ფრიდა კალო – პინიატა ტრაგიკული ბედით

0
996

მექსიკელი ბავშვების საყვარელი გასართობი რომ არის, piñata (პინიატა) – კანფეტებით და ხილით გატენილ ჭრელა-ჭრულა პაპიე-მაშეს სხვადასხვა ფორმის ფიგურებს რომ თოკზე კიდებენ და თვალახვეულები ჯოხით რომ ცემენ, სანამ კანფეტები არ გადმოიყრება, ეგ ხომ იცით? ჰოდა, მხატვარი რომ იყო, ფრიდა კალო რომელსაც ყველა უბედურება დაატყდა თავს, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, ასე ამბობდა საკუთარ თავზე:,,მე პინიატა ვარ და ცხოვრება თავის კეტს მიბაგუნებსო”, ალბათ ამიტომაც პინიატასნაირად სულ ჭრელა-ჭრულა სამოსით დადიოდა, რომ ვიზუალური მსგავსება მაქსიმალური ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით ერთმა ენამოსწრებულმა კაცმა იხუმრა კიდეც, ფრიდა კალომ თავისი ცნობილი წარბებიც პინიატასგან გადმოიღოო, piñata-ს თავზე დაკლაკნილი ხაზი რომ არის, ტილდად წოდებული, ზუსტად მასეთივე წარბები აქვს ფრიდა კალოსო

ფრიდა კალო  – (დ. 1907 წლის 6 ივნისი, კოიოაკანი, მექსიკა – გ. 1954 წლის 13 ივლისი მეხიკო, მექსიკა)
მექსიკელი ფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმის და სიურეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით;
კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვრის დიეგო რივერას მეუღლე.
ის  იყო გულერმო და მატილდა კალოების  მესამე  ქალიშვილი. მამა  იყო  ფოტოგრაფი გერმანელი, ებრაელი,ხოლო დედა წარმოშობით მექსიკელი ინდიელი.

 

6  წლის  ასაკში  ფრიდას  პოლიომიელიტი გაურთულდა, რის შედეგადაც დაკოჭლდა. (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა) მიუხედავად იმისა,რომ  ეზოში ბავშვები აჯავრებდნენ: ”ფრიდა-ხის ფეხა”, ის არას დაგიდევდათ და მაინც თამაშობდა ფეხბურთს ბიჭებთან ერთად, ცურაობდა, ბოქსითაც  კი  დაკავდა.  მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.

1925 წელს, 18 წლის ფრიდა საშინელ კატასტროფაში მოყვა. ტრამვაის და ავტობუსის შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშვილოსნოში გაუარა. ეს უკანასკნელი გახდა მისი უშვილობის მიზეზი. 1 წლის მანძილზე ფრიდა ლოგინს იყო მიჯაჭვული. მხრის და ქუსლის ამოვარდნილობა, მარჯვენა ფეხის მოტეხილობა 11 ადგილას, თეძოს სამმაგი მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა სამ ადგილას, ლავიწის და ნეკნების მოტეხილობა,… თუკი რაიმე სასწაული არსებობს გადარჩენის, სწორედ ფრიდას შემთხვევაში დაუშვა განგებამ. სხეულის უმეტესი ნაწილი თაბაშირში  ჰქონდა  ჩასმული, ხოლო ხელები- თავისუფალი. 

 მშობლებმა  საჩუქრად  მიუტანეს ფუნჯები და საღებავები, დაუყენეს სპეციალური პლანშეტი, დაუკიდეს  სარკე ისე, რომ მუდმივად  ეცქირა საკუთარი თავისთვის. პირველი ნახატები ავტოპორტრეტები გახდა. სწორედ ამ თემამ გაიტაცა შემდგომშიც:-”მე ვხატავ  ჩემ თავს, რადგან  ბევრ დროს ვატარებ მარტოობაში და ვარ ის თემა,რაც საუკეთესოდ  ვიცი.”- ამბობდა ფრიდა. ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. თუმცა ამ საშინელმა ტრაგედიამ ზებუნებრივი  ტალანტი გააღვიძა მასში.ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.

საბოლოოდ ფრიდამ 32 ოპერაცია გადაიტანა და მთელი წელი გაატარა ორთოპედიულ კორსეტში. ამის შემდეგ კი ინვალიდის ეტლი და თაბაშირი კარგა ხანს მისი ცხოვრების მეგზური იყო. მის ადგილას ბევრი ფარ-ხმალს დაყრიდა და ბედს შეეგუებოდა, მაგრამ ფრიდა ამისთვის არ იყო შექმნილი. ის ინვალიდის სავარძლით ცდილობდა, ვალსი ეცეკვა და მოტეხილ ფეხზე დადებულ თაბაშირზე პეპლებს ხატავდა. „სიკვდილს დავცინი, რომ არ წამართვას ის საუკეთესო, რაც ჩემშია“, – ამბობდა ქალი. 

მისმა ნამუშევრებმა მალე მექსიკელი მხატვრის და მიურალისტის, დიეგო რივერას ყურადღება მიიქცია. თუმცა, ფრიდა მანამდე ძალიან კარგად იცნობდა დიეგოს და პირველივე შეხვდერის შემდეგ დაფიცებული ქონდა –  რადაც არ უნდა დაჯდომოდა, რივერას ცოლი გამხდარიყო. მართლაც, ქალმა დაიპყრო მამაკაცი არა სილამაზით, არამედ თავისი გიჟური ენერგეტიკით. მოგვიანებით 1929 წელს ფრიდა კალომ იქორწინა, დაშორდა, და შემდეგ ხელმეორედ იქორწინა. წყვილის ქორწინება ძალზედ არასტაბილური და მძიმე გამოდგა. მათი უთანხმოებები ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადადიოდა. პირველი ქორწინებისას რივერა 42 წლის იყო, ხოლო ფრიდა ოცდაორის. ის ფრიდაზე გაცილებით მაღალი იყო და მასზე სამჯერ მეტს იწონიდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ:„ჩემს ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა იყო, ერთი ავტობუსში, მეორე კი – დიეგო“.

ისინი დასახლდნენ თავიანთ ცნობილ ”ცისფერ სახლში”, კაიოაკანში  ლონდრეს ქუჩაზე. სახლის  ეზოში იდგა უამრავი ძველი, წინა საუკუნეების ინდიელების სტატუეტები,  ინტერიერს  ამშვენებდა  ნახატები და სხვადასხვა მორთულობები.

ფეხის ნაკლის დასაფარავად, გათხოვების  შემდეგ კალომ გრძელი ნაციონალური კაბები მოიხდინა.

” დიეგო-დასაწყისია, დიეგო-ჩემი პატარაა, დიეგო-ჩემი მეგობარია, დიეგო-მხატვარია, დიეგო-მამაჩემია, დიეგო-ჩემი საყვარელია, დიეგო-ჩემი ქმარია, დიეგო-დედაჩემია, დიეგო-თავად მე ვარ, დიეგო-ეს ყველაფერია”, – წერდა ფრიდა თავის დღიურში.

ფრიდა ოცნებობდა ბავშვზე, მაგრამ  სამივე მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა. ამის შემდეგ იგი ხშირად ხატავდა საკუთარ მკვდარ ემბრიონებს, რომელიც სპირტიან ქილებში ჰქონდა შენახული და შინაგანი ტკივილები ნახატებში გადაჰქონდა, ხალხში კი ძველებურად ხალისიანი, ლამაზი და ძლიერი ჩნდებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, სიცოცხლისკენ სწრაფვა უძლიერდებოდა, რასაც კაშკაშა და ფერადოვანი სამოსით და თმაში უხვად ჩაწნული ყვავილებით გამოხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე თემა ჰქონდა არჩეული, მაინც ხატავდა ნათელ ფერებში. ავტოპორტრეტებში სახე არასოდეს იღიმოდა, კაბები კი ხასხასა ტონალობაში ჰქონდა შესრულებული. შემოქმედებაში შეიმჩნევა ხალხური მექსიკური ხელოვნების, ხოლო ადრეულ ნახატებში – ევროპული ფერწერის  ზეგავლენაც. დიეგო რივერა ცოლს გამუდმებით სტანჯავდა. მისი საყვარელი გამოთქმა იყო – ,,რაც უფრო მეტად მიყვარს ქალი, მით უფრო მეტად მინდა, რომ ტკივილი მივაყენო”. ამას ემატებოდა ისიც, რომ დიეგო დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა. მსუქან, შეუხედავ, ცუდი მანერების მამაკაცს ქალები აღმერთებდნენ. 1934  წელს დიეგომ უღალატა  მეუღლეს მის დასთან, კრისტინასთან, რომელიც  მისთვის პოზიორობდა. კალოსთვის  ეს უმძიმესი  დარტყმა იყო, რაც შემდგომ ტილოზე  გადაიტანა. შიშველი  ქალის  სხეული სისხლიანი ჭრილობებით. გვერდით იდგა მამაკაცი დანით ხელში,  გულგრილი გამომეტყველებით. ამ ტილოს ირონიულად დაარქვა:”სულ რაღაც რამოდენიმე ნაკაწრი”. წყვილები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა 1 წელიწადში ისევ შერიგდნენ, რადგან ფრიდას უბრალოდ არ შეეძლო დიეგოს გარეშე ცხოვრება.

“მე მინდოდა დამეხრჩო ჩემი სევდა, მაგრამ ეს ნაძირალა ცურვას სწავლობდა და კვლავ და კვლავ ბრუნდებოდა ჩემთან”, – წერდა ფრიდა თავის დღიურშიმეუღლის ღალატით დაღლილი და გაჯავრებული ფრიდა სამაგიეროს უხდის დიეგოს მრავალრიცხოვანი საყვარლების  ყოლით და ბოჰემურ ცხოვრებაში ეშვება. აწყობდა ხალხმრავალ და ხმაურიან საღამოებს, უზომოდ სვავდა ტეკილას, მთელი საღამო ყვებოდა უხამს ანეგდოტებს და ამბებს აღვირახსნილ ცხოვრებაზე. მას რომანი ჰქონდა, როგორც კაცებთან, ასევე – ქალებთან. მათ შორის ცნობილია შავკანიანი მსახიობი ჯოზეფინ ბეიკერი და საბჭოთა რევოლუციონერი ლევ ტროცკი. რომელიც მოგვიანებით მეხიკოში, მის სახლში იქნა მოკლული სტალინის აგენტების მიერ 1940 წელს. ამასობაში კალოს ჯანმრთელობა ნადგურდებოდა, მაგრამ  მას სიცოცხლე იმდენად უყვარდა, რომ არასდროს იმჩნევდა ფიზიკურ დისკომფორტს.

1939  წელს კალომ მოაწყო გამოფენა საფრანგეთში, სადაც სენსაციური მხატვრის წოდება მიიღო. ლუვრმაც კი შეიძინა ერთ-ერთი ნახატი.1940  წელს მხატვარმა შემოქმედების პიკს მიაღწია და მონაწილეობა მიიღო უამრავ გამოფენებში. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდა კალოს ნამუშევრები ხშირად მოიხსენიება როგორც სიურეალისტური და ისინი რამდენიმეჯერ ევროპელ სიურეალისტებთან ერთადაც იქნა გამოფენილი, თვით ფრიდა ხშირად უარყოფდა მის ამგვარ კლასიფიკაციას. ფრიდას გატაცებამ ქალური თემებით და მისმა ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ ის ფემინისტური კულტის ფიგურად აქცია მე -20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში.

ავარიის შემდგომი ავადმყოფობა და ტკივილები დროთა განმავლობაში უფრო მეტად პროგრესირდებოდა და უტევდა მხატვარს. ბოლო წლებში აბსოლიტურად დამოკიდებული გახდა სპირტიან სასმელზე და ნარკოტიკზე, რომელსაც ტკივილების გასაყუჩებლად მიმართავდა. 

1953 წელს მეხიკოში მოწყობილ პირველ პერსონალურ გამოფენაზე მხატვარი ინვალიდის ეტლით შეიყვანეს. ტკივილებისგან განადგურებული მომღიმარი მხატვარი, თმაში ჩაწნული ყვავილებითა და ხელში სიგარეტით, თავად სიმშვიდეს განასახიერებდა.

სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, უკვე ფეხმოჭრილმა და მწოლიარე ფრიდამ დახატა საზამთროები, რომელიც სიცოცხლის დაწაფებას გავდა “გაუმარჯოს სიცოცხლეს” – ასეთი სახელი მოუფიქრა. 

1954 წლის 13 ივლისს, 47 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი ბოლო ჩანაწერიდან ვკითხულობთ:„ვიმედოვნებ, რომ წარმატებულად წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები”  – ფრიდა კალო მექსიკის კულტურული სიმბოლო გახდა.

ცნობილია, რომ 1944 წლიდან, შემოქმედების პიკზე მყოფი  მხატვარი პირად ჩანაწერებს აწარმოებდა, რომელსაც ხელოვანის სიკვდილის შემდეგ 40 წლის მანძილზე დახურულ არქივში მალავდა მექსიკის მთავრობა. მას მერე, რაც  ჩანაწერებმა დღის სინათლე იხილა, ის მყისიერად გახდა მსოფლიო ბესტსელერი. დღიური 170 გვერდი მოიცავს, მოგონებებს მხატვრის ბავშვობის შესახებ, აკვარელით გაკეთებულ ჩანახატებსა და გულახდილ ჩანაწერებს ქმრის მიმართ მტანჯველი სიყვარულის შესახებ. დიეგოსა და კალოს დიდი სიყვარულის გარდა, პოლიტიკაც (კომუნიზმი) აერთიანებდათ.

20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი ქალი ფრიდა კალო ისტორიაში შემოქმედების გარდა, თავისი მგზნებარე ტემპერამენტის წყალობით შევიდა. ფრიდა კალოს ყოველი წუთი პიროვნული თავისუფლებისთვის და ქალად ყოფნისთვის ბრძოლაა. შესაბამისად, ფრიდას საიდუმლო, ცხოვრებისეული სირთულეებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალად დარჩენისა და სიცოცხლის სიყვარულის ნიჭია. 

არატრადიციული შესახედაობა, თვალშისაცემი გადაბმული წარბები და თხელი ულვაშები ეგზოტიკურ სილამაზედ და საკუთარ უპირატესობად აქცია.  საუკეთესოა მისი ნახატები, რომელიც არ არის მხოლოდ ტილო. გუაში და ხაზები სიღრმისეულად გამოხატავს მის შეგრძნებებსა თუ ტკივილს. მეამბოხე, მებრძოლი სული ,,-იმედის ხეო, მედგრად იდექ” – ასე შემოუძახებდა ხოლმე განსაცდელში მყოფი ფრიდა საკუთარ თავს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი