რეზო კორინთელი – სარწმუნოება და სულიერი ფსიქოთერაპია

0
452

პროფესორ რეზო კორინთელის ეს მოხსენება რელიგიური და მეცნიერული, კერძოდ, ფსიქიატრიული, ფსიქოთერაპიული მიდგომების დაახლოვებას ისახავს მიზნად. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, მსგავსად სხვა ფსიქოთერაპიული მიდგომებისა, ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებს. მოხსენებაში განხილულია მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის დეფინიცია, მისი ფორმები და პიროვნების მისეული მოდელი, ძირითადი პრინციპები და ის თავისებურებები, რომელიც მას განასხვავებს სულიერებაზე ორიენტირებული სხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებებისგან. 

მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში კი არ უპირისპირდება, არამედ ავსებს და ამდიდრებს ერთმანეთს. რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის. 

ტრადიციულად ფსიქოთერაპია, როგორც მედიცინის და პრაქტიკული ფსიქოლოგიის დარგი, მეცნიერებას განეკუთვნება, თუმცა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისგან გასხვავებით, ის უფრო ახლო ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან და რელიგიასთან დგას, რადგანაც მისი კვლევისა და ზემოქმედების საგანს ადამიანი, მისი ფსიქიკური და სულიერი კეთილდღეობა წარმოადგენს.

ადამიანის გაუცხოება, მისი გადალახვის გზები და ცხოვრების საზრისის ძიება, ანუ პიროვნების სრულყოფილება მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. სიღრმის ფსიქოლოგია, თანამედროვე ფსიქოანალიზი და სულიერი ფსიქოთერაპია პიროვნების ფსიქო-ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობის მიღწევაზე, ცხოვრების ჭეშმარიტი ფორმების მიგნებასა და ადამიანის თვითრეალიზაციაზეა მიმართული. იგი ცდილობს პასუხი გასცეს იმ მარადიულ კითხვებს, რომლებიც საკუთარი თავის ძიების პროცესში მყოფ ადამიანში აუცილებლად წამოიჭრება: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა დანიშნულება აქვს ჩემს ცხოვრებას? რა არის ჩემი მოწოდება? 

„ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება“.- ილია II

ზემოაღნიშნული, ფსიქოლოგიის ენაზე, თვითრეალიზაციას გულისხმობს, რაც მეტამოთხოვნილებების (ჭეშმარიტების, მშვენიერების, შემოქმედების და რელიგიური მოთხოვნილებების და სხვ.) დაკმაყოფილებაში გამოიხატება. პიროვნების სრულყოფილების განხილვისას ეკლესიური სწავლება ვნებებისგან გათავისუფლებაზე საუბრობს. ვნებები ადამიანს იპყრობს და თავისუფალ ნებას აკარგვინებს. ეს თვალსაჩინოა ფსიქიკური დაავადებების დროს.

ვნებების რელიგიურ ცნებას ფსიქოანალიზში კომპლექსების ცნება შეესაბამება. სიღრმის ფსიქოლოგია ფსიქიკური დაავადებების წარმოშობაში, განვითარებასა და მკურნალობაში გადამწყვეტ როლს კომპლექსებსა და მათი უარყოფითი ზეგავლენის დაძლევა-აღმოფხვრას ანიჭებს. 

ფსიქოანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ კომპლექსის ტერმინის დამკვიდრებას ციურიხის ფსიქოანალიტიკურ სკოლას (ე. ბლეილერი, კ.გ. იუნგი) უნდა ვუმადლოდეთ. გთავაზობთ კომპლექსების რამოდენიმე განმარტებას: 1. კ.გ.იუნგის თანახმად, კომპლექსი არის აფექტურად დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა (Gefuhlsbetonter Vorstellungs Komplex). ეს არის ძლიერი აფექტური ძალის მქონე იდეებისა და მოგონებების ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად არაცნობიერია. ისინი ყალიბდება ბავშვობაში ინტერპერსონალური ურთიერთობების საფუძველზე და ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკის ყველა დონეზე: ემოციებზე, აზრებზე, განწყობასა და ქცევაზე (J. Laplanche, J.B.Pontalis, 1988). კომპლექსების აღმოსაჩენად იუნგმა შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტი. ასოციაციური ტესტით იუნგმა კომპლექსების არსებობა ემპირიულად დაასაბუთა და სიღრმის ფსიქოლოგიას და ფსიქოსომატიკას ექსპერიმენტული საფუძველი ჩაუყარა. 

 კომპლექსის უვნებელსაყოფად უნდა:
1. გავაცნობიეროთ კომპლექსი, ანუ მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას, ანუ დაუფლებას, ხოლო, საბოლოო ჯამში-პიროვნულ ზრდას;
2. მისი უკუპროეცირება უნდა მოვახდინოთ, ანუ ის უნდა დავაბრუნოთ ცნობიერებაში;
3. გავაცნობიეროთ, თუ რა მიზნებს ემსახურება კომპლექსი;
4. მოვახდინოთ კომპლექსის ტრანსფორმირება, ცნობიერი და ემოციური ძალისხმევითა და
5. გავაფართოვოთ ჩვენი პიროვნება კომპლექსების ინტეგრაციის გზით. ამ მიზნების მისაღწევად გამოიყენება განსხვავებული მიმართულების ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა პიროვნების სულიერ განზომილებასა და პიროვნების ზრდაზე მიმართულ მიდგომებს.

ამის დამადასტურებელ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებათა ახალი კლასიფიკაცია, რომელიც გლობალიზაციით გამოწვეული ფსიქიკური ხარვეზების აღმოფხვრაზეა მიმართული და რომელიც მზადდება მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ და პიროვნებაზე მიმართული ფსიქიატრიის სახელწოდებით იქნება ცნობილი. პიროვნებაზე მიმართული ფსიქიატრია (Psychiatry for

ამას აღწერს ერიკ ერიქსონი „მე-ს მთლიანობის“ (Ego integrity) ცნებაში (E.Ericson 1959), რასაც კ.გ. იუნგის ცენტრისკენვერსიის (Centroversion) ცნება (C. G. Jung 1966). შეესაბამება სულიერი განზომილების ფენომენოლოგიური გამოვლენა ხდება ამ სფეროსთან უშულო შეხების დროს, რაც არის ხანმოკლე, მოულოდნელი და ხშირად გამოუცნობი რჩება. იგი გარკვეული წვრთნის (მედიტაცია, ლოცვა) შედეგად მიიღწევა, ან შეიძლება მძაფრ, ემოციურად დამუხტულ და ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან სიტუაციებში (მაგ., სიკვდილის საშიშროება) გამოვლინდეს. 

მასლოუ აღწერს ე.წ. „პიკურ განცდებს“ (Maslow A. 1968). ამ განცდისას ადგილი აქვს დაინტერესებულ ჭვრეტას (Being Cognition), რომლის დროსაც ჩვენ საგნებსა და ადამიანებს უანგაროდ, ყოველგვარი პირადი დაინტერესების გარეშე ვუყურებთ. ამ დროს პიროვნებას უკიდურესი ბედნიერების განცდა ეუფლება.ამ განცდებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს რელიგიურ-მისტიკური, ან ესთეტიკური, შემოქმედებითი აღმაფრენის, ინტელექტუალური ინსაიტების და სხვ. დროს.

პიკურ განცდებს ხშირად თან ახლავს საკუთარი მე-ს საზღვრების დაკარგვა. ყველა ეგზალტირებული განცდა როდი მიეკუთვნება პიკურ განცდას. მაგ., სპორტსმენის სიხარული დიდი გამარჯვების გამო არ წარმოადგენს პიკურ განცდას, რადგანაც ის აღიარების მოთხოვნილების დაკმაყოფილებით არის გამოწვეული. პიკური განცდისას აღქმული ობიექტი განიცდება, როგორც უნიკალური და დასრულებული. პიკური განცდა ერთიანობის ტიპიურ განცდას წარმოადგენს, რომლის დროსაც ჩვენ საკუთარ თავს ერთი მთლიანის ცალკეული ასპექტად აღვიქვამთ, იმ მთლიანის, რომლის ცალკეული ნაწილები ჰარმონიულ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ერთიანობის ამ მდგომარეობაში ყველა აშკარა დიქოტომია გადალახულია და შერიგებულ თანხმობაში იმყოფება.

უ. ჯეიმსს (James W. 1902) რომ დავესესხოთ, ამ დროს სამყაროში არსებული ყველა წინააღმდეგობა და კონფლიქტი, რომელიც ყველა ჩვენი უბედურების მიზეზია, თითქოს ერთ გამთლიანებულ რეალობაში ქრება. სულიერი განზომილების მქონე ადამიანის შესახებ ახალი მოდელის და რედუქციონისტური სამედიცინო მოდელის შეთანხმება, მათი თანაარასებობა გარკვეულ სიძნელეებს ქმნის. დასავლური მეცნიერული მიდგომა იმ პოსტულატს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, ობიექტური დაკვირვება შესაძლებელია და განსხვავება დამკვირვებელსა და დაკვირვების ობიექტს შორის აშკარაა.

ეს მიდგომა სამყაროს, აბსოლუტურ დროსა და სივრცეში მექანიკური კანონებით მოქმედ მანქანად აღიქვავს, რომელშიც ნაწილაკები ერთმანეთისგან ცარიელი სივრცითაა განცალკევებული. მიუხედავად იმისა, რომ კვანტური ფიზიკა და ფარდობითობის თეორია აბათილებს ამ პოსტულატებს, მეცნიერება და მედიცინა მაინც ეყრდნობა მათ.

სუბატომურ და ვარსკვლავთაშორის დონეზე, დრო და სივრცე აბსოლუტური, ხოლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ლინეარული აღარაა, ელემენტარული ნაწილაკების ნაცვლად ადგილი აქვს პროცესებს, ხოლო მატერია ენერგიას წარმოადგენს. სამყარო წარმოადგენს უწყვეტი ენერგიის მოძრავ ველს, რომელშიც მატერია, ამ ენერგიის კონდენსაციის გზით, განუწყვეტლივ იქმნება, ტრანსფორმირდება და შემდგომში ქრება.

ამ სამყაროში ნაწილები ურთიერთდაკავშირებულია, სადაც დამკვირვებელი, სუბიექტი განუყოფელია დაკვირვების ობიექტისგან. აქედან გამომდინარე, დამკვირვებელი მოქმედებს საკვლევ ობიექტზე. თანამედროვე მეცნიერული ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი თეორია ფიზიკური სამყაროს შესახებ ცნობიერების თეორიასაც უნდა ითვალისწინებდეს.

სიღრმის ფსიქოლოგიაში არაცნობიერი წარმოადგენს გონების და ფსიქიკის იმ ნაწილს, რომელზედაც ევკლიდური სივრცე, ლინეარული დრო და კაუზალობა, სუბიექტ-ობიექტის განსხვავება არ ვრცელდება და რომელშიც ადგილი აქვს ობიექტთა იდენტურობისა და ურთიერთცვლილების განუწყვეტელ ნაკადს. კვანტურ-ფარდობითობის, ფსიქოდინამიკური და სულიერი მოდელების თანხვედრა მიგვითითებს იმაზე, რომ ფენომენალურ სამყაროს საფუძვლად ენერგიის დინამიკური ველი უდევს.

აღმოსავლური და დასავლური ანტიკური სულიერი ტრადიციები იზიარებდნენ ამ თვალთახედვას და თვლიდნენ, რომ ხილული სამყაროს საფუძველში ღვთაებრივი ენერგიაა. სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

1. ყოველ ჩვენგანს სულიერი მომწიფების, თვითრეალიზაციის (Maslow A. 1954), ინდივიდუაციის (Jung С. 1966) უნარი აქვს;
2. სულიერი სიმწიფე და ზრდასრულობა გულისხმობს ჩვენს იდენტიფიცირებას საკუთარ აუტენტურ მე-სთან, თვითობასთან;
3. ადრინდელი ფსიქოანალიტიკური მოდელისგან განსხვავებით, რომელიც მე-ს კონფლიქტურ და ნევროტულ ინსტანციად განიხილავდა, სულიერებაზე ორიენტირებული მოდელის თანახმად, ჩვენი აუტენტური მე უკონფლიქტო, ჯანმრთელ, გამთლიანებულ ცენტრს წარმოადგენს;.
4. ადრინდელი ფსიქოანალიტიკური მოდელისგან განსხვავებით, სულიერებაზე ორიენტირებული მოდელის მიხედვით, ჩვენი მე არსებობს და ფუნქციონირებს ცნობიერ, არაცნობიერ და უფრო ღრმად განდევნილი აუტენტური მე-ს დონეზე;
5. ძველი მოდელისგან განსხვავებით, რომელიც მიიჩნევს, რომ დაავადება გამოწვეულია კონფლიქტით, ახალი მოდელის თანახმად, ავადმყოფობა გამოწვეულია აუტენტური მე-სგან დაცილებითა და დაშორებით და მასთან იდენტიფიცირების გაძნელებით;
6. მკურნალობის პროცესი მდგომარეობს პაციენტის მცდარ მე-სთან განშორების, დეზიდენტიფიცირებისა და აუტენტურ მე-სთან იდენტიფიცირების პროცესის ხელშეწყობაში. 

ამ მხრივ საინტერესოა, თუ როგორ განიხილავს სულიერი ფსიქოთერაპია ეგოიზმს. საკუთარი თავის სიყვარული, ანუ სიყვარული, რომელიც მიმართულია საკუთარი თავისკენ, ხშირად ეგოიზმთან, ანუ ნარცისიზმთან არის გაიგივებული, რაც საკუთარი გარეგნობის, ანუ ნიღბის (იუნგი) სიყვარულს ნიშნავს. საკუთარი თავის სიყვარულის დროს აუცილებელია განვასხვავოთ ის, თუ როგორ გვიყვარს და რა გვიყვარს საკუთარ თავში.

ეგოიზმს ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანს უყვარს ტკბობის, ფლობის და დომინირების ასპექტები საკუთარ თავში. მაგრამ თუ ადამიანს უყვარს ის, რაც ადამიანში უმაღლესი და არსებითია, ის, რაც მას ცხოველისგან განასხვავებს და ადამიანად აქცევს, მისი იდეალური ღვთაებრივი პლასტი, მაგ., თუ უყვარს საკუთარ თავში სულიერი ზრდისა და განვითარების ტენდენცია, შემოქმედების უნარი და სხვებთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მაშინ ასეთი სიყვარული ეგოიზმს მოკლებულია და ზრდის ცხოვრების ხარისხს. ამ დროს ჩვენ უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ასეთი სიყვარული მოყვასისადმი სიყვარულის დაბრკოლებას კი არ წარმოადგენს, არამედ, პირიქით, აძლიერებს მას.

ეგოისტი ვერ საზღვრავს საკუთარი თავის ფარგლებს და საკუთარი პრიზმიდან უყურებს მთელს სამყაროს, რაც ფსიქიკური ინფლაციის ნიშანია. სულიერი ფსიქოთერაპიის განსხვავება ფსიქოთერაპიის სხვა მიმართულებებისგან შესაძლებელია განვიხილოთ ფროიდის და იუნგის მიდგომის ზოგიერთი ასპექტების ანალიზის საფუძველზე.

ფროიდის მიდგომა ანალიტიკურ-რედუქციონისტულია, ანუ მას რთული მარტივამდე დაჰყავს. მაგ., სიყვარული – სქესობრივ ინსტინქტამდე, განსხვავებით იუნგისგან, რომელიც სულიერ ინსტინქტზე, ანუ ადამიანის თანდაყოლილ სულიერებაზე ლაპარაკობს. ფროიდის მიხედვით, რელიგია კოლექტიური ნევროზის ფორმას წარმოადგენს, ხოლო იუნგის მიხედვით – ადამიანის მეტამოთხოვნილებას.

ფროიდის მეთოდი კაუზალურია, ანუ ის დაავადების მიზეზის გამოაშკარავებით შემოიფარგლება, ხოლო იუნგის მეთოდი არა მარტო მიზეზზე, არამედ დაავადების მიზანზეცაა ორიენტირებული. ანუ იგი ტელეოლოგიურია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩავწვდეთ პიროვნების არსს, მისი დაავადების მნიშვნელობასა და საზრისს, როდესაც გამოვარკვევთ, თუ რისკენ მიისწრაფვის ავადმყოფის პიროვნება.

იუნგი არაცნობიერ სფეროს განიხილავს, როგორც მიზნების განხორციელებისაკენ მიმართულ სისტემას; ხოლო დაავადებას, არა მარტო როგორც დარღვევასა და დეზადაპტაციას, არამედ – როგორც დადებითი ასპექტების მქონეს, რომელშიც თვითრეალიზაციის შესაძლებლობას ხედავს. ამგვარად, სულიერი განზომილება წარმოადგენს პიროვნების იმ ასპექტს, რომელიც ჰერმენევტიკულ-სინთეზური და ნოეტური ფუნქციის მატარებელია და მიისწრაფვის აბსოლუტური ჭეშმარიტებისაკენ, თუმცა, არცერთ რელიგიურ სისტემას არ მიეკუთვნება. 

სულიერი ფსიქოთერაპიის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, რომელიც მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებლურ ტრადიციას ეფუძნება. მოკლედ შევჩერდებით მის ძირითად პრინციპებზე. 

მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ფსიქიკის მკურნალობის მეთოდთა და ფსიქოლოგიურ მიდგომათა იმ ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მართლმადიდებლურ რწმენას და ერთიანი სამოციქულო ეკლესიის სულიერ, ასკეტურ და სალიტერატურო გამოცდილებას ემყარება. დამოუკიდებელ მიმართულებად მისი ჩამოყალიბება განპირობებულია რელიგიურ-კონფესიური ელფერით, რადგანაც მას საფუძვლად უდევს:

1. მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის და ჰომილევტიკის თეორიული ცოდნა და გამოცდილება;
2. წმიდა მამათა ასკეტური გამოცდილება და მათი სწავლება სულიერი ცხოვრების შესახებ;
3. წმიდა მამათა სწავლება ვნებების, როგორც დაავადების გამომწვევი მიზეზისა და სულიერი მოღვაწეობის, ღვაწლის შესახებ.
4. ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება სულისათვის ზრუნვის საქმეში;
5. წმიდა წერილზე დამყარებული ქრისტიანულ-ზნეობრივი მოვალეობის გაგება. 

მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მიმართულია რა ადამიანის ადაპტაციასა და სულიერ ხსნაზე, ინტერდისციპლინური პრობლემის გადაწყვეტას სამედიცინო, სოციალური და სოტეროლოგიური ასპექტების გათვალისწინებით ცდილობს. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ემყარება წმიდა მამათა სწავლებას:

1. ადამიანის ტრიქოტომული აგებულების შესახებ;
2. ადამიანის, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსების შესახებ;
3. მადლის, სულიერი მღვიძარების და განმღრთობის შესახებ.

პიროვნების ქრისტიანული გაგება პიროვნების განუმეორებლობას, მის ღვთაებრივ წარმომავლობას ეფუძნება. იგი განსხვავდება იუდეური ანთროპოლოგიისაგან, სადაც პიროვნება განიხილება, როგორც მხოლოდ ერის, საზოგადოებისა და მთლიანის ნაწილი. პიროვნების გაგება მართლმადიდებლობაში არის აბსოლუტური, პერსონალისტური და იპოსტაზური, ანუ თვითმყოფადი არსებობის მქონე. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ დაიყვანება ინდივიდის, როგორც გვარის ცალკეული, კონკრეტული ნაწილის ცნებამდე (Хоружий С.С 1994). გამოყოფენ მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის ორ ფორმას:

1. ეკლესიურს;
2. მეცნიერულ-პრაქტიკულს.

პირველი გულისხმობს საეკლესიო წესების, რიტუალების, ლიტურგიისა და საეკლესიო საიდუმლოებათა ფსიქოთერაპიულ, სამკურნალო ზემოქმედებას; მეორე კი – ფსიქოთერაპიული დახმარების სახეებს (დიაგნოსტიკა, კონსულტაცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა), რაც ექიმ-ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქოლოგების მიერ ხორციელდება. ეს უკანასკნელი კი არ ჩაანაცვლებს საღმრთო ლიტურგიის და წმიდა საიდუმლოთა ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას, არამედ ავსებს მათ.

თუ ლიტურგიას განვიხილავთ მისი მისტიკური არსის გარეშე, მაშინ ის წარმოადგენს ისეთ ხელოვნებათა სინთეზს, როგორებიცაა: სახვითი, სიტყვიერ-პოეტური და მუსიკალური. თითოეული მათგანის ფსიქოთერაპიული ეფექტი, ლიტურგიის რითმული სტრუქტურა, მგალობლებისა და მრევლის მონაწილეობა, ემოციური დატვირთვა, ყველაფერი ეს მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ – უარყოფითი აფექტების განტვირთვისაკენ, ანუ კათარზისისაკენ.

პავლე ფლორენსკი (Андроник игумен, 1986) რითმს, ტემპსა და ინტონაციას ლიტურგიის არსებით ნაწილად მიიჩნევდა. თუ რითმი, ტემპი და ინტონაცია დაცულია, მაშინ ლოცვა და გალობა ადამიანთა სამშვინველზე განმწმენდ ეფექტს ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ლიტურგიის შინაარსი ქვეცნობიერ დონეზე აღიქმება. ამ გაგებით, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რიტუალურ მხარეზე, როგორც არტთერაპიაზე, კერძოდ, მუსიკოთერაპიასა და ბიბლიოთერაპიაზე. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის ამოცანაა, პაციენტს გაუწიოს დახმარება:

1. მონანიებამდე მიყვანაში;
2. ავადმყოფობის გამომწვევი ვნებების პათოლოგიური მექანიზმის გაცნობიერებაში;
3. მნიშვნელოვანი ემოციური განცდების აქტივაციასა და პოტენციურად მთვლემარე სარეზერვო შესაძლებლობების გამოღვიძებაში. მისი საბოლოო მიზანია ღვთის ხატის აღდგენა. ეს კი ათანასე დიდის შემდეგ პრინციპს ეყრდნობა: “ღვთის ხატად ყოფნა ეს ჩემი გონიერი არსებობაა, ხოლო ღვთის მსგავსად – ეს ჩემი ქრისტიანად გახდომის შესაძლებლობაა”. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის ორი ფორმის არსებობის გამო მისი მნიშვნელობის შეფასება ორი პოზიციიდან ხდება:

1. ოფიციალური მედიცინის და მართლმადიდებელი ფსიქოთერაპევტის, როგორც ექიმის მხრიდან. ფსიქოთერაპევტის და ექიმის დახმარება არის ძირითადი, ხოლო ეკლესია მისი რიტუალებით, ლიტურგიით და საიდუმლოებებით სარეაბილიტაციო ეტაპს წარმოადგენს;

2. ეკლესიისა და მორწმუნე ექიმის პოზიციიდან ფსიქოთერაპია მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, პირველ საფეხურს პაციენტის გაეკლესიურების გზაზე. მეორე ეტაპი კი ქრისტეში ცხოვრებაა. 

ლოგოთერაპია. ზოგიერთი ღვთისმეტყველი თვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მადლი ადამიანის სულზე უხილავად, უსიტყვოდ მოქმედებს, ამას უნდა დაემატოს დამატებითი საშუალება, სიტყვა, მისი მნიშვნელობა და საზრისი, ანუ ქადაგება. ჩვენს სულთან მსგავსების გამო სიტყვა, ლოგოსი ჩვენს შინაგან სამყაროში აღწევს და აცოცხლებს სულს კეთილი, სულიერი საქმეებისათვის.

სიტყვის მასტიმულირებელი ძალა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო მთლიანობითად მოქმედებს ადამიანზე – ბგერა – სმენაზე, აზრი – სამშვინველზე, ხოლო სიტყვის, საზრისის უხილავი ენერგია – სულზე. პრინციპული განსხვავება აქ არის ის, რომ ეს სიტყვიერი ზემოქმედება მართლმადიდებელი ფსიქოთერაპევტის მიერ ხორციელდება. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ქრისტეცენტრულია, რითიც ის განსხვავდება ჰუმანისტური ფსიქოთერაპიისაგან. მისთვის უცხოა:

1. ანთროპოცენტრული ჰუმანიზმი, სადაც სამყარო მხოლოდ ადამიანის სამფლობელოდ განიხილება, ხოლო ადამიანი მხოლოდ ადამიანურობამდე დაიყვანება;

2. ფსიქოლოგიური მონოფიზიტიზმი, რომელიც უკიდურესი ასკეტიზმით ხასიათდება და ამქვეყნიურ სამყაროსა და ადამიანურ ასპექტებს უარყოფს (Хоружий С.С 1998). მას მკურნალობის პროცესში შემოჰყავს სახარების ჭეშმარიტებანი და წმიდა მამათა სწავლება ადამიანის შესახებ.

ანთროპოცენტრიზმი, ადამიანურის გაღმერთება მართლმადიდებლობაში არსებული განმღრთობის ცნების აბსოლუტურად საპირისპიროა. მეორე განსხვავება ხსნის იმ გაუგებრობას, რომელიც წარმოიშვება მეცნიერულ ფსიქოთერაპიასა და იმ საეკლესიო პრაქტიკას შორის, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას განიხილავს, როგორს ამ ქვეყნიერის უარყოფას, ეყრდნობა რა ცრუ ასკეტიზმის ცნებას.

წმიდა მამათა ასკეზა მიმართულია ადამიანის ბუნებრივი ძალების დაუფლებაზე. შინაგანი მღვიძარება არის გონებისა და სხეულის აღზრდა. მას არაფერი საერთო არა აქვს სხეულის დამარხვასა და განადგურებასთან. წმიდა მამათა ასკეზა მიმართულია მთლიანად ადამიანის, მისი სხეულის, სამშვინველისა და სულის აღზრდაზე, მის გარდაქმნაზე. ეს კი ხდება ასკეტური ღვაწლის საშუალებით.

სულიერი ღვაწლი არის სამშვინველის თერაპია და ჰიგიენა. ასკეზის მიზანია არა სხეულის გვემა, არამედ ადამიანის ბუნებრივი მონაცემების ადაპტირება ღვთაებრივი მადლის მისაღებად (ვლახოსი ი. 2008). სახარებაში ექიმის ხატი და მკურნალობის ხელოვნება ხშირად გამოიყენება, როგორც დადებითი მეტაფორა.

ქრისტიანული აღმოსავლეთის წმინდანები პანტელეიმონი, კოსმა და დამიანე მღვდელმსახურები არ იყვნენ. მღვდელი და ექიმი კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს და, ამგვარად, ღვთის მსახურები არიან. მართლმადიდებელი ფსიქოთერაპევტი დაჯილდოებულ უნდა იყოს ქრისტიანული მოწყალებით, კაცთმოყვარეობით, ქრისტეს სიყვარულით, სამედიცინო და ფსიქოთერაპიული ცოდნის ეფექტური გამოყენების უნარით. 

ფსიქოთერაპევტს უპრეცენდენტო პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. იგი სამკურნალო დაწესებულებაში იურიდიულადაა პასუხისმგებელი პაციენტებზე, კონფესიური მიკუთვნებულობის განურჩევლად. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის მიერ დაცემული ადამიანისაგან ახალი ადამიანის დაბადება, ტრანსფორმაცია სამ ეტაპად განიხილება:

1. საწყისი მოღვაწეობისაკენ მოწოდება;
2. მადლისა და ღვთისგან მიტოვებულობის განცდის ეტაპი, რომლის მიზანია, მოღვაწეს თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ღვთის ერთგულების გამოვლენის საშუალება მისცეს;
3. მადლის მეორადი მოხვეჭის ეტაპი, რომელიც ღვთის გონიერ შემეცნებაზეა აგებული. 

მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ჰოლისტურია. სულიწმიდის ღვთიური მადლით უნდა გაიმსჭვალოს არა მარტო ადამიანის გონება, არამედ მთელი მისი ფსიქო-ფიზიკური არსება. ადამიანი ამ დროს მთელი თავისი არსებით ღვთაებრივ ნათელში ეფლობა, რის შედეგადაც მისი მთლიანი განახლება ხდება. სხეული, გრძნობა, გონება და ნებელობა თანამშრომლობენ ადამიანის განღმრთობის პროცესში. 

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ წმიდა მამები არ ახსენებდნენ მართლმადიდებლურ ფსიქოთერაპიას, როგორც ასეთს, მაგრამ დღეს ის არსებობს, როგორც პასუხი დროის მოთხოვნაზე. 

პროფესორი რეზო კორინთელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი