ალენ დელონი პროფესიული წარმატების გზაზე

0
305

ინდოჩინეთში “ვიტების” წინააღმდეგ “ბინძური ომი” მიმდინარეობდა; “ვიტებს” ფრანგები ვიეტნამელ პატრიოტებს ეძახდნენ, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. ფრანგული არმია ზედიზედ მარცხდებოდა; საფრანგეთს საზარბაზნე ხორცი შემოაკლდა. დაიწყო მოხალისეთა შეგროვება, რომელთაც შეიარაღებული ძალების რიგები უნდა შეევსოთ. 

ალენ დელონის ვიეტნამში მოხვედრის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთი ლეგენდის თანახმად, დელონმა ასაკი დამალა და ისე მოხვდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში (ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო). მეორე ლეგენდა გვამცნობს, რომ საამისოდ მშობლების თანხმობა იყო საჭირო, რაც მათ საეჭვოდ იოლად მისცეს. რატომ? შვილის თავიდან მოშორება ხომ არ სურდათ? მესამე ვერსიით, დელონი როგორღაც დაითანხმეს, ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის ხუთი წლით გაგრძელების შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. ამაზე მიანიშნებს თავის მემუარებში სიმონა სინიორე.

იგი წერს, რომ “კუდერის ქვრივის” გადაღებებზე ალენი უყვებოდა, როგორ აიძულეს, 17 წლის ასაკში მოხალისედ ემსახურა საზღვაო-ქვეით ფლოტში. აიძლეს… მაგრამ ალენს იმდენად მოაბეზრა თავის დედის გაუთავებელმა ბუზღუნმა ოჯახში “ზედმეტი მჭამელის” თაობაზე, რომ დელონმა ეს წინადადება არ გააპროტესტა. გემით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მან ვიეტნამში ამოყო თავი. ყველგან არტილერიის გამაყრუებელი გრუხუნი ისმოდა, წყალში ნაღმები დაცურავდნენ. მართალია, ნაცნობებიც ნახა, მაგრამ ირგვლივ სიკვდილის აჩრდილი გამეფებულიყო, თანაც მკაცრ დისციპლინას უნდა დამორჩილებოდა, რომლის წინააღმდეგ ალენ დელონი მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან.
ერთხელ ალენმა, მეგობრებთან ერთად, თვითნებურად დატოვა ფლოტი და მოპარული “ჯიპით” საიგონისკენ გაისეირნა. ეს გასეირნება ავარიით დამთავრდა. გაპარულები პოლიციამ დაიჭირა და ორი თვით დააპატიმრა.

დღეს ალენ დელონი ამბობს, რომ ჯარში სამსახურმა დიდი გავლენა მოახდინა მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე; ჯარი მისთვის ცხოვრების საუკეთესო სკოლა იყო: “ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჯარში თავს ბედნიერად ვგრძნობდი. იქ საოცარი მეგობრები შევიძინე. რომ არა კინო, ინდოჩინეთში დავბრუნდებოდი და სამხედრო პირი ვიქნებოდი”.
მაგრამ ალენს არც მოკრივეობა ეწერა და არც ჯარიკაცობა.
                                                                               * * *
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ალენ დელონს შინ დაბრუნება არ უჩქარია. ის მარსელში ჩავიდა და პორტში დაიწყო მუშაობა. სიმპათიური ყმაწვილი მხოლოდ გოგონების ყურადღებას როდი იქცევდა;მარსელი ხომ საფრანგეთის ერთ-ერთ კრიმინალურ ქალაქად არის ცნობილი, ამიტომაც მას ხშირად უხდებოდა ადგილობრივი “ავტორიტეტების” მიერ შემოთავაზებული წინადადებების იგნორირება. მარსელშივე გაგრძელდა მისი ურთიერთობა ჯერ კიდევ ტულონში გაცნობილ ფრანსუა მარკანტონისთან, რომელიც 1973 წელს “მარკოვიჩის საქმეში” ფიგურირებდა.

დელონს მასთან ძალზე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. დედა უკმაყოფილო გახლდათ შვილის ცხოვრების სტილით. იგი ფიქრობდა, რომ უკვე დრო იყო, ალენი ოჯახს მატერიალურად დახმარებოდა. დედის აზრით, ალენი აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო შინ და საყასბოში ემუშავა. ამის სანაცვლოდ კი “მოსიყვარულე დედა” შვილს მოტოროლერის ყიდვას პირდებოდა.

ასე მოვიდა ალენ დელონი კინოში

მარსელში ალენ დელონი შეხვდა ჰოლივუდიდან ჩამოსულ ჰარი ვილსონს, რომელსაც ტალანტების აღმოჩენის იშვიათი უნარი ჰქონდა და რომელმაც მომავალ ვარსკვლავს კინოში გადაღება შესთავაზა. ალენისთვის ეს წინადადება მოულოდნელი იყო, მეტიც – წარმოუდგენელი. ვილსონის თქმით, იგი რომში უნდა ჩასულიყო სასინჯ გადაღებებზე ფილმისთვის “მშვიდობით, იარაღო!“, რომლის რეჟისორად ჩარლზ ვიდორი იყო მიწვეული.

ალენს სინჯების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა; მას ეს პროცესი ჩვეულებრივი გამოცდა ეგონა, რაც საშინლად არ უყვარდა, მაგრამ გარისკვა მაინც გადაწყვიტა; საამისოდ ღირდა რომში ჩასვლა, თუნდაც ჩაფლავებულიყო… და დელონი რომში, ჩინეჩიტას სტუდიას ეწვია. როდესაც გრიმს უკეთებდნენ, ისეთმა პანიკამ შეიპყრო, მსგავსი ვიეტნამშიც არ განეცადა. გადასაღებ მოედანზე დამფრთხალი და დაბნეული გამოიყურებოდა; რეპლიკებს ყალბი ხმით პასუხობდა, მაგრამ, როგორც კი ხელში პისტოლეტი ჩაუდეს, მაშინვე უჩვეულო თავდაჯერებულობა იგრძნო.

პროფესიონალები მოხვდნენ, რომ მათ წინ ნიჭიერი ახალგაზრდა იდგა და სტუდია “მეოცე საუკუნე ფოქსთან” შვიდწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თან არწმუნებდნენ – ასეთი დიდებული შანსი ხელიდან არ გაეშვა. ენის უცოდინრობა პრობლემა არ იყო, პარიზში ინგლისური ენის კურსებზე სიარულის ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებდნენ, მაგრამ დელონი მაშინვე არ დასთანხმებია, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და პარიზში დაბრუნდა…

იქ კინორეჟისორი ივ ალეგრე გაიცნო, რომელმაც დამწყებ მსახიობს ბრძნული რჩევა მისცა: “კარიერა სამშობლოში უნდა დაიწყო!” სიტყვა “კარიერა” ალენმა პირველად გაიგო; ალეგრემ მიიწვია იგი ფილმის – “როცა საქმეში ქალი ერევა” – სინჯებზე. ასეთია ალენ დელონის კინოში მოსვლის ერთ-ერთი ვერსია.

მეორე ვერსიის თანახმად, დელონმა საარსებო წყაროს მოსაპოვებლად პარიზის საბითუმო ბაზარში ღამის მტვირთავად დაიწყო მუშაობა. სენ-ჟერმენ-დე პრეს რაიონში გაიცნო თავისი თანატოლები: ჟან-პოლ ბელმონდო და ჟან-კლოდ ბრიალი, აგრეთვე, მსახიობი ბრიჯიტ ობერი, რომლებიც გმირობასა და დიდებაზე ოცნებობდნენ. მათი მეგობრობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდა. ჟან-კლოდ ბრიალიმ ალენს კანის კინოფესტივალზე “გასეირნება” შესთავაზა – იქნებ იქ ვინმეს მათთვის ყურადღება მიექცია? სწორედ კანის ბარში გაიცნო ალენმა გარი ვილსონი, რომელმაც რომში სინჯებზე ჩასვლა შესთავაზა. როგორც ითქვა, ეს ალენ დელონის კინოსთან შეხების მეორე ვერსია გახლავთ.

პარიზში დაბრუნებულ ალენს ბრიალიმ ცნობილი მსახიობი ბერნარ ბლიე გააცნო. ეს დელონის ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი დეტალია. ბლიეს ალენის კბილა ვაჟი ჰყავდა, მას ძალიან მოეწონა სიმპათიური გამოუცდელი ყმაწვილი და სწორედ ბლიეს მეშვეობით გაიცნო ალენმა ალეგრე, რომელმაც დააკავა ფილმში “როცა საქმეში ქალი ერევა“. ამ ფილმში ალენმა დაქირავებული მკვლელი განასახიერა, რომელიც “პროფესიული მოვალეობის” შესრულების დროს იღუპება. მსგავსი როლების შესრულება შემდგომში მას არაერთხელ მოუხდა; კამერის წინ ალენი გრაციოზული მხეცის მომხიბვლელობით მოძრაობდა, რაშიც ოდესღაც მიღებული კრივის გაკვეთილებიც დაეხმარა, მაგრამ ალენმა იცოდა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, როცა რეპლიკებს წარმოთქვამდა და მაინც არ ისურვა მსახიობ სიმონა ჟარნაკთან მეცადინეობა, რომელთანაც ბრიჯიტ ობერმა მიიყვანა.

მოგვიანებით ალენ დელონი აღნიშნავდა, რომ პროფესიული ცოდნის უქონლობას ხელი არ შეუშლია მისთვის მისთვის კარიერის შექმნაში. რასაც ჟან გაბენის, ალან ლადას, ბერტ ლანკასტერის, ლინო ვემტურას მაგალითებიც ადასტურებდა.

მომდევნო კრიმინალურ კომედიაში – “იყავ ლამაზი და დადუმდი” – დელონმა ბელმონდოსთან ერთად კვლავ რაღაც აფიორაში მონაწილე გმირი განასახიერა. პროფესიონალი ბელმონდოს გვერდით, რომელსაც მიღებული ჰქონდა თეატრალური განათლება, დელონი არცთუ უმწეოდ გამოიყურებოდა. ალენს უკვე ერთი ჟანრის მსახიობად ქცევა “ემუქრებოდა”, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება…

ერთხელ ბრიალიმ რეჟისორი პიერ გასპარ-იუტი გააცნო, რომელიც მაქს ოფიულსის “ფლირტის” რიმეიკის გადაღებას აპირებდა, ფილმის სახელწოდება გახლდათ “კრისტინა“. ლეიტენანტ ფრანც ლობჰაინერის როლზე რეჟისორს ახალგაზრდა მსახიობი სჭირდებოდა, რომელსაც იარაღის ხმარება უნდა შესძლებოდა. სასინჯი გადაღებებიდან დელონი უკმაყოფილო დაბრუნდა, მას მიაჩნდა, რომ ძალიან ცუდად ითამაშა, მაგრამ რეჟისორი სხვაგვარად ფიქრობდა. მას ძალიან მოეწონა საოცრად ფოტოგენიური ყმაწვილი მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო ოსტატობით დიდად ვერ დაიკვეხნიდა.
ალენმა შეიტყო, რომ “კრისტინას” გადაღებებში მას პარტნიორობას გაუწევდა როზმარი ალბახ-რეტი, მომავალში რომი შნაიდერად ცნობილი მშვენიერი გოგონა.

ალენს წარმოდგენაც არ ჰქომდა. რომ რაინს გაღმა, ავსტრიაში, როზმარი (რომი) ძალიან პოპულარული იყო. წლების მანძილზე იგი ავსტრიაში ისეთ როლებს ასახიერებდა, რის გამოც გერმანელები და ავსტრიელები მას აღმერთებდნენ. მსახიობ გოგონას მობეზრებული ჰქონდა დაუსრულებლად ერთსა და იმავე ამპლუაში ყოფნა და სიხარულით დათანხმდა როლზე, რომელსაც ოდესღაც დედამისი, მაგდა შნაიდერი, ასრულებდა.

მაგდა სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ მისი შვილისთვის პარტნიორობა ვინმე დელონს გაეწია, მაგრამ რომი მაინც ვერ მოდრიკა; მან პარიზში საკუთარ ბედთან შეხვედრა გადაწყვიტა. თავის მხრივ ალენმაც არ იცოდა, “უცნობი გერმანელი” რა როლს ითამაშენდა მის მომავალ ცხოვრებაში; მხოლოდ ერთი რამ უწყოდა: მას გადაუხდიან 75 ათას ფრანკს, რაც ახალბედასთვის ცოტა ნამდვილად არ იყო, მაგრამ ცოტა იყო ამ უცხოელის ჰონორართან შედარებით.

მოამზადა:ალექსანდრე ელერდაშვილმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი