ნონა ხიდეშელი კანტი – გრძნობიერება  და განსჯა

0
516

ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური  კვლევის  ხაზიანტიკური  პერიოდიდან მოყოლებული ევროპულ  ფილოსოფიაში  მუდმივად  ჰპოვებდა  ასახვასთუმცა განვითარების  უმაღლეს მწვერვალს  გერმანულ  კლასიკურ  იდეალიზმში  მიაღწია

გერმანულ  ფილოსოფიურ  აზროვნებაში, მეთვრამეტე  საუკუნის  ბოლოდან, ყალიბდება იდეალისტური   დიალექტიკა. მის  დამკვიდრებას  იწყებს  კანტი, შემდეგ  აგრძელებს ფიხტე, შელინგი  და  აგვირგვინებს  ჰეგელი. ფილოსოფიური  ხაზი  კანტიდან ჰეგელამდე, როგორც  ცნობილი  ქართველი  ფილოსოფოსი, კოტე  ბაქრაძე აღნიშნავს, არის  ხაზი  დიალექტიკური  მეთოდის  გამომუშავებისა, ანუ  როგორც  მას უწოდებენ – იდეალისტური  დიალექტიკის  დამკვიდრებისა.

ზოგადად დიალექტიკა, როგორც  ფილოსოფიური  შემეცნების  მეთოდი, პირველად  აღიარა ჰერაკლიტემ, ხოლო  განავითარა  და  გააღრმავა  პლატონმა. პლატონს  დიალექტიკა მიაჩნდა  კამათის, საუბრის  ხელოვნებად, სადაც  აზრთა  გაცვლა–გამოცვლითა   და გაგება–გააზრებით  მიიღწევა ჭეშმარიტება. პლატონის   მოსაზრებით, მართალია  თვითონ დიალოგი ჭეშმარიტებას  არ  შეიცავს, მაგრამ  იგი  არის  გზა, მის  მისაღწევად. 

გერმანულ  კლასიკურ  იდეალიზმში, დიალექტიკის   გაგება  შეიცვალა  და  ჩამოყალიბდა როგორც  მოძღვრება, რეალურ  მოვლენათა  ურთიერთკავშირისა  და  განვითარების შესახებ. სწორედ  ასეთი  ტიპის  აზროვნება  დაიწყო  კანტმა, ხოლო  საბოლოო  სახე  მას ჰეგელმა  მისცა. კ. ბაქრაძე  წერს: “ჰეგელმა  დაამთავრა  გერმანული  იდეალიზმის განვითარების  ეპოქა, რამაც  შესაძლებელი  გახადა, კანტის, ფიხტესა  და  შელინგის ფილოსოფიური  სისტემების  სწორი  გაგება.” მისივე  თქმით, გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია, არის  სუბიექტის  ფილოსოფია, რადგანაც, სუბიექტი  არ  არის მხოლოდ  სუბიექტური, არამედ  იგი  სუბიექტურისა  და  ობიექტურის  ერთიანობაა, მათზე მაღლა  დგას  და  სუბიექტი  იმავდროულად  ობიექტიცაა. 

კანტის  ტრასცენდენტალური  ფილოსოფიის  მთელი  შინაარსი, სუბიექტის  ცნებას ემყარება. ფილოსოფიის  ამოსავალ  წერტილად  სუბიექტის, ანუ  ადამიანის აღიარება, ახალი  სიტყვა  იყო  ფილოსოფიაში. ფიხტე  აგრძელებს  ამ  მიმართულებას  და უფრო  უღრმავდება  სუბიექტის  ცნებას. მისთვის  ადამიანის  მოქმედება, არის  საკუთარი თავის  შეცნობის  პროცესის  დასაწყისი, რითაც  იგი  მიისწრაფის  დაუბრუნდეს  საკუთარ თავს. აქედან  გამომდინარე, ასკვნის, კ. ბაქრაძე, ცხადია, რომ  გერმანული  იდეალიზმი სუბიექტურ  ფილოსოფიას  წარმოადგენს.  

კანტი, თავის  ტრანსცენდენტალურ  ფილოსოფიაში, არკვევს  შემეცნების შესაძლებლობისპირობებს  და  საბოლოოდ  შემეცნების  მხოლოდ  იმ  ტიპს განიხილავს, რომელიც  აფართოებს  ადამიანის  ცნობიერებას, ესაა – გრძნობიერება  და განსჯა.

კანტი  ცდილობდა  ეპოვა  ზოგადი  საზომი, რითაც  შესაძლებელი  გახდებოდა  ადამიანური განსჯის  ძირითად  სრტუქტურის  დახასიათება  და  ეს  სტრუქტურა  იქნებოდა განსხვავებული  ყველა  სხვა  ტიპის  შემეცნებისგან. იგი  საბოლოოდ  მივიდა  იმ დასკვნამდე, რომ  ასეთი  საზომი, თავად  ადამიანის  შემეცნებაშია, ადამიანის  გონების სტრუქტურაში, სადაც  განსჯა, მკვეთრად  განარჩევს  საგანთა  სინამდვილესა  და შესაძლებლობას. ხოლო ადამიანს  ძალუძს გაარჩიოს „ნამდვილი“ და „შესაძლებელი“,  რადგანაც  სხვა  ცოცხალი  არსებები  გრძნობად აღქმებში  არიან  ჩაკეტილნი  და ინსტიქტებით  მოქმედებენ, ხოლო ზეადამიანური ცნობიერებისთვის, ანუ  ღვთაებრივი გონისთვის, სინამდვილე  და  შესაძლებლობა  ერთი და  იგივეა. 

ბუნება   მისთვის  არის  კანონთა  სამყარო, ხოლო  კანონი  შექმნილია ტრანსცენდენტალური  ცნობიერების  მიერ . შემეცნების  პროცესში, შემმეცნებელი, (ანუ ადამიანი) მაღლდება  ტრანსცენდენტალურ   აზროვნებამდე  და  აღმოაჩენს, რომ ემპირიული, რეალურად  არსებული  ბუნება, მისი  ცნობიერების ტრანსცენდენტულ მომენტში მისივე  შექმნილია  და  ამიტომ  მხოლოდ ტრანსცენდენტალურადაა  იდეალური.

ჭეშმარიტება  არის  შემეცნების   შესაბამისობა  მის  საგანთან – განმარტავს კანტი.  შემეცნები  სპროცესში, ტრანსცენდენტალური  სუბიექტი, სინამდვილეს  შეიცნობს, ანუ შეიცნობს  თავის  კანონზომიერებას, რაც  საბოლოოდ  ნიშნავს, საკუთარი  თავის შეცნობას, ანუ  ადამიანი  დაუბრუნდება  თავისთავს, ამისათვის  კი  სუბიექტურისა  და ობიექტურის  დაპირისპირება  გაქრება  სუბიექტის  მთლიანობაში, ანუ  ერთმთლიანობად ქცეული  ადამინი, საბოლოოდ  მაღლდება  შინაგან (სუბიექტ–ობიექტის) დუალიზმსა  და დაპირისპირებაზე.

კანტის   მთელ  ფილოსოფიურ  სისტემაში, დომინირებს  მესამე  წევრი, რითიც  პირველი ორის შერიგება  ხდება, ანუ  დაპირისპირებული  წევრები, ერთმანეთს  მესამე  წევრის დახმარებით  უკავშირდებიან. აპრიორული  ცნებები  თუ დაიყოფა  სინთეზური  მთლიანობის მიხედვით: 1)პირობა, 2) განმაპირობებელიდა 3) ცნება – რომელიც  იქნება  პირობისა  და განმაპირობებელის  სინთეზი,  მაშინ  მესამე  წევრი  ანუ  ცნება, აქ გვევლინება, როგორც დაპირისპირებულ  მხარეთა  სინთეზი, ხოლო  სინთეზში მოცემულია, როგორც მრავალსახიანობა, ისე  მისი  სინთეზური  მთლიანობა.

გერმანული  იდეალისტური  მსოფლმხედველობის  მიხედვით, მთელის სინამდვილე,  ღვთაებრიობის  გამოვლენას  წარმოადგენს, მისი  გამოვლენის  ფორმად  კი სუბიექტი მიიჩნევა. სუბიექტში  არსებული  ტრანსცენდენტალური “მე”, შეიცნობს  იმას, რაც  მას შემეცნებამდე  შეუქმნია, ანუ  ესაა  არაცნობიერი  მოქმედების გაცნობიერება. კანტის აზრით, ბუნების  შეცნობით, ადამიანი  საბოლოოდ  თავისთავს  შეიცნობს, რადგანაც  ბუნება  სხვა არაფერია, თუ  არა  ტრანსცენდენტალური  სუბიექტი  და  მის  შესაცნობად, ადამიანმა საკუთარი  თავი  უნდა  შეიცნოს.

მაშასადამე, კანტის   ტრანსცენდენტალური  ცნობიერება  არის  სინთეზური მთლიანობა, როგორც  მრავალ  სახიანობის, ისე  თავისი  თავის  მთლიანობა, ანუ  ზოგადად ცნობიერება  ორი  ელემენტის  შემცველია, პირველი  ესაა  ცნობიერების  ანალიზური მთლიანობა, ანუ  თავისთავთან  იგივეობა,  – თვითცნობიერება, მეორე  კი  ცნობიერების სინთეზური  მთლიანობა, რაც  გულისხმობს  დაპირისპირებულ (სუბექტი  და ობიექტი) მხარეთა  მთლიანობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი