სვამი ვივეკანანდა – შიშის რაობა

0
2619

იმ ხალხმა, სულ რომ დადის, ლაპარაკობს, ვედების საიდუმლოს შესახებ კითხვებს სვამს და ა.შ. არ იცის ჭეშმარიტება. ასეთები თაღლითებს არაფრით ჯობიან. ვედებში ცრუ რწმენისა და უმეცრებისთვისაც კი მოიძებნება ადგილი. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინო.

კრიშნა პირველი ადამიანია, რომელმაც ბუდამდე ბევრად ადრე რელიგიის კარი საზოგადოების ყველა ფენას გაუღო. ბუდა მხოლოდ ერთ სფეროში მოღვაწეობდა – სწავლების სფეროში. მას არ შეეძლო ერთდროულად ცოლ-შვილიც შეენახა და სულიერი მასწავლებელიც გამხდარიყო. კრიშნა კი შუაგულ ბრძოლის ველზე ასწავლიდა.

”ის, ვინც ინტენსიურ საქმეში სიმშვიდეს ჰპოვებს, უდიდეს სიმშვიდეში კი ინტენსიურ საქმიანობას, უდიდესი იოგია და ბრძენთაბრძენი. ასეთი ადამიანის თავზე ყუმბარებიც რომ ცვიოდეს, მისთვის სულერთი იქნება. მაინც მშვიდად და აუღელვებლად გააგრძელებს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებზე საუბარს. ყოველი მოძღვარის ცხოვრება მისივე სწავლების საუკეთესო კომენტარია. თუ გსურთ იცოდეთ, რა არის ნაგულისხმები ახალ აღთქმაში, ჰკითხეთ, ვისაც გსურთ, თუმცა უმჯობესი იქნება კიდევ და კიდევ გადაიკითხოთ ოთხთავი და მის არსს მეუფის მიერ განვლილი ცხოვრების შუქზე ჩაწვდეთ.

დიდი ადამიანებიც და ჩვენც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა – ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენი სხეული ჩვენ არ მოგვყვება. ჩვენი მოქმედება ჩვენსავე ფიქრთან ჰარმონიაში არ მოდის. ჩვენს სიტყვებს არა აქვს იმ სიტყვათა ძალა, რომლებიც ვედებად იქცა. .

ჭეშმარიტად, ბრძენი ის არის, ვინც გაცხარებულ შრომაში უმოქმედობას ხედავს, უმოქმედობისას კი გაცხარებულ შრომაშია . . . აი, ეს არის საკითხავი: შეგიძლიათ შეინარჩუნოთ უდიდესი სიმშვიდე და არაფერმა აგაღელვოთ მაშინ, როცა აღქმის ყველა ორგანო გააქტიურებული და დაძაბულია? შეგიძლიათ მედიტირება, როცა მარკეტ-სთრითზე დგახართ, ტაქსს ელოდებით და საშინლად გეჩქარებათ, ირგვლივ კი მანქანები მიმოქრიან? შეგიძლიათ ამ დროს მშვიდი და აუღელვებელი იყოთ? ანდა შეგიძლიათ აქტიური იყოთ გამოქვაბულში მჯდომი, როცა ირგვლივ სიჩუმე სუფევს? თუკი შეგიძლიათ, თქვენ იოგი ხართ, თუ არა და არა.

ბრძენს მას უწოდებენ, ვისი ყოველი ქმედება ყოველგვარი სურვილისა და სარგებლისგან, ყოველგვარი ეგოიზმისგან თავისუფალია. სანამ ეგოისტები ვართ, ჭეშმარიტებას ვერასოდეს ვიხილავთ, რადგან ყველაფერს, რასაც ვხედავთ, ჩვენი თავით ვაფერადებთ. ამ დროს კი ყველაფერი ისეთია, როგორიც არის. ჭეშმარიტება არ გვემალება, მას ჩვენ ვმალავთ. ჭეშმარიტება ჩვენს ხელთაა. ის ჩვენთან მოდის, ჩვენ კი ის არ მოგვწონს, ამიტომ ცოტას დავვარცხნით და მხოლოდ შემდეგ შევხედავთ ხოლმე. . . არ გვინდა ის ვიცოდეთ და ყველაფერს ჩვენი თავით ვაფერადებთ. 

ყველა ჩვენი საქციელის მამოძრავებელი ძალა ეგოიზმია. ყველაფერს ჩვენი საკუთარი თავი ეფარება. იმ ჭიას ვგავართ, საკუთარი სხეულიდან ძაფი რომ გამოაქვს, ბადეს შემოიქსოვს და შიგ ებმება საკუთარი შრომით იტყვევებს თავს.

ჩვენც ასე ვიქცევით. რა წამსაც ვამბობ:,,მე“ ბადეს ხვეული ემატება. ვამბობ:„ჩემი“ და აი, კიდევ ერთი ხვეული. და ასე უსასრულოდ… უმოქმედოდ ერთ წამსაც ვერ გავჩერდებით. იმოქმედეთ! მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეზობელი მოვა და დახმარებას გთხოვთ. საკუთარ თავსაც იგივენაირად დაეხმარეთ. არც მეტი, არც ნაკლები. ნუ გგონიათ, რომ თქვენს სხეულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჯონისას. ნუ გააკეთებთ საკუთარი სხეულისთვის იმაზე მეტს, რამდენსაც ჯონისთვის აკეთებთ. ეს არის რელიგია.
`
ვისი საქციელიც მოკლებულია ეგოიზმს, იმან დაწვა ცოდნის ცეცხლში კარმის ბორკილები. ის არის ბრძენი. წიგნების კითხვით ამას ვერ შეძლებთ. შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა ავკიდოთ სახედარს, მაგრამ ეს მას ნასწავლს ვერ გახდის. რა აზრი აქვს ბევრი წიგნის წაკითხვას? 

იშორებს რა შრომასთან ყოველგვარ მიჯაჭვულობას, მუდამ მშვიდია ბრძენი და სარგებელს არ ელის. იქმს და საქმის მიღმა დგას იგი. შიშველი გამოვედი დედაჩემის საშოდან და უკანაც შიშველი დავბრუნდები. უსუსური მოვედი და უსუსური წავალ. ახლაც უსუსური ვარ. ისიც კი არ ვიცით, რა მიზანი გვაქვს. საშინელებაა ამაზე ფიქრი. ისეთი უცნაური აზრები გვიჩნდება! 

მკითხავთან მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ აჩრდილები გვიშველიან. ნახეთ, რა უსუსურობაა! აჩრდილები, ეშმაკები, ღმერთები… კარგით რა! ვის აღარ წააწყდები… ათასგვარ მღვდელსა და შარლატანს! ისინი მახეში მაშინ გვაბამენ, როცა სუსტები ვართ. სწორედ ამ დროს გვახვევენ თავს თავიანთ ღმერთებს.

ჩემს ქვეყანაში ბევრი ადამიანი მინახავს, როცა იგი ძლიერი და განათლებული, ხდება ამბობს, რომ სისულელეა მთელი ეს ლოცვები და წუწაობა.
.
. . გადის დრო და მას დედ-მამა უკვდება. ჰინდუსთვის ეს ყველაზე დიდი შოკია. ცოტა ხანში თქვენ მას ყველა ტაძარში გადაეყრებით. ყველა ბინძურ გუბეში იწუწავებს, ჭუჭყსაც ალოკავს… უშველეთ ვინმემ! მაგრამ შველა არავის ძალუძს. ჩვენ ყველანი უსუსურები ვართ. ესაა სიმართლე.

ქვეყნად უფრო მეტი ღმერთია, ვიდრე ადამიანი და მაინც ვერავინ გვშველის ისევე ვკვდებით, როგორც ძაღლები კვდებიან. საშველი არ არის. ყველგან სისასტიკე, შიმშილი, ავადმყოფობა, უბედურება და ტანჯვა სუფევს!

ყველა შველას ითხოვს, შველა კი არ ჩანს. და მაინც, ხავსს ვეჭიდებით და კვლავ შველას ვითხოვთ. ო, რა საცოდავ დღეში ვართ! რამხელა შიშია! ჩაიხედეთ თქვენს გულში! ეს შფოთვა ნახევრად ჩვენი მშობლების ბრალია. უსუსურებად გაჩენილებს კიდევ უფრო გვინერგავდნენ, რომ სუსტები ვართ. ამ აზრს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავაღწიოთ თავი. უზარმაზარი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ უსუსური ხარ. ნუ ეძებთ შველას ნურავისგან. 

თავს თვითონ უნდა ვუშველოთ. თუ ჩვენ ვერ ვუშველით ჩვენს თავს, ვერც ვერავინ გვიშველის. . . . `შენ თვითონ ხარ შენი თავის ერთადერთი მეგობარი და ერთადერთი მტერი. არავინაა ქვეყნად ჩემი მტერი, ჩემი თავის გარდა და ჩემი მეგობარიც მხოლოდ მე ვარ. ეს უკანასკნელი და ყველაზე დიდი გაკვეთილია. ო, რა დიდი დრო უნდა მის სწავლას! ზოგჯერ თითქოს მოვეჭიდებით მას, მაგრამ წამსვე ძველი ტალღები მოვარდებიან და ხერხემალში გვტეხენ. კვლავ ვსუსტდებით, ცრურწმენებს ვეჭიდებით და შველას ვითხოვთ. გაფიქრებაც კი შეგზარავს, რამდენი ტანჯვაა ამქვეყნად, და სულ ამ ფუჭი იმედის გამო, რომ გვიშველიან.

მღვდელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაცვეთილი სიტყვები თქვას და რაღაცის იმედი ჰქონდეს. სამოცი ათასი ადამიანი ცაში იყურება, ლოცულობს და მღვდელს ფულს უხდის. თვიდან თვემდე ისინი დგანან, ცას შეჰყურებენ, ლოცულობენ და იხდიან. . . . უბრალოდ დაფიქრდით! განა ეს სიგიჟე არ არის? აბა სხვა რაა? ვინ არის პასუხისმგებელი? შეიძლება რელიგია!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი