ზიგმუნდ ფროიდი – თუ ისინი არ მოკვდნენ, მაშინ ცოცხლები არიან დღემდე

0
320
ზიგმუნდ ფროიდი – მოაზროვნე და ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა 20 საუკუნის მსოფლმხედველობაში. ფროიდმა თავის “დოქტრინას” წარუმძღვარა სიტყვები:”მეცნიერულმა აღმოჩენებმა 3 უდიდესი დარტყმა განაცდევინა კაცობრიობის ამბიციებს. ეს აღმოჩენებია: კოპერნიკი (სამყაროს ცენტრისტული იდეის მსხვრევა), დარვინის თეორია (ღვთაებრივი წარმომავლობის გაბათილება) და ჩემი ფსიქოანალიზი.”
ვენა. 1885 წლის 20 ივნისი.
შაბათი საღამო. ახალგაზრდა ნევროპათოლოგი ზიგმუნდ ფროიდი საავადმყოფოში შეყოვნდა. იგი სასიყვარულო წერილს წერს. “შაბათი საღამო” შემთხვევით არ არის მითითებული. ექიმი ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზუსტ თარიღებს. იგი ყველაფერს ანიჭებს მნიშვნელობას. გონება ვნების წინააღმდეგ — მთელი მისი ცხოვრების თემაა. იმ საღამოს სიყვარულმა იზეიმა გამარჯვება. როგორც ზღაპარშია: პრინცი აკაკუნებს სასახლის კარიბჭეზე.”ჩემო პატარა პრინცესა! მე დიდი ხნით ჩამოვალ, გატენილი საფულით (და მე შენთვის მაქვს რაღაც), ხოლო შემდეგ წავალ პარიზში, გავხდები იქ დიდი მეცნიერი, ვენაში შარავანდედმოსილი დავბრუნდები და ჩვენ მაშინვე დავქორწინდებით. მე ვუმკურნალებ ყველა განუკურნებელ ნევროტიკს, შენ კი იზრუნებ ჩემს ჯანმრთელობაზე, და მე ბევრს, ბევრს გაკოცებ მანამ, სანამ შენ არ გახდები ძლიერი, მხიარული და ბედნიერი, და ჩვენზე დაწერენ: თუ ისინი არ მოკვდნენ, მაშინ ცოცხლები არიან დღემდე.”
საკუთარი თავისადმი ირონიული დამოკიდებულება — ეს მთლიანად ფროიდია. იმ მომენტშიც კი, როდესაც მისი ბედი წყდება. მან ეს ესაა მიიღო ნანატრი სტიპენდია საზღვარგარეთ სტაჟირებისთვის. მას ხომ უკვე დაესიზმრა, რომ ფულს უფრო დამსახურებულ კანდიდატს მისცემდნენ! გახარებული ფროიდი წერს ჰამბურგში მყოფ საცოლეს მარტას. იგი მაინც წავა პარიზში, მსოფლიოში ცნობილ ნევროპათოლოგთან ჟან მარტინ შარკოსთან! ის, რასაც იგი იქ ნახავს, გაიგებს და შეინახავს მეხსიერებაში, აქცევს ახალგაზრდა პრივატ-დოცენტს ვენიდან იმ ფროიდამდე, რომელსაც დღეს იცნობს მთელი მსოფლიო. გამგზავრება პარიზში — ეს არის დასაწყისი მისი გრძელი და ხანგრძლივი მოგზაურობისა შეუცნობელში, “იდის” სამეფოში.
15 წლის შემდეგ “სიზმრებში” ფროიდი დაწერს:“არაცნობიერი არის ჭეშმარიტად რეალური ფსიქიკური.” და ვინ დაადანაშაულებს მას თავმდაბლური ფანტაზიისთვის უკვდავების შესახებ პრინცესასთვის მიწერილ წერილში? ზიგმუნდ ფროიდი გარდაიცვალა თითქმის 70 წლის წინ, მაგრამ ის დღემდე ცოცხალია, როგორც აღნიშნა ერთმა ბიოგრაფმა. უკვე დიდი ხანია ყოველდღიურ ხმარებაში შემოვიდა ისეთი ცნებები, როგორიცაა განდევნა და ნევროზი, “წამოცდენები ფროიდისეულად”, ოიდიპოსის კომპლექსი და ნარცისიზმი… ეს სიტყვები თითქოს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ ცოტას თუ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს ყველაფერი ეს. ფროიდის პერსონა დღემდე მოცულია ურთიერთწინააღმდეგობების ბურუსით. ვის არ ხედავენ მასში! აზროვნების გიგანტს, დიდ ამომხსნელს იმ საიდუმლოებისა, რასაც ადამიანი ჰქვია, და პირიქით: მეცნიერული ზღაპრების შემთხზველსა და ავანტიურისტს. თავისი “შარავანდედი” ფროიდმა მიიღო, იგი თავად მონაწილეობდა მის შექმნაში.
საუკუნეების გასაყარი, როდესაც ზიგმუნდ ფროიდმა საფუძველი ჩაუყარა ფსიქოანალიზს — ეს არის ეპოქა ფინ დე სიეცლე, “საუკუნის დასასრული”, ადამიანთა ცხოვრებასა და საქმიანობაში რადიკალური ცვლილებების პერიოდი. 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა შეცვალა სამყაროს ფიზიკური სურათი, უფრო ადრე, 1900 წელს მაქს პლანკმა საფუძველი ჩაუყარა კვანტურ მექანიკას. კიდევ უფრო ადრე, 1895 წელს კონრად რენტგენმა აღმოაჩინა საოცარი სხივები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ჩავიხედოთ ადამიანის სხეულში… ეს არის ეპოქა, როდესაც ყველგან გაყავთ სატელეფონო და ტელეგრაფის ქსელები, რომლებიც კონტინენტებს აკავშირებენ ერთმანეთთან. შეუჩერებლად იზრდება ქალაქები და მათთან ერთად სოციალური პრობლემებიც, მაგალითად, უმუშევრობა. ევროპაში იბადება ნაციონალიზმი და იმპერიას, რომელიც ვენის მშვენიერი ფასადის უკან იმალება, გარდაუვალი დანგრევა ემუქრება. და რაც მთავარია — ადამიანებში სულ უფრო კლებულობს სიკვდილის შემდეგ გადარჩენის რწმენა…
მას შემდეგ, რაც ნიცშემ თქვა, რომ ღმერთი მოკვდა, აღმოცენდა ეგზისტენციალური ვაკუუმი, – ასე აღწერს “საუკუნის დასასრულის” სულიერ მდგომარეობას პროფესორი როლფ ჰაუბლი ფრანკფურტის ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ინსტიტუტიდან. სწორედ ამ ვაკუუმში წარმოიშვა ფსიქოანალიზი – მცდელობა ახლებურად გაეცეს პასუხი კითხვას ადამიანის არსისა და ბედისწერის შესახებ. უფრო და უფრო არამყუდრო სამყაროში საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ინდივიდი იძულებული იყო თავიდან ეძებნა თავისი ადგილი დედამიწაზე – ყურადღებით დაკვირვებოდა საკუთარ შინაგან სამყაროს. ფსიქიკურის ძიება ადამიანში გუსტავ კლიმტის ნახატებიდან დაწყებული ფროიდის ფსიქოანალიზით დამთავრებული  იყო ვენური “საუკუნის დასასრულის” საფირმო ნიშანი.
ეს იყო რეაქცია ახალ დროში პიროვნების კრიზისზე, — წერს ამერიკელი ისტორიკოსი კარლ შორსკე. რაციონალურმა ადამიანმა (რომელიც საკუთარ თავს მართავს მორალის საშუალებით, ხოლო ბუნებას იმორჩილებს მეცნიერების დახმარებით) მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ადგილი დაუთმო ფსიქოლოგიურ ადამიანს — უფრო რთულს და უფრო ამოუცნობს. ჩვენი “იდი”, თუნდაც შიშით, მაგრამ მაინც იწყებდა საკუთარი გრძნობებისა და ინსტინქტების სარკეში თვალიერებას. ფროიდის შრომების გარეშე ყველაფერი ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. უხეშად რომ გამოვხატოთ ჭეშმარიტება, შეიძლება ითქვას ასეც: ფროიდი — თანამედროვე ადამიანის ექიმი.
ზიგმუნდ ფროიდი, 1863 წ
ზიგმუნდ ფროიდი, 1863 წ
სიგიზმუნდ-შლომო (ზიგმუნდ ფროიდი) დაიბადა 1856 წლის 6 მაისს მორავიის ქალაქ ფრეიბერგში (ავსტრო-უნგრეთი, დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორია). სამი წლის შემდეგ მისი მამის, იაკობ ფროიდის, ღარიბი ტყავით მოვაჭრის, ფინანსური მდგომარეობა უარესობისკენ წავიდა. ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად.
Sigmund Freud at the Age of Eight with His Father Jakob
8 წლის ზიგმუნდ ფროიდი მამასთან ერთად
დადგა მძიმე დრო. ფროიდს თითქმის ნახევარი ცხოვრების მანძილზე სიღარიბის შიში სდევდა თან. როდესაც იგი 43 წლის იყო, იგი მეგობარს წერდა: “ფული ისე მოქმედებს ჩემზე, როგორც გამამხიარულებელი გაზი.” მოგვიანებით ფროიდმა უარი თქვა დაბადებისას მისთვის დარქმეულ სახელზე. ჩააბარა რა 17 წლის ასაკში ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სიგიზმუნდი გახდა ზიგმუნდი, ხოლო სახელ შლომოს საერთოდ არ ხმარობდა. მართალია ბავშვობაში მას აოცებდა “ძველი აღთქმა” და მთელი სიცოცხლის მანძილზე აღიარებდა, რომ იუდაიზმის მიმდევარი იყო, ფროიდი უფრო მეტად მაინც ათეისტად აღიქვამდა საკუთარ თავს და ებრაულ დღესასწაულებს არასოდეს არ აღნიშნავდა.  ბავშვობაში, გოეთეს გავლენით, ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული. ვენის უნივერსიტეტში სწავლისას მისი მსოფლმხედველობა პოზიტივიზმისა და მექანიციზმის გავლენის ქვეშ ყალიბდებოდა.
ერთწლიანი სავლდებულო საჯარო სამსახურის შემდეგ იგი დაქორწინდა თავის საცოლეზე, ყოფილი ჰამბურგელი რაბინის ბერნეისის შვილიშვილზე. 1876-82 წლებში ცხოველთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობდა. უნივერსიტეტში სწავლის წლებში მას მფარველობდა ერნსტ ბრიუკე. ცნობილმა ფიზიოლოგმა ზიგმუნდს მეცნერული სიზუსტისადმი სიყვარული ჩაუნერგა. ზიგმუნდმა, რომელიც ღამეებს ატარებდა ლაბორატორიებში და მიკროსკოპის ქვეშ სწავლობდა თევზების და კიბოების ნერვულ უჯრედებს, ახალი მეთოდიც კი გამოიგონა ნერვული ქსოვილის ანათალების შესაღებად. მას ყოველთვის ახსოვდა თავისი მასწავლებელი და თავის მესამე ვაჟს ერნსტი დაარქვა. ფროიდს სხვა გმირებიც ჰყავდა. მისი ახალგაზრდობის კუმირი იყო ოლივერ კრომველი, მე-17 საუკუნის ინგლისში სამოქალაქო ომების ლიდერი (ფროიდის მეორე ვაჟს ოლივერი დაარქვეს). ხოლო თავის პირველ ვაჟიშვილს ჟან მარტინს ეს სახელი შარკოს პატივსაცემად დაარქვა, რომელსაც მოგვიანებით 1885 წლის შემოდგომაზე შეხვდა.
ვაჟებთან ერთად, 1916 წ.                                                      ვაჟებთან ერთად, 1916 წ.
პარიზი. 1885 წლის 24 ნოემბერი. “ჩემო ძვირფასო, მე ძალიან კარგად ვარ. დიდი ცვლილებები ხდება. შარკომ — ჩვენი დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ექიმმა, გენიოსმა ადამიანმა — უბრალოდ გადაატრიალა მთელი ჩემი მსოფლმხედველობა. მისი ლექციებიდან ისე გამოვდივარ, როგორც ნოტრ-დამის ტაძრიდან, სავსე ემოციებით და განცდებით. თუმცა ეს მე მღლის; ამის მერე არანაირი სურვილი აღარ მაქვს საკუთარი სისულელეებით დავკავდე.”
ჟან მარტინ შარკო ლექციაზე სალპეტრიერში
ჟან მარტინ შარკო ლექციაზე სალპეტრიერში
ჟან მარტინ შარკო, ”58 წლის მაღალი ადამიანი, თავზე ცილინდრით, მუქი ფერის თვალებით და რაღაც განსაკუთრებულად რბილი მზერით” — ეს იყო მიუწვდომელ სიმაღლეზე მდგარი ოსტატი “ჯადოქრის მოწაფე”,-ფროიდის თვალში. ერთხელ შარკომ თავის ვილაში დაპატიჟა საღამოს გასატარებლად. იმისთვის, რომ უხერხულად არ ეგრძნო თავი ელეგანტურად ჩაცმული ქალებისა და მამაკაცების კომპანიაში, ახალგაზრდა სტაჟიორმა კოკაინს მიმართა. ჯერ კიდევ ვენაში, როდესაც ექიმის ასისტენტად მუშაობდა, ფროიდი უნიშნავდა პაციენტებს და მედდებს მოდურ “ტკივილგამაყუჩებელ და მატონიზირებელ” პრეპარატს, მარტასაც კი უგზავნიდა მცირე დოზებს ჰამბურგში. 1884 წლის ნაშრომში “კოკაინზე” ფროიდი აქებდა ნივთიერების თერაპიულ მნიშვნელობას, რისთვისაც მოგვიანებით, როდესაც დაგროვდა საკმარისი რაოდენობით ფაქტები კოკაინზე დამოკიდებულების შესახებ, დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
იგი კოკაინს ყნოსავდა 1890-იან წლების ბოლომდე — ცხვირში გასახსნელად, დეპრესიის წინააღმდეგ აბრძოლველად, უბრალოდ იმისთვის, რომ “ჰქონოდა პირის გაღების უნარი”, როგორც იმ საღამოს შარკოს ვილაში. შარკოს არაჩვეულებრივ ლექციებს უფრო მართებული იქნება სპექტაკლებს თუ ვუწოდებთ. იგი ისტერიით დაავადებულ პაციენტებს ჰგვრიდა ჰიპნოზურ ძილს, ხოლო შემდეგ შთაგონებისა და კუნთების გარკვეულ უბნებზე ზემოქმედების გზით იწვევდა სიმპტომების ქაოტურ აღრევას.
ზოგიერთ ქალ პაციენტში ადგილი ჰქონდა რიგიდულ კატალეფსიას:ისინი შეშდებოდნენ, სრულებით არაფერზე არ რეაგირებდნენ, ნემსის ჩხვლეტაზეც კი. სხვები არაბუნებრივად ატრიალებდნენ ხელებსა და ფეხებს, ყვიროდნენ, ოხრავდნენ და ღებულობდნენ ორაზროვან “ვნებიან პოზებს”, როგორც უწოდა შარკომ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ისტერიული შეტევებიდან, რომლის მოწმეც იყო ხოლმე ფროიდი, ზოგიერთი მთავრდებოდა ორგაზმით. ფროიდი ძალზე გაიტაცა შარკოს იდეებმა. “ჩემი ტვინი”, — წერდა ის მარტას, — “სავსეა ისე, როგორც თეატრში გატარებული საღამოს შემდეგ”.
ფროიდი და მარტა; Freud and Martha in 1884
ფროიდი და მარტა; Freud and Martha in 1884
ანტიკურ პერიოდში ისტერიას მიიჩნევდნენ მხოლოდ და მხოლოდ ქალის დაავადებად, რომელიც გამოწვეული იყო სისხლის მიმოქცევის დარღვევით საშვილოსნოში (ბერძნულად Hystera).
მე-19 საუკუნეში თანდათანობით მიხვდნენ, რომ საქმე ნერვულ დარღვევაში, ნერვოზშია. დღესდღეისობით ექიმები ამჯობინებენ ისაუბრონ არა ისტერიაზე, არამედ კონვერსიულ დარღვევებზე. მათ მიაკუთვნებენ, მაგალითად, პარალიჩს, რომლის ახსნაც არ შეიძლება ნერვული დაავადებებით. ეს შემთხვევები დაკავშირებულია სტრესთან, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის ლიმბურ სისტემაზე. შარკომ ერთ-ერთმა პირველმა გამოავლინა ისტერია მამაკაცებში. მისი აზრით, იგი განპირობებულია ტვინში ფუნქციონალური ცვლილებებით, რომლებიც ხდება ფსიქიკური ტრავმის შემდეგ — მაგალითად, რკინიგზაზე მომხდარი ავარია, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სტრესი და ა.შ.
შარკო მიიჩნევდა, რომ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური დაზიანება, ანუ აფექტები. შარკო ერთი ფეხით უკვე ნეიტრალურ ხაზზე იდგა ტვინსა და PSYCH -ს შორის, სფეროსი, რომელიც ბურუსითაა მოცული. ჰიპნოზი იწვევს და შემდეგ აქრობს კატალეფსიას ისტერიულ ქალებში? შარკო ასეთ დასკვნას აკეთებს: ტვინს და სხეულს მართავენ ფსიქიკური ხატები და იდეები. მონდომებით სწავლობდა რა თევზებისა და კიბოების ფიზიოლოგიას, ფროიდი გაოცებული აღნიშნავს:“ისტერია ისე მიმდინარეობს, თითქოს არანაირი ტვინის ანატომია არ არსებობდეს.”
ვილჰელმ ფლისი ზიგმუნდ ფროიდთან
ვილჰელმ ფლისი და ზიგმუნდ ფროიდი
ვენა. 1887 წლის 28 დეკემბერი. ფროიდი წერს ბერლინში ექიმ-ოთოლარინგოლოგს ვილჰელმ ფრისს — ერთადერთ ადამიანს, რომელსაც იგი ყველაფერს უყვებოდა, ხანდახან პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც კი ჩიოდა მასთან. ფლისი დიდხანს იყო მისი ალტერ ეგო. ხოლო შემდეგ მტერი გახდა. ფრისისთვის მიწერილი თითქმის სამასი წერილიდან, მეორეში ფროიდი წერს: “მე გამიტაცა ჰიპნოზმა და მივაღწიე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს”; ეს იყო ექსპერიმენტების პერიოდი.
პარიზიდან დაბრუნებულმა ფროიდმა კერძო პრაქტიკა დაიწყო, ფლობდა მკურნალობის საკმაოდ ვიწრო რეპერტუარს – მასაჟი, ელექტროთერაპია, ჰიპნოზი.
იგი ჰიპნოზის სეანსებს უტარებდა ვენაში ცნობილ ადამიანებს – ბარონესა ფონ ლიბენს (ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში შევიდა, როგორც “ქალბატონი სესილია მ.”), მდიდარ ქვრივს ფანი მოზერს (“ემმი ფონ ნ.”). თუმცა ჰიპნოზი არ არის მხოლოდ მკურნალობის მეთოდი – ეს იყო სარკმელი, რომლითაც ფროიდი სწვდებოდა ფსიქე-ს საიდუმლოებით მოცულ სფეროებს.
მის პაციენტებს მეხსირების სიღრმეებიდან ამოჰქონდათ განცდები, რომელთა გახსენებაც არ შეეძლოთ ფხიზელ მდგომარეობაში. ისტერიის გამოვლინებები, რომლებსაც აკვირდებოდა ფროიდი – კატალეფსია, აუხსნელი ტკივილები, უეცარი ჩავარდნები მეხსიერებაში – ელოდნენ ახსნა-განმარტებას.
რატომაც არ შეიძლებოდა ისინი ახსნილიყო არაცნობიერით? “მეცნიერებამ უფრო მეტი იცის, ვიდრე ცნობიერება ფაქტიურად განიცდის. საჭიროა განცდილში დავინახოთ კვალი იმისა, რაც “ხდება და მოძრაობს” ფარდის უკან”. ეს დაწერა ჯერ კიდევ იოჰან ფრიდრიხ ჰერბარტმა — მე-19 საუკუნის დასაწყისის ფსიქოლოგმა.
მოამზდა:თენგიზ ვერულავამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი