სვამი ვივეკანანდა – ვედები, სიტყვების ერთობა

0
312

ვედები ორ ნაწილად იყოფა: ერთი უპანიშადებია, მისი ფილოსოფიური ნაწილი, მეორე კი პრაქტიკული ნაწილია. შევეცდები მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ პრაქტიკული ნაწილის შესახებ. იგი რიტუალებისა და ჰიმნებისგან შედგება. სხვადასხვა ჰიმნებისგან, რომლებიც სხვადასხვა ღმერთებს ეძღვნება. რიტუალური ნაწილი წეს-ჩვეულებათა აღწერაა, რომელთაგან ზოგიერთი ძალზე ზედმიწევნითია.

მათ შესასრულებლად უამრავი ქურუმია საჭირო. ცერემონიათა დახვეწის გამო მათი საქმიანობა თავისთავად ”მეცნიერებად” იქცა. თანდათანობით ამ ჰიმნებისა და რიტუალების თაყვანისცემის ყველასთვის გასაგები იდეა საყოველთაო გახდა. ღმერთები გაქრნენ, ხოლო მათი ადგილი რიტუალებმა დაიკავა. ამაშია ინდოეთის განვითარების კურიოზულობა. 

ორთოდოქს ჰინდუ მიმამსაკას არ სწამს ღმერთების, არაორთოდოქსებს კი სწამთ. თუკი ორთოდოქს ჰინდუს ჰკითხავთ, რატომაა ვედებში ნახსენები ღმერთები, იგი ვერ შეძლებს რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგცეთ. ქურუმები გალობენ ამ ჰიმნებს და მათთვის ცეცხლში მსხვერპლსაც სწირავენ. როდესაც ორთოდოქს ჰინდუს ეკითხებით, თუ რას ნიშნავს ეს, იგი გპასუხობთ, რომ სიტყვებს გარკვეული ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვთ. ესაა და ეს. მათშია მთელი ბუნებრივი და ზებუნებრივი ძალა, რაც კი ოდესმე არსებულა. 

,,ვედები უბრალოდ ის სიტყვებია, რომელთაც მისტიური ძალით გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თუკი მათ სწორი ინტონაციით წარმოთქვამენ. ერთი ბგერაც რომ წარმოითქვას შეცდომით, მათ ძალა დაეკარგებათ”. ყოველი ბგერა სრულყოფილი უნდა იყოს. ამგვარად ის, რასაც სხვა რელიგიებში ლოცვა ეწოდება, გაქრა და ვედები თავად იქცნენ ღმერთებად.

როგორც ხედავთ, ვედათა სიტყვებმა განუზომელი მნიშვნელობა შეიძინა. ეს ის მარადიული სიტყვებია, რომელთაგან მთელი სამყარო წარმოიშვა. სიტყვის გარეშე ვერცერთი აზრი ვერ იარსებებს. შესაბმისად ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, ფიქრის გამოვლინებაა, ფიქრი კი შეიძლება მხოლოდ სიტყვის საშუალებით გადმოიცეს. სიტყვების ერთობა, რომლის მეშვეობითაც გამოუვლენელი ფიქრი ვლინდება – აი, რა იგულისხმება სიტყვით`ვედები. 

აქედან გამომდინარე ამ ქვეყნად ყველაფრის გარეგნული არსებობა ვედებზეა დამოკიდებული, რადგან ფიქრი სიტყვის გარეშე არ არსებობს.
სიტყვა `ცხენი რომ არ არსებობდეს, ვერავინ იფიქრებდა ცხენზე. ასე რომ, უნდა არსებობდეს რაღაც შინაგანი კავშირი ფიქრს, სიტყვასა და გარეგან ობიექტს შორის. რა არის სინამდვილეში ეს სიტყვები? – ვედები . მის ენას სანსკრიტულ ენადაც კი არ მიიჩნევენ. იგი ვედურ ენად , ღვთაებრივ ენად ითვლება. სანსკრიტი მხოლოდ მისი დაკნინებული ფორმაა. იგივე ითქმის ყველა სხვა ენაზე. არ არსებობს ვედურზე უფრო ძველი ენა. შეიძლება იკითხოთ, `ვინ დაწერა ვედები? ისინი არ დაწერილა. სიტყვები ვედებია. სიტყვა ვედაა, თუკი მე მას სწორად წარმოვთქვამ. თუ ეს შევძელი, ისინი პირდაპირ გავლენას მოახდენენ.

ვედების ეს სიმრავლე მარადიულად არსებობს და მთელი სამყარო ამ სიტყვათა სიმრავლის გამოვლინებაა. შემდეგ, როცა ციკლი სრულდება, მთელი ეს ენერგიის გამოვლინება უფრო და უფრო ნატიფი ხდება, ჯერ სიტყვებად იქცევა, მერე კი ფიქრად. მომავალ ციკლში ჯერ ფიქრი იქცევა სიტყვებად, ამ სიტყვებიდან კი მთელი ეს სამყარო წარმოიქმნება. თუკი აქ არის რაიმე ისეთი, რაც ვედებში არაა, ის თქვენ გელანდებათ და სინამდვილეში არ არსებობს.

მხოლოდ ამ საკითხში ვედებს უამრავი წიგნი იცავს. მათ ავტორებს რომ უთხრათ, ვედები პირველად ადამიანებს უნდა წარმოეთქვათო, გაეცინებათ. ჯერ არავის სმენია ისეთ ვინმეზე, ვინც ისინი პირველად წარმოთქვა.

ბუდას სიტყვები აიღეთ. ტრადიციულად ითვლება, რომ ადრე მან უამრავჯერ იცხოვრა და იქადაგა. თუკი ქრისტიანი ადგება და იტყვის, ,,ჩემი რელიგია ისტორიული რელიგიაა და ამიტომ თქვენი რწმენა ყალბია, ჩემი კი ჭეშმარიტიო”, მიმამსაკა მიუგებს, `თუკი ის ისტორიულია, გამოდის რომ თქვენ იმისი გჯერათ, რაც ცხრამეტი საუკუნის წინ მოიგონეს, ის კი, რაც ჭეშმარიტია, უსასრულო და მარადიული უნდა იყოს. 

ჭეშმარიტებას ერთადერთი საზომი აქვს – ის არასდროს კნინდება და მუდამ იგივეა. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენი რელიგია ამა და ამ კაცმა მოიგონა. ვედები არ მოუგონიათ. არც წინასწარმეტყველებს და არც სხვა ვინმეს. ისინი მხოლოდ უსასრულო სიტყვებია, უსასრულო თავისი ბუნებით, რომლიდანაც იშვის და რომელშიც უჩინარდება სამყარო.

აბსტრაქტულად ეს აბსოლუტურად მართალია. სამყარო ბგერით უნდა იწყებოდეს. უნდა არსებობდეს მიკრობის ხმა, რომელიც მისი პლაზმის მსგავსად ჟღერს. სიტყვების გარეშე ვერავითარი აზრი ვერ აიარსებებს. . . . სადაც შეგრძნებები, აზრები ან ემოციებია, იქ სიტყვებიც უნდა იყოს. საქმე მაშინ რთულდება, როცა ამბობენ, რომ ვედები მხოლოდ ეს ოთხი წიგნია და სხვა არაფერი. 

შეიძლება ბუდისტი ადგეს და თქვას, `ჩვენი წმინდა წერილებია ვედები, ისინი ჩვენთვის მოგვიანებით გამჟღავნდაო, მაგრამ ეს შეუძლებელია. ბუნებაში ასე არ ხდება. ბუნება თავის კანონებს ნაწილ-ნაწილ არ ავლენს – ცოტაოდენი გრავიტაცია დღეს, ცოტაც ხვალ… არა, ყოველი კანონი დასრულებულია. ჭეშმარიტი კანონები ევოლუციას არ განიცდის. ის მოცემულია ერთხელ და სამუდამოდ. სისულელეა მასზე მაღლა მდგომი ყოველგვარი ”ახალი რელიგია” და ”უკეთესი იდეა”. უაზრობაა მათი დაზეპირება და მოყოლა. შეიძლება ასი ათასი კანონი არსებობდეს, მაგრამ ადამიანმა დღეს მხოლოდ რამოდენიმე მათგანი იცოდეს. ჩვენ მხოლოდ მათი აღმოჩენა შეგვიძლია.

ძველმა ქურუმებმა მარადიული სიტყვების თეორიაზე დაფუძნებული თავიანთი უზარმაზარი პრეტენზიებით ღმერთები ტახტიდან ჩამოყარეს და მათ ადგილზე მოკალათდნენ. ისინი ხალხს ეუბნებოდნენ: `თქვენ არ გესმით სიტყვების ძალა, ჩვენ კი ვიცით მათი გამოყენება. ჩვენ ამა ქვეყნის ცოცხალი ღმერთები ვართ. გადაგვიხადეთ და სიტყვების ძალით მიიღებთ ყველაფერს, რაც გინდათ. შეგიძლიათ თქვენ თვითონ მათი წარმოთქმა? არ შეგიძლიათ. თანაც გაფრთხილებთ, ერთი შეცდომაც კი საპრისპირო შედეგს მოგიტანთ.

გინდათ, იყოთ მდიდრები, ლამაზები, დღეგრძელები? გინდათ, კარგი მეუღლე შეგხვდეთ? თქვენ მხოლოდ ქურუმებს გადაუხადეთ და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ!

თუმცა არსებობს ვედების მეორე ნაწილიც. მისი პირველი ნაწილის იდეალი სრულიად განსხვავდება მეორე ნაწილის, უპანიშადების იდეალისაგან. პირველი ნაწილის იდეალი მსოფლიოს ყველა რელიგიის იდეალს ემთხვევა, გარდა ვედანტისა .

ეს იდეალი ამ ცხოვრებაშიც და იმ ქვეყნადაც სიამოვნების მიღებაა: კაცი და ცოლი, მეუღლე და შვილები. გადაიხადეთ დოლარები და ქურუმი მოგცემთ სერთიფიკატს, რომ იმქვეყნად სამოთხეში ბედნიერ დროს გაატარებთ. თქვენ იქ ყველა თქვენს ახლობელს ნახავთ და ამ თქვენს სიამტკბილობას დასასრული არ ექნება. არც დარდი, არც ცრემლი, – მხოლოდ სიცილი. შეჭამთ, მაგრამ მუცელი არ აგტკივდებათ. იქეიფებთ, მაგრამ თავის ტკივილი არ შეგაწუხებთ. ეს იყო, ქურუმთა აზრით, ადამიანის უმაღლესი მიზანი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი