თამაზ ბუთხუზი პრობლემის ანატომია

0
430

უძველესი დროიდან ჩვენამდე მოსული ცოდნა, აზრები ნამსხვრევების სახით ჩავიბარეთ. ეს ცოდნა უსისტემოა, აქედან გამომდინარე, მოითხოვს არაორდინალურ მიდგომას. 
ადამიანის აზროვნება – ეს მუდმივი ფასეულობაა. ის უცვლელია. არ ექვემდებარება დროს. 
დრო გავლენას ახდენს მხოლოდ ხელოსნობის განვითარებაზე, ანუ ჩანაფიქრის რეალურად ქცევის სიჩქარეზე. დღევანდელობასა და წარსულს შორის განსხვავება იმაშია, რომ ინფორმაციის დაგროვება, შენახვა, გადაცემა დღეს უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.

ჩვენ აუცილებლად გავუგებთ გასული დროის მოაზროვნეებს, რადგან დაგროვილი ცოდნის შემქმნელები ჩვენი წინაპრები იყვნენ არა მარტო დროით, არამედ სულითაც. ჩვენთვის მთავარია, ძირითადში გავერკვეთ: რა აწუხებდათ, რა აინტერესებდათ მათ, როგორი იყო პრობლემის გაანალიზებისა და გადაწყვეტის ხერხები.

ელინები ძალიან ადრე მიხვდნენ, რომ მტკიცებულების ცნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი იდეა არ წარმოშობილა არც ეგვიპტეში, არც მესოპოტამიაში, არც ჩინეთში. აქ უმნიშვნელოვანესია ის, რომ ეს მათთვის არ იყო პირველხარისხოვანი ამოცანა, შესაბამისად, ამ მხრივ განვითარების მაღალ დონეს ვერც მიაღწიეს. ძველი ელინების ინტერესის სფეროს მსოფმხედველობის ძირითადი პრობლემა წარმოადგენდა:ყოფა და ადამიანის ადგილი მასში. 

დაიწყო თალეს მილეთელიდან, რომელიც თვლიდა, რომ ყველაფრის საწყისი წყალია და “ყველაფერი სავსეა დემონებით”. მან შექმნა საოცრად მახვილგონივრული სისტემა. მისი აზრით: “სამყარო არაა გაქვავებული მატერია, ესაა ცოცხალი არსებები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, მთები, ბალახი ყველაფერი გაჟღენთილია სიცოცხლით, და ეს სიცოცხლე ჩვენგან განსხვავებულია, ამიტომ არ გვესმის ბუნების, ვერ ვიაზრებთ მის არსს”. 

შემდეგ ანაქსიმანდრემ განაცხადა, რომ ყველაფრის საწყისი აპეირონია – უსაზღვრობა. 
თალესის თანამედროვე ანაქსაგორმა ყველაფრის საფუძვლად “ეთერი” – უთხელესი, უნაზესი აირი გამოაცხადა. 

ჰერაკლიტემ გამოთქვა აზრი, რომ საერთოდ არ არსებობს ნივთები, ყველაფერი გრძნობის, ხედვის ილუზიაა, ის ყველაფრის საფუძვლად პროცესს თვლიდა (ამიტომ დაინტერესდა მდინარეში ორჯერ შესვლის პრობლემით). მისი აზრით – ომი მეფე და მამაა სიცოცხლის, ომმა აქცია ადამიანები ღმერთებად, მოკვდავებად და მონებად. მისდამი სიმპათიის დაკარგვას ნუ იჩქარებთ, მას თავისი ლოგიკა ჰქონდა: “თუ მთავარია ქმედება, პროცესი, მაშინ ადგილი უნდა ჰქონდეს ურთიერთდაპირისპირებას, სიცოცხლის ნაკადების შეჯახებას, ბრძოლას”. 

პითაგორამ ყველაფრის საწყისად აბსტრაქცია – რიცხვი გამოაცხადა. მისი აზრით – თუ რიცხვი საწყისია, ის ყველაფერში უნდა იყოს. მართლაც, სამ კაცსა და სამ აგურს შორის საერთოა რიცხვი სამი. 

ზემოთქმულიდან, ჩვენთვის ერთი რამ არის საინტერესო, მართალია, მათი აზრები განსხვავებულია, მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო ამოცანა – ანუ იმ სამყაროს შეცნობა, რომელშიც ვიმყოფებით. მათ სხვა რამეზე ფიქრი აზრადაც არ მოსდიოდათ, დანარჩენი, უბრალოდ, არ აინტერესებდათ. 

სპარსეთსა და აზიაში, ბერძნებისაგან განსხვავებით, ნაკლებად აინტერესებდათ ნატურ-ფილოსოფია, მათი ინტერესი სხვა იყო:რაა სიკეთე და ბოროტება, ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი, მუდმივია თუ არა მტრობა. ქალაქ ბალხაში (ირანის უკიდურესი აღმოსავლეთი) დაიბადა ზერდუშტის ფილოსოფია. ის ჩვენთვის ცნობილია, როგორც ზარატუშტრა, დიახ, ის, რომელიც ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოებიდან მსოფლიომ გაიცნო. 

ზერდუშტის აზრით, საქმე იმაში არაა, რა გვაკრავს გარშემო – ამას ისედაც ყველა ხედავს. ყველამ იცის რა არის ზღვა, მდინარე, ქვა. მისთვის მთავარი იყო, რაა დღე და რაა ღამე, სინათლე და სიბნელე, და რაც მთავარია, მათი ერთიანობა. მან ეს ჩამოაყალიბა უნიკალურ ფილოსოფიურ კონცეფციაში და აქედან იწყება დუალიზმის გააზრება. 

ჩინეთში კი, VIII-VII საუკუნეებამდე ჩვ.წ.აღ.-ით, სულ სხვა პრობლემა ჰქონდათ, მათ სულ სხვა რამ აწუხებდათ. ჩინეთი შედგებოდა მრავალი სამთავროსაგან, არავინ იცის რამდენი სამთავრო იყო. ყოველ საუკუნეში კი არა, ყოველ ათწლეულში იბადებოდა და ქრებოდა სამთავროები. მათ შორის ომი ჩვეულებრივი რამ იყო. ისინი დაუნდობლად ჟლეტდნენ ერთმანეთს. ჩინეთში ქალი ყოველ წელიწადს აჩენდა ბავშვს, ამიტომ 15-20 ბავშვის ყოლა ჩვეულებრივი რამ იყო. ეს ინტენსიური გამრავლება ომის პროვოცირებას იწვევდა, რადგან მათთვის მთავარი იყო სივრცე, საცხოვრებელი ადგილი. როგორ გამოვიდნენ ჩინელები ამ ტოტალური, ძმათამკვლელი ომიდან? ძნელი იყო ამ კოშმარში ცხოვრება, ამიტომ გაჩნდა ამოცანის შესაბამისი იდეები. 

ჩვ.წ.აღ. VII-VI იბადება ორი იდეოლოგია. პირველი – კუნ ძის იდეოლოგია. შემდგომ მას კონფუძი (“ფუ” – გამოხატავს პატივისცემას) დაერქვა და მეორე – მისი უმცროსი თანამედროვე ლაო ძი (ბიბლიოთეკარი).  კონფუძის აზრით, ყველაფერი ამაზრზენი გაუნათლებლობის ბრალია.ლაო ძი კი სხვა გზით წავიდა. მისი აზრით, ადამიანის მიერ დადგენილი წესები არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ბუნების კანონებს უნდა ჩავწვდეთ, რათა გავიგოთ, როგორ ცვლის წარსულს მომავალი. 

ფაქტიურად, ის საბუნებისმეტყველო მეცნიერების მქადაგებელი იყო. სამყარო კი მისთვის იყო დაო – ის, რაც არსებობს და ის, რაც არ არსებობს. შინაგან ამაღლებამდე, გასხივოსნებამდე, ვერ გაიგებ რა არის “დაო”. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სამყარო, რომლის დიამეტრი უსასრულობაა, ის ხან მცირდება წერტილამდე, ხან იშლება. შესაბამისად, ყველა სულიერი განიცდის გარდასახვას, ახალ გაშლას. კონფუძის აზრით, ღმერთი არის თუ არა, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ამაზე არ უნდა იფიქრო. როგორ არის მოწყობილი სამყარო, ბუნება, არც ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარია, როგორ მოვიქცეთ ჩვენთვის განკუთვნილ საკუთარ ცხოვრებაში. 

შუა საუკუნეების დასასრული ამერიკის აღმოჩენით იწყება -1492 წელი, 1250 წლის 13 დეკემბრითაც ათარიღებენ. დღე, როდესაც მეფე ფრიდრიხ II გოგენშტაუფენი გარდაიცვალა ფლორენტინოს ციხე-სიმაგრეში. ჩემი აზრით, შუა საუკუნეების დასასრული მეცნიერული სისტემის ანალიზის დაბადებით იწყება. ჩნდება ახალი იდეა, ადამიანის წარმოსახვითი სამყარო და მასში ჩვენი ადგილი კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია სამყაროს რაციონალური მოწყობის გააზრება, მითების, საოცრებებისა და ღვთიური გასხივოსნების გარეშე. 

ეს იდეური გადატრიალება თავიდან არისტოკრატიულ ხასიათს ატარებდა. ბეჭდვის გამოგონებამ ეს იდეები ყველა ნათლად მოაზროვნე ადამიანამდე მიიყვანა. შესაბამისად, გასაგებია ეკლესიისა და ინკვიზიციის სასტიკი წინააღმდეგობაც. რა არის ამ მეცნიერული მეთოდის არსი? – მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, ის საშუალებას გვაძლევს დავაგროვოთ ცოდნა ისეთ მოვლენებზე, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს, შეინახოს და მომავალ თაობას გადაეცეს. აქედან გამომდინარე, მეცნიერება სწავლობს არა ყველა, არამედ მხოლოდ განმეორებად მოვლენებს. უნდა შეიქმნას ისეთი კანონები, რომლებიც მოვლენის განვითარების კანონზომიერების ახსნას შეძლებს. 

მივყვეთ ამ აპრობირებულ მეთოდს და გავაანალიზოთ ის უაზრო სასტიკი განმეორებადი მოვლენები, რამაც დაიყვანა ჩვენი არსებობა იმ კოშმარამდე, რასაც უმრავლესობა მთელი სიმძიმით განვიცდით. ყველა ზემოთ ნახსენები ხალხისაგან განსხვავებით, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა და ჩვენ ვალდებულნი ვართ გავიაზროთ ჩვენი ყოფა და ამ საზიზღრობიდან გამოსავალი მოვძებნოთ. ეს ყველა მოაზროვნე ადამიანის ვალია.
პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს ვერც ერთი ჩვენთაგანი, მითუმეტეს ინტელიგენცია, არც-ერთ განვითარებულ ქვეყანაში განათლებული საზოგადოება მსგავსი უსამართლობის აღზევებას არ დაუშვებდა. 

რამ გამოიწვია საზოგადოების და ინტელიგენციის ქმედითუნარიანობის ასეთი დაქვეითება? 
აი, ამოცანა, რომელიც უნდა ამოვხსნათ. როგორც აღვნიშნეთ, განათლებულ ადამიანებს ყველა დროსა და სივრცეში აინტერესებდათ:ყოფა და ადამიანის ადგილი მასში.
რა არის სიკეთე და ბოროტება, ვინ არის მეგობარი და ვინ არის მტერი. ვიმეორებ, ჯერ კიდევ 2700 წლის წინ ადამიანები მიხვდნენ:ამ ქვეყანაზე ყველა ამაზრზენი დანაშაული გაუნათლებლობის ბრალია. დავფიქრდეთ ჩვენც ამ უმთავრეს საკითხებზე:
როგორ მოვიქცეთ ჩვენთვის განკუთვნილ საკუთარ ცხოვრებაში? ყოფა და ადამიანის ადგილი მასში – ჩვენი აზრითაც უმთავრესი პრობლემაა. ეს არის მსოფლიო ცივილიზაციის უდიადესი ამოცანაც. იმისათვის, რომ ჩვენ ამ ამოცანის გადაწყვეტაში მონაწილეობა მივიღოთ, აუცილებელია, თავდაპირველად ამ ცივილიზაციის ნაწილი გავხდეთ.
ამისთვის აუცილებელია:გავერკვეთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, გლობალური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს იმ ბაზას, რომელზე დაყრდნობითაც უკვე რეალური ხდება შევიცნოთ ყოფა და ადამიანის ადგილი მასში. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბოროტებასა და სიკეთეში გარკვევა.

ერთადერთი, რაც ნათლად, უცილობლად ექვემდებარება განკარგვას, ეს არის ჩვენი გონება. მაღალია მისი ელასტიურობა, ძვრადობა, სისწრაფე, შესაბამისად, მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გაუძნელდეს შეგნებულად, გააზრებულად შექმნას საკუთარი მე, ზუსტად ისევე, როგორც კონსტრუქტორი ქმნის რთულ მექანიზმს წინასწარი გააზრებული გეგმის, ნახაზის მიხედვით. ამ დროს კონსტრუქტორის არცერთი ახალი მიგნება ფუჭად არ იკარგება, ყოველი ახალი დეტალი ემსახურება მექანიზმის სრულყოფას, მის უნარს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. სწორედ ასევე, ადამიანს უნდა შეეძლოს წინასწარი გააზრებული გეგმის შესაბამისად შექმნას საკუთარი ხასიათი, რომელიც დაეხმარება მას დასახული მიზნის მისაღწევად.

ადამიანს ქმნის აზრი, ფიქრი. რაზედაც ის ფიქრობს დღეს, ხვალ ისეთი ხდება.
გავრცელებულია შეხედულება, რომ გარემო ჩვენს გონებრივ წყობას, აზრს, ჩვენს შინაგან და გარეგან მოთხოვნილებებს აყალიბებს, განაპირობებს. თუ ადამიანის შინაგანი სიცოცხლის დინებას ჩაუფიქრდებით, მაშინ ეს აზრი უმაღლეს ჭეშმარიტებად არ მოგეჩვენებათ. ის ალბათ, დიფერენციაციას უნდა ექვემდებარებოდეს. გააჩნია, ვის გონებაზე მოქმედებს, ან ვერ მოქმედებს გარემო. 

არიან ადამიანები, რომლებზეც გარემომცველი გარემო გავლენას ვერ ახდენს. თუ ასეთი ადამიანების რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია, ეს ამტკიცებს იმას, რომ ჩვენს გონებაზე გარემო კი არ მოქმედებს, არამედ ყოველი ჩვენთაგანი მიისწრაფის ისეთ გარემოში, რომელიც ყველაზე მეტად ეთანადება მისი ზნეობისა და ინტელექტის რეალურ დონეს. 
რა ქმნის, რა განსაზღვრავს იმ ადამიანთა შინაგან ენერგიას, რომელიც პირიქით, გარემოზე ახდენს ზემოქმედებას, ხანდახან ისე, რომ არა მარტო გარემოს, არამედ ცივილიზაციის განვითარების მიმართულებასაც საერთოდ ცვლის? 

რა გარემო იყო სოკრატეს გარშემო? 

ბერძნები ცხოვრობდნენ პლასტიკით, სილამაზით, მითებით, ზღაპრებით, ინსტიქტებითა და ინტუიციით. მათ ღრმად სწამდათ თავისთავად ზრდადი სიცოცხლის საკრალური, წმინდა ძალა. ამ გარემოში ადამიანი მოვიდა და ბავშვურ, უცოდველ სამყაროს (ძველბერძნული გაგებით), დემონურად – ანალიტიკურად, უძირო, ირონიული თვალებით შეხედა. 
პირველად მოხდა, რომ ცხოვრებას შეხედეს არა შიგნიდან, არამედ გარედან. დაიწყეს ცხოვრების შეფასება. დაიწყეს ცხოვრების გასამართლება აზრის, ლოგიკის, გონების, იდეალების პოზიციიდან. ანალიტიკურმა აზროვნებამ გაანგრია კედელი, დაიწყო არსებულის დაშლა და ეს დაშლა მიმდინარეობდა გააზრებულად, მეთოდურად, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს უცოდველი ფილოსოფია ისევე, როგორც არ არსებობს უცოდველი იდეები. 

გონებით აღქმული იდეა რეალურ ქმედებას იწვევს, რადგან, როგორც შოპენჰაუერი თვლიდა:“არავითარი რეალური სამყარო არ არსებობს. არის მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე. სამყარო მხოლოდ ჩვენს ინტერპრეტაციაში არსებობს “. ადამიანში, რომელიც ყოფიერების მთლიანობის მიმართ სრულ ყურადღებას ავლენს, აუცილებლად ვითარდება თვითშეზღუდვის ეთიკური ძალა. 

გარემოს გააზრებამ აიძულა სოკრატე ამ ძალაზე ამაღლებულიყო. მან იცოდა, რომ ადამიანში ყველაფერი ფიქრობს და ეს ქმნის მის მთლიან ბიოენერგეტიკულ სივრცეს. 
სოკრატეს ფილოსოფიაში ინტუიცია გადაიწონა “აზრით”; ეს მან მოახერხა ხალხი აზრის წინაშე დაეჩოქებინა. სოკრატე ცხოვრებიდან გავიდა და იქიდან შეხედა სამყაროს. მისგან გამომდინარე, მოგვიანებით გაჩნდა გამოთქმა:“ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”. მთელი ცივილიზებული სამყარო გაჟღენთილია ამ აზრით. 

გარემომცველი გულგრილი, ე.ი. ჭეშმარიტების მოძულე თანამოქალაქეები სოკრატესთვის, უპირველეს ყოვლისა, იყვნენ ავადმყოფები, პაციენტები, რომლებიც უნდა განიკურნონ, რადაც უნდა დაჯდეს და თუ, მათ არ ესმით მათი ავადმყოფობის დამანგრეველი ძალა, მაშინ მათი განკურნება უნდა მოხდეს მათი სურვილის წინააღმდეგაც კი, და არ უნდა მიაქციო ყურადღება იმას, როგორ იგრიხებიან და ღრიალებენ კლინიკური გაპრიალებული ფოლადის დანახვაზე. 

იმასაც არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ რა ენერგიულად აცხადებენ პროტესტს, სისხლიანი გულის ყველა ფიბრებით. აუჩქარებლად, მთელი ყურადღებით, აბსოლუტური სიზუსტით, უნდა ამოვკვეთოთ მათი გონებიდან ალოგიკურობა, სიცრუე, ჭეშმარიტებისგან გაქცევის სურვილი.

სოკრატემ ეს მოახერხა. ნებისმიერი შემთხვევითი გამვლელი, როცა ხალხით გარშემორტყმულ, დაბალ, მსუქან, გაცვეთილ ხალათში გამოწყობილ მოსაუბრე კაცს დაინახავდა, მოსასმენად მას ჯერ ირონიული ღიმილით უახლოვდებოდა, მაგრამ, მის პირველსავე ფრაზებზე, მსმენელს, გულიდან წამოსული ირონიული ღიმილი, სახეზე ეყინებოდა. გამვლელი გაოცებული ისმენდა. მეორე დღეს, ის სპეციალურად ეძებდა ამ შეუხედავ კაცს, რათა კიდევ ერთხელ მოესმინა მისთვის. იწყება ამაღლება.

აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ქმედების სიმბოლო. ნუ გეშინიათ აზრობრივი ძალადობის. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. ჩვენ იძულებულები ვართ, ასე მოვიქცეთ. ადამიანთა ცნობიერებამ, გამოცდილებამ მკვეთრად განასხვავა აუცილებელი ქმედება და დანაშაული: მკვლელობა თავდაცვისას და მკვლელობა ძარცვის, ან შურისძიების მიზნით, ცდუნება და ძალადობა და ა.შ.

მე-19 საუკუნეში იყო მცდელობა გაეთანაბრებინათ აღნიშნული დანაშაულებანი და ეს, უსაფუძვლო აზრი იყო. ამგვარად, ცივილიზაციამ მოგვანიჭა უფლება, ვიბრძოლოთ ადამიანის ამაღლებისთვის, რადგან ეს გადარჩენისთვის აუცილებელი ქმედებაა და არა დანაშაული. მთავარია გვახსოვდეს, რომ რა წმინდაც უნდა იყოს მიზანი – ადამიანის კეთილდღეობისთვის ზრუნვა, ეს ფიზიკური, ან სხვა უხეში ფორმით ძალადობის საფუძველი არ უნდა გახდეს.

სოკრატემ ევროპულ აზროვნებაში მიკრობი შემოიტანა და ამ მიკრობის მოქმედების შედეგის გააზრება დღემდე არ დასრულებულა. მან ცივილიზაციის არნახული ბიძგი გამოიწვია. სოკრატეს მიხედვით, გარე სამყარო ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე უნდა იქნას გაგებული. 

აი, ესაა თვითმყოფადი და მოზეიმე ძალა, ეს უნდა იყოს ჩვენი აზროვნების ორიენტირი!
დიალექტიკა, ანუ განვითარების პროცესი, სოკრატესთვის იყო ცხოვრება, ეროსი, ეროტიზმი. 
განვითარების პროცესს ჩვენც ასე შევხედოთ.

ჩვენი შინაგანი ენერგია, ინტელექტი ქმნის ჩვენს გონებას, და თუ, ეს ქმნილება მყარია, კარგია, ამ ქმნილების სიკეთით ჩვენვე ვსარგებლობთ, თუ არა – მის უკეთურ თვისებებზე ჩვენვე ვართ პასუხისმგებელნი;მაგრამ ეს არასაკმარისია: საქმე იმაშია, რომ აზრის შედეგი არა მარტო მის შემოქმედზე აისახება და არ არსებობს უფრო მეტად საპასუხისმგებლო ქმედება, ვიდრე აზრის გავრცელებაა.

ინტელექტი – პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ნებისყოფას ავითარებს. 
გაიხსენეთ ვაჟას “გველის მჭამელი” – ადამიანი, რომელმაც ბუნება შეიცნო, მყისიერად უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობს. 

გააზრება – ეს პასუხისმგებლობაა. რის მიმართაც, ჩვენი უცოდინარობით, უყურადღებობა მიგვეტევებოდა, გათვითცნობიერების შემდეგ, მისი უგულებელყოფა დაუშვებელია. 
გააზრების შემდეგ თვალის დახუჭვა უკვე ბოროტებაა.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ არაფერი ისე მარტივად არ გადაეცემა სხვას, როგორც ჩვენი აზრები, ე.ი. ერთის აზრი გადაეცემა მეორეს, მეორისა – პირველს. ასეთი კომპლექსი აერთიანებს ადამიანებს და აკავშირებს ან სიკეთესთან, ან ბოროტებასთან, ჩვენი მომავლის მშობელს, მეგობრებს, მტრებს განსაზღვრავს. სურვილის უმაღლესი ფორმაა ნებისყოფა, რომელიც თავის მხრივ, ყველაზე მძლავრი შემოქმედებითი ძალაა. 
გარე სამყაროს საგნებთან გვიზიდავს სურვილი. 

სწორედ სურვილს მიჰყავს ადამიანი იქ, იმ გარემოში, სადაც შესაძლებელია მისი სურვილის დაკმაყოფილება. ამ გარემოში იწყება მისი, როგორც ადამიანის, სრულყოფილი ჩამოყალიბება, ანუ დაბადება. თუ ის გარემო, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს სულიერ და მატერიალურ მოთხოვნებს, არ არსებობს, მაშინ ის ჩვენ უნდა შევქმნათ. 

მოაზროვნე ადამიანი თავისი სურვილის შესაბამისად იბადება და ყალიბდება. ამიტომ სურვილის არჩევისას განსაკუთრებით ფრთხილნი უნდა ვიყოთ. სულში არ უნდა შევუშვათ ის სურვილი, რომელიც ჩვენს განვითარებას შეაფერხებს. ჩვენი სურვილები მოქმედებენ ჩვენ გარემომცველ ხალხზე. ისე, როგორც ჩვენი აზრი, სურვილიც გადაეცემა სხვას. რადგან ჩვენ, ადამიანები, ევოლუციის ისეთ საფეხურზე ვიმყოფებით, სადაც სურვილი გაცილებით ძლიერია აზრზე, ამიტომ ერთნაირი სურვილები უფრო აკავშირებენ ადამიანებს, ვიდრე ერთნაირი აზრები.

აქედან გამომდინარე, ადამიანთა უმრავლესობაში სურვილი ქმნის მომავალში მტრებსა და მოყვარეებს. სურვილს შეუძლია ხვალ დაგაკავშიროს ისეთ ადამიანებთან, რომელთა არსებობაზე დღეს წარმოდგენაც კი არა გვაქვს. შესაძლებელია, ერთის მძლავრმა სურვილმა ისე იმოქმედოს მეორეზე, თანაც ისეთ მომენტში და ისეთ გარემოებაში, რომ შედეგი წარმოუდგენელი აღმოჩნდეს. 

არსებობს ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როდესაც შინაგანი ზნეობრივი, სიკეთესა და ბოროტებას შორის მერხევი, სასწორი არამდგრად წონასწორობაშია. ჩვენთვის შეუცნობელი ფსიქიკის სამყაროდან ნაკარნახევი უმცირესი ვიბრაციაც კი, მომენტალურად გადაწყვეტს, თუ სასწორის ისარი რომელ მხარეს გადაიწონოს.  ადამიანს უკვირს, როდესაც, მისი აზრით, დაუმსახურებლად, უეცრად, თავს უბედურება ატყდება. მის მოუმზადებელ ცნობიერებას ვერც კი წარმოუდგენია, ეჭვიც კი არ უჩნდება, რომ მისი უბედურების მიზეზი იყო ზიანი, რომელიც მისმა უარყოფითმა სურვილმა, შეუმჩნეველმა ჟესტმა, ირონიამ, მიმიკამ სხვა ადამიანს მიაყენა.

სამი ძალა აშენებს ჩვენს მომავალს. ჩვენი აზრები ქმნიან ჩვენს ხასიათს. ჩვენი სურვილი ირჩევს იმათ, ვის გარემოცვაშიც მომავალში ცხოვრება მოგვიწევს. ჩვენი ბედნიერების ზუსტ ზომას ჩვენი ქმედება აყალიბებს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ძალას თავისი მოქმედების არეალი, სფერო აქვს. თუ ადამიანი მიწაზე თესავს, მოსავალს ცაში ვერ მოიმკის. 

მან შეიძლება ხორბალი ბოროტი ჩანაფიქრით დათესოს, მაგალითად, იმისათვის, რომ ბოროტების ჩასადენად საშუალება მოიპოვოს, მაგრამ ამ თესლიდან ისეთივე ხორბალი ამოვა, როგორიც კეთილი აზრით დათესილი მარცვლიდან ამოვიდოდა. ამ პროცესის შედეგისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ხორბალი რა მიზნით დაითესა. სულიერი, ფსიქოლოგიური, გონებრივი ძალა და მისი ზემოქმედების შედეგები შეიძლება აზრის, ჟინის გაცხოველებით გამოიხატოს, ანუ სულიერ სფეროში; როდესაც აზრი, გრძნობა ქმედებაში გადადის, მაშინ ყველა შედეგი მიწიერში გამოისახება. 

თუ ადამიანი ეკლესიას აშენებს, შესაძლებელია, ეს ჩანაფიქრი უარყოფითი განზრახვით, ქედმაღლობით, განდიდებით იყოს ნაკარნახევი, მაგრამ ეკლესიაში შემსვლელისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. აქ ისინი ისეთსავე შვებას იგრძნობენ, როგორსაც ეკლესიის კეთილი სურვილით აშენების შემთხვევაში მიიღებდნენ. რაც უფრო მაღალია ის წყარო, საიდანაც მოდის ადამიანის შინაგანი ქმედება, მით ხანგრძლივი და ძლიერია მისი გავლენა.
ავირჩიოთ ამაღლებული წყარო და დავიწყოთ ქმედება ყოყმანისა და შიშის გარეშე.

უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ქმედება აბსოლუტურად ჭეშმარიტი არ იყოს. მთავარია, რომ ავმოქმედდით, რადგან შეცდომა მხოლოდ მიწიერი გამოვა, ამიტომ მისი მიღება, როგორც მკაცრი გაკვეთილისა, და შესაბამისად, მისი გამოსწორება, შესაძლებელია. 
მთავარია არ დავემორჩილოთ ჩვენი აზროვნებისთვის მიუღებელ, გარემოს მიერ თავსმოხვეულ ცხოვრების წესს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი