თვითდამკვიდრება

0
491

ლოს-ანჟელესის გარეუბან სან ფერნანდოს ველზე ცხოვრობდნენ თინეიჯირი გოგონები, რომლებიც მსოფლიოს თავიანთი ორიგინალური საუბრითა და ქცევით დაამახსოვრეს თავი 80-იან წლებში. მათი ცხოვრების წესი იყო სრული თავისუფლება, ორიგინალური აქცენტით საუბარი, სიტყვების მოდიფიკაცია, სექსუალურობა და ა.შ. მათ თავიანთი სუბკულტურა ჯერ მთელ ამერიკაზე, შემდეგ მსოფლიოზე გაავრცელეს. საქართველოში უამრავი ადამიანია, რომელიც განგებ თუ შეუგნებლად ეთაყვანება სან ფერნანდოს ველზე ჩასახულ Valspeak-ების (ქარ. ველსების) სუბკულტურას.

მათთვის ნაკლებ მნიშვნელობას ატარებდა რაიმე სახელმწიფოებრივი ან მორალური კანონები და ისინი ამჯობინებდნენ თავიანთი შეხედულებებით ეცხოვრათ, სხვათა იდეებისა და შეხედულებებისაგან თავისუფლად.

გარეგნული ხედვით მათი ცხოვრების ასეთი სტილი სულაც არ არის მიუღებელი და იქნებ საოცნებოც კია, მაგრამ როდესაც უკეთ ჩავუღრმავდებით საკითხს მივხვდებით, რომ მათ უფრო თვითდამკვიდრების კომპლექსი აწუხებდათ და ჰქონდათ უდიდესი სურვილი ყოფილიყვნენ გამორჩეულნი. მათი მიზანი ამართლებდა საშუალებებს – შეგვიძლი ასეც ვთქვათ. როგორ? მათი მიმართულება იყო აბსოლუტური თავისუფლების ცნება და საკუთარი სტილის კულტის დამკვიდრება, რაც სრულიად შესაძლებელი ხდებოდა სხვათა დაცინვით, ჩაცმულობის, დაყენებული სტილისა და უცნაური მიმიკების საშუალებით ყოფილიყო მიღწეული. რამდენადაც პოპულარული, იმდენად სასაცილო იყო მათი ცხოვრება.

საქართველოში თვითდამკვიდრების პრობლემა ადრეული ასაკიდანვე იწყება. ჯერ სახლში მშობლები უნერგავენ შვილს, რომ ის უნდა იყოს გამორჩეული, რომ ის, ასეთი და ასეთი ოჯახის შვილია და ასე შემდეგ. ეს კი დადებითი კი არა უარყოფითი მოვლენაა, რადგან ასეთ დროს ბავშვი ხდება მეტად მგრძნობიარე და წარუმატებლობის ან წარმატების შემთხვევაში იგი ყველაფერს ასმაგად აღიქვამს. ერთგვარად ვიღებთ ახალგაზდა, სუსტი ნებისყოფის ავანტიურისტს ან/და მიზანტროპს.

პოპულარობისა და გამორჩეულობის მოთხოვნით ისინი მზად არიან დაჩაგრონ თავიანთი მეგობრებიც კი, ილაპარაკონ სპეციპიური ტონით, ჩაიცვან უცნაურად და თავი წარმოიჩინონ არა როგორც ყველაზე განათლებული, არამედ, როგორც ყველაზე გაუნათლებელი – მასწავლებლების/ლექტორების სიტყვის არ მიმღებებად. ისინი ირქმევენ აჯანყებული სახელს, მაგრამ აჯანყებულის არა რაიმე დიადი მიზნის მისაღწევად, არამედ არაფრისთვის, ან ყოველივიე ნეგატიურისათვის.

მათზე დაკვირვებისას ცხადი გახდა რომ ისინი სულ სხვანაირად იქცევიან მრტო ყოფნისას და სულ სხვანაირად ადამიანთა წრეში. თუ მათ მარტო გაესაუბრებით შეიძლება მოიკუნტონ, ზრდილობის ეტალონებად იქცნენ და ნამდვილად გული მოგიფონონ, მაგრამ როგორც კი საზოგადოებაში მოხვდებიან იმ წამსვე იწყებენ უცნაურ მოქმედებას, თითქოს უნდათ თავი წარმოაჩინონ. ხორხოცებენ ხმამაღლა, სულ მოძრაობენ, ბევრს სვამენ, მიუღებელ საქციელს ჩადიან და თავის მოთხოვნებს იკმაყოფილებენ, რითაც სახლში კმაყოფილები ბრუნდებიან. მაგრამ ფსიქოლოგიური კვლევის შემდეგ გამოირკვა, რომ ისინი არათუ კმაყოფილები არ არიან თავიანთი ცხოვრებით, არამედ ქვეცნობიერად ეზიზღებათ კიდეც საკუთარი თავი.

სად ვეძიოთ პრობლემა?! პრობლემა ყოველთვის სოციუმშია. ერთგვარი ბიჰევიორისტული მიდგომით კარგად დავინახავთ, რომ ისინი საზოგადოების იმ ვიწრო წრის გადაგვარებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, რომლებმაც მათ ჩააწვეთეს, რომ ისინი რაღაცნაირად განსხვავებულები უნდა ყოფილიყვნენ. ბავშვი ადრეული ასაკიდან ვერ იგებს რას ნიშნავს გამორჩეულობა და ე.წ. კაი ტიპობა, ამიტომაც თვითდამკვიდრების უცნაურ მეთოდებს მიმართავს. როდესაც ეს პროცესი უკუღმართ ან არასწორ ფორმებს იძენს მშობელი ვეღარ ახერხებს სიტუაციის კონტროლს და ე.წ. “თვითრჩეული” ახალგაზრდა პირდაპირი ან ირიბი გზებით იღუპავს თავს.

თუმცა პრობლემა ხანდახან სულ სხვა მიმართულებას იძენს, კერძოდ – რასიზმი. რასისტული გაგება არ საჭიროებს რაიმესადმი ღრმა ცოდნას. ინფორმაცია, რომ სხვა ფერადკანიანია სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ თვითდამკვიდრების პროცესში მყოფს გაუჩნდეს დამახინჯებული წარმოდგენა მასზე. თუ ამ ყველაფერს ადამიანთა ერთი კატეგორია შეუწყობს ხელს მაშინ მოზარდი აუცილებლად იქნება შეპრყრობილი აგრესიული იდეებით, რომელსაც, ვიმეორებ, არანაირი ცოდნა არ სჭირდება.

რატომ?! თუ ადამიანი საკმარისად განათლებულია, იცნობს კანონს, რელიგიურ ხედვას, ანთროპოლოგიას და მცირედ ისტორიას, სრულიად საკმარისი იქნება, რომ ნებისმიერ აგრესიულ გამოვლინებას ღიმილით შეხვდეს. ამიტომაც ძალიან საშიშია როდესაც ახალგაზრდა ხვდება ისეთ გარემოში, როდესაც მასზე დამოძღვრის საშუალება ეძლევა სხვას. გარდა პიროვნებისა ახალგაზრდაზე ზეგავლენას ახდენს მისი გარემოვაც!

როგორ წრეშიც იზრდება მოზარდი ისეთივე შეხედულებები უყალიბდება მას, მიუხედავად იმისა თუ როგორია თვითონ. მით უფრო თუ ასაკით არც ისე მოზრდილ ადამიანთან გვაქვს საქმე, რამდენადაც განათლებული არ უნდა იყოს იგი, მაინც, მშობლების დაკარგვის შიშით ითვისებს ზოგადად აღიარებულ “ჯგუფურ კანონებს”, შესაბამისად მისი ინდივიდუალური გავითარების პროცესი ან ფერხდება ან ზეწოლით ფორმებს იძენს.

როგორ შევცვალოთ ეს? როდემდე გრძელდება თვითდამკვიდრება?

თვითდამკვიდრება 18 წლამდე, ხშირად შემდგომაც, დაუსრულებლად გრძელდება, ამიტომ პირველ რიგში მშობლის მიერ უნდა იყოს დაკვირვებადი მისი შვილის გარემოცვა, რაც არც თუ ისე რთულ საშუალებას წარმოადგენს, მით უფრო ასეთი მასშტაბური კომუნიკაციების არსებობის პერიოდში.

ამას გარდა საჭიროა ერთგვარი არაოფიციალური საუბრები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით. რას ნიშნავს ეს?! შვილი თუ იქნება როგორც შენი მეგობარი და მას დაელაპარაკები, როგორც თანასწორს ის ბევრად უფრო მეტად გაგიგებს მშობლის ნათქვამს, ვიდრე ის, ვისაც ოჯახი ზეოფიციალურ, ბიუროკრატიულ წარმონაქმნად მიაჩნია. ასეთი არაოფიციალური საუბრების დროს ხდება იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცის გაცვლა, რომ მისი შედეგი შეიძლება აჭარბედეს კიდეც სკოლაში რამდენიმე ოფიციალურად გატარებულ წელს.

ამის შემდეგ შეიძლება ახალგაზრდას მიაწოდონ წიგნი. ეს თავისთავად ინტერესის სფეროებს გაუღრმავებს მას, წარმოსახვის უნარიც გაეზრდება და რაც მთავარია დაიწყებს იდეალური პერსონაჟების მიბაძვას. თვითდამკვირდრების პროცესში მას აღარ ექნება მორჩილების და თავის დახრის აბსოლუტური მოთხოვნილება, პირიქით, იგი მუდმივად მიმართული იქნება ისაუბროს ნებისმიერ თემაზე და დაიცვას საკუთარი აზრი. 

სადაც არ უნდა გავექცეთ მაინც ვერ ავცდებით – ახალგაზრდის ცხოვრებაში აუცილებლად გარდატეხას შეიტანს ურთიერთობის დამყარება საპირისპირო სქესთან. ამ დროს თავმომწონეობის მიზნით გოგო/ბიჭი იწყებს საკუთარი იმიჯის შეცვლასა და წინ წამოწევას. ამიტომ საჭირო ხდება ამ ყველაფრის ფარული, ძალიან ფარული დაკვირვება და კონტროლი. მაგრამ როგორც კი ახალგაზრდის თავისუფალ ნებაში მოხდება ჩარევა, იმ წუთასვე ყველაფერი უკუფორმებს მიიღებს, მით უფრო თუ სიყვარულის ობიექტი მოქმედებს იდისა და ეგოს გავლენით, ანუ მისთვის პრიორიტეტული იქნება “მე” და არა “ჩვენ”. ამიტომ ფრთხილად, ეს იმაზე მგრძნობიარე საკითხია, ვიდრე ვინმეს გონია.

უნდა აღინიშნოს, განვითარების გზაზე, დიდი ყურადღება ეთმობა ფიზიკურ აღზრდას, მით უფრო ბიჭის შემთხვევაში. არ შეიძლება ადამიანი განვითარდეს მხოლოდ ფიზიკურად ან მხოლოდ “წიგნის გზით”, რადგან თითოეულის დროს ადამიანს რაღაც პერიოდში გაუჩნდება კომპლექსი, რაც მეორეს ნაკლებობით იქნება გამოწვეული. ამიტომ აქაც საჭიროა აბსოლუტური შუალედის პოვნა და დარეგულირება.

და ბოლოს, ადამიანთან უნდა არსებობდეს ადამიანური მიდგომა, მიუხედავად მისი ასაკისა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ მეგობრებს, შვილებს, ახლობლებს, აუცილებლად ვუბიძგებთ გზისკენ, რომელიც დამღუპველი იქნება ყველასათვის.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი