თამაზ ბუთხუზი – კონფორმიზმი და ინდივიდუალიზმი

0
321

საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში გასარკვევად ვალდებულნი ვართ, გავაანალიზოთ, თუ რა დატვირთვა აქვს ცნებებს კონფორმიზმი და ინდივიდუალიზმი.

ცნება მე-ს და ჩვენ-ის წარმოდგენა მარტოობის სევდის მცოხვნელად და ჯოგად უმრავლესობაში უკიდურეს აღშფოთებას და პროტესტს გამოიწვევს. ეს გასაგებია, რადგან აქ სოციუმი წარმოდგენილია ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით ეს, ერთი მხრივ.

მეორე მხრივ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თითქოს დაპირისპირებულია სევდის მცოხვნელი _ ინდივიდუალისტი და ჯოგში გაერთიანებული _ კონფორმისტი.

გამოდის, რომ სახეზეა ორი განსხვავებული მდგომარეობა, ,,თეთრისა” და ,,შავის” მარადიული კონტრასტი და თითქოს ჩვენს რეალობაში სხვა ფერი არ არსებობს.

მართლაც, დროდადრო განსწავლულნი მასას ნახირად, ჯოგად მოიხსენიებენ. ცხადია, ეს შედარება ზრდილობის, ხასიათის, პოლიტკორექტულობის მიმანიშნებელია.

სამწუხაროდ, ხშირად განათლებულიც იმავე ტერმინოლოგიას იყენებს, იმ განსხვავებით, რომ მისი მხრიდან ეს მტკივნეული რეაქციაა იმ დამთრგუნველ უმრავლესობაზე, რომელსაც განვითარება, ჭაობიდან ამოსვლა არ სურს და მისი ნეტარება მხოლოდ ფიზიოლოგიური აქტებით შემოიფარგლება.

ორივე შემთხვევაში ცნება ,,ძირითადი მასა” აქ წარმოგვიდგება სიტყვების: ჯოგი, ნახირი ნეგატიური შეფერილობის სინონიმად.

განსწავლულმა იცის, რომ საკმარისია, ნახირს ნახირი უწოდოს და ის საოცარ შვებას იგრძნობს: სიყალბის ჭაობში შესვლა აღარ მოუწევს; პარლამენტარად აღარ აირჩევენ; მის ნეკროლოგში აღარ გაჩნდება ჩანაწერი _ ,,საზოგადო მოღვაწე”. შესაბამისად, აღარ დასჭირდება მლიქვნელობა, ტყუილების შეთხზვა. ჩვენზე უკეთ ხვდება, რომ თუ ის ნახირს ,,ნახირს” უწოდებს, ამით გადალახავს რუბიკონს, მოეხსნება უხერხულობის ტვირთი, ხდება თავისუფალი შემოქმედი და მას უკვე ამაღლებულზე ფიქრი შეუძლია. თუ მან ეს მოახერხა, მაშინ აუცილებლად მიხვდება, რომ ამაღლებული შემოქმედებისთვის სულაც არაა აუცილებელი, მასას ნახირი უწოდოს.

დღეს მან მხოლოდ ის იცის, რომ სიტყვა ნახირის უკან დგას უხერხული, უხეში სიმართლე. მისთვის ეს შეფასება მხოლოდ ემოციური, მტკივნეული მცდელობაა, მასა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს.

საკუთარი სევდის მცოხვნელის, ჯოგისა და ცოდნის მაძიებლების გარდა სოციუმში ასევე არსებობს ის გაუგებარი, გამოფიტული პლასტი, რომელიც საკუთარ თავს, არც მეტი არც ნაკლები, ,,სულით ელიტას”, ,,პოლიტიკურ ელიტას”, ზოგადად ,,ელიტას” უწოდებს.

სულაც არაა საოცრება ის, რომ ეს თვითაღიარებული ,,პოლიტიკური ელიტა”, განსწავლულთა აზრით, ნახირის ყველაზე უარეს სახეობას წარმოადგენს. სწორედ მათგან ირჩევს ნახირი მენახირეს და ეს გასაგებია _ ისინი სულით ერთნი არიან.

მათ ესმით ერთმანეთის.

სწორედ ისინი არიან უზნეო, უმწიფარი სუბიექტები, რომელთაც კატეგორიულად არ სურთ, ან არ შეუძლიათ უბრალოდ პატიოსნად იშრომონ, ამიტომ ნახირის მათდამი აღფრთოვანებას თავისდა სასიკეთოდ იყენებენ და პირად ცხოვრებას იწყობენ. ცხადია, ასეთი ელიტის წარმომადგენელი მასას საჯაროდ არასდროს უწოდებს ნახირს, თუნდაც იმიტომ, რომ სააშკარაოზე ნახირი ნახირს, ნახირად არ მოიხსენიებს.

ეს არ ეშლება ყველა დროისა და სივრცის პოლიტიკურ აფერისტს, ამიტომ მისდამი აღფრთოვანების გამოსახატად მისულ ასეთ მასას მიმართავს შემდეგი სიტყვებით: _ ჩემი სათაყვანებელი, ბრძენი, ამაყი, შეუმცდარი, კდემამოსილი, დასავლური გარყვნილების არმიმღები, მრავალჭირნახული, მაგრამ გაუტეხელი, მებრძოლი, წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის ნამდვილი მემკვიდრე ქართველნი, პატრიოტნი და ღრმადაა დარწმუნებული, რომ დღეიდან ეს უნიჭიერესი ხალხი ძველ შეცდომას აღარასოდეს დაუშვებს და მას მუდმივ მმართველად, მენახირედ აირჩევს.

ცოდნის მაძიებლისთვის მართლაც რთულია, მტკივნეულია როგორც თავისივე სევდასთან მარტო დარჩენა, ასევე საკუთარი თავის ჯოგად ან ,,პოლიტიკურ ელიტად” შერაცხვა. სწორედ ასეთია მზად, ეძებოს იმ ,,მესამის” ჩამოყალიბება-დამკვიდრების საფუძვლები, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ღირსების საკადრისი ცხოვრების დამკვიდრება.

შევეცადოთ, ამ მწვავე პრობლემას ემოციის გარეშე შევხედოთ.

თითქოს ჩვენს რეალობაში, ერთი მხრივ, მრავლად მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც არც განდეგილებს მიაკუთვნებენ საკუთარ თავს და არც მცოხნავ ჯოგს. ალბათ მათ თავი იმ რაინდად წარმოუდგენიათ, რომელიც არსენა ოძელაშვილივით ან რობინ ჰუდივით ინდივიდუალურ თვისებებს ინარჩუნებს. ისინი ჯოგზე ამაღლებულ სუბიექტად, მცოხნავი ჯოგის პოტენციურ წინამძღოლად, სულიერ მამად აცხადებენ თავს.

მათდა სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ _ ერთი მხრივ, თუნდაც რობინ ჰუდზე ,,ამაღლებული ინსტიტუტი” _ გურული ფირალობა, სიმონ და დარიკო დოლიძეობა უბრალოდ ანაქრონიზმია.

მეორე მხრივ, წინამძღოლობის მოტრფიალეებს უბრალოდ შევახსენებთ ზოოლოგიის ფუნდამენტურ კანონზომიერებას _ მცოხნავი ჯოგის წინამძღოლი ვერ იქნება ვერც მტაცებელი და ვერც უხერხემლოთა წარმომადგენელი. ის მართალია, უფრო ,,ბანჯგვლიანი”, ძლიერი, მაგრამ მაინც მხოლოდ იმავე ჯოგის მცოხნავი წევრი შეიძლება იყოს.

განსაკუთრებით ნიჭიერთათვის, უფრო პოპულარულად: _ ლომი ვერ იქნება მცოხნავი ჯოგის ბელადი. გარწმუნებთ, ანტილოპების წინამძღოლი ისეთივე ანტილოპაა, ოღონდ უფრო მეტად რქიანი.

აქედან გამომდინარე, წინამძღოლობის მანიით შეპყრობილს რჩება ერთი _ თავი გამოაცხადოს სისხლისმსმელ მტაცებლად, რომელიც მცოხნავების ხარჯზე იკვებება. ასეთებს ავიწყდებათ, ან არ იციან, რომ ისინიც იმ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნიან, რომელიც არაფრით განსხვავდება ჯოგისგან. რა სახელითაც უნდა იყოს წარმოდგენილი მათი დაჯგუფება და რა ლამაზადაც უნდა ჟღერდეს ეს სახელი, ის მაინც ხროვას, ჯოგს ნიშნავს. შესაბამისად, მათდა სამწუხაროდ, ვიღებთ მტაცებელთა ჯოგის ნადირობას მცოხნავთა ჯოგზე და სხვა არაფერს.

ჩვენი რეალობის ანალიზიდან გამომდინარე, მგრძნობიარე, მოაზროვნე ადამიანს საწინააღმდეგო არგუმენტების მოძებნა გაუჭირდება.

ეს, ერთი მხრივ.

მეორე მხრივ, თითქოს არც ერთი ხარ, არც მეორე და ეს დაუკმაყოფილებლობა გიჩენს სურვილს, მოძებნო, აღმოაჩინო რაღაც სხვა ,,სივრცე”, სხვა პოლუსი, სხვა ადგილი, სადაც ნორმალური განვითარების ადამიანი მეტ-ნაკლებად კომფორტულად იგრძნობს თავს.

თუმცა, რა ფერია, როგორ გამოიყურება და სადაა ის იდუმალი სხვა პოლუსი, ინფანტილური აზროვნების ,,პოლიტიკოსების” გარდა არავინ იცის.

მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ უმრავლესობისთვის ამ პოლუსის ძიებას საერთოდ არა აქვს აზრი. მათთვის ჯოგში ყოფნა არაა დამთრგუნველი, რადგან ასეთი სისტემის მიმართ პასიური ადაპტირების საოცარი უნარი გააჩნიათ.

სწორედ ამ უნარს უწოდებენ კონფორმიზმს.

მისგან მკვეთრად განსხვავებული, მეტ-ნაკლებად განსწავლული, ნონკონფორმისტი (ინდივიდუალისტი) კი ღრმადაა დარწმუნებული, რომ მისი აღმატებულება განუმეორებელი პიროვნებაა და თავისი არსით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ცნებებისგან განუყოფელია. მას სჯერა, რომ მხოლოდ თავისუფლებით ფორმირდება და რეალიზდება მისი შემოქმედებითი პოტენციალი და ის აღასრულებს ყოფიერებას სრულად.

ასეთი ამაღელვებელი, სულის შემძვრელი და ჟრუანტელის მომგვრელი განმარტების მიუხედავად, ამ ცნებებს გააჩნიათ ის ფაქიზი ნიუანსები, რომ ადვილად, შეუმჩნევლად გადადიან საპირისპირო ცნებებსა და ფასეულობებში.

მართლაც, ძნელი დასადგენია, სად თავდება თავისუფლება და სად იწყება თავნებობა.

რა განსხვავებაა თავმოყვარეობასა და თვითკმაყოფილებას შორის?

როგორ გადადის თავმოყვარეობა საკუთარი თავის შეყვარებაში, ნარცისიზმში?

დიახ, საკმარისია, ანალიზის, ტონალობის უმცირესი ცვლილება და ინდივიდის დადებითი თვისება გადადის უარყოფით თვისებაში, აქ ზღვარი თითქოს წაშლილია.

ცნებათა და ფასეულობათა ასეთი შეუმჩნეველი ცვლილება-გადასვლები არა მარტო ჩვენი აზროვნებისა და ხასიათის სისუსტეზე, არამედ თვით ამ ცნებებისა და ფასეულობების გაუცნობიერებლობასა და არამკაფიო დეფინიაციაზე მიგვანიშნებს.

განვიხილოთ თუნდაც ისეთი უმნიშვნელოვანესი ცნება, როგორიცაა თავისუფლება.

ამ ცნების შეძლებისამებრ ზუსტი განსაზღვრების უქონლობას, არამკვეთრ, ბუნდოვან დასკვნებთან მივყავართ. დაუკვირდით, დღეს საყოველთაოდ მიღებული თავისუფლების განმარტებების განზოგადება მიგვიყვანს მინიმუმ ორი სახის გააზრებამდე: 

  1. თავისუფლება, ეს არის ის ობიექტური მდგომარეობა, ცხოვრების რაღაც მონაკვეთი, როდესაც ადამიანი თავისუფალია გარე იძულებისა და კონტროლისგან. შესაბამისად, მას ეძლევა საშუალება, საკუთარი შიგა სტიმულის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და იცხოვროს ამ გადაწყვეტილებით.
  2. თავისუფლება, ეს ის სუბიექტური რეალობაა, როცა ადამიანს ეძლევა საშუალება, ჩამოაყალიბოს საკუთარი მიზნების იერარქია და ისწრაფოს ამ მიზნების აღსრულებისკენ.

თავისუფლების კიდევ მრავალი მსგავსი განმარტება შეიძლება მოიგონოს ადამიანმა, მაგრამ ყველა განმარტებაში, როგორც იტყვიან, ვერ ავცდებით საკვანძო აზრს _ ,,… ადამიანს ეძლევა საშუალება, უფლება…” ,,ადამიანს ეძლევა უფლება” ნიშნავს, რომ თავისუფლება ადამიანის შინაგანი მდგომარეობა კი არ არის, არამედ მას თავისუფლება გარე სისტემისგან ენიჭება ან არ ენიჭება.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ უმაღლეს ფასეულობათა უმნიშვნელოვანესი ცნება ,,თავისუფლება” ადამიანის არა შინაგანი, თანდაყოლილი ფასეულობაა, არამედ ის გარედან ეძლევა და მას მხოლოდ არჩევანი, შემოთავაზებული თავისუფლების მიღება-არმიღება ხელეწიფება.

ასეთ თავისუფლებას რაც გინდათ ის უწოდეთ, მხოლოდ არა _ თავისუფლება.

1918 წ. გერმანიისგან გარედან ბოძებულმა თავისუფლებამ რაც მოგვიტანა, სამიოდე წელიწადში გახდა ცხადი. ქარის მოტანილი ქარმა წაიღო: დავკარგეთ ,,თავისუფლება”, დამოუკიდებლობა და 70 წლიან სანატრელ მონობაში აღმოვჩნდით.

შედეგი _ მონური მენტალიტეტი _ დღესაც სახეზეა.

სწორედ ამ მიღებ-გაცემის ლოგიკამ, თავისუფლების არამართებულმა (პერსონიფიცირებულმა) გაგებამ მიიყვანა ჩვენი აზროვნება ისეთ ბოლომდე გაურკვეველ ცნებებთან, როგორიცაა კონფორმიზმი, ნონკონფორმიზმი _ ინდივიდუალიზმი.

ე.წ. ინდივიდუალისტი დამოუკიდებლობას მართლაც გარეგნული სახით აღიქვამს და ეს დამოუკიდებლობა მე-სა და სხვები-ს დაპირისპირებაზე დაჰყავს.

ერთ მხარეზეა მე, მეორე მხარეზე _ სხვები და არავითარი გამონაკლისი. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალიზმი არაა ინდივიდუალიზმი.

მორჩა და გათავდა.

აი, ესაა მკვეთრად გამოსახული ილუზია.

და რაც უნდა გამწარებული იყოს ასეთი სუბიექტი სოციუმზე, როგორც თვითონ უწოდებს ჯოგზე, მისი ილუზორული მე გათქვეფილია ცნება ,,ჩვენ”-ში, იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი მსგავსი ტუტუცების, ინდივიდუალისტების გარკვეული პლასტი, არმია არსებობს, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, ქმნიან ცნება ,,ჩვენ”-ს, ჯგუფს.

შესაბამისად, ინდივიდუალისტს ჰგონია, რომ ის არაა კონფორმისტი, იმ დროს, როცა სრულად ექცევა ,,ორიგინალების”, ,,განსხვავებულების” ჯგუფის გავლენის ქვეშ.

ინდივიდუალისტების უმრავლესობა ვერ იაზრებს, რომ ის კონფორმიზმის ტყვეა და ღრმადაა დარწმუნებული საკუთარ ორიგინალურობაში. ასეთი მიიჩნევს, რომ მისი პირადი აზრი უბრალოდ ხანდახან სხვადასხვა დაჯგუფებების აზრს ემთხვევა. ხშირად ასეთები ინდივიდუალობის გამოსახატად განსხვავებულ მანერებს ამუშავებენ, ფეხზე ან ჭიპზე ბეჭდებსა და მძივებს იკეთებენ, მაისურზე საკუთარ ინიციალებს იწერენ, სხეულზე დრაკონებს იხატავენ,… საკუთარ თავს ხან პანკად, სატანისტად, ლიბერტარიანელად, როკერად, ხან პაციფისტად,… აცხადებენ. მათ ეს ყველაფერი ,,თვითდამკვიდრებისთვის”, არაკონფორმისტის იმიჯისთვის სჭირდებათ.

დევიზი _ ,,მე სხვა ვარ!” უბრალოდ ილუზიაა და ისინი არსით მასისგან არ განირჩევიან.

ზემოთ ნახსენები ჯოგისგან განსხვავებით, ესაა გაბნეული ნახირი.

დავუბრუნდეთ ჯოგს, ჯოგურ პრინციპს _ კონფორმიზმს.

ცნება კონფორმიზმის ბუნდოვანება იკვეთება იქიდან, რომ ეს ტერმინი პოლიტიკურ-მორალური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ხედვის კუთხიდან განსხვავდება და არა მხოლოდ შეფერილობით, რაც თავისთავად, კონფორმიზმის შეძლებისამებრ, ზუსტ განმარტებას ითხოვს.

პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით, სიტყვა კონფორმიზმი ნიშნავს საზოგადოებაში, ჯგუფში გაბატონებულ ქცევას, გემოვნებასა და აზრებთან ინდივიდის შეგნებულ მორგებას, პასიურ შემგუებლობას, იმის მიუხედავად, გააჩნია თუ არა ინდივიდს სხვა გემოვნება და აზროვნება.

კონფორმიზმი, ესაა სოციუმის აღიარებულ ან მოთხოვნად სტანდარტებზე ორიენტირება.

კონფორმიზმს, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიურ ცნებას, როგორც იტყვიან, კონფორმულ ქცევას, სულაც არა აქვს შეფასების მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ხასიათი.

ფსიქოლოგიაში კონფორმიზმი განიხილება მსგავსობის, შესაბამისობის მნიშვნელობით და აღნიშნავს ისეთ ქცევას, როცა ინდივიდისა და საზოგადოების აზრთა შორის განსხვავებისას ინდივიდი ადაპტირდება და საზოგადოების აზრს ეთანხმება. ადაპტაცია კი არსებობისთვის აუცილებელი პირობაა.

დასკვნა: _ ან პოლიტიკურ მორალს არა აქვს კავშირი სოციალურ-ფსიქოლოგიასთან, ან ცნება კონფორმიზმი ცალსახა ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

ჩანართი

როგორც აღვნიშნეთ, ნანატრი ცხოვრება არც მე-ზე და არც ჩვენ-ზე არაა დამოკიდებული.

მართლაც, თუ ფილოსოფიურ ცნება მე-ს, სევდის მცოხვნელ საქონელსა და ნონკონფორმისტს შორის არაა განსხვავება, რას უნდა ველოდოთ ადამიანისგან?

ასევე, თუ განსხვავება არაა ჩვენ-ს, ჯოგსა და კონფორმისტებს შორის, მაშინ რას უნდა ველოდოთ ასეთი სოციუმისგან?

დიახ, ამ განმარტებიდან გამომდინარე, ვერც კონფორმისტი და ვერც ნონკონფორმისტი ვერ შექმნის ნანატრ ცხოვრებას.

იბადება კითხვა, ნუთუ ისეთი მე-ები, როგორებიც არიან საამაყო ილია, ვაჟა, გალაკტიონი,… ან ჩვენ _ ცხრა ძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი,… შეიძლება მარტოობის მცოხნავად ან ჯოგად მოვიხსენიოთ?

ამ მტკივნეულ კითხვას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

_ რა თქმა უნდა, არა და არა!

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთვის საერთოდ მიუღებელია, ადამიანს საქონელი უწოდო.

აქ ჩვენ სულ სხვა რამ გვაწუხებს.

ჩვენი მსჯელობა, უპირველესად, კატეგორიულად მიუღებელი იქნება სწორედ იმ სოციუმისთვის, ვინც ერთი მხრივ, მუდმივად აპელირებს სახელებით _ არსაკიძე, ილია, ვაჟა, გალაკტიონი,… და მეორე მხრივ კი, სწორედ მან მოკვეთა არსაკიძეს მარჯვენა, ესროლა ილიას, არ დააფასა ვაჟა, ნიკალა, თვითმკვლელობამდე მიიყვანა გალაკტიონი, დახვრიტა ტიციანი, მიხელ ჯავახიშვილი,… დღეს კი, ჯერ არდაბადებულ ილიასა და ვაჟას კლავს…

ამ სოციუმის წარმომადგენელი ვერასდროს მიხვდება, თუ რატომ ვერ ქმნის ვერც მე და ვერც ჩვენ ნანატრ ცხოვრებას, ხოლო ილია, ვაჟა, გალაკტიონი,… ჩვენზე უკეთ ხვდებოდნენ, რომ ცალკე აღებული მე ბევრი ვერაფრის გამკეთებელია.

,,სიყრმე სიბერედ ვაქციე,

ერი კი ვერა _ ერადა”.

გავიხსენოთ ისეთი მძლავრი მე, როგორიც იყო ერეკლე II და ისეთი ჩვენ, როგორიც _ სამასი არაგველი.

მართლაც, რწმენასა და ქვეყნის სიყვარულში მათ ვერავინ გაეჯიბრება.

ამის მიუხედავად, შედეგი ცნობილია _ 1795 წლის 11 სექტემბერი. აოხრებული თბილისი, ქვეყანა, ამოხოცილი ბავშვები, ქალები, მოხუცები.

იმ დღეს საქართველოს თავისუფლებას წერტილი დაესვა.

კიდევ ერთხელ _ თურმე, სამწუხაროდ, გამარჯვება, პროგრესი არც მე-ზე და არც ჩვენ-ზეა დამოკიდებული.

თავისთავად იბადება კითხვა: რაში დასჭირდათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცნებების _ კონფორმიზმის, ნონკონფორმიზმის დამკვიდრება და ამ სიტყვებით მანიპულირება?

სანამ ამ მანიპულირებაში გავერკვევით, შევხედოთ სოციუმის კლასიფიკაციას პლატონის ფილოსოფიის ხედვის კუთხიდან.

სიკეთის იდეა

ბრბო, ნახირი, ჯოგი, მასა,… საიდან ჩნდება ეს ადამიანის, ადამიანთა ნაკრების არსის შეურაცხმყოფელი სიტყვები.

მართლაც, ადამიანი ერთი მხრივ, ბუნების, სამყაროს გვირგვინი შექმნილია ხატად მისა და იმავდროულად ჯოგის, ნახირის შემადგენელია.

ამ ურთულეს, დამაფიქრებელ საკითხში გარკვევა, ცნება იდეის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია.

ცნება იდეაზე შეძლებისდაგვარად სერიოზული საუბარი ქვემოთ გვექნება. აქ იძლებულნი ვხვდებით ზედაპირულად შევეხოთ იდეას განსახილველ პრობლემასთან მიმართებაში.

რაც უნდა შორს იყოს ადამიანი აზროვნებისგან, ფილოსოფიისგან, მას ყურმოკვრით მაინც ექნება გაგებული სახელები სოკრატე, პლატონი. ადამიანთა აზროვნებაში ცნება იდეა სწორედ მათ შემოიტანეს. მარტივად რომ ვთქვათ, იდეა არის საგანთა კლასიფიცირების, განზოგადების მოდელი.

მაგალითად, არსებობს მრავალნაირი ცხენი _ არაბული, ჯუჯა (პონი), თეთრი, შავი,… მაგრამ ამ კლასს აქვს ერთი საერთო _ ”ცხენურობა”. ცხენთა მრავალფეროვნებაში არსებობს უფრო სრულყოფილი და ნაკლებად სრულყოფილი ცხენი. ცხადია, ცხენის იდეასთან ყველაზე ახლოს უნდა იყოს სრულყოფილი ცხენი. თუ საკითხს ასე მივუდგებით, ძნელი მისახვედრი არაა, რომ იდეა საგნის სრულყოფილების ზღვარია.

პლატონისთვის იდეა არის ის, რასაც სრულყოფა აღარ სჭირდება.

ასევე, ადამიანთა გაერთიანება სოციუმი შეიძლება ამგვარად წარმოვადგინოთ _ ბრბო, მასა, ხალხი, საზოგადოება.

ცხადია, ამ კლასში სოციუმის იდეისგან ყველაზე შორს მყოფია ბრბო. მის შემდეგ მოდის მასა. ხარისხობრივად მასზე მაღლა დგას ხალხი. ხოლო საზოგადოება კი, სოციუმის ყველაზე გონივრული ნაწილი, ყველაზე ახლოს მდგომია ცნება სოციუმის იდეასთან.

იკითხავთ, ამ ჩამონათვალში სად არის ერი?

რადგან ჩვენთვის საზოგადოება სოციუმის გონებაა, გამოდის, რომ ერი არის ის უმაღლესი ფასეულობა, გრძნობა, რომელიც კრავს ამ გონს _ საზოგადოებას.

თუ სოციუმს, როგორც სისტემას, არ გააჩნია მთავარი ქვესისტემა, საზოგადოება, გონივრულობა, ეს ნიშნავს ერთს, ამ სოციუმს აკლია მგრძნობელობა, ეროვნულობის განცდა და შესაბამისად, ვერასდროს შექმნის უმაღლეს იდეასთან ახლოს მყოფ სისტემას _ სახელმწიფოს.

მხოლოდ გონივრულობა, საზოგადოება ქმნის ერის გვირგვინს _ სახელმწიფოს.

გამოდის, რომ ერთი კლასის საგნები იდეასთან მიმართებაში თავიანთი სრულყოფის ხარისხით განსხვავდებიან.

პლატონის აზრით, იდეა არ არის აზრი, სიტყვა.

აზრი, სიტყვა ადამიანის პრეროგატივაა. პლატონის იდეა კი არსებობს ობიექტურად, ადამიანის გარეშეც.

ამრიგად, საგნის იდეა შეიძლება არსებობდეს საგნის გარეშეც.

იდეა შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ ზოგად ცნებად, რაც ახასიათებს საგნებს.

აქ დასაზუსტებელია _ არსებობს კი რეალობაში იდეა, ზოგადი, მაგ. ზოგადი ფანქარი, ადამიანი?

შევეცადოთ, ამ კითხვას შეძლებისდაგვარად დამაჯერებელი პასუხი გავცეთ.

განვიხილოთ რკინის ნაჭერი, ქვა, წყალი. რა აქვთ მათ საერთო? შეიძლება მათი შედარება?

ან რას ნიშნავს განსხვავებული საგნების შედარება.

მართლაც, წყალს, რკინას, ქვას ხომ არ შევადარებთ ერთმანეთს რკინურობით, ქვაურობით ან წყალურობით (საინტერესო სიტყვებია, ნეტავ სწორად თუ ჩავწერეთ)?

_ არა. ჩვენ მათი შედარება შეგვიძლია იმით, რაც მათთვის საერთოა. ეს საერთო, ზოგადი არის მასა. მასა გამოსახული გრამებში, კილოგრამებში.

დაუკვირდით, რომ არ ყოფილიყო ეს საერთო, ზოგადი (გრამები, კილოგრამები), არ იქნებოდა შედარების, გაზომვის პროცესი.

უარყავით ეს ზოგადი და აღარ იარსებებს მეცნიერება.

ე.ი ზოგადი, იდეა რეალურად არსებობს.

პლატონის აზრით, იდეათა სიმრავლეს ახასიათებს იერარქია და ამ იერარქიის წვერშია სიკეთის იდეა.

მისი აზრით, სიკეთის იდეა არის ის, რაც ანიჭებს შემეცნებად საგნებს ჭეშმარიტებას.

ის, რაც ადამიანს შემეცნების უნარს ანიჭებს, ჩათვალე სიკეთის იდეად.

ისაა ცოდნის და ჭეშმარიტების შემეცნების მიზეზი.

რაც უნდა მშვენიერი იყოს შემეცნება და ჭეშმარიტება, მიუხედავად ამისა, თუ შენ ჩათვლი სიკეთის იდეას უფრო ამაღლებულად, უფრო მშვენიერად, იქნები მართალი.

საგნები წარმოიქმნება იდეის მიმბაძველობით, მიისწრაფვიან მისკენ როგორც მიზნისკენ.

დასაფიქრებელია, რატომ მაინცდამაინც სიკეთის და არა მაგ., ჭეშმარიტების, მშვენიერების იდეა? _ იმიტომ, რომ სიკეთის იდეა სილამაზის იდეაშიც მჟღავნდება და ჭეშმარიტების იდეაშიც.

სიკეთე, ეთიკურობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ესთეტიკურობა (სილამაზე) და მეცნიერული შემეცნება (ჭეშმარიტება).

ესთეტიკური, შემეცნებითი, პოლიტიკური,… ყველაფერი უნდა იზომებოდეს სიკეთის იდეით და გარწმუნებთ, რომ სიკეთის იდეის შემოტანა ესაა სამყაროს ყველაზე ბალანსირებული სურათი.

შეცვალეთ სიკეთის იდეა ნებისმიერი სხვა რამით და მიიღებთ სიმახინჯეს, იმას, რასაც გარშემო ხედავთ.

ცხადია, ყველა დროსა და სივრცეში მოიძებნებიან ფილოსოფოსები, რომელთათვის იდეის არსებობა ადამიანისგან დამოუკიდებლად, ობიექტურად სისულელეა, აბსურდია.

მათი აზრით, პლატონი თავისი ფილოსოფიით ვერ პასუხობს კითხვას _ თუ სიკეთის იდეაა უმაღლესი, განჭოლავს მთელ სამყაროს და ის თანაზიარია ჭეშმარიტების, სილამაზის, სიკეთის,… მაშინ საიდან გაჩნდა ამ სამყაროში ჭუჭყი, ძონძი, ნაგავი, უსახური, სიყალბე,…

მართლაც, თუ უმაღლესი იდეები _ სიკეთე, ჭეშმარიტება, სილამაზე, კანონზომიერება,… განჭოლავს სამყაროს და ამ სამყაროში არსებობს საოცრება, გვირგვინი, გონის მატარებელი არსება _ ადამიანი, როგორ ხდება,

რომ ამ არსებათა ნაკრები ე. წ. სოციუმი ეშვება ისეთ დონეზე, რომ ჩნდება განსაზღვრებები _ ნახირი, ჯოგი, ბრბო,…

შევეცადოთ, პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

ჩვენ მიერ შექმნილი ,,მატრიცული თეორიის” თანახმად, სიკეთის იდეა თავის თავში მოიცავს უმაღლეს სულიერ ფასეულობებს, როგორიცაა განვითარება, შემოქმედება,… და ყველაზე მნიშვნელოვანი, უმაღლესი ინსტანცია _ ცნება თავისუფლება, რაც არის ყოველგვარი განვითარების და შემოქმედების საფუძველი, საყრდენი.

თავისუფლება, როგორც უმაღლესი ფასეულობა, ადამიანს თანდაყოლილი აქვს. შესაბამისად, მას აქვს არჩევანის თავისუფლება, მიიღოს ან არ მიიღოოს მისი არსის გამჭოლი სიკეთის იდეა.

აქ შეიძლება გაჩნდეს შემდეგი კითხვა _ თუ სიკეთის იდეა ჩემს ბედნიერებას ემსახურება, რატომ არ მაიძულებს მივიღო ჭეშმარიტება, გონივრულობა,…?

პასუხი თვით ამ კითხვაშია, რადგან იძულება უკვე თავისთავად არაა სიკეთე, იძულებითი თავისუფლება აღარაა თავისუფლება.

ჩნდება მეორე, არც თუ ისე გონებამახვილური განცხადება, პროტესტი – კარგია რომ მაქვს თავისუფალი არჩევანი და ამ არჩევანის უფლებით არ მინდა, მეზარება გავერკვე რაღაც კანონზომიერებებში, ფილოსოფიებში, კანტსა და ჰეგელებში, ვინსეტ ვან გოგებში, რაღაც ჭეშმარიტების კატეგორიებში,… არ მაინტერესებს პლატონისა და სოკრატეს რაღაც სიკეთის ობიექტური იდეები,… ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ბოროტების მხარეზე გადავდივარ. ხომ არ ნიშნავს, რომ ბოროტება მომწონს?

გამანებეთ თავი, მინდა ვიყო ჩემთვის. ვაცხადებ ნეიტრალიტეტს. ნუ გამიჭირეთ საქმე თქვენი ფილოსოფიით, თქვენი ღრმა აზრებით.

ამ, ასე ვთქვათ, აზრს შევხედოთ მეცნიერული ლოგიკით.

წარმოიდგინეთ იდეალური კრისტალი, რომლის კვანძებში განლაგებულია დადებითი ნაწილაკები კანონზომიერების სრული დაცვით.

დავუშვათ, ეს იდეალური წყობა დატოვა კვანძში მყოფმა ერთმა დადებითმა ნაწილაკმა და მის ადგილას შეიქმნა სიცარიელე.

რა მოხდა მერე, უბრალოდ მივიღეთ უწყინარი, ნეიტრალური არავის შემწუხებელი თავისთვის მყოფი სიცარიელე.

აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო მოვლენა.

რა გასაოცარიც უნდა იყოს, ამ ,,უწყინარ”, ,,ზარმაც” სიცარიელეს უჩნდება დადებითი ნაწილაკის საპირისპირო, უარყოფითი თვისებები, ის იწყებს მოძრაობას, დიფუზიას კრისტალში და თან გადააქვს შეძენილი უარყოფითი მახასიათებლები.

ზუსტად ასევე, თუ სივრცე, სოციუმი ,,გაჟღენთილია” სიკეთის იდეებით და ერთმა სიკეთით განჭოლილმა არ აღიარა, არ მიიღო სიკეთის იდეა, თითქოს არაფერი, უნდა წარმოშობილიყო უბრალოდ ,,უწყინარი” სიცარიელე.

არა, დავიმახსოვროთ ერთხელ და სკლეროზამდე, სიკეთის არმიღებისას, სიკეთის იდეის არარსებობისას წარმოიშვება არა ,,უწყინარი”, ,,უშფოთველი” სიცარიელე, არამედ სიკეთის სიმძლავრის საპირისპირო ფენომენი ბოროტება. და რაც უფრო მეტი სიმძლავრის სიკეთის უარყოფა, არმიღება ხდება, მით მეტი სიმძლავრის ბოროტება იბადება.

ეს ერთი მხრივ.

მეორე მხრივ, სიკეთეს, გონივრულობას როგორც მაგ., სინათლეს, სჭირდება წყარო მზე, სანთელი,…

ბოროტებას, სიბნელეს კი წყარო არ სჭირდება. სიბნელე სინათლის არმიღებით, უარყოფით წარმოიშვება.

სინათლის გადაკეტვით, უარყოფით სიცარიელე კი არა, სიბნელე, ბოროტება იბადება.

ვიმეორებთ, დასკვნა ერთია: სიკეთის, ჭეშმარიტების, გონივრულობის არმიღებით ჩვენს არსში ჩნდება არა უწყინარი ოლიგოფრენიული სიცარიელე, არამედ მძლავრი, შემტევი, დაუნდობელი ბოროტება.

ახლა მთელი სისრულით გასაგები ხდება აბსოლუტური იდეის, აბსოლუტური სიკეთის, აბსოლუტური ჭეშმარიტების სიტყვები: ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი წინააღმდეგია.

დიახ, სიკეთეს აქვს საწყისი და ის აბსოლუტია. ბოროტებას არა აქვს საწყისი, საფუძველი, საყრდენი, ის სიკეთის, აბსოლუტის უარყოფაა. საყრდენის არარსებობა მეტასტაბილური მდგომარეობაა და რაც მძლავრია ბოროტება, მით სწრაფად ეცემა, ნადგურდება. ამიტომაა, რომ ფაშიზმმა მხოლოდ თორმეტიოდე წელი იარსება, ხოლო ბოლშევიზმმა _ სამოცდაათი.

სიკეთის უარყოფა პროცესია, მეტასტაბილური მდგომარეობაა.

თქვენ იტყვით: ადამიანთა ისტორია გვიჩვენებს, რომ ბოროტება მეტასტაბილური კი არაა, მდგრადია. არა, გეშლებათ. სიმრავლე მდგრადობას არ ნიშნავს. ყველაფერი ის, რაც გონივრულობას უარყოფს, დინოზავრივით სამყაროს კანონზომიერებაში არ ეწერება, პრეისტორიული ხვლიკივით განწირულია. არ გჯერათ? გავაგრძელოთ გონივრულობის არმიღება, უარყოფა და შედეგსაც მალე ნახავთ.

დიახ, სოციუმი რომელიც არ ღებულობს სიკეთეს, გონივრულობას, აბსოლუტურ იდეას, გადადის იმ განსაზღვრულობაში რასაც ჯოგი, ნახირი, ბრბო შეიძლება ეწოდოს. ოღონდ გვახსოვდეს, რომ ეს არაა ადამიანის, ადამიანთა ნაკრების არსი, ესაა, როგორც აღვნიშნეთ, მდგომარეობა. შესაბამისად, საკმარისია, არ დავემალოთ სიკეთის იდეას და იმ წამსვე იბადება მუდმივი, მდგრადი ჩაკრულო, ვეფხი და მოყმე, სვეტიცხოველი,…

ჩანართი

დავფიქრდეთ

ცნებებით მანიპულირება

დავუბრუნდეთ კითხვას: რაში დასჭირდათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცნებების _ კონფორმიზმის, ნონკონფორმიზმის დამკვიდრება და ამ სიტყვებით მანიპულირება?

ცნება კონფორმიზმის დეფინიციის ბუნდოვანება საკითხისადმი უფრო მკაცრ მიდგომას მოითხოვს.

მართლაც, კონფორმიზმის ცნებიდან გამომდინარე, გაუგებარია, ჩავთვალოთ თუ არა კონფორმისტად ადამიანი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, არ ეწინააღმდეგება ჩვეულებებს, ტრადიციებს, ადათს.

რა ვუყოთ ზრდილობას, ქცევის გაბატონებულ წესებს?

რა ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც ვერ ეწინააღმდეგება მოდას და იმავდროულად თავს არაკონფორმისტად თვლის?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას სხეულზე ორიგინალური ტატუირება, ბრჭყვიალა რგოლები და პანკობაც ვერ უშველის, რადგან ესეც მოდაა.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაექცევა ცხოვრებისთვის, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ცნებას, რასაც სტანდარტიზაციას უწოდებენ.

რათა კონფორმისტი არ გვიწოდონ, ცხოვრებაზე უარი ხომ არ უნდა ვთქვათ?

გამოდის, რომ მეტ-ნაკლებად ყველანი კონფორმისტები ვართ.

თუ ყველა კონფორმისტია, მაშინ მისი საწინააღმდეგო ცნება – ინდივიდუალისტი _ არ უნდა არსებობდეს.

თუ ეს უკანასკნელი დასკვნა თქვენთვის მიუღებელია და ამასთან კონფორმიზმის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, მაშინ იმის უფლება მაინც მოგვეცით, რომ ვიმსჯელოთ კონფორმიზმის ხარისხზე. კონფორმიზმის ხარისხში ალბათ ის უნდა ვიგულისხმოთ, თუ რა დონით ემორჩილება ინდივიდი ჯგუფის, სოციუმის სტანდარტებს და მოთხოვნებს. ის შეიძლება ემორჩილებოდეს მთლიანად, სამი მეოთხედით, ან ნახევრად და ასეთი ჩავთვალოთ კონფორმისტად ან არაკონფორმისტად _ ინდივიდუალისტად. ეს იგივეა, რომ ნახევრად არაკონფორმისტი ნახევრად ორსულს შევადაროთ.

ნახევარი ჭიქა წყალი პესიმისტისთვის ნახევრად ცარიელია, ოპტიმისტისთვის _ ნახევრად სავსე.

თუ ესეც მიუღებელია თქვენთვის, მაშინ მივდივართ კონფორმისტის არსის ცვლილების აუცილებლობასთან, ეს იგივეა, რაც სპექტაკლში სცენის დეკორაციის ცვლილება.

სცენა I

ინდივიდი არ იცვლის შეხედულებებს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ გამოთქვამს. ის წინააღმდეგობაში არ შედის სოციუმში გაბატონებულ აზრთან, რომელსაც მხოლოდ გარეგნულად ეთანხმება. მიდის მიტინგზე, საარჩევნო ურნასთან, მარჯვენა ხელით აძლევს ხმას, მარცხენა ხელით კი ჯიბეში ბრანწს აკეთებს, მაგრამ თუ გარედან წნეხი შემცირდა, ან გაქრა (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო), მაშინ მედგარი გმირი, ანტიკონფორმისტი ხდება, რადგან თავის დროზე ჯიბეში ბრანწი გააკეთა.

სცენა II

იგივენი და გამოსვლა სხვა.

ინდივიდი აზრს იცვლის არა იმიტომ, რომ არგუმენტაციას ვერ გაუძლო, არამედ იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევის ეშინია. არც ეს არის კონფორმისტი, რადგან მისი აზრით, ტრადიციას, ადათ-ჩევევებს ვერ ღალატობს. მას იცავს ტრადიციული ლოზუნგი, ფარი წარწერით _ ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო” ან ,,ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო”.

სცენა III

იგივენი და გამოსვლა სხვა.

ინდივიდი არაკომპეტენტურად თვლის თავს. უბრალოდ ვერ ერკვევა პრობლემაში, ვერ ხვდება საიდან განიცდის ზეწოლას, თორემ მოძალადეს კუდით ქვას ასროლინებდა. და თუ თავის გამოშტერება მაინცდამაინც არ ეხალისება, ამისთვის მრავალფეროვანი არსენალია მის განკარგულებაში _ არ მცალია, დავიღალე, არ მჯერა, დავბერდი, მე ჩემი გავაკეთე, დაიწყე და მოვდივარ,… ასეთი სულაც არ თვლის თავს კონფორმისტად.

სცენა IV

იგივენი და გამოსვლა სხვა.

მის გარდა დამნაშავეა ყველა, რადგან აჩქარდნენ, პრობლემის არსში ვერ გაერკვნენ. ,,მე ხომ ვამბობდი…”, ,,სხვა გზით უნდა წასულიყვნენ”, ,,ამ ხალხს, ინტუიციის სახით, რაციონალურობა აკლია”… სხვა სიტყვებით, თქვენ წინაშე სულაც არ დგას კონფორმისტი. თქვენ წინაშეა ინტუიციით აღჭურვილი რაციონალური მეძავი.

სცენა V

იგივენი და გამოსვლა სხვა.

ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ საკუთარსა და სოციუმში გაბატონებულ აზრს შორის. შესაბამისად, არავითარ კონფორმიზმს ჩემი მხრიდან ადგილი არა აქვს.

აქ შეიძლება გაჩნდეს ერთი, არც ისე გასაკვირი ფენომენი, როცა ინდივიდი გრძნობს, რომ შიშისგან უბრალოდ ჩასვრილია, ის საკუთარი არაკონფორმიზმის, ინდივიდუალიზმის გამოსავლენად იმ ჯგუფს კი არ უწევს წინააღმდეგობას, ვისი პრესის ქვეშაც იმყოფება, არამედ მზადაა, გაანადგუროს, მისი აზრით, სუსტი ჯგუფი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის მიმართ საწინააღმდეგო არგუმენტები არ გააჩნია.

კიდევ მრავალი სხვა სცენის გახსენებაა შესაძლებელი, მაგრამ ესეც საკმარისია, დასკვნის გამოსატანად – ცნება კონფორმიზმსაც ღრმა გააზრება სჭირდება.

ამრიგად, საჭიროების მიხედვით ან კონფორმისტად გამოგაცხადებენ, ან _ ინდივიდუალისტად.

ყოველივე ეს ჩვენ მიერ კონფორმიზმისა და ინდივიდუალიზმის ილუზორულ გააზრებაზე მიგვანიშნებს.

ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა, კონფორმიზმი და თანამშრომლობა (კონფორმიზმის კერძო შემთხვევა), თითქმის სინონიმებია და თუ ეს ასეა, მაშინ ამას უცილობლად მივყავართ ალტერნატივასთან _ ,,ინდივიდუალიზმი თუ კონფორმიზმი”, ,,დამოუკიდებლობა თუ თანამშრომლობა” და დგება პრობლემა _ თანამშრომლობა ვისთან, მცოხნავებთან თუ სისხლისმსმელებთან?

უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, მივედით მე-სა და ჩვენ-ს შორის ურთულეს დამოკიდებულებასთან, რომლის ამოუხსნელობა ყოფნა-არყოფნის ზღვართან უცილობლივ მიგვიყვანს.

დავფიქრდეთ, დამოუკიდებლობაში ალბათ იძულებისგან თავის დაღწევა იგულისხმება. სწრაფვა იმისკენ, რომ იცხოვრო ისე, როგორც შენ გეჩვენება მართებულად, შეგეძლოს დაიცვა საკუთარი თავი, აზრი, იდეა.

მეორე მხრივ, ინდივიდუალური ავტონომიის რეალიზაცია გულისხმობს ინდივიდის ჩართვას რაღაც სოციალურ ჯგუფში, სხვა სიტყვებით, ადაპტირებას სოციალურ სისტემასთან.

მართლაც, ამის გარეშე გაგიჭირდებათ, მაგ., ჯგუფის, გუნდის გარეშე ფეხბურთის თამაში. პარტნიორის, მწვრთნელის, დამხმარე ჯგუფის გარეშე ინდივიდუალური განვითარება, მოჭადრაკის ან მევიოლინეს პროფესიული ზრდა უბრალოდ შეუძლებელია.

ჯგუფთან ადაპტირების გარეშე, მისი იგნორირების შემთხვევაში, იკარგება თვითკონტროლი, რაციონალურობა და ადვილად მკვიდრდება ირაციონალური იმპულსები.

შედეგი _ დამარცხება, დაჩოქება, განადგურება.

დეინდივიდუალიზაციას, ყველაფრის დავიწყებას და მათ შორის საკუთარი მე-ს დავიწყებას, დიდი ალბათობით, მივყავართ აგრესიულობასთან, არამოტივირებულ სისასტიკესთან, ვანდალიზმთან ან პიროვნულ ფსიქოლოგიურ დეგრადირება-განადგურებასთან.

ზემოაღნიშნულ მსჯელობას უცილობლად მივყავართ მე-სა და სხვა მე-ს შორის, ჩვენსა და ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთდაპირისპირების რეგულირების კანონზომიერების გააზრების აუცილებლობასთან.

მე-ს არარსებობა, ესაა საკუთარი აზრის არარსებობა.

პრიმიტიულ ადამიანს ისე არაფერი აწყნარებს, როგორც საკუთარი აზრის აბსოლუტური არქონა.

ეს არა მარტო ყველაფრის ღალატი, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავის ღალატია.

დაყრდნობა მხოლოდ იმაზე შეიძლება, რასაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

სწორედ ამიტომ გვჭირდება ახალი ხედვა, ახალი აზროვნების დონე, ისეთი ფილოსოფია, რომელიც გაგვათავისუფლებს ამ უსახური აზროვნებისგან და ეს თავისუფლება ჩვენი ყოფის სიმახინჯეს გაანადგურებს.

ამიტომაა საჭირო, ისეთი მთავარი ქვესისტემის შექმნა, სადაც ცნებები დამოუკიდებლობა და თანამშრომლობა ჰარმონიული და შეთავსებადი იქნება.

ჩანართი

ადამიანისთვის, როგორც სოციალური არსებისთვის, დამახასიათებელია მის გარემომცველ ჯგუფში დამკვიდრებული ქცევების მიმბაძველობა ადაპტაციის მიზნით.

სწორედ ეს თვისება უკვე მოიცავს კონფორმიზმის საფუძველს. ხშირად ადაპტირების აუცილებლობა ადამიანს კონფლიქტის შემცირება-აცილების მიზნით შეგნებულ უკან დახევას აიძულებს. ეს მიმბაძველობა ბადებს იმ ფენომენს, რაც ჩვენთვის აზრობრივ ზეგავლენას, მისთვის კი მიუღებელ აზრზე დათანხმებას ნიშნავს.

ამ დროს ხშირად კონფორმისტი ვერც კი ამჩნევს, როგორ შეიცვალა აზრი და ეს ხდება თავისთავად, გულწრფელად. მას სწამს, რომ ჯგუფი მართალია. საინტერესოა, რომ ამ ახალ აზრს ის ავითარებს მაშინაც, როცა ჯგუფის ზეწოლა, ზეგავლენა აღარაა.

მაგ., თუ სუბიექტი აღიარებს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას და ზედაპირული წარმოდგენაც კი არა აქვს ამ თეორიაზე, შეიძლება მას მკვეთრად გამოხატული კონფორმისტი ვუწოდოთ?

ცხადია, არც ისაა სადისკუსიო, რომ აუცილებელია, მსგავს შემთხვევებში კომპეტენტურთა მოსაზრებას და მსჯელობას ვენდოთ. თუმცა, თვით პიროვნების კომპეტენტურობაც ღრმა დაფიქრებას მოითხოვს.

ნდობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ უმრავლესობაში ნდობა გულუბრყვილობასა და მიამიტობაში გადადის. ასეთები მარტივად ექცევიან აზრობრივი ზეგავლენის, შთაგონების ქვეშ.

ფაქტობრივად, პოლიტიკური და არაპოლიტიკური შულერები მათთვის სასურველი აზრის სოციუმისთვის თავსმოხვევის მიზნით ადამიანთა ამ თვისებას წარმატებით იყენებენ.

შედეგი _ პიროვნების და სოციუმის პერმანენტული გამოთაყვანება.

მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაგვანახა, რომ შთაგონებისადმი, ზეგავლენისადმი და კონფორმიზმისადმი მიდრეკილება ადამიანს ბავშვობიდანვე ახასიათებს და მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: _ უმრავლეს შემთხვევაში, ჯგუფში გათქვეფილი ადამიანისგან არ უნდა ველოდოთ ორიგინალურ, განვითარებად აზრს.

ცხადია, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში უსახურ ჯგუფში გათქვეფა და შემოქმედებით ჯგუფში ამაღლებული დიალექტიკა.

ხშირ შემთხვევაში, კონფორმიზმის საფუძველი ეყრდნობა ილუზორულ ლოზუნგს _ უმრავლესობა არ ცდება.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას და ეს უბიძგებს მას უსაფუძვლო, გაუაზრებელი ნდობისკენ.

აქ უნებლიედ გახსენდება კონ ფუ ძის სიტყვები:

,,ყველაფერი ამაზრზენი, რაც ხდება ცისქვეშეთში, გაუნათლებლობის ბრალია”.

და ეს გაუნათლებლობა ჩვენს ყოფიერებაზე ისახება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი