ამადეო მოდილიანი – სიკვდილმა მას დიდების მწვერვალზე მოუსწრო

0
249

ლადო გუდიაშვილის მოგონებები მოდილიანზე  ,,ძალიან ბევრი ცნობილი სახელი გავიდა აქედან ქვეყნად… ერთი მათგანი ამედეო მოდილიანი გახლდათ. ყოველ საღამოს თავის განკუთვნილ ადგილზე იდა იგი “როტონდაში” და აკეთებდა ჩანახატებს. ხშირად ჩვენს თვალწინ იქმნებოდა მისი სასწაულებრივი სურათები… მაშინ იგი ცნობილი არ იყო.

მოდილიანიმ შეძლო გამოეხატა არა მარტო საკუთარი მძაფრი განცდები და ტკივილები, არამედ საერთოდ, ადამიანური განცდები და ტკივილები; სხვას რას ნიშნავს ცნება “თანამედროვე მხატვარი,” თუ არა იმას, რომ მან უნდა გამოხატოს თავისი დროის მღელვარება, გაგვაგონოს და განგვაცდევინოს ამ დროის ძახილი, მისი ცოცხალი ხმა, მისი ღრმა ფსიქოლოგიური განცდები… ამისათვის პორტრეტის მარტო გარეგნული მიმსგავსება არ კმარა, ამისათვის საჭიროა ადამიანის სულის ამოცნობა, მისი სულიერი სამყაროს შეგრძნება. ასეთი მხატვარი გახლავთ მოდილიანი – ადამიანის სულის მხატვარი, დიდი შემოქმედი…
სიცოცხლეში თითქმის არავინ იძენდა მის სურათებს. ბევრს არ ესმოდა, მაგრამ ვისაც ესმოდა, ვინც იმთავითვე შესანიშნავად იცოდა მისი ფასი, არც ისინი ყიდულობდნენ… მოდილიანის სიკვდილის შემდეგ კი თითქმის უსასყიდლოდ დაისაკუთრეს. მისი სურათების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებშია თავმოყრილი… და, ალბათ, ვერასოდეს მოხერხდება მისი ერთი, მთლიანად თუ არა, რამდენადმე მაინც, სრული გამოფენის ნახვა…
მახსოვს, ერთ დღეს “როტონდაში” გამოფენა უნდა გაემართათ. მოდილიანიმაც მოიტანა თავისი სურათები. იქვე დააწყო და მაგიდას მიუჯდა. ხელში ჩანახატების ალბომი ეჭირა, მოწყენილი იყო. მის წინ ისხდნენ ვიღაც ქალი და მამაკაცი. გადაშალა ალბომი და ეს ქალი ჩახატა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, მეორედ ჩახატა და ქალს გადასცა. ქალმა იუკადრისა: – ეს მე არ ვარო, და უკან დაუბრუნა.
ო, ეს ქალები, არაფერი რომ არ ესმით... – გაბრაზდა და მე გადმომცა: აჰა, შენ გქონდეს.

მოდილიანის ნაჩუქარი სურათი

მოდილიანის ჩანახატი სურათი. რომელიც ლადო გუდიაშვილს აჩუქა

… ამას წინათ ერთი ფრანგი იყო ჩემს სახელოსნოში. ნახა ეს ჩანახატები. ძალიან მოეწონა. ამათგან მხოლოდ ერთი ნახატიც რომ გაყიდოთ დღეს საფრანგეთში, ნახევარ წელიწადს უზრუნველად იცხოვრებთო, – მითხრა.
მოდილიანის პორტრეტები მართლაც არ ჰგავს თავიანთ მოდელებს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, მხოლოდ გარეგნულად…
მის ნახატებში ბევრია პირობითობა, რარიგ დაშორებულიც უნდა იყოს იგი მოდელის გარეგნულ მსგავსებას, მათში მუდამ არის რაღაც განსაკუთრებით ჭეშმარიტი, ცხოვრებისეულად რთული და პოეტურად ამაღლებული. მისი ნახატები “უსიტყვო საუბრებია”. იგი განზრახ კი არ აგრძელებდა ადამიანის სახეებს, როგორც ზოგჯერ აღნიშნავენ, ხაზს კი არ უსვამდა ასიმეტრიულობას, ასე ხედავდა და ასე ხატავდა… ასეთი იყო მისი ხელწერა… მან მხატვრობა დაასახლა საოცრად პოეტური სახეებით… ყველა მისი პორტრეტი უჩვეულოდ ახლოსაა ჩვენთან. ამაშია მათი განსაკუთრებული ძალა.
პოეტური და ლამაზი იყო იგი გარეგნულადაც. მუდამ მოწყენილი დადიოდა. ფერმკრთალი… მაშინ იგი უკვე ავად იყო და ჩემს იქ ყოფნაში გარდაიცვალა.
მახსოვს, კაფეს პატრონს ლიბიონს არაფერი გაეგებოდა მისი ხელოვნებისა, მაგრამ ხედავდა, როგორ იტანჯებოდა, სთხოვდა რომელიმე სურათს და სანაცვლოდ სადილზე, ან, ჭიქა ყავაზე იწვევდა… სხვა არც არაფერი სჭირდებოდა მოდილიანის, გარდა იმისა, რომ ეგრძნო, ვიღაცას მისი ნახატი მოეწონა, რომ იმ ვიღაცამ შეიცნო მისი სულის ტკივილი.
ახლა კი პარიზის ერთ-ერთ ძველ – პერლაშეზის სასაფლაოზე არის მისი საფლავი. საფლავზე იტალიურად აწერია:

ამადეო მოდილიანი,
მხატვარი,
დაიბადა ლივორნოში 12 ივლისს 1884 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 24 იანვარს, 1920 წელს.
სიკვდილმა მას დიდების მწვერვალზე მოუსწრო”.

ცოტა ქვემოთ, იმავე დაფაზე ვკითხულობთ:

“ჟანა ებიუტერნი.
დაიბადა პარიზში, 6 აპრილს, 1898 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 25 იანვარს, 1920 წელს.
ამადეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ვინც არ მოისურვა უმისოდ სიცოცხლე”.

Jeanne Hebuterne

მეც დამინახავს ჟანა ებიუტერნი, მოდილიანისთან ერთად რომ მიჰყვებოდა მონპარნასის ქუჩას.
მოდილიანის სიკვდილი ნამდვილი ტრაგედია იყო და ეს იმავე დღეს იგრძნო ყველამ. მას შემდეგ მის სახელს აღარ სცილდება ეპითეტები: “დიდი”, “განუმეორებელი”, “გენიალური”.
ახლა იტალია და საფრანგეთი ერთმანეთს ვეღარ უთმობენ ამადეო მოდილიანის… ხელოვნებათმცოდნეები დღესაც დაობენ – იტალიელი მხატვარია იგი, თუ ფრანგი…
ორივე ამ ქვეყნის უმდიდრეს ეროვნულ მუზეუმებში კი მისი მხოლოდ რამდენიმე სურათი ჰკიდია… დანარჩენი კერძო კოლექციებშია გაფანტული!” 

მოდილიანის წილად ხვდა ფუფუნება ღატაკად დარჩენისა“ – ჟან კოკტო

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი