ნონა ხიდეშელი – დაკარგული სულის ძიებაში

0
696

„საჭიროა ძალისხმევა, რომ ცოცხალი დარჩე. ჩვენ ხომ ინტუიციის დონეზე ვიცით, რომ ყველაფერი, რაც ცოცხალი გვეჩვენება, არ არის ცოცხალი. ბევრი რამ, რასაც განვიცდით, ვფიქრობთ და ვაკეთებთ – მკვდარია. მკვდარია იმიტომ, რომ სხვა რაიმეს მიბაძვა, უკვე საკუთარი აზრი კი აღარ არის, არამედ სხვისია. მკვდარია იმიტომ, რომ ჭეშმარიტი, საკუთარი გრძნობა კი არ არის, არამედ სტერეოტიპული, სტანდარტულია და არა ის, რომელსაც თვითონ განიცდი“.

მ. მამარდაშვილი

ფსიქოლოგია და რელიგია თავისი არსით, ალბათ ყველაზე ახლოა ფსიქეს (სული) სიღრმეების შემეცნებასთან. შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგია ადამიანს ეხმარება რელიგიური დოგმების რეალური მნიშვნელობის შეცნობაში და შეუძლებელია არ დავაფასოთ მათი ძალისხმევა ამ მარადიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად. თუმცა არ შეიძლება გამოვყოთ ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგია ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც დიდი ფსოქოლოგი, კარლ გუსტავ იუნგი აღნიშნევდა “ფსიქოლოგია რომელიმე სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან რომ იყოს დაკავშირებული, ინდივიდუალურ არაცნობიერს იმ თავისუფლებას ვერ მიანიჭებდა, რაც არქეტიპის გამოვლენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, დამაჯერებლობა მხოლოდ არქეტიპული შინაარსის სპონტანურობაშია, ხოლო ნებისმიერი წინასწარგამიზნული ჩარევა მის გულწრფელ განცდას აფერხებს.”

სწორედ სპონტანურობისა და გულწრფელი განცდების არარსებობაა უდიდესი დაბრკოლება სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე. როდესაც გონება განპირობებულია ერთი კონკრეტული რელიგიური მოძღვრებით ან რაიმე იდეოლოგიით და შესაბამისად უკვე ყველა იდუმალ, თუ მისთვის ამოუხსნელ მოვლენაზე, წინასწარ შექმნილი და ჩამოყალიბებული შეხედულებებითაა შემოფარგლული და შეზღუდული, შეუძლებელია რეალობა აღიქვას, ანუ ფაქტი დაინახოს და მიიღოს ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია.

როდესაც იწყება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის კავშირის დამყარება, ანუ ცნობიერით ხდება არაცნობიერის შესწავლა, გაგება და გააზრება, ბუნებრივია მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა წარმოიქმნება.  არაცნობიერს მიტომ ვუწოდებთ არაცნობიერს, რომ ის ჯერ-ჯერობით შეუცნობელია, უცნობია და ყოველგვარი წინასწარი შეხედულებები, წინასწარ შექმნილი თეორიები და აზრები, ბუნებრივია რეალობის აცილებას უფრო მოიტანს, ვიდრე გაგებას და კვლავ ილუზიის ტყვეობაში აღმოვჩნდებით.

რელიგია იმდენადაა ფასეული, რამდენადაც ცდილობს ადამიანი გარკვეულ მორალურ თუ ზნეობრივ ჩარჩოში მოაქციოს და უფრო კეთილშობილი გახადოს. მაგრამ როდესაც თვითშემეცნების პროცესი იწყება, ანუ კონკრეტული ადამიანი გადაწყვეტს გამოიკვლიოს, გაიგოს და გააცნობიეროს საკუთარ სულში არსებული უფსკრულები,  იპოვოს უპირველესად  საკუთარი თავი, შემდეგ კი რაღაც ზე-ცნობიერი, სჯობს  გათავისუფლდეს ყოველგვარი დოგმატიკისა და წინასწარშექმნილი შეხედულებებისაგან, თუ რა არის ჭეშმარიტი ან რა არა, რა ფორმისაა ღმერთი ან რომელი გზაა მისკენ სავალი სწორი,  გონება ისედაც მიდრეკილია ილუზიების შექმნისაკენ და შესაბამისად საფრთხეც დიდია.

ვისაც ეს პროცესი დაწყებული აქვს,  ალბათ დამეთანხმება როგორი  რთულია გონების  მიმართვა შინაგანისაკენ და მასში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, იქნება ეს ფიქრები, განცდები თუ ემოციები.  გონება მუდმივად სადღაც გარბის, ერთი სურათიდან მეორეზე ხტება, ადამიანი საბოლოოდ ხუთ წუთსაც ვერ ახერხებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას. ამ დროს ხდება შეჯახება საკუთარ არასრულფასოვნებასთან, რაც აშინებს და განიზიდავს ცნობიერს, ამიტომაცაა ყველაზე მეტად საკუთარი მანკიერებების დანახვა რომ გვიჭირს და მუდამ გაქცევას ვცდილობთ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და თავისებურად უნიკალურია, ამიტომ წინასწარი ვარაუდები და ინსტრუქციები რა და როგორ წარიმართება ამ გზაზე, არასერიოზულია.

ამ პროცესში მთავარია დიდი მოთმინება და შემართება,  თუ გვსურს მივაღწიოთ უმაღლეს მიზანს, შევიცნოთ, გავიგოთ და  გავაცნობიეროთ საკუთარი ფსიქიკური არსი და ფსიქოლოგიურად დაშლილი და დანაწევრებული, ერთ მთლიან პიროვნებად ვიქცეთ. ცნობიერის შეხება არაცნობიერთან, როგორც კ.გ. იუნგი ამბობდა, ამ უკანასკნელს ააქტიურებს  და არქეტიპების გამოცოცხლებას იწვევს, ამიტომაა რომ ხშირად სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე დამდგარ ადამიანს ხან დემონები, ხან კი ანგელოზები ესიზმრება და ელანდება.  ეს ხშირად შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და შიში იპყრობს, თვით რაციონალური გონების ადამიანიც კი არ არის დაზღვეული ღამის კოშმარებისა და შიშებისგან.  

ეს არქეტიპული სურათ-ხატები, რაც ჩვენს არაცნობიერში ცხოვრობს, ხან რელიგიური, ხან კი მითოლოგიური სიუჟეტისაა და ადამიანის გონებას რაღაც მისტიკური და საბედისწერო ეჩვენება მასში.  მთელი ეს ილუზიური სურათ-ხატები და წარმოსახვები ჩვენი არასრულფასოვნების ნაწილია და მაშინვე ჩნდება, როგორც კი ამ არასრულფასოვნებას  ნებით თუ უნებლიედ ვეხებით.  რაციონალური აზროვნება, მშვიდი და ფხიზელი გონება ის აუცილებელი ფაქტორია, რაც უდაოდ დაგვეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში, აუცილებელია გონება გავათავისუფლოთ ყოველგვარი ცრურწმენებისგან, წინასწარი შეხედულებებისა და იდეებისგან, ყველანაირი შტამპებისა და სტერეოტიპებისგან.

ადამიანის გონებას, რომელიც დამძიმებული და განპირობებულია საუკუნეების განმავლობაში წარმოქმნილი სხვადასხვა იდეებითა თუ თეორიებით და შესაბამისად მიჩვეულია ზედაპირულ და მექანიკურ აზროვნებას, ყველაზე მეტად, სწორედ შინაგანში ჩაღრმავება და საკუთარი არსის სიღრმისეული გააზრება უჭირს. როდესაც მთელი ცხოვრება ერთი მიმართულებით აზროვნებ და მოქმედებ, იზრდები, სწავლობ, გაქვს რაღაც იდეალები, ეძებ მუდმივ კმაყოფილებას, ისწრაფვი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, ეძებ სახელს, სიმდიდრეს, პატივს, თავს ირთობ სხვადასხვა კეთილშობილური იდეალებით და ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც ისეთი ხდება, რაც გაიძულებს ეს ყველაფერი გადააფასო ან ეჭვით მაინც შეხედო, (ჩვენს ცხოვრებაში ეს უმტესწილად დრამატულ მოვლენებს უკავშირდება) ბუნებრივია რომ დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდები.

ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი იწყებს დაფიქრებას საკუთარი არსებობის შესახებ, როდესაც  ტკივილი გაუსაძლისი ხდება, გეგმები იშლება და გზა იკეტება, გონებას უნდა თუ არა, იწყებს საკუთარ ლაბირინთებში გარკვევას, ჩნდება უამრავი შეკითხვა და საბოლოოდ ადამიანი ოდნავ მაინც ანელებს მექანიკური ცხოვრების რიტმს და ცდილობს რაღაცაში მაინც გაერკვეს – ეს რაღაც კი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ფსიქე.…ეს ისეთი დიადი წუთებია, მსოფლიოს გრანდიოზული მოვლენებიც  ვერ შეედრება, თუმცა ამ გზაზე მთავარი მაინც დიდი მოთმინება და მტკიცე ნებისყოფაა, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ და საკუთარი თავი შევიცნოთ.

უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ და გამოვიკვლოთ ცნობიერების ზედაპირზე არსებული პროცესები, ყოველი გაცნობიერებული ფაქტი თავისთავად შენელდება და შემაწუხებელ ძალას დაკარგავს. მთავარია დავაკვირდეთ მშვიდად,  მთელი არსებით, ისე როგორც საყვარელი წიგნის კითხვისას ან ტელეგადაცემის ყურების დროს, როდესაც გონება მთლიანად მოცულია ერთი კონკრეტული მოვლენით. შევხედოთ ყოველ ფიქრს, შთაბეჭდილებასა და ემოციას, რაც დომინირებს გონებაში და მოსვენებას გვიკარგავს, დავაკვირდეთ საკუთარ სურვილებს, ამბიციებსა და  მისწრაფებებს, იმ უამრავ სიყალბეს, რაც ჩვენი ნაწილი გამხდარა და ხელს გვიშლის სიმშვიდის მოპოვებაში.  

დაკვირვების პროცესი უნდა იყოს უემოციო, ყოველგვარი შეფასებისა და განსჯის გარეშე, ნუ დავარქმევთ სახელს, ნუ აღვიქვავთ პოზიტიურად ან ნეგატიურად, უბრალოდ დავაკვირდეთ, რათა არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი. ჩვენზე უკეთ ვერავინ გაიგებს რა გვაწუხებს, რა გვაღელვებს და გვაშფოთებს, რა იწვევს გაღიზიანებას, შიშს ან პირიქით სიამოვნებასა და სიმშვიდეს. შევეცადოთ ცოტა ხნით მაინც შევწყვიტოთ გარსამყაროს განსჯა, მუდმივად უკმაყოფილო პოზაში ყოფნა და მთელი ძალისხმევა მივმართოთ შინაგანი სამყაროსკენ.

ავიღოთ ერთი კონკრეტული რამ, მაგალითად სიცრუე – ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს. ვიცრუე, მოვიტყუე, ანუ ვთქვი რაღაც, რაც რეალობას არ შეესაბამება. რატომ გავაკეთე ეს, ანუ რით იყო განპირობებული ჩემი ასეთი ქმედება და რისი მაჩვენებელია იგი. სიცრუე პირველ რიგში წარმოაჩენს ჩემს შინაგან დაპირისპირებს, თვით-დაპირისპირებას, ე.წ ფსიქოლოგიურ  თვით-გახლეჩვას. სულ ერთია ეს ცნობიერია თუ ქვეცნობიერი, მთავარია რომ  შინაგანი ბალანსი დაკარგული მაქვს და ამიტომაც ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.

გინახავთ ალბათ ისეთი ადამიანიც, სიცრუის ლაპარაკი პირდაპირ ჩვევაში რომ აქვს გადასული  და სულ რომ არაფერში სჭირდება, მაინც იტყუება. ეს საკმაოდ კომპლექსური განცდაა და უამრავრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს, ვიცრუე იმიტომ რომ სუსტი ვარ და რაღაცის მეშინია, მაქვს აგრეთვე რაღაც იმიჯი, სახელი, პოზა და ამის შესანარჩუნებლად იძულებული ვარ ვიცრუო. ტყულის თქმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანგარებასა და სიხარბესთან, კარიერულ აღმასვლასთან და ა.შ იმ უამრავ უბადრუკ ამბიციასთან, რისთვისაც ასე გახელებით ვიბრძვით.

მაშასადამე, ნებისმიერ ქმედებას, თავისი გარკვეული წინაპირობა და სათავე გააჩნია, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს “მე”სთან, ანუ ცენტრთან, საიდანაც ვმოქმედებთ და ინდიკატორია ჩვენი არეული და გაუწონასწორებელი ფსიქიკის. შინაგანი დაპირისპირება, ანუ თვით–დაპირისპერება როგორც მას ვუწოდეთ, წარმოსდგება ერთი საინტერესო მომენტისგან, რომლის ფორმულირებაც ასეთი იქნება,  – ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო, ანუ ჩვენი მუდმივი უკმაყოფილება იმით რაც ვართ და სურვილი – ვიყო სხვანაირი.

მაგალითად, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა საზოგადოებაში, არც დიდი სახელი, არც სიმდიდრე და ეს საშინლად მაწუხებს. ვარ უბრალო ჩინოვნიკი, მაგრამ მინდა ვიყო მინისტრი, დიდი მეცნიერი, წარმატებული ბიზნესმენი, პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ან პატრიარქი, ან ვარ ჩვეულებრივი მწერალი, ჟურნალისტი, მომღერალი ან  მსახიობი, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, ამბიციები მაგიჟებს და ვცდილობ ისეთი იმიჯი შევიქმნა, თითქოს რაღაც გრანდიოზული მოვლენა ვარ, მსურს სახელი და აღიარება, ბევრი ფული და რას ვაკეთებ ამისათვის – ვცრუობ, ვმლიქვნელობ, ვცდილობ მოვერგო ნებისმიერ სისტემას, ოღონდ კი მიზანს მივაღწიო, ანუ ვარ ესა და ეს, მთელი ჩემი შესაძლებლობებით და მინდა ვიყო ის, რაღაც სხვა.

სწორედ ეს შეუსაბამობა – ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს – შორის, გადაულახავი ბარიერია გონებისთვის და შინაგან დაპირისპირებას იწვევს.  ამის გაცნობიერება და გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის.  დაუსრულებელი სწრაფვა, ვიყო რაღაც სხვა ვიდრე რეალურად ვარ, მომდინარეობს იმ სტანდარტებიდან და ნიმუშებიდან, რითიც აღვსილია გონება და ერთ-ერთი მიზეზი ამის, ჩვენი არასწორი აღზრდაა, რაც სამწუხაროდ განპირობებულია საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი ოჯახი,  პროფესია, ზნე და ხასიათი უნდა ჰქონდეს, რათა ადგილი დაიმკვიდროს და პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.

ეს სტანდარტები და შეფასების კრიტერიუმები, ცხადია ჩვენივე შექმნილი და არა სადღაც ზეციდან ნაკარნახევი, ისეა გამჯდარი ჩვენს არსებობაში, რომ მათგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ეს ნელი მოქმედების საწამლავს ჰგავს, რომელსაც ბავშვობიდან მცირე დოზებით ვიღებთ, სანამ საბოლოოდ არ დაბინდავს გონებას და იმავე ყალიბს არ მოგვარგებს.

გვგონია რომ მთელი ეს ნიმუშები და სტერეოტიპები, ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, სინამდვილეში კი ჩვენში არსებული ქაოსის, შიშების, კომპლექსებისა და ზოგადად დისკომფორტის მიზეზი, სწორედ ეს შინაგანი გახლეჩვაა, საიდანაც ბედნიერებას ველოდებით, სწორედ ისაა უბედურების სათავე და ამის დანახვა, გააზრება და გაცნობიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მერაბ მამარდაშვილი წერდა: “ადამიანი თვითონ უნდა დაუზავდეს საკუთარ თავს, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანმა მანამდე საკუთარ თავს ომი გამოუცხადოს, რათა შემდგომ აუცილებლობით მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ის არის და აღარ ებრძოლოს. საკუთარი თავის არმიღება კი ადამიანს ომისკენ, რევოლუციისკენ და “პოგრობისკენ” უბიძგებს. სინამდვილეში ადამიანს სხვისი კი არა, საკუთარი თავის ატანა არ შეუძლია”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი