ნიცშე – ასე იტყოდა ზარატუსტრა – მარადიული განმეორება

0
869
ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრას“ მესამე ნაწილის დასაწყისი განმარტოებული ზარატუსტრას ამბავს გვიყვება. კუნძულზე მარტოდ მყოფი ზარატუსტრა გადაწყვეტს გაემართოს მთებისაკენ, რათა კუნძულის მეორე ნაპირს მიაღწიოს და იქიდან ხომალდით გაემგზავროს.
ეს ასვლა მთაზე თავისებური სიმბოლოა. ის ჭეშმარიტების მწვერვალზე ასვლას ნიშნავს. ეს ამაღლება ამავე დროს ცხოვრების უფსკრულის ხედვაცაა: „მწვერვალი და უფსკრული ერთად იქმნა“. ამგვარი ხედვა აქვს იმას, ვინც დაძლია თავისი თავი. მთებზე ასვლა სწორედ საკუთარი თავის დაძლევას, საკუთარ თავზე ამაღლებას, საკუთარი თავის დავიწყებას ნიშნავს. არ უნდა ხედავდე საკუთარ თავს – ამბობს ზარატუსტრა – რათა ბევრს ხედავდე, სახელდობრ ხედავდე ნივთთა საფუძველს და ქვესაფუძველს, ხედავდე ყოფიერებისა და დროის არსებას.
მთებიდან დაშვებული ზარატუსტრა ხომალდზე ჯდება. ორი დღის განმავლობაში ის არავის მიჰკარებია, მერე კი ისურვა საუბარი მეზღვაურებთან მის მიერ „ნახულ“ გამოცანაზე.
ჰაიდეგერი საგანგებო ყურადღებას აქცევს იმას, თუ სად, როდის და ვისთან ლაპარაკობს ზარატუსტრა თავის გამოცანაზე. ეს ვითარება მართლაც გასათვალისწინებელია. ზარატუსტრა ჰყვება თავის გამოცანას არა პროზაულ ვითარებაში, არამედ ხომალდზე, რომელიც ზღვის უცნობი გზებით მიდის. ის ამ გამოცანას გემის მგზავრებს კი არ უყვება, არამედ „გულად მაძიებელ“ — მეზღვაურებს. თან თხრობას მისვლისთანავე კი არ იწყებს, არამედ როცა ხომალდი ღია ზღვაში გავა და ხიფათიან გზას დაადგება. ეს ვითარება გამოცანის არაორდინალურობას მოწმობს.
ზარატუსტრა უყვება მეზღვაურებს ახლახან მომხდარ ამბავს. ეს მონათხრობი სავსეა სიმბოლოებით. ზარატუსტრა ჰყვება, თუ როგორ ადიოდა ბილიკით მთაზე და როგორი საუბარი ჰქონდა „სიმძიმის სულთან“. მთაზე ასვლა, როგორც ვთქვით, საკუთარ თავზე ამაღლების, ზეკაცისკენ სვლის სიმბოლოა. ამ ხიფათიან გზაზე ადამიანს მრავალი წინაღობის გადალახვა უხდება. ერთ-ერთი მათგანია ძალა, რომელიც ქვემოთ ეწევა  „სიმძიმის სული“ – „ნახევრად ჯუჯა, ნახევრად თხუნელა“. ის მხრებზე აზის ზარატუსტრას და უფსკრულისკენ ეზიდება. ჯუჯას ბნელი, „ტყვია-აზრები“ ყოველ აღსვლას ამაოებად აცხადებს: „მაღლით აისროლე თავი, ხოლო ყოველი ნასროლი ქვა უნდა ძირს დაეცეს“. ჯუჯა ამძიმებს ზარატუსტრას, ჯუჯას აზრების შედეგია „თავბრუ უფსკრულის კიდეზე“.
მაგრამ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია გაიმარჯვოს ჯუჯას ბნელ აზრებზე. ეს ძალაა  გულადობა, სიმამაცე. გულადს არ აშინებს ტანჯვა, სიცოცხლესთან რომ უცილობლად არის დაკავშირებული. ის მზადაა მრავალგზის გაიაროს უკვე გავლილი ძნელი გზა ცხოვრებისა: „ეს ცხოვრება იყო? მაშ, ასე! ერთხელ კიდევ!“ გულადს სურს ისევ მეორდებოდეს ის, რაც იყო. „მე! ან შენ!“ — ასეთია ზარატუსტრას გადაწყვეტილება, ნაკარნახევი სიმამაცით. ამ არჩევანის გაკეთება ჯუჯასაგან განთავისუფლებას ნიშნავს. ჯუჯა ჩამოხტება ზარატუსტრას მხრებიდან. საუბარი ზარატუსტრასა და ჯუჯას შორის გრძელდება ჭიშკართან, რომელსაც ბილიკი მიადგა.
ზარატუსტრა ლაპარაკობს ჭიშკრიდან წინ და უკან მიმავალი გზების შესახებ. ჭიშკარია აწმყო – „წუთი“. ერთ გზას ჭიშკრიდან, ე.ი. ამწყოდან უკან მივყავართ: ესაა გზა წარსულისაკენ; მეორე გზას კი — წინ: ესაა გზა მომავლისაკენ. ორივე გზა უსასრულოა, მარადიულია. ეს ორი გზა, ორი უსასრულობა უპირისპირდება ერთმანეთს. წარსული გამორიცხავს მომავალს, მაგრამ ეწინააღმდეგებიან თუ არა ეს გზები ერთმანეთს მარად?  კითხულობს ზარატუსტრა. „ყოველი სწორი ტყუის, – პასუხობს ჯუჯა, – ყოველი ჭეშმარიტება მრუდეა, თვით დროც წრეა“. „ნუ ეპყრობი ამას ესე მსუბუქად“, – ამბობს ზარატუსტრა:მისთვის ლაპარაკი იმაზე, რომ დრო წრეა, არ არის სასხვათაშორისო ამბავი.
ჯუჯას პოზიცია ცინიკოსის პოზიციაა: „ამქვეყნად, არაფერია ახალი, რაც იყო, ის იქნება“. ზარატუსტრას პოზიცია ტრაგიკული გმირის პოზიციაა, მისი ხედვა ღრმა და კონკრეტულია. გზა ჭიშკრის უკან უსასრულოა – ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, უკვე მოხდა! მოხდა მარადიულ, უსასრულო წარსულში. სწორედ იმიტომ, რომ იგი უსასრულოა, მოხდა ყველაფერი, რაც მოსახდენია. ეს კი ნიშნავს, რომ წარსული და მომავალი არ არიან დაპირისპირებულნი, როგორც ეს აქამდე ჩანდა. ყველაფერი უკვე მოხდა. ამიტომ მომავლისაკენ სვლა წარსულისაკენ სვლაა. დრო არის წრე. ყველაფერი მეორდება, ყველაფერი, რაც იყო, კვლავ ბრუნდება. წინსვლა უკუსვლაა. მომავალი ისაა, რაც იყო, წარსული ისაა, რაც იქნება. ის, რაც ახლაა, მარად იყო და მარად განმეორდება: „ეს ნელი ობობა, რომელიც მთვარის შუქში მიცოცავს, და თვით ეს მთვარის შუქი, და მე და შენ ჭიშკართან მოჩურჩულენი“…
ადამიანს ეძლევა ერთი სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მეორდება მარად. ამ აზრთან შერიგება ძალზე ძნელია. ამის ნათელსაყოფად ნიცშე კვლავ სიმბოლოებს მიმართავს. ზარატუსტრას ძაღლის ყეფა შემოესმა, ძაღლი დახმარებას ითხოვს. ზარატუსტრა ამაზრზენ სურათს ხედავს:მიწაზე გდია სულშეხუთული ყრმა მწყემსი, მას პირში გველი შესძრომია, მწყემსი იტანჯება, მაგრამ ვერ იშორებს გველს. ბოლოს ზარატუსტრა პოულობს გამოსავალს: „მოაკვნიტე!“ — ეძახის ის მწყემსს. მწყემსი მოაკვნეტს გველს თავს, შორს გადააფურთხებს და წამოხტება. სურათი იცვლება: ზარატუსტრას წინაშეა „არა მწყემსი, არა კაცი, = გარდაქმნილი, ნათელმოსილი, რომელიც იცინოდა, არასოდეს მინახავს ქვეყანაზე კაცი მცინარი, როგორც იგი იცინოდა!“.
აქ მოთხრობილი ამბავი მრავალ მინიშნებას შეიცავს. ყრმა მწყემსი თავად ზარატუსტრაა, გველი სიმბოლოა მარადიული დაბრუნებისა:მწყემსის ტანჯვა სიმბოლოა იმ ტანჯვისა, რომელიც მოაქვს ჭეშმარიტებას მარადი განმეორების შესახებ; გველის თავის მოკვნეტა ნიშნავს გმირული გადაწყვეტილების საფუძველზე სამყაროსა და ცხოვრების მიღებას; ამ „ჰოს“ მოსდევს ხსნა — ადამიანის გარდაქმნა — „კაცი მცინარი“.
სამყაროს ონტოლოგიური სურათი, რომელსაც გვიხატავს ნიცშე, ახალი მნიშვნელოვანი მომენტით შეივსო. ღმერთი მკვდარია. უძრავი, მარადიული, უცვლელი სამყარო იდეებისა, აბსოლუტური ღირებულებებისა არ არსებობს. მაშასადამე, არსებულის, როგორც არსებულის გასაგებად ღმერთი, იდეალური სამყარო არ გამოდგება; არსებული, როგორც არსებული, არის სიცოცხლე. სამყაროს არსება დროსა და სივრცეში „გაშლილი“, მარად ქმნადი, ცვალებადი სიცოცხლეა. ამ უკანასკნელის რაობა კი ძალაუფლების ნებაა; ძალაუფლების ნებასთან მიმართებაში აქვს აზრი ყოველ ღირებულებას – ამას ამბობდა აქამდე ზარატუსტრა.
ახლა ჩვენს წინაშეა სიცოცხლის, როგორც მთელის, „გეშტალტი“, არსებობის წესი, ფორმა; სიცოცხლე, როგორც მთლიანობა არის მარადიული განმეორება:ძალაუფლების ნება, შენიშნავს ჰაიდეგერი, ლაპარაკობს იმაზე, თუ „რა“ არის არსებული, მარადიული დაბრუნება კი იმაზე, თუ „როგორ“ არის არსებული. ერთ-ერთი საყურადღებო მომენტი სამყაროს ნიცშესეულ გააზრებაში ისაა, რომ მარადიულობა ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს დროში ყოფნას. ნიცშესთან, როგორც სწორად შენიშნავს ლოვითი, რაც არის „მუდამ“, დროის გარეშე არაა, არის დროში. დროში არსებული საგანი მარადიული იმ აზრით, რომ მარად მეორდება.
როგორც ვხედავთ, ძველისძველ მოძღვრებას მარადიულ განმეორებაზე ნიცშეს თხზულებაში სპეციფიკური სახე ეძლევა:ის ამჯერად გააზრებულია თავად გერმანელი ფილოსოფოსის მიერ დასმულ პრობლემებთან მჭირდრო კავშირში, კერძოდ, ღმერთის სიკვდილის, ზეკაცის, ძალაუფლების ნების პრობლემების ფონზე. ეს მოძღვრება აგვირგვინებს აზრთა განვითარებას „ზარატუსტრაში“ და თხზულების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს. თავად ნიცშე ამ მოძღვრებას უწოდებდა თავისი თხზულების „ძირითად კონცეფციას“, ჰაიდეგერის თანახმად კი მოძღვრება მარადიული დაბრუნების შესახებ არის ძირითადი მოძღვრება საერთოდ ნიცშეს ფილოსოფიაში.
ნიცშესთან აზრი მარადიული დაბრუნების შესახებ არამხოლოდ ონტოლოგიური შინაარსის მქონეა, მას ენიჭება დიდი ზნეობრივი მნიშვნელობაც. მართლაც, როგორც აღნიშნავს ე. ფინკი, აზრს მარადი განმეორების შესახებ თითქოსდა ორი ასპექტი აქვს: ის შეიძლება განხილულ იქნეს როგორც წარსულის თვალთახედვით, ასევე მომავლის თვალთახედვით. თუ ყველაფერი ადრეულის განმეორებაა, მომავალიც განსაზღვრულია.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საპირისპიროც ვთქვათ: ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა მოხდეს და როგორ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ ახლა, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალშიც. „ისევე როგორც ქრისტიანულ მოძღვრებაში ამქვეყნიური არსებობა განსაზღვრავს სულის იმქვეყნიურ ბედს, წუთიერი ამქვეყნიური გადაწყვეტილება განსაზღვრავს ამქვეყნიური არსებობის ყველა თვალუწვდენელ განმეორებას“.
თეზისი მარადიული განმეორების შესახებ თითქოს ეუბნება ადამიანს: „მოიქეცი ისე, რომ გსურდეს შენი საქციელის მარად განმეორება!“
ავტორი:თაზო ბუაჩიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი