თვითრეალიზაცია და თავის დამკვიდრება საზოგადოებაში

0
438

რა არის ინიდივიდის მიზანი? საერთოდ, ეს საკითხი დიდი კვლევისა და ინტერესის ობიექტს წარმოადგენს, მაგრამ ყველა ვარიანტში დასკვნა ცალსახაა, ნებისმიერი ადამიანი ცდილობს თვითრეალიზებასა და თვითდამკვიდრებას იმ საზოგადოებაში, რომელიც მის წინაა, ან ქმნის ახალ შეხედულებათა კრებულს, რაც თავის მხრივ, სხვა საკითხია და შევეხებით კიდეც. მაგრამ რა არის რეალიზაცია?! ეს იმ შემთხვევათა კრებული ან მუდმივობაა, როდესაც კონკრეტული პიროვნება საკუთარ თავს იმკვირდრებს გარკვეულ ჯგუფში (ან ჯგუფებში) და ავლენს პიროვნულ თვისებებს, ცოდნას, ქცევის თავისებურებებს, შეხედულებებსა და მიზნებს, რისკენაც თვითონ და ამასთანავე ჯგუფი მიემართება. ერთი სიტყვით თვითრეალიზება ისეთივე მომენტია, როგორიც ნაყოფის მოსხმა.

ნებისმიერი ინდივიდი განსხვავებულია მეორისაგან, მაგრამ სოციალურ რეალობაში, არსებობს საერთო მახასიათებლები და ის სფეროები სადაც ადამიანი შეძლებს ჩართვას და მოქმედებას. ამათგან შეგვიძლია გამოვყოთ ორი: ოჯახი და კარიერა. პიროვნება, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რამდენჯერმე იცვლის დამოკიდებულებას ყოველივე ამისადმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს კარიერის ან ოჯახის სასარგებლოდ ერთიანი არჩევნის არსებობას, პირიქით, ის ცვალებადია.

ზოგიერთი ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის აზრით ადამიანის თვითმიზანს წარმოადგენს იყოს წარმატებული და თვითრეალიზებული პიროვნება და ეს ასეცაა. როდესაც ინდივიდი თავისი თავით უკმაყოფილოა, ბუნებრივია უკმაყოფილოა იმ გარემოთიც, რომელშიც ვერ შეძლო თავისი ეგოს დაკმაყოფილება, შესაბამისად დგება უკუშედეგი და აგრესია იმ ყველასა და ყველაფრის მიმართ რაც მასში და მის ირგვლივ ხდება. ხშირად სიტუაცია იქამდეც მიდის, რომ ადამიანს უხდება ხელახალი თვითდამკვიდრება და რესოციალიზაცი. ამიტომ პიროვნებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს ჰქონდეს პროფესია და კარიერა, ანუ იცოდეს რა არის სოციუმი, როგორი არის მასთან და მასში მუშაობა და როგორ შეიძლება პიროვნული ზრდა. თუ მას ამის საშუალება არ აქვს და მხოლოდ ოჯახზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში პიროვნების კმაყოფილების მაჩვენებელი ძალიან უბრალო ხდება და ღირებულებების სფეროც არ გააჩნია, ხოლო სოციალური ურთიერთობის წარმოების შემთხვევაში სერიოზულ წინაღობებს აწყდება.

ცალსახად საუბარი არ არის სწორი, მით უფრო ინდივიდთან მიმართებით. ამიტომ კარიერასთან ერთად საჭიროა პირადი ცხოვრების არსებობა, რადგან მხოლოდ სოციალურ არსებად ქცევა თანდათან გამოიწვევს გრძნობებისა და სხვა ადამიანური ფაქტორებისადმი ინტერესების გაქრობას და დაახლოებს რობოტულსა და გარე გამოწვევებისაგან მართვად არსებასთან, შესაბამისად კმაყოფილების მაჩვენებელი შემცირდება და პიროვნება დაიწყებს გადაღლას, რაც აგრერიგ არაპროდუქტიული და სავალალო იქნება კიდეც კონკრეტული სამუშაოსათვის.

ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ მრავალ ევროპულ ქვეყანაში შვებულების ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია და 30 დღეს უტოლდება კიდეც, რადგან ამ დროს პიროვნებამ მოახერხოს საკუთარ თავთან მუშაობა და გადაამუშაოს ყოველივე, გაანალიზოს რის გაკეთებას შეძლებს მუშაობის შემდეგ, რა გამოცდილება მიიღო მან და ასე შემდეგ. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაქირავებულის ოჯახურ მდგომარეობას.

ყოველივე ეს მიგვანიშნებს იმის აუცილებლობაზზე, რომ პიროვნების შეფასებისა და წარმატებისათვის ცალსახა მიდგომა და მხოლოდ ოჯახზე ან მხოლოდ კარიერაზე დამოკიდებულება არ იქნება მართებული, თუნდაც იმიტომ რომ კარიერაში ჩადებული დიდი ენერგია ვერ აუნაზღაურებს იმ დროს, რაც სხვებმა კარიერის გარდა პირადი ცხოვრების მოწყობას დაახარჯეს. სამაგიეროდ კი ვერც მხოლოდ ოჯახზე მიკუთვნებულობა გაუჩენს პიროვნებას მაღალ თვითშეფასებასა და ჭეშმარიტ ცოდნა-გამოცდილებას, ხოლო მისი ენერგია არარეალიზირებული და არაპროდუქტიული იქნება (მხოლოდ ოჯახის ფარგლებში მისი სრულად და სწორი მიმართებით გამოყენება ვერ მოხდება).

მოამზადა:გიორგი კობერიძემ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი