ადამიანი, რწმენა და ემპათია

0
170

ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეგნებული აქვს რომ უნდა გარდაიცვალოს, ანუ მისი სიცოცხლე შეზღუდულია და ადრე თუ გვიან ამ ფორმით მაინც შეწყვეტს არსებობას. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ იგი (ადამიანი) ეძებს გამოსავალს და პრაგმატული იდეით შემოაქვს ხედვა, რომლის თანახმადაც სიკვდილი არ არის დასასრული და მისი არსება არ არის მხოლოდ მატერია არამედ კიდევ რაღაც სხვა, უფრო ღრმა, მნიშვნელოვანი და შეუცნობელი, რომელიც არც თუ ისე მცირე როლს თამაშობს მის ცხოვრებაში.

იდეა სულის შესახებ მას შემდეგ არსებობს რაც ადამიანმა გარემოს შეცნობა დაიწყო და დაინახა, რომ ყველაფრის ახსნა შეუძლებელი იყო. თუმცა მეცნიერების გავითარებასთან ერთად თანდათან შემცირდა აუხსნელი მოვლენათა რიცხვი, მაგრამ იდეა სულის შესახებ ბუნებრივია განაგრძნობს არსებობას. რადგან თუ ადამიანის არსებობას არ მიეცა მიზანი და აღმოჩნდა, რომ მისი არსებობა მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში არის შესაძლებელი, მოვლენები ორი გზით განვითარდება. 

პირველი, ადამიანი იქცევა ასოციალურ არსებად და დაეკარგება მნიშვნელობა საერთო სიკეთისათვის ზრუნვას, რადგან იგი მხოლოდ გამორჩენაზე იქნება ორიენტირებული, სხვა შემთხვევაში მსხვერპლის და საზარბაზნე ხორცის როლი დაეკისრება, რომლის ბოლოც სიკვდილი, ანუ ბნელი დასასრულია. ასეთ შემთხვევაში ადამიანის არაცხოველურ მდგომარეობაში არსებობა აზრს კარგავს და იდეა, ადამიანი ადამიანისათვის მგელია, სავსებით რეალურ ფორმას იძენს. მეორე, ადამიანი მიეცემა სასოწარკვეთას, მიიჩნევს რომ არაფერზე ზრუნვას აზრი არ აქვს და მეტიც, დაეუფლება შიშის გრძნობა, რადგან უმომავლო მომავლის ცნება აუცილებლად იქნება დაკავშირებული აპათეასთან.თუმცაღა გარდა ასეთი ხედვისა არსებობს სხვა, რაც იმ მორწმუნე ადამიანების ძლიერი ხელჩასაჭიდია, რომელმაც კარგად გააცნობიერა თუ რისი და რატომ სწამს და ეს გახლავთ სამყაროს შექმნის აუხსნელი ვერსია. მეცნიერული დასკვნით სამყარო დიდი აფეთქებისაგან შეიქმნა, ანუ სინგულარულ მდომარეობაში მყოფი საოცრად შეკუმშული ენერგიისაგან სავსე ნაწილაკი გაიხლიჩა და უდიდესი იმპულსით გაიშალა და დაიწყო გაფართოება, ანუ იშვა სამყარო (გალაქტიკები, მეტაგალაქტიკები, ვარსკვლავები და სხვა). მაგრამ იბადება კითხვა, საიდან გაჩნდა ის ენერგია და ნაწილაკი, რომელმაც აფეთქება განიცადა, რადგან არაფრისაგან ყველაფრის შექმნა წარმოუდგენელია… თუმცა მეცნიერულ რაკურსს რომ თავი დავანებოთ საჭიროა გადავინაცვლოთ წარსულში.

მთელს მსოფლიოში იმდენად პოპულარული იყო სულისა და სულიერების იდეა, რომ მრავალ კულტურაში მრავალღმერთიანობის ცნებაც კი გაჩნდა. ასევე შეიქმნა უამრავი მოძღვრება და იდეა სულის ფორმირების და კულტის შესახებ. საერთოდაც რელიგიათა და მრავალი ფილოსოფიური მიმდინარეობის სათავე სწორედ სულის არსებობა გახდა.

მაგალითად პაგანური (კეპრპთთაყვანისმცემლობა) კულტურა და ფილოსოფიური მოძღვრება როგორც მრავალღმერთიანობაზე ისე სულზე იყო დაფუძვნებული, ხოლო თანამედროვეობაში სინტოიზმი (იაპონიაში დომინანტი რელიგია – აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში გავითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უპირველესია), საკუთარ თავში სულთა თაყვანისმცემლობასაც მოიაზრებს.

ამის შემდეგ რთულია არ ისაუბრო იმ უმნიშვნელოვანეს ღირებულებაზე რასაც არამატერიალურისა და არახილულის ზემოქმედება ეწოდება. და თუნდაც, ყოველივე უბრალოდ ადამიანთა სურვილი ან სოციალური წესრიგისათვის აუცილებელიც რომ იყოს, მისი მოქმედება აშკარა და ცალსახაა, რადგან რელიგიურ ცნობიერებას შემოაქვს იმედი, იმედი იმისა, რომ წარუმატებლობა არ არის დასასრული და არამხოლოდ მატერიალურსა და ხილულ რეალობაში შეიძლება არსებობა.

საერთოდაც საზოგადოების დაკვეთა და სურვილია იმის დაჯერება რასაც რელიგია ეწოდება. მან ერთგვარად ფსიქოლოგის როლიც შეითვისა, რადგან მოძღვრებები აქცენტირებულია ხსნაზე, უკეთეს მომავალზე, რაღაცის დათმობის სანაცვლოდ მეორეს მიღებაზე და ასე შემდეგ. მორწმუნე ადამიანი საკუთარ თავს უფრო მყარად და იმედიანად გრძნობს, მით უფრო მაშინ თუ კარგად აქვს გათვითცნობიერებული რისი და რატომ სწამს.

აი მაგალითად რთულია დაიჯერო რომ მყარად მორწმუნე მიეცა სასოწარკვეთას, რადგან ქრისტიანული რელიგია კრძალავს სასოწარკვეთას დ შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათა რიცხვს მიაკუთვნებს. ანუ რელიგია თავის თავში დადებით მოქმედებებთან ასოცირდება და ადამიანის მბიძგებლად გვევლინება. ასე იყო წარსულშიც, თუმცაღა აბსოლუტური ჭეშმარიტების დამტკიცების სურვილის გამო ხშირად აღნიშნული მოქმედებები უარყოფითსა და სისხლიან ფორმას იძენდა.

რა თქმა უნდა, თუ ადამიანს სწამს იმის, რაც არ იცის ეს უკვე ნეგატიური მოვლენაა, რადგან მისი მოტყუება სხვათა მიერ ადვილდება და როდესაც მის ცხოვრებაში დგება კრიტიკული მომენტი, მან სხვისი გავლენით შეიძლება გააკეთოს ისეთი რამ, რაც ცალსახად დამაზიანებელი იქნება თავისივე თავისთვის. ამიტომ სოციალური მუშაკის ერთ-ერთი უმთავრესი ვალია გაათვითცნობიეროს თუ რამდენად მორწმუნე ადამიანთან აქვს საქმე, როგორ ფლობს იგი იმ საკითხზე ცოდნას რისიც სწამს და ასე შემდეგ. თუ იგი უბრალოდ ზეგავლენის ქვეშაა, შეიძლება მასთან მოხდეს ლაღი და კლიენტისათვის გასაგებ ენაზე საუბარი, რისთვისაც სოციალური მუშაკისთვის საჭიროა მორწმუნე ინდივიდის აღმსარებლობის საკითხების ცოდნაც, რათა უკეთ შეძლოს საერთო ენის გამონახვა.

დეპრესია, ალკოჰოლიზმი, მავნე ქცევები და საერთოდ ასოციალური თვისებები, თითქმის ყველა რელიგიის მიერ არის უარყოფიილი, შესაბამისად მუშაობა მორწმუნე ადამიანთან ადვილდება და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ელემენტარულ, მაგრამ დამაჯერებელ საუბარსაც ძალუძს, მით უფრო მაშინ თუ სოციალური მუშაკი ფლობს იმ საკითხებზე ცოდნას, რომელიც კლიენტის აღმსარებლობისთვის ფუნდამენტურია. ეს შეიძლება ზეგავლენის ქვეშ მოქცევას გავდეს, მაგრამ სინამდვილეში სოციალური მუშაკი ინფორმატორისა და ფსიქოლოგის როლს ერთდროულად ითვისებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აქცენტი უნდა გაკეთდეს კლიენტის მოლოდინებზე, ანუ იმაზე, რაც მას გაუღვიძებს იმედს, ამისათვის კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროა თუნდაც იმის გაცნობა, რომ თავისი აღმსარებლობა კრძალავს ან უშვებს რაიმეს.

რაც შეეხება სიკვდილს: მაგალითად ახლობლის სიკვდილისაგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრამვის დაძლევა ძლიერი სოციალური მუშაკის მიერ ძალიან მარტივდება. კარგად ინფორმირებული სოციალურ მუშაკი გახსენებს კლიენტს სწორედ იმას, რისიც მას სწამდა, თუმცა კონკრეტულმა ტრამვამ დაავიწყა კიდეც იგი. რეაბილიტაციის პროცესი ოდნავ რთულდება მაშინ, თუ კლიენტი ფანატიზმშია გადავარდნილი და ნაკლებ სჯერა სხვა ადამიანების.

ასეთ შემთხვევაში სოციალურ მუშაკს მართებს იქცეს ერთგვარ ავტორიტეტად, რომელსაც ეცოდინება ის მიზეზი რამაც ინდივიდი აქცია ფანატიკოსად და ისიც თუ რას და რატომ სცემს თაყვანს. ასეთ შემთხვევაში, მოხდება, როგორც მინიმუმ კლიენტის დაინტერესება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს თუნდაც მარტივი დისკუსიის წარმოშობას, შემდეგ კი აზროვნებას, არგუმენტების ძიებას თავისი სიმართლის დასამტკიცებლაც, ირაციონალური ფაქტების რაციონალურად ქცევას და საბოლოოდ ერთგვარ რესოციალიზაციას, სხვა შემთხვევაში სოციალური მუშაკიცა და კლიენტიც აღმოჩნდებიან იდეათა სხვადასხვა პოლუსზე და არავითარი კონტაქტი არ შედგება.

ასეა თუ ისე, სულიერება დღეისათვის ადამიანთა დიდი ნაწილისათვის აღიარებული და მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. მისი არსებობა საჭირო და სასურველიცაა, ხოლო უფრო ღრმა აზრით – შეუცვლელიც, რადგან ის არა ადამიანთა ნაყოფი არამედ თავისთავად არსებულია.

მოამზადა:გიორგი კობერიძემ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი