ფილიპ ზიმბარდო – სტერეოტიპები ცრურწმენების ფუნქციონირებაში

0
622

სტერეოტიპების ეფექტები – როგორ ერთვებიან სტერეოტიპები ცრურწმენების ფუნქციონირებაში.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სოციალური კატეგორიზაციის ძალა მრავალი სახის ცრურწმენის საწყისების ასახსნელად. იმისათვის, რომ ავხსნათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ცრურწმენების გავლენა, ჩვენ უნდა ავხსნათ მეხსიერების ის სტრუქტურები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამყარებენ მათ, კერძოდ, კი – სტერეოტიპები.

სტერეოტიპები წარმოადგენენ ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებულ განზოგადებებს, რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ ჯგუფს.

უეჭველია, რომ თქვენ სტერეოტიპების ფართო სპექტრს იცნობთ. რა შეხედულებები გაქვთ კაცებსა და ქალებზე, ებრაელებზე, მუსულმანებსა და ქრისტიანებზე, აზიელებზე, აფროამერიკელებზე, ამერიკის მკვიდრ მოსახლეობაზე, ლათინოამერიკელებსა და კავკასიელებზე? რა გავლენას ახდენენ ეს შეხედულებები ამ ადამიანებთან თქვენს ურთიერთობებზე? თქვენი შეხედულებების გამო თავს არიდებთ ხოლმე მათთან ურთიერთობას?

ვინაიდან სტერეოტიპები ასე ძლიერად ერთვებიან მოლოდინებში, ისინი ხშირად უწყობენ ხელს იმ სიტუაციების წარმოქმნას, როდესაც ადამიანები თვითონ აგებენ საკუთარ სოციალურ რეალობას. გაითვალისწინეთ, რა როლს ასრულებენ სტერეოტიპები იმ შეფასებით მსჯელობებში, რომლებიც სოციალურ გარემოში რაიმეს “არსებობას” ეხება. ადამიანები “მონაცემების ნაკლებობის” საკუთარი სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ინფორმაციით შევსების ტენდენციით ხასიათდებიან: “მე არ ვაპირებ ჰიროშისთან ერთად მანქანაში ჩაჯდომას – აზიელები საშინელი მძღოლები არიან”. ასევე, ადამიანებს შეუძლიათ (არა აქვს მნიშნელობა, იციან თუ არა) სტერეოტიპული ინფორმაციის ქცევითი დადასტურებისათვის გამოყენება. მაგალითად, თუ თქვენ ასაბუთებთ, რომ ებრაელები ცუდი მეგობრები არიან, თქვენ არასოდეს მისცემთ მათ შესაძლებლობას, რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცონ. ამაზე უარესი ისაა, რომ გაიმყარებენ თუ არა საკუთარ მოსაზრებებს, ადამიანები აღარაფრად აგდებენ სხვების, მათი სტერეოტიპებისთვის შეუსაბამო მოსაზრებებს.

არაპოპულარული სტერეოტიპი – შეუსაბამო ინფორმაცია

რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ იღებთ ინფორმაციას, რომლის ნაწილიც ამყარებს თქვენს შეხედულებებს, მეორე ნაწილი კი ეწინააღმდეგება მას? ერთ-ერთ კვლევაში ექსპერიმენტატორებმა სტუდენტები დაყვეს ორ – ჰომოსექსუალიზმის მიმართ ძლიერი და სუსტი ცრურწმენების მქონე – ჯგუფად. ამის შემდეგ თითოეული სტუდენტი თანმიმდევრობით კითხულობდა ორ მეცნიერულ ნაშრომს ჰომოსექსუალიზმის შესახებ.

ერთ ნაშრომში მოცემული იყო სტერეოტიპის შესაბამისი დასკვნა, რომ ჰომოსექსუალიზმი უნდა შეფასდეს სქესთაშორის ქცევებთან მიმართებაში, მეორეში კი – სტერეოტიპის საწინააღმდეგო დასკვნა, რომ ჰომოსექსუალიზმი არ უნდა იქნეს შეფასებული სქესთაშორის ქცევებთან მიმართებაში.

როდესაც ორივე ჯგუფის სტუდენტები აფასებდნენ ორივე ნაშრომის მეცნიერულ დონეს, მათ მაღალი შეფასება მისცეს იმ ნაშრომს, რომელიც, შესაბამისად, ემთხვეოდა მათ შეხედულებას. მაგალითად, ძლიერი ცრურწმენების მქონე ცდის პირებმა მეტი მეცნიერული ღირსება მიაწერეს იმ ნაშრომს, რომელიც განამტკიცებდა სქესთაშორის სტერეოტიპს. მეტიც, ამ ორი ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, რომლებიც ფაქტობრივად, მხოლოდ აბალანსებდნენ ერთმანეთს, სტუდენტებმა დაადასტურეს, რომ მათ განუმტკიცდათ საკუთარი აზრის სისწორის რწმენა.

ნება მოგვეცით, გაგახსენოთ სტერეოტიპების სხვა ეფექტი, რომელსაც ინტელექტის ტესტირების განხილვის დროს შევეხეთ. გავიხსენოთ მე-10 თავი, სადაც ინტელექტის კოეფიციენტებში (IQ) რასობრივ განსხვავებებზე ვსაუბრობდით. აღნიშნულ თავში ჩვენ მიმოვიხილეთ ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სტერეოტიპულ ჯგუფებს ახასიათებთ საფრთხე, რომელსაც კლოდ სტილმა და მისმა კოლეგებმა სტერეოტიპული საფრთხე უწოდეს. ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ინფორმაცია არ ამცირებს ცრურწმენებს: ადამიანებს გააჩნიათ მიდრეკილება, მნიშვნელობა არ მიანიჭონ იმ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მათ მთავარ სტერეოტიპებს (შემდეგ ქვეთავში განვიხილავთ ცრურწმენების შემცირების უფრო ქმედით მეთოდებს).

სტერეოტიპული საფრთხე ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანები ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, რომლებთანაც დაკავშირებულია სტერეოტიპის ნეგატიური ასპექტები. მაგალითად, აფრო-ამერიკელების მიერ უნარების ტესტების შესრულება უარესდება, როგორც კი უჩნდებათ ეჭვი, რომ ტესტის შედეგები შეესაბამება შავკანიანების სწავლის დაბალუნარიანობის სტერეოტიპებს. ეს მონაცემები იმიტომ შეგახსენეთ, რომ ხაზი გაგვესვა იმ ფაქტორებისთვის, რომლებიც აძლიერებენ უარყოფით სტერეოტიპებს და იმ ხერხებისთვის, რომლებიც სტერეოტიპულად განწყობილი ადამიანების ცხოვრების დეფორმაციას იწვევენ.

დარწმუნებულიც რომ იყოთ, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ცრურწმენები, მაინც სავარაუდოა, რომ თქვენც გაქვთ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. ამ სტერეოტიპების ცოდნამ, შესაძლოა, არაცნობიერ დონეზე მათი გამოყენებისაკენ გიბიძგოთ. იმ ადამიანებმაც კი, რომელთა შეხედულებებიც თავისუფალია ცრურწმენებისგან, შესაძლოა, მაინც განახორციელონ ავტომატური აქტები, რომლებიც წარსული და აწმყო გარემოცვის მრავალი წყაროდან მიღებულ გაუცნობიერებელ ცრურწმენებს გულისხმობენ. შეხედეთ თქვენს მეგობრებს, ისინი ხომ იგივე ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან, რომელსაც თქვენ? თუ ასეა, რატომ?

ჩვენ მივედით იმ სავალალო დასკვნამდე, რომ ცრურწმენის შექმნა ადვილია, მაგრამ დაძლევა – ძნელი. მიუხედავად ამისა, სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების პირველი დღეებიდანვე მეცნიერები ებრძვიან მათ. ახლა მივუბრუნდეთ ამ მცდელობების საუკეთესო მაგალითებს.

ცრურწმენების დაძლევა

სოციალურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთმა კლასიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ “ჩვენ” ჯგუფის დაპირისპირებამ “ისინი” ჯგუფთან, შესაძლოა, სერიოზულ მტრობამდე მიგვიყვანოს. 1954 წლის ზაფხულში მუზაფერ შერიფმა და მისმა კოლეგებმა ორ ჯგუფად დაყოფილი ბიჭები ოკლაჰომის შტატის სახელმწიფო პარკში წაიყვანეს. ჯგუფებს, პირობითად, “არწივები” და “ჩხაკუნები” უწოდეს. თითოეული ჯგუფი თვითონ უვლიდა თავის თავს – ისინი დაეხეტებოდნენ, ცურავდნენ, საჭმელს ამზადებდნენ და ერთი კვირის განმავლობაში არაფერი იცოდნენ მეორე ჯგუფის არსებობის შესახებ. ჯგუფებმა ერთმანეთი ბეისბოლში, ფეხბურთსა და ბაგირის გადაწევაში შეჯიბრების დროს გაიცნეს. ასეთ დასაწყისს ორ ჯგუფს შორის გამძვინვარებული მეტოქეობა მოჰყვა. დაწვეს ერთმანეთის ალმები, დაარბიეს და გაძარცვეს საცხოვრებელი კოტეჯები და საკვების გამო ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს. როგორ უნდა შემცირებულიყო ასეთი მტრობა?

ერთმანეთზე დამოკიდებულებების აუცილებლობა

ექსპერიმენტატორებმა სცადეს პროპაგანდისტული ხერხი – ერთ ჯგუფს უქებდნენ მეორეს. ამან არ გაჭრა. ამის შემდეგ შეეცადნენ ჯგუფებისთვის ისეთი გარემო შეექმნათ, რომელიც გამორიცხავდა შეჯიბრს. არც ამან იმოქმედა. მტრობა მაშინაც გრძელდებოდა, როდესაც ჯგუფები ერთად უყურებდნენ ფილმს. ბოლოს მკვლევრებმა ერთი რამ მოიფიქრეს. მათ უნდა შეექმნათ ისეთი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელი იქნებოდა საერთო მიზნების დასახვითა და თანამშრომლობითი აქტივობით. მაგალითად, მკვლევრებმა შექმნეს ისეთი სიტუაცია, რომ ბიჭებს ხრამიდან ტვირთი ამოეთრიათ. საერთო ამოცანის წყალობით მტრობა გაქრა და, ფაქტობრივად, ისინი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ “ჯგუფების საზღვრების” დარღვევის გარეშე.

ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა კონტაქტის ჰიპოთეზა (Cotact hipothesis), რომ მტრულ ჯგუფებს შორის პირდაპირი კონტაქტი ამცირებს ცრურწმენებს. ბიჭებს ერთად ყოფნის გარდა სხვა აღარაფერი სურდათ და, პირიქით, ექსპერიმენტმა ისიც აჩვენა, რომ ცრურწმენების დასაძლევად წახალისებულ უნდა იქნეს ადამიანების ერთმანეთზე დამოკიდებულება და საერთო მიზნები. ერთი წუთით დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ცოდნა იმ სიტუაციებში, რომლებშიც ჩართულნი ხართ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაპირისპირებული თანამშრომლების ხელმძღვანელი ხართ. რას მოიმოქმედებდით ამ დაპირისპირების აღმოსაფხვრელად?

მოგვიანებით, სოციალურმა ფსიქოლოგმა ელიოტ არონსონმა და მისმა კოლეგებმა შეადგინეს პროგრამა, რომელიც ემყარებოდა აღწერილი ექსპერიმენტის შედეგებს და მიზნად ისახავდა ტეხასსა და კალიფორნიაში ახლად დესეგრერირებულ სკოლებში ცრურწმენების აღმოფხვრას. მათ შექმნეს ისეთი სასწავლო პროგრამები, რომლის პირობებში მეხუთე კლასის მოსწავლეები სწავლის პროცესში ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი და ნაკლებად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სასწავლო მასალის ათვისებაში.

სტრატეგიაში, რომელიც “ასაწყობი სურათების” (Jegsaw classrooms) მეთოდის სახელითაა ცნობილი, თითოეულ ბავშვს მოსამზადებლად ეძლევა მთელი მასალის ნაწილი, რომელიც შემდეგ მან ჯგუფის დანარჩენ წევრებს უნდა გააცნოს. წარმატება ფასდება მთელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის ხარისხზე დაყრდნობით. ამდენად, მნიშვნელოვანი და ფასეულია ჯგუფის თითოეული წევრის წვლილი. ასეთი ასაწყობი სურათების მეთოდით მომუშავე კლასებში რასობრივი კონფლიქტები შემცირდა, ვინაიდან მანამდე ურთიერთდაპირისპირებული თეთრკანიანი, ლათინოსი და ზანგი სტუდენტები ერთად იყვნენ საერთო მიზნებით გაერთიანებულ ჯგუფებში.

განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ყმაწვილის, კარლოსის შემთხვევა. კარლოსს იგნორირებას უკეთებდნენ იმის გამო, რომ მისი მშობლიური ენა არ იყო ინგლისური; მას დაევალა ჯგუფში, რომელიც ჯოზეფ პულიტცერის პრემიის მოპოვებას ცდილობდა, განსაკუთრებული როლის შესრულება. გუნდის სხვა წევრებს უნდა მოეფიქრებინათ, როგორ მიეწოდებინათ მისთვის ინფორმაცია, რომლის პრეზენტაციაც უნდა მოეხდინა მას შემდგომ. თანაგუნდელების მოთმინებისა და გამამხნევებელი შენიშვნების საპასუხოდ, კარლოსს მათ მიმართ თბილი გრძნობები გაუჩნდა და ისიც გაარკვია, რომ პრემიის მოპოვების ამბავი ნამდვილი არ იყო. მან სათანადოდ შეაფასა როგორც საკუთარი თავი, ისე – თანაგუნდელები (ჩვენ სიხარულით უნდა აღვნიშნოთ, რომ კარლოსმა ტეხასში კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში გააგრძელა).

მიუხედავად იმისა, რომ ცრურწმენებთან დაკავშირებული, ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითების უმრავლესობა აშშ-ის ფარგლებშია მოპოვებული, ფაქტობრივად, ყველა საზოგადოება განასხვავებს შიდა და გარე ჯგუფებს. დაბოლოს, ამ ქვეთავის სისრულისათვის, ცრურწმენების დაძლევის საკითხის თვალსაზრისით, ჩვენ განვიხილავთ ექსპერიმენტს, რომელიც საკითხის ინტერნაციონალურ ასპექტებს ეხება და ღირსშესანიშნავია თავისი შედეგებით.

თომას პეტიგიუმ შეისწავლა დაახლოებით 4000 ადამიანის მონაცემი საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ინგლისსა და ყოფილ დასავლეთ გერმანიაში, რათა შეემოწმებინა შერიფის და მისი კოლეგების მიერ აღწერილ კვლევაში მიღებული შედეგები, განსაკუთრებით კი – კონტაქტის ჰიპოთეზა, რომელსაც ცრურწმენების შემცირებამდე მივყავართ.

მეგობრობა ამცირებს ცრურწმენებს

ყველა ამ ქვეყანაში ცდის პირებს სთხოვეს, განესაზღვრათ თავიანთი დამოკიდებულება გარკვეული ეროვნული უმცირესობების მიმართ (მაგალითად, ინგლისელებს ეკითხებოდნენ ინდოელების, ხოლო გერმანელებს – თურქების შესახებ). მათ, აგრეთვე, სთხოვდნენ, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ ადამიანებთან კონტაქტების ტიპის შესახებ, რომლებიც სხვა ერებს, რასებს, რელიგიებს, კულტურებს ან სოციალურ კლასებს ეკუთვნოდნენ; ჰყავდათ თუ არა მათ შორის მეგობრები, მეზობლები ან თანამშრომლები. კვლევის შედეგები საკმაოდ დრამატული იყო. როდესაც ადამიანები ამ გარე ჯგუფების წევრებს ახასიათებდნენ, როგორც მეგობრებს, ისინი ცრურწმენების შედარებით დაბალ დონეს ავლენდნენ.

კულტურათაშორისი (კროს-კულტურული) მონაცემების გათვალისწინებით, ამ კვლევიდან ძალზე ცალსახა დასკვნა გამომდინარეობს: გარე ჯგუფის წევრთან მეგობრობას ცრურწმენების გაქრობამდე მივყავართ.

რატომაა მეგობრობა ასე ეფექტური?

მეგობრობა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი გაიგონ გარე ჯგუფის წევრების შესახებ, მათთან იდენტიფიკაციაც კი შეიძლება მოახდინონ. მეგობრობამ, ასევე, შესაძლოა, დეპროვინციალიზაციამდეც მიგვიყვანოს: ეს ნიშნავს, რომ, როდესაც ადამიანები მეტს იგებენ გარე ჯგუფის ნორმების და ჩვეულებების შესახებ, ისინი ნაკლებ “პროვინციულები” ხდებიან საკუთარ შიდა ჯგუფში მიმდინარე პროცესების კორექტულობასთან მიმართებაშიც.

სოციალური ფსიქოლოგია არ თვლის, რომ ცრურწმენები ხელის ერთი მოსმით შეიძლება მოისპოს, მაგრამ ის თანმიმდევრულად დგამს ნაბიჯებს მათი ყველაზე მძიმე შედეგების თანდათანობითი აღმოფხვრისათვის თითოეულ მცირე შემთხვევაშიც კი. ნამდვილად ღირს, გამოძებნოთ დრო და დააკვირდეთ, როგორ შეძლებთ თქვენი იმ ცრურწმენების გამოვლინებების დარეგულირებას თქვენ ირგვლივ, რომლებსაც ან თქვენ ახვევთ თავზე სხვებს, ან, პირიქით, სხვებისგან გიხდებათ ამის ატანა.

შეჯამება

ცრურწმენებთან დაკავშირებული სავალალო რეალობა ისაა, რომ ძალზე მინიმალური მანიშნებელიც კი საკმარისია მავნე ტენდენციების ჩამოყალიბებისათვის. კვლევებმა ცხადყო, რომ სოციალური კატეგორიზაცია სწრაფად კრავს უცხო ადამიანებს მჭიდროდ შეკავშირებულ ჯგუფებად, რომლებიც შიდა ჯგუფების წევრებს უფრო პოზიტიურად აღიქვამენ, ვიდრე – გარე ჯგუფების წევრებს. სტერეოტიპები ზღუდავენ ადამიანის მიერ “რეალობის” განცდას. შერიფის ექსპერიმენტმა დაგვანახა, რომ ცრურწმენები შეიძლება შემცირდეს იმ პროგრამებით, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო მიზნების მიღწევას. ასაწყობი სურათების მეთოდი ამას საკლასო ოთახებში აკეთებს. კვლევები აჩვენებენ, რომ განსხვავებული ჯგუფების წევრთა დამეგობრება ცრურწმენების შემცირებას იწვევს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი