენ, შემდგომ კი იგონებენ  უიღბლობას, ბედისწერას, მაგიას  და ა.შ.

ნათლად რომ ვაცნობიერებდეთ  საკუთარ არსებობას ამ უსასრულო სამყაროში, ილუზიებსა და წარმოსახვებს არასოდეს შევეჭიდებოდით და შესაბამისად ყოველგვარი ტყუილი აზრს დაკარგავდა.  მარტივად რომ  შეგვეძლოს საკუთარი თავის მიღება, ყოველგვარი თვითშეფასებისა და იდენტიფიკაციების გარეშე, როგორებიც რეალურად ვართ, სრულიად უნიკალური და განუმეორებელი,  იმ დროს, იმ მდგომარეობაში ვიბადებით, სადაც ყველაზე მეტი შესაძლებლობაა ჩვენი ფსიქიკური არსის განვითარებისთვის, რომელიც მუდმივ ევოლუციას განიცდის და საბოლოოდ ერთი მიზანი აქვს, შეუერთდეს თავის პირველსაწყისს, და მარადიული სიმშვიდე ჰპოვოს.

მთავარი საკუთარი თავის შემეცნებაა, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, რა შეგვიძლია, რა გამოგვდის ყველაზე უკეთ, რათა თვითრეალიზაცია მოვახდინოთ. ვარ ის _ ვინც ვარ და მუდმივი იდენტიფიკაციები და შედარებები სრულიად უადგილო და არაფრისმომცემია.

ბავშვთა ფსიქიკაზე დაკვირვებამ ყველაზე  ნათლად ცხადყო ადამიანთა ეს ბუნებრივი თავისებურებანი. კ.გ. იუნგი ერთ-ერთ ლექციაში იხსენებდა შემთხვევას, სისხლის სამართლის დამნაშავეთა გამოსასწორებელი ამერიკული დაწესებულებიდან, სადაც ბავშვებს ორ კატეგორიად ყოფდნენ,  პირველი კატეგორია, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა, იქ მოხვედრის შემდგომ გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს, ეს ბავშვები მართლაც ნორმალურად ვითარდებოდნენ და დროთა განმავლობაში მათი მანკიერება წარსულს ბარდებოდა, მეორე ნაწილი კი, რომელნიც უმცირესობაში იყვნენ, იქ მოხვედრის შემდგომ, როგორც კი თავაზიანად და ნორმალურად მოქცევას აიძულებდნენ, ისტერიულნი ხდებოდნენ. კ.გ.იუნგი  ამას ასე განმარტავდა:” ესენი “დამნაშავეებად” არიან დაბადებულნი, მათ ვერაფერი გამოასწორებს.

ნორმალური საქციელი მათთვის ბოროტების ჩადენაა. ჩვენც ხომ რაღაც სრულად ვერა ვართ ხოლმე “ფორმაში” როდესაც მამა აბრაამის ბატკნებივით ვიქცევით. ცოტას თუ “ვურევთ” – რა შედარებაა, ბევრად უკეთესად ვგრძნობთ თავს. ინდუსები ტაძარს რომ აგებენ, ერთ კუთხეს დაუმთავრებელს უტოვებენ ხოლმე, სრულქმნა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთო”

ბუნებრივია,  არ იგულისხმება თითქოს ბავშვები თავის ნებაზე უნდა მივუშვათ, და აღმზრდელობითი ფუნქცია მთლიანად ცხოვრებას მივანდოთ, უნდა მოვახერხოთ და ვიპოვოთ გონივრული და სწორი მიდგომა ნებისმიერი პრობლემისადმი.  ჯერ კარგად შევისწავლოთ მათი ხასიათი და მენტალური სტრუქტურა და შესაბამისად ვიმოქმედოთ, იძულებითა და დისციპლინით ფონს ვერ გავალთ, თავსმოხვევა ზნეობრივი კანონებისა ან გაუთავებელი მორალის კითხვა არაფრის მომტანია, უნდა დავეხმაროთ თავად გაერკვნენ საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებში, რათა სულში მომწიფდეს ნებელობა ზნეობრივი თუ კეთილშობილური გარდაქმნისა. შესაძლოა ეს პროცესები გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, რახან ასეთი არასრულფასოვანნი ვიბადებით, უნდა განვვითარდეთ შინაგანი აქტივობის შედეგად და გარკვეული ტკივილისა და შეწუხების ფასად.

კ.გ.იუნგი წერდა: “ფსიქოლოგიურ განვითარებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, წერდა, თუ დავჯერდებით იმას, რაც ვართ და იმ ცხოვრებით, რომელიც გვაბარია სერიოზულად ვიცხოვრებთ. ჩვენი ცოდვები, შეცდომები და ნაკლოვანებები საჭიროა ჩვენთვის, ასე რომ არა, განვითარების უძვირფასესი სტიმულისგან განძარცვული აღმოვჩნდებით”.  არავითარი უიღბლობა და უბედობა ამ ქვეყნად არ არსებობს, არსებობს  უბრალოდ ადამიანი, რომელიც მეზობელ სახლში მომხდარ ამბებში ან მსოფლიო ნიუსებში უკეთაა გარკვეული, ვიდრე საკუთარ არასრულფასოვნებებში და ეს უვიცობაა ყველა ბოროტების სათავე.

სრულიად უსარგებლოა ე.წ. წესიერი ადამიანის ნიღაბი ატარო მხოლოდ იმისათვის, რომ საზოგადოებამ პატივი მოგაგოს.  ეს სიყალბეა, ილუზიაა, რაც ვერასოდეს დაგვეხმარება სულიერ განვითარებაში, ევოლუცია სწორედაც დაცემა აღდგომაშია. რატომ გვეშინია ასე საკუთარი მიდრეკილებების გამომჟღავნება, ჩვენ ხომ ისედაც ვიცით რომ არასრულფასოვანი ადამიანები ვართ, ვის ვატყუებთ, ვესწრაფვით კეთილშობილებას და სინამდვილეში არავინ იცის რას ნიშნავს ეს, ჩვენ ხომ თვითონ შევქმენით მორალი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით, თავად განვსაზღვრეთ რა არის კარგი და რა ცუდი, შევქმენით ხაფანგი და ახლა მთლიანად ვართ დაჭერილი მისით.

ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარი თავისთვის არ ვცხოვრობთ, საკუთარ თავს კი არ ვეძებთ, არამედ სხვის თვალებში ვიყურებით, სხვისი აზრებითა და შეფასებებით ვცხოვრობთ, მთავარია გარესამყარო როგორ გვხედავს და გვაფასებს, ჩვენი ჩაცმა, ჩვენი გარეგნული იერი, მთლიანად მორგებულია იმ საზოგადოების მოთხოვნილებებს სადაც ვცხოვრობთ, წამითაც კი ვერ თავისუფლდება გონება გარე ფაქტორების გავლენისგან, შინაგანი, ჭეშმარიტი “მე” კი დაკარგულია, ვარსებობთ მხოლოდ ზედაპირულ დონეზე და შესაბამისად ვიტანჯებით კიდეც. ვიტანჯებით არა იმიტომ რომ ცვლილება გვინდა და ვაცნობიერებთ საკუთარ არარაობას, არამედ შინაგანი სიცარიელის, დაუკმაყოფილებელი სურვილებისა და ამბიციების გამო.

უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, შინაგან არსში შეღწევა და ჩვენი რეალური სახის დანახვა. თუ გინდა სურვილის ამაოებას ჩასწვდე, ნუ გაურბიხარ მას, სხვანაირად გამოცდილება არ მოდის. ჩვენ შიშისა და სისუსტის გამო ვირგებთ ე.წ. წესიერი მოქალაქის ნიღაბს და არა იმიტომ რომ რაღაც მდგომარეობას მივაღწიეთ.

იგავში, უძღები შვილის შესახებ (ლუკა. თ15) აღწერილია ორი ძმის ამბავი, ერთმა ძმამ თავისი წილი ქონება მთლიანად წაიღო და წავიდა სახლიდან, დროთა განმავლობაში მან ეს ქონება გაფლანგა და სრულიად ცარიელი, ღატაკი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ მან იცხოვრა, განიცადა, იგრძნო და დაეცა, ანუ მან საკუთარი,  პირადი გამოცდილება შეიძინა, განსხვავებით მისი ძმისა, რომელიც მუდამ მამის გვერდით იყო და მის ყოველ სურვილს ასრულებდა. ამიტომაც მიიღო მამამ უკან დაბრუნებული შვილი უდიდესი სიხარულითა და პატივით, იგი სრულიად ახალი ადამიანი დაბრუნდა, დაცლილი ამქვეყნიური ამაოებისგან, განძარცვული წარმავალი სურვილებისა და მისწრაფებებისგან.

მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ხელეწიფებათ ამბოხი, ისინი მუდამ რაღაცას ეძებენ, იბრძვიან, მათთვის უცხოა შიში, არავის ზურგს არ ეფარებიან, ამით არიან გამორჩეული და აღმატებული მათზე, ვინც მუდმივ სტაბილურობას ეძებს, გარეგნული უსაფრთხოება მხოლოდ ილუზიაა, დროებითია, თუ ის მიღწეული არ არის შინაგანად, დაცემით, ტანჯვითა და ძიებით, საკუთარ თავთან, საკუთარ არასრულფასოვნებებთან ბრძოლით. ნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს მშვიდი და გაწონასწორებული ხალხი ვართ და ამქვეყნიურ შფოთს თავი დავაღწიეთ, სანამ გულში ამბიცია, ეგოიზმი, სურვილები და ვნებები ცოცხლობენ, ჩვენ აბსოლუტურად არასრულფასოვანი ადამინები ვართ და თუ რაიმეს ისეთს ვერ ჩავდივართ, რასაც სხვა “ცუდი” ადამიანები ჩადიან, უბრალოდ სუსტი და მშიშრები ვართ. Nნებისმიერი ადამიანი გაქურდავდა საიუველირო მარაზიას ან ბანკს, სასჯელის შიში რომ არ ჰქონდეს. ძლიერია მხოლოდ ის, ვინც მოახერხა და საკუთარი ნებელობით თქვა უარი საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე, მხოლოდ მათ შეიძლება ეწოდოთ დიადი და ჭეშმარიტად ინდივიდუალური ადამიანები, დანარჩენი ყველაფერი თამაშია, შოუ, ცირკი და ის მაინც მოვახერხოთ, ამ ცირკში ჯამბაზებად არ დავრჩეთ, რომლებიც ერთს ატყუებენ, ხოლო მეორეს ამაზრზენად ემლიქვნელებიან.

ვიმოქმედოთ, გამოვიყენოთ ეს ცხოვრება საკუთარი თავის სრული რეალიზაციისთვის, ხან დავეცემით, ხან ავდგენით, ამაშია მთელი ხიბლი ჩვენი არსებობის, ასე მიმდინარეობს ადამიანის ევოლუცია, თუ ყველაფერს გავექცევით და დავემალებით, არაფერი შეიცვლება, სურვილი სურვილად დარჩება, ვნება ვნებად და საბოლოოდ დავემსგავსებით იმ უგუნურ მსახურს (სახარება მათესი. თ 25) ბატონმა ოქროს ტალანტი რომ მისცა, მან კი მიწაში ჩაფლო იმის შიშით, რომ სულ არ დაეკარგა იგი და ბატონის მრისხანება არ დაემსახურებინა, საბოლოოდ კი ისიც დაკარგა რაც ქონდა და იმაზე ცარიელი და არარაობა დარჩა, ვიდრე მანამდე იყო.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი