ილია ნიკაჭაძის #მესიჯი ცხოვრება ცირკია და ჩვენ ყველანი აკრობატები ვართ

0
672

„ცხოვრება ცირკია და ჩვენ ყველანი აკრობატები ვართ“ 

ცხოვრება უშველებელ სიმაღლეზე გაბმულ უწვრილეს თოკს ჰგავს. ჩვენ ამ თოკზე უნდა გავიაროთ უამრავი ადამიანის თვალწინ. ზოგი დაგვისტვენს, ზოგი ტალახს გვესვრის, ზოგიც მხარს დაგვიჭერს და გაგვამხნევებს. იმისათვის, რომ გზა ბოლომდე გაიარო, ამ ორომტრიალში ყველაზე მთავარი ბალანსის დაცვა, წონასწორობის შენარჩუნებაა. ცხოვრების არსი კარგად ყოფნაშია. ჩვენ ყველას გვინდა, უბრალოდ კარგად ვიგრძნოთ თავი და ეს განცდა სტაბილური და მუდმივი იყოს.

წარმატება + ბედნიერება  = სტაბილურად კარგად ყოფნას

„მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“.

 ბედნიერება ღმერთთან ურთიერთობაშია, ღმერთის ხატები კი თავად ვართ და თავადვე უნდა შევქნათ ჩვენი ბედნიერება საკუთარ თავთან ურთიერთობით, ჩვენი შინაგანი „მე“-ს კომპონენტების რეალიზებით.

 რეალიზებული მე კაცი/ქალი + რეალიზებული „მე ადამიანი“ = ბედნიერებას

სიტყვა „(წარ)მატება“ გვეუბნება, რომ რაღაც თვლადთან გვაქვს საქმე, რაღაც მატერიალურთან – რაც იკლებს და იმატებს.

წარმატებას მოაქვს ფული, ფული კი საჭიროა იმისათვის, რომ ფულზე აღარ ვიფიქროთ. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ იყიდი დროს, რომელიც შეგიძლია ბედნიერად გაატარო.

უკიდურესობა N1 – „კეისარსაც უნდა მივცეთ“ .

ბალანსის დაცვაში მნიშვნელოვანია, რომ თვითრეალიზაციით ზედმეტად არ გავერთოთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამადეო მოდილიანის დავემსგავსოთ, ოღონდ არა შედევრების შექმნაში, არამედ იმით, რომ ჩვენი ყოფა მხოლოდ 35 წელი სიღატაკეში ცხოვრებით შემოიფარგლოს. (მოდილიანის ნახატები მის სიცოცხლეში პოპულარობით ვერ სარგებლობდა, მხატვარმა აღიარება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვა).

უკიდურესობა N2 – წარმატებაზე ჩაციკლვა.

ახალ-ახალი მწვერვალის დაპყრობის მოთხოვნილება დაიგნორებული „მე“-ს კივილის გადაფარვის მცდელობაა. გარედან მოსმენილ აპლოდისმენტებში (რომლის ადრესატიც ძალაუფლება და ფულია) აღარ ისმის, რას ითხოვს ჩვენგან საკუთარი თავი.

“თუ ხალხმა ხელში აგიტაცა, ნუ გაგიხარდება, კარგად დააკვირდი, იქნებ კუბოში წევხარ.” – ბერნარდ შოუ.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენს თავში როგორც ზოგადად ადამიანს, ისე სქესსაც ვკლავთ და იმ რბოლაში ჩაბმულ ძაღლს ვემგვანებით, სატყუარა ცხვირწინ რომ აქვს, მაგრამ ვერასოდეს ეწევა მას.

რამდენად რეალურია ასეთი ბალანსის დაცვა?

 მაგალითად ჯეფ ბეზოსის (Amazon.com-ის შემქმნელი, პლანეტის ყველაზე მდიდარ კაცი) თავს გადამხდარი უახლესი ამბავი მოვიყვანოთ – რა ადვილად “დათმო” 68 მილიარდი (სწორედ ამდენი ერგება მის მეუღლეს განქორწინების შემდეგ) ბალანსის სანაცვლოდ. ბეზოსმა წარმატების დიდი ნაჭერი „მე კაცისა“ (განქორწინების მიზეზი სხვა ქალი გახლდათ) და „მე ადამიანის“ (ღალატის შესახებ მან თავად უთხრა ცოლს) რეალიზაციას შესწირა.

ჯეფრი ბეზოსი საუკეთესო აკრობატია იმ დიდ და გასაოცარ ცირკში, რომელსაც დედამიწა ჰქვია.

 2019 წელი, დაე, წარმატებისა და ბედნიერების ბალანსის წელიწადი ყოფილიყოს – წელი, რომელიც ყველას სტაბილურად კარგად ყოფნას მოგვიტანს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი