დეილ კარნეგი – გიყვარდეთ, მაგრამ ნუ შეეცდებით თავიდან აღზარდოთ ერთმანეთი

0
480

 ,,შემიძლია უამრავი სისულელე ჩავიდინო, მაგრამ არასოდეს სიყვარულით არ ვიქორწინებ”. ამბობდა დიზრაელი და ის არ დაქორწინდა ოცდათხუთმეტი წლის ასაკამდე, ხოლო შემდეგ ხელი სთხოვა მდიდარ ქვრივს, მერი ენის, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. სიყვარული? ო, არა. მერიმ იცოდა, რომ დიზრაელს არ უყვარდა. იცოდა, რომ მხოლოდ ფულის გულისთვის დაქორწინდა მასზე. ამიტომ ქალმა მხოლოდ ერთი თხოვნით მიმართა მას. დაეცადა ერთი წელი, რათა მისი ხასიათი შეესწავლა. ამ დროის გავლის შემდეგ იგი მისი ცოლი გახდა.

ყველაფერი ეს, ცოტა არ იყოს, პროზაულად ჟღერს და კომერციის სუნი ასდის. ასე არ არის? მაგრამ, რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს, დიზრაელის ქორწინება შეიძლება ერთ-ერთ ბედნიერ ქორწინებად ჩაითვალოს.

მდიდარი ქვრივი, რომელიც მან აირჩია, არ იყო არც ახალგაზრდა, არც ლამაზი, არც არაჩვეულებრივად ჭკვიანი. მისი საუბარი სავსე იყო ლიტერატურული და ისტორიული ლაფსუსებით. მაგალითად, მან არ იცოდა, ,, ვინ უფრო ადრე იყვნენ ბერძნები თუ რომაელები”. იცვამდა უცნაურად, სახლი უცნაურად ქონდა მორთული, მაგრამ იგი იყო გენიალური ცოლ-ქმრული ურთიერთობის – ქმართან ურთიერთობის საკითხში. იგი არასოდეს არ ცდილობდა ქმრისთვის რაიმე უპირატესობის დამტკიცებას. როცა დიზრაელი სახლში ბრუნდებოდა, მთელ დღეს ჰერცოგის მეუღლეებთან კამათით დაღლილი, მერის სულელური ტიკტიკი ამშვიდებდა. მისი სახლი იყო მზარდი სიამოვნების წყარო, იგი იყო ადგილი, სადაც მას შეეძლო გონებრივადაც დაესვენა და დამტკბარიყო მერის ენის მომხიბვლელობით.

წუთები, რომელსაც იგი თავის ხანშიშესულ მეუღლესთან ატარებდა, ყველაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. მერი იყო მისი მეგობარი, მესაიდუმლე და მრჩეველი, ყოველ საღამოს დიზრაელი თემთა პალატიდან სახლში მიიჩქაროდა, რათა მეუღლისათვის მოეთხრო ახალი ამბები. და, რაც ყველაზე მთავარია, რაც არ უნდა მოემოქმედა, მერი ენს ეჭვი არ ეპარებოდა მის წარმატებაში.

ოცდაათი წლის განმავლობაში მერი ენი ცხოვრობდა დიზრაელისთვის და მხოლოდ მისთვის. თავის სიმდიდრესაც იმიტომ აფასებდა, რომ ეს  მეუღლეს ცხოვრებას უმსუბუქებდა. დიზრაელი კი კმაყოფილი იყო ყველაფერი ამისთვის. იგი გრაფი გახდა მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, მაგრამ მაშინაც კი, როცა იგი თემთა პალატის წევრი იყო, დაარწმუნა დედოფალი ვიქტორია, დაეწინაურებინა მერი ენი პერად. ამგვარად 1868 წელს იგი გახდა ვიკონსფილდის ვიკონტის მეუღლე.

როგორც არ უნდა სულელურად და თავქარიანად გამოჩენილიყო მერი საზოგადოებაში,  დიზრაელი არასოდეს აკრიტიკებდა, არასოდეს წამოსცდენია საყვედური მისი მისამართით. და თუ ვინმე გაბედავდა მის დაცინვას, დიზრაელი უმალ გააფთრებით იცავდა მეუღლეს. მერი ენი არ იყო სრულყოფილი, მაგრამ 30 წლის განმავლობაში არ დაღლილა თავის ქმარზე ლაპარაკით, აქებდა და მოხიბლული იყო მისით, და როგორი იყო შედეგი ? ,,ჩვენ  ოცდაათი წელი ვიცხოვრეთ ერთად, და არასოდეს მომბეზრებია იგი”. – ამბობდა დიზრაელი.

თავის მხრივ, დიზრაელს არასოდეს დაუმალია, რომ მერი ენის მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა. როგორია შედეგი? ,,მისი სიკეთის წყალობით, ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი ბედნიერება იყო“. – უყვებოდა მერი ენი თავის მეგობრებს. მათ თავიანთ შეუღლებაზე უყვარდათ ხოლმე ხუმრობა. ,,შენ იცი, მე შენზე მხოლოდ ფულის გულისთვის დავქორწინდი.” – ეუბნებოდა დიზრაელი. ამაზე მერი ენი ღიმილით პასუხობდა :,,დიახ, ეს ასეა, მაგრამ შესაძლებელი რომ იყოს ყველაფრის თავიდან დაწყება, შენ ჩემზე სიყვარულით დაქორწინდებოდი, ასე არ არის?” და იგი აღიარებდა რომ ეს მართლაც ასე იყო. მერი ენი სრულყოფილი არ იყო. მაგრამ დიზრაელი საკმაოდ ჭკვიანი იყო და ხელს არ უშლიდა მას დარჩენილიყო ისეთივე, როგორიც იყო.

ჰენრი ჯეიმსის თქმით: ,,მთავარი მცნება, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ადამიანებთან ურთიერთობაში, მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა შევუშალოთ ხელი ერთმანეთს თავისით გაიკვლიოს გზა ბედნიერებისაკენ, თუ, რა თქმა უნდა, იგი არ ეღობება თქვენს ბედნიერებას.”

ანდა, როგორც ლილენდ ფოსტერ ვუდი აცხადებს თავის წიგნში ,,როგორ შევეთვისოთ ერთმანეთს ოჯახში:“  ბედნიერი ცოლ-ქმრული ცხოვრება დამოკიდებულია არამარტო იმაზე,  რომ ნახოთ შესაფერისი ადამიანი , არამედ იმაზეც, რომ თვითონ გახდეთ ასეთი ადამიანი.”

ასე რომ, თუ გსურთ,რომ თქვენი ცხოვრება იყოს ბედნიერი ისმინეთ შეგონება:,,არ შეეცადოთ თავიდან აღზარდოთ მეუღლე.“

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი