ფილიპ ზიმბარდო – ცრურწმენის შედეგები

0
1338
Meeting Philip G. Zimbardo Debate with the American psychologist and populariser of psychology Philip G. Zimbardo led by Michael Žantovský. Vaclav Havel LIbrary in cooperation with the Jihlava International Documentary Film Festival and the Faculty of Law of Charles University in Prague. Právnická fakulta Univerzity Karlovy, nám. Curieových 7, Praha 1 26. říjen 2016

ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა სისუსტიდან არც ერთს არ გააჩნია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორიც ადამიანის ღირსებასა და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინასწარ-შექმნილ ცრურწმენებს. ცრურწმენის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ დამახინჯებულია სოციალური რეალობა – ადამიანების გონებაში შექმნილია სიტუაცია, რომელსაც შეუძლია დაამციროს და გაანადგუროს სხვა ადამიანების ცხოვრება.

ცრურწმენა (Prejudice) წინასწარდასწავლილი დამოკიდებულებაა სამიზნე ობიექტის მიმართ, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს (არმოწონება, ან შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს (სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებენ არსებულ დამოკიდებულებებს და ქცევით განზრახვებს – აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნენ ისინი, რომლებიც მოცემულ სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან.

მაგალითად, ნაცისტი ლიდერები კანონებსაც კი ქმნიდნენ, რათა განემტკიცებინათ თავიანთი ცრურწმენები, რომ ებრაელები დაბალი დონის ადამიანები იყვნენ და რომ ისინი არიული კულტურის დაღუპვამდე მიყვანას ცდილობდნენ. მცდარი შეხედულება კვალიფიცირდება, როგორც ცრურწმენა, თუ ის ეწინააღმდეგება ცვლილებას, მისი სიმცდარის ნათელი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად.

მაგალითად, ადამიანები ავლენენ ცრურწმენებს, როდესაც ამტკიცებენ, რომ აფრო-ამერიკელები ყველანი ზარმაცები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი აფროამერიკელი კოლეგები დაუღალავად შრომობენ. ცრურწმენები გარკვეული ფილტრის როლს ასრულებენ, რომელიც ყოველთვის მიჯნავს ადამიანებს სხვა ადამიანებისაგან და მათ სამიზნე ჯგუფში ათავსებს ერთხელ განხორციელებული კატეგორიზაციის შესაბამისად.

სოციალური ფსიქოლოგია ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ცრურწმენების შესწავლას, ვინაიდან ცდილობს, გაიგოს მათი სირთულე, სიმყარის მიზეზები და შეიმუშაოს მათი შეცვლისა და დაძლევის სტრატეგიები (Allport,1954; Dackitt, 1992; Jones, 1997). გაიხსენეთ პირველი თავი, სადაც აღნიშნული იყო, რომ უზენაესი სასამართლოს 1954 წლის გადაწყვეტილება საზოგადო სასწავლებლებში სეგრეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც, ნაწილობრივ, ეყრდნობოდა სოციალური ფსიქოლოგ კენეტ კლარკის (Clark & Clark, 1947) მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ საკუთარი კვლევების შედეგებს და რომელიც შავკანიან ბავშვებზე განცალკევებული და არათანასწორი სწავლების ნეგატიურ შედეგებს ასახავდა (Clark & Clark, 1947). ამ ქვეთავში აღვწერთ იმ პროგრესს, რომელსაც სოციალურმა ფსიქოლოგებმა მიაღწიეს ცრურწმენების წარმოშობისა და მათი ეფექტების გაგებაში; ასევე, შევეხებით მათი შეცვლის პრაქტიკულ მცდელობებს.

ცრურწმენის საწყისები

ერთ-ერთი სამწუხარო ჭეშმარიტება, რომელიც ცრურწმენების შესწავლამ გამოვლინა, ის სიმარტივეა, რომლითაც ადამიანები შეიძლება უარყოფითად განაწყონ უცხო ადამიანებისადმი.

სოციალური კატეგორიზაცია (Social categorization) არის პროცესი, რომლითაც ადამიანები საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენ, მიაკუთვნებენ რა ადამიანებს საკუთარ და სხვათა ჯგუფებს.

კატეგორიზაციის ყველაზე მარტივი და ყოვლისმომცველი ფორმაა ინდივიდის მიერ იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მისი მსგავსი და ვინ – არა. კატეგორიზაციის ეს ფორმა სათავეს იღებს დაპირისპირებიდან, “მე არა მე-ს წინააღმდეგ” ორიენტაციამდე “ჩვენ ისინი-ს წინააღმდეგ”. ადამიანები სოციალურ სამყაროს ორად ყოფენ:

შიდა ჯგუფებად – ჯგუფები, რომლებთანაც ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს და გარე ჯგუფებად – ჯგუფებად, რომლებთანაც ადამიანები იდენტიფიკაციას არ ახდენენ.

ამ კოგნიტური განსხვავებების შედეგია შიდაჯგუფური მიკერძოება – საკუთარი ჯგუფის გადაფასება სხვასთან შედარებით. ადამიანები, რომლებიც განიხილებიან, როგორც გარეჯგუფის წევრები, უფრო ხშირად ხდებიან მტრული გრძნობებისა და უსამართლო დამოკიდებულების ობიექტები.

მინიმალურად შესამჩნევი მინიშნებაც კი საკმარისია, რომ გამოწვეულ იქნეს ტენდენციურობა და ცრურწმენის ჩამოყალიბება მათ მიმართ, რომლებიც გარეჯგუფს მიეკუთვნებიან.

შემთხვევით არჩეული ნიშანი იწვევს ჯგუფის სოლიდარობას

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდის პირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდის პირებს იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე ან ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ჯგუფების წევრებს მიმართავდნენ მათი ჯგუფის ფერის შესაბამისი ფერის სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდათ და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, ისინი საკუთარ ჯგუფს უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც, მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდეც კი გამოვლინდა, სანამ ცდის პირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ.

ის, რამაც თავი იჩინა თუნდაც “ფერების” ამ ექსპერიმენტში, სოციალური კატეგორიზაციის სწრაფ გამოვლინებას წარმოადგენს.

მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა იმ შედეგების შესასწავლად, რომელიც ისეთ მინიმალურ ჯგუფებს ჰქონდათ, როგორიც “მწვანეების” და “ლურჯების” შემთხვევაში იყო განსხვავებული ჯგუფების წევრები ძალიან ხშირად ურთიერთობას იწყებენ, როგორც უცხოები, მაგრამ თითქმის მაშინვე ავლენენ გასაოცარ ერთსულოვნებას – სწამთ, რომ მათი შიდაჯგუფის წევრები ყველაზე სასიამოვნო და კარგად მომუშავე ხალხია. როდესაც რესურსების განაწილების დრო დგება, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა არაფერი უწილადონ გარე ჯგუფის წევრებს. ასეთი შედეგები თავს იჩენს იმის მიუხედავად, რომ გარე ჯგუფი რისკის ქვეშ დგება და მიუხედავად იმისა, რომ შიდა და გარე ჯგუფების ზოგიერთ წევრს, შესაძლოა, კარგი ურთიერთობაც ჰქონდეს ერთმანეთთან.

თუ ყველა ამ ძალას გამოვიყენებთ ხელოვნურად შექმნილ ჯგუფებში, თქვენ შეგეძლებათ, დააკვირდეთ, თუ როგორ ხორციელდება ცრურწმენები ასე დაუნდობელ რეალურ ცხოვრებაში. ცრურწმენებმა ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს რასიზმამდე – ადამიანის დისკრიმინაციის ფორმამდე, რომელიც დაფუძნებულია კანის ფერზე ან ეთნიკურ წარმოშობაზე და სექსიზმამდე – ადამიანის დისკრიმინაციის ფორმამდე, რომელიც დაფუძნებულია სქესობრივ ნიშანზე. “ჩვენ” და “ისინი”-ს განსხვავებების საწყისი ტენდენციები ხშირად მაშინ ძლიერდება, როდესაც ჩნდება შთაბეჭდილება, რომ რესურსები შეზღუდულია და ის, შესაძლოა, მხოლოდ ერთ ჯგუფს ერგოს. ფაქტობრივად, ადამიანი, რომელსაც ახასიათებს ცრურწმენებისადმი დაქვემდებარებულობის მაღალი ხარისხი, უფრო მეტად მსჯელობს იმის შესახებ, ადამიანებიდან ვინ რომელ კატეგორიას ეკუთვნის.

ცრურწმენა და რასობრივი ხასიათის მსჯელობა

სტუდენტების ჯგუფს შესავსებად მისცეს სკალა, რომელიც ზომავდა მათ დამოკიდებულეაბას აფრო-ამერიკელების მიმართ. მათ შეფასებებზე დაყრდნობით, ერთი ჯგუფი კლასიფიცირდა, როგორც ცრურწმენების მქონე, მეორე კი – როგორც ცრურწმენების არმქონე. შემდეგ ორივე ჯგუფის სტუდენტებს სთხოვეს, დაეთვალიერებინათ ფოტოების სერია, რომლებზეც სახეები იყო გამოსახული და ხმამაღლა დაეხარისხებინათ ისინი, როგორც “თეთრი” ან “შავი”. ზოგიერთი სახის კლასიფიცირება ძალიან ადვილი იყო მაშინ, როცა ზოგიერთი სახე ძალზე გაურკვევლად გამოიყურებოდა. მკვლევრებს ჰქონდათ ჰიპოთეზა, რომ ცრურწმენების მქონე ადამიანები უფრო გულმოდგინედ მოეკიდებოდნენ „სწორი” რასობრივი შეფასებების გაკეთებას. მკვლევრებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ცრურწმენების მქონე სტუდენტები უფრო მეტ დროს დაუთმობდნენ ორაზროვანი სახეების კლასიფიცირებას. ფაქტობრივად, ცრურწმენების მქონე სტუდენტებმა თითოეული ორაზროვანი სურათის ამოცნობაზე ერთი წამით მეტი დრო დახარჯეს, ვიდრე მათ, ვისაც არ გააჩნდა რასობრივი ცრურწმენები.

ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცრურწმენების მქონე ადამიანებისათვის სხვა ადამიანების კლასიფიცირება “ჩვენებად” და “სხვებად”. ბოლო დროს მკვლევრებმა შეძლეს უფრო ზუსტად აღენუსხათ ცრურწმენების არქონა, რაც გამოიხატა იმით, რომ ასეთი ადამიანები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ადამიანებს შორის განსხვავებებს. ადამიანებს, რომლებსაც მაღალი ქულები აქვთ უნივერსალური ორიენტაციის სკალაზე, ისეთი ტიპის დებულებებზე დათანხმების ტენდენცია ახასიათებთ, როგორიცაა: “როდესაც ვინმეს ვხვდები, ვცდილობ, განვსაზღვრო მსგავსება ჩემსა და მას შორის” და უარყოფენ ისეთ დებულებებს, როგორიცაა: – “ბევრი რამის თქმა შემიძლია ადამიანზე, თუ ვიცი, რა სქესისაა ის”. ამგვარად, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სამყაროს შიდა და გარე ჯგუფებად დაყოფის ტენდენციის დაძლევა.

ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად სწრაფად მივყავართ ცრურწმენებს ადამიანების “ჩვენ” და “ისინი” ჯგუფებად დაყოფამდე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი