თამაზ ბუთხუზი – სულთა ერთობა

0
605

გროვდება ახალი პრობლემები. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება გონებრივად ამაღლება ისე, რომ პრობლემამ თავისი არსი დაკარგოს. არ არის პრობლემა – არ არის ტანჯვა. ინდუსს ეს ესმის, ჩემთვის კი ბოლომდე მაინც არაა გასაგები. აი, ჩვენს შორის განსხვავება.

არსებობს მარადიული კითხვები – უცვლელია თუ არა სამყარო, განუყოფელია თუ არა სული და სხეული, და ა.შ. აი, ამ პრობლემებზე პასუხის “გაცემა” შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იმყოფები ნირვანულ – ზემაღალი ცნობიერების მდგომარეობაში.

არ არსებობს პასუხი ამ შეკითხვებზე – უბრალოდ, პიროვნება დგას შეკითხვაზე მაღლა, და ალბათ, აქ იწყება ბუდას გასხივოსნება. აი, აქ არის განსხვავება ჩვენსა და ბუდიზმის მიმდევართა შორის. აი, რას უყვებოდა თავის მოწაფეებს შრი რადჯნეშომი:

“ერთხელ, გარიჟრაჟზე ბუდა სასეირნოდ გავიდა. მას თან ახლდა ანანდა. ის ჩრდილივით დაჰყვებოდა ბუდას, რათა მომსახურებოდა მას.
ბუდას შემოხვდა უცნობი პიროვნება, რომელმაც ჰკითხა:
– არსებობს თუ არა ღმერთი? – ბუდამ მას წამიერად შეხედა თვალებში და მკაცრად უპასუხა:
– არა, ღმერთი საერთოდ არ არსებობს, ის არც ყოფილა და არც არასდროს იქნება, ამოიგდეთ თავიდან ეს სისულელე!

მკითხველი შოკირებული გაბრუნდა.

ანანდა, რომელსაც ბუდასაგან მრავალი პასუხი ჰქონდა მოსმენილი, მეხდაკრულივით გაშეშდა. მას ასეთი უხეში პასუხი არასდროს გაეგონა. მან შეხედა ბუდას და მის თვალებში მხოლოდ უდიდესი თანაგრძნობა ამოიკითხა.
ნაშუადღევს მოვიდა სხვა კაცი და ჰკითხა ბუდას:
– არსებობს ღმერთი?
– დიახ, არსებობს, არსებობდა და იარსებებს ყოველთვის. ეძიე და იპოვი – უპასუხა ბუდამ.

ასეთმა პასუხმა კიდევ უფრო განაცვიფრა ანანდა, მაგრამ შეკითხვა ვერ ჰკადრა მას, რადგან ბუდას გარს მრავალი მსმენელი ეხვია.
საღამოს ბუდა ხის ძირას იჯდა და მზის ჩასვლას უყურებდა. მოვიდა მესამე კაცი შეკითხვით:
– არსებობს ღმერთი?
ბუდას არ შეუხედავს მისთვის, ხელით მიანიშნა გვერდით დამჯდარიყო. ისინი ჩუმად, ხმის ამოუღებლად ისხდნენ ერთად. მზე ჩავიდა. კაცი წამოდგა, ხელით შეეხო ბუდას და თქვა:
– უღრმესი მადლობა პასუხისათვის . . . და წავიდა.

მარტო რომ დარჩნენ, ანანდამ ვერ მოითმინა და ბუდას ჰკითხა: “დილით ერთს უთხარი, რომ ღმერთი არ არსებობს; შუადრისას, მეორეს – ღმერთი არსებობს; საღამოს, მესამეს – დიდი პატივი მიაგე, გვერდზე მოისვი, ანიშნე, თვალები დაეხუჭა; შენ მისთვის სიტყვა არ გითქვამს, მაგრამ რაღაც მოხდა, ის სიჩუმეში ჩაიძირა, შემდეგ შენს ფეხს შეეხო, მადლობა გადაიხადა პასუხისათვის და წავიდა. მასწავლებელო, ხომ ვერ ამიხსნი რას ნიშნავს ყოველივე ეს?!”
– რატომ შეშფოთდი? ეს ხომ მათი შეკითხვები და ჩემი პასუხები იყო. შენ ხომ მონაწილეობას არ იღებდი?
– მე ყრუ არა ვარ. იქ ვიყავი და მესმოდა.
– პირველი იყო მორწმუნე. მას სწამდა ღმერთი. მას სურდა ჩემგან მიეღო დადებითი პასუხი, რათა შემდეგ ხალხში ეთქვა – “მარტო მე კი არა, ბუდასაც სწამს ღმერთის”.
მას ჩემი გამოყენება უნდოდა საკუთარი მიზნის მისაღწევად. მე იძულებული ვიყავი, მკვეთრი, მტკიცე, უარყოფითი პასუხი გამეცა მისთვის, რადგან ის შეპყრობილი იყო თავისი იდეით. ის მეცნიერი იყო. ის კარგად იცნობს წმინდა წერილებს. მე მესმოდა მის თავში აზრთა ხმაური. მხოლოდ მტკიცე უარით შევასმენდი მას. მას სჭირდებოდა შოკი და მან ეს მიიღო ჩემგან, რადგან მე არ მსურს მხარი დავუჭირო ვინმეს რწმენას. ყველა რწმენა შეცდომაა. ცოდნა კი სულ სხვა რამ არის.

მეორე ათეისტი იყო. მას არ სწამდა ღმერთი. ისიც მეცნიერი იყო. ისიც დატენილი იყო სხვადასხვა იდეებით. ის, პირველის იდეური მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ ისიც იმ მიზნით იყო მოსული, რითაც პირველი. ისინი არიან მოწინააღმდეგენი, მაგრამ მიზანი ერთი აქვთ. მას უნდოდა თავის ურწმუნოებაზე მიეღო ჩემი დასტური. ამიტომ იყო პასუხი – ღმერთი არსებობს. მე დავამსხვრიე მისი ურწმუნობის რწმენა.

მესამე იყო ჭეშმარიტი მაძიებელი. ის არ მოსულა შეკითხვისათვის. მას არ ჰქონდა იდეები. ის მოვიდა ღია. ფლობდა დიდ ნდობას. მას უნდოდა, რომ ჩემით “რაღაც” აღმოეჩინა. ამიტომ არ ამოვიღე ხმა. მე ის გვერდით მოვისვი და შენ მართალი ხარ  – “მოხდა რაღაც”.

მართლაც, დავუკვირდეთ ბუდასა და ანანდას საუბარს. აქ მე ვხედავ ჩემთვის ბოლომდე გაუთვითცნობიერებელ, მაგრამ მაინც, ჭეშმარიტებას. ღრმადა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ ორი ადამიანი შეძლებს ღრმა სიჩუმით ერთად დაჯდომას, მაშინ “რაღაც ხდება”, და თუ ერთ-ერთი მათგანი დიდია, ძალიან დიდი, მაშინ ხდება რაღაც გამაოგნებელი. დარჩით მარტო, ჩუმად ბახთან, დანტე ალეგიერთან, მიქელანჯელო ბუენაროტისთან, გალაკტიონთან, მეგობართან და თუ ეს შეძელით, ნახავთ, მოხდება რაღაც გამაოგნებელი.
იყავი საკუთარი თავისათვის სანთელი!

დასკვნა:
არაფრით გამორჩეულმა, მაგრამ თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ადამიანთა ჯგუფმა, შეძლო იდეის გამარჯვებამდე მიყვანა.
შედეგი:
გაუგონარი სიმძლავრის საზოგადოების შექმნა.

ისევ სხვა დრო, ისევ სხვა სივრცე
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი. იმპრესიონიზმი საფრანგეთი. პარიზი. სწორედ აქ გაჩნდა ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ხელოვნებაში რევოლუციის მოხდენა შეძლეს, (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). მათ აღიზიანებდათ ფერწერაში გამეფებული, დრომოჭმული მიმდინარეობის დამცველ ადამიანთა აზრი. ისინი გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სოციალური წარმოშობა, ტემპერამენტი, პოლიტიკური შეხედულებები განსხვავებული იყო.

იმ პერიოდში გაბატონებული იყო ფრანგული აკადემიის წარმომადგენელთა მხატვრული სტილი. იგი რაფინირებულ სალონურ გემოვნებას შეესაბამებოდა. ტილოები, ძირითადად, ბიბლიურ, ისტორიულ და მითოლოგიურ მოტივებზე იქმნებოდა. გთხოვთ, წარმოიდგინოთ ამ ტილოების ფონზე გოგენის, ვან გოგის, ნიკო ფიროსმანიშვილის შემოქმედება რა შოკში ჩააგდებდა მნახველებს, რა აგრესიას გამოიწვევდა მათში.

დავუბრუნდეთ 1863 წელს. ჯერ კიდევ ცოცხალია ვიქტორ ეჟენ დელაკრუა, ევროპის რომანტიზმის ბელადი. მისი აზრით: “სურათის პირველი ღირსება ის უნდა იყოს, რომ თვალს ახარებდეს . . . “
საოცარი დამთხვევაა. 1863 წელს დელაკრუა გარდაიცვალა; ამავე წელს ედუარდ მანე სამხედრო სამსახურიდან დაბრუნდა და მოლბერტით ხელში, გავიდა პლენერზე – ღია სივრეში.
ფეთქებადი, ნათელი ფერები, სადაც უფრო მნიშვნელოვანი იყო არა ფიგურათა და ნივთთა მკაცრი რეალისტური ხაზები, არამედ ფერთა თამამი ცვალებადობა, მხატვრული აზროვნება.
მას მხარში ამოუდგა გენიალურად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი.
თვით ედუარდ მანე საკუთარ თავს იმპრესიონისტებს არ მიაკუთვნებდა, მაგრამ იმპრესიონიზმის ფუძემდებელი იყო. ამ მოძრაობის სულიერი მოძღვარი იყო კლოდ მონე (ყოფილი პროვინციელი კარიკატურისტი).

პირველნი იყვნენ მკერავის შვილი პიერ ოგიუსტ რენუარი, არისტოკრატი ედვარდ დეგა, პოლ სეზანი, ქამილ პისარო, ალფრედ სისლეი, გიუსტავ კაიბოტტი – სიმპათიური საზღვაო ინჟინერი, პარიზში სასურველი სასიძო იყო, ბერტა მორიზო და მერი კასსატი, არმან გილომენი, რომელსაც შემთხვევით ლატარიაში მოგებულმა ფულმა მისცა საშუალება მთელი არსებით ფერწერაში გადასულიყო.

მე უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიებ მათ გვარებს არა იმიტომ, რომ მათ შექმნეს უნიკალური მიმართულება, არამედ იმიტომ, რომ: ეს იყო მებრძოლი ხალხი, მიუხედავად არნახული სულიერი ტანჯვისა, დამცირებისა, ირონიისა და ცინიზმისა, მათ შეძლეს საკუთარი იდეის გამარჯვებამდე მიყვანა. 

იმჟამინდელმა ელიტარულმა ჟურნალისტიკამ მათ ტილოებს ზიზღის ვერდიქტი გამოუტანა: “ისინი არიან განუვითარებელი ადამიანები, რომლებსაც ტილოებზე გადააქვთ დანახულის პირველი შთაბეჭდილება – იმპრესია”.

ეს მხატვრებს არ აღიზიანებდათ, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევდნენ. მათ ძალიან მოეწონათ ეს გამოთქმა და დაირქვეს იმპრესიონისტები. მე ვალდებული ვარ პატივი მივაგო იმ პირველ არამხატვრებს, ვინც ეს იდეა მიიღო. ამ იდეის გამარჯვებისათვის სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა პოლ დიუარ-რიუელი – პარიზელი ფერწერული ტილოებით ვაჭარი.

პოლ დიუარ-რიუელმა 1871 წელს გაიცნო მონე და პისარო. ეს მისმა ენერგიულმა ქმედებამ გამოიწვია მთელი მსოფლიოს დაინტერესება. მან დააინტერესა უგანათლებულესი ბანკირი და მისი მეუღლე – ხევმეიერები, ფელიქს ნადარი – ფოტოგრაფი. ეს მან დაუთმო საკუთარი ფოტოსტუდია იმპრესიონისტების პირველ გამოფენას. აქედან დაიწყო იმპრესიონიზმის განვითარება მთელ მსოფლიოში.

პარიზი ხელოვნების ცენტრად იქცა. პირველი არაფრანგები – მოდელიანი, სუტინა, პასკენი, კისლინდი, ვან-დონ-გენი. 1905 წელს პიკასომ დააარსა ჯგუფი, სახელწოდებით “სკა”. პარიზი იქცა ინტერნაციონალურ დედაქალაქად. იქმნება მიმართულებები – ფოვიზმი, კუბიზმი, ორფიზმი. ეს ტერმინები უკვე აღფრთოვანებული ჟურნალისტების მოგონილია, შემდეგ პურიზმი, დადიზმი, სურეალიზმი, პრიმიტივიზმი.ამ ადამიანების იდეამ მთელი მსოფლიო დაიპყრო.

დასკვნა:                                                                                                                                                    თითქოს არაფრით გამორჩეულმა, მაგრამ თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ადამიანთა ჯგუფმა, შეძლო იდეის გამარჯვებამდე მიყვანა.
შედეგი:                                                                                                                                                  გაუგონარი სიმძლავრის შექმნა. 

გავერკვეთ აღნიშნულ ისტორიულ მაგალითებში იდეის, საზოგადოების დაბადების, განვითარების, გამარჯვებამდე მისვლის არსში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი