მონანიება-უფალმა ისეთი მცნებები მოგვცა, რომლებიც იმ ბუნებას პასუხობენ, რომელიც მან თავიდან შექმნა

0
344

თანამედროვეობის ერთ ერთი გამოჩენილი სერბი ღვთისმეტყველი, ლიტურგისტი, საეკლესიო მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი                                                        ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი

მონანიება – ეს არის დასაწყისი ახალი, ქრისტიანული ცხოვრებისა, ანუ ახალი ყოფიერებისა, – ყოფიერებისა ქრისტეში.

სახარებაც ასე დაიწყო წმიდა იოანე წინამორბედის სიტყვებით: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათე 3:2). ასეთი იყო ნათლისღების შემდეგ ქრისტეს ქადაგებაც: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათე 4:17).

მაგრამ ჩვენ დროში დგება კითხვა: რა საჭიროა მონანიება? სოციალური თვალსაზრისით უადგილოა მონანიებაზე ლაპარაკი. არსებობს, რა თქმა უნდა, რაღაც მსგავსი მონანიებისა, განსაკუთრებით აღმოსავლური ტოტალიტარიზმის ქვეყნებში [საუბარია ჩაწერილია „პერესტროიკის“ („გარდაქმნის“) წლებში]: როდესაც ვინმე პარტიის ხაზს გადაუხვეს, მისგან „მონანიებას“ მოითხოვენ, ან როდესაც პარტიის ხელმძღვანელები თავად განუდგებიან საკუთარ პირველსაწყის გეგმას – მაგრამ ამას ეწოდება არა მონანიება, არამედ რაღაც „რეფორმა“ თუ „გარდაქმნა“…

აქ მართლაც არ არის მონანიება. ვის გინახავთ აბულაძის ფილმი „მონანიება“? იქ საუბარია სწორედ ცრუ მონანიებაზე, და მხოლოდ ფილმის ბოლოში ჩანს, თუ რა არის ჭეშმარიტი მონანიება. ფილმი ამხელს ცრუ მონანიებას, როგორც „იდეალის“ ანუ ხელისუფლების „სტილის“ ცვლილებას, რომელიც არსით ისეთივე რჩება. მართლაც, ასეთ „მონანიებას“ არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ მონანიებასთან. 

წმიდა წერილში (ბერძნულ ტექსტში) მონანიების შესახებ ორ სხვადასხვა გამოთქმას ვხვდებით. ერთია – მეტანოია, მეორე – მეტამელია. ზოგჯერ ეს მეორე გამოთქმა ითარგმნება არა როგორც „მონანიება“ (“покаяние”), არამედ – „სინანული, დანანება“ (“раскаяние”). მაგალითად, ჩავიფიქრე ფრანკფურტში გაგზავრება და „ვინანე“, ე. ი. გადავიფიქრე: არ წავალ. აი, ამას წმიდა წერილში ეწოდება „მეტამელია“, ეს უბრალოდ, განზრახვის ცვლილებაა; ამას არანაირი სულიერი მნიშვნელობა არ გააჩნია.

არსებობს სოციალური ან ფსიქოლოგიური გაგებით რაღაც „სინანულის“ ანუ ცვლილების მსგავსი. ფსიქოლოგიურ სფეროში ამას ეწოდება საკუთარი ხასიათის, საკუთარი ნევროზის „გარდაქმნა“… ფსიქოლოგიის სიღრმეში არც ადლერს, არც ფროიდს და იუნგსაც კი, არა აქვთ მონანიების ცნება. 

მონანიება რელიგიური ცნებაა. უნდა მოინანიო ვინმეს წინაშე. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ შენი ცხოვრების სტილი ან შინაგანი განწყობა შეიცვალო, ან გამოცდილება გაიმდიდრო, როგორც ხდება ხოლმე, მაგალითად, აღმოსავლეთის რელიგიებსა და კულტურებში. ეს რელიგიები ამბობენ, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს საკუთარი გამოცდილება, შეიცნოს თავი თვისი, მოახდინოს თვითრეალიზება, რათა მისი ცნობიერების შესაძლებლობამ გაიღვიძოს. მაგრამ ასეთი ცვლილებისათვის ღმერთი საჭირო არ არის.

ქრისტიანული მონანიება კი აუცილებლად ვინმეს წინაშე უნდა მოხდეს. და აი, თქვენ მაგალითი. ერთ-ერთი სერბი – ახლა ის 60 წლისაა – ახალგაზრდობაში კომუნისტი იყო და ისიც, როგორც სხვები, ხალხის წინაშე ბევრ ბოროტებას სჩადიოდა. მაგრამ შემდეგ რწმენაში მოექცა, ღმერთი, ეკლესია იწამა და როცა ზიარებას სთავაზობდნენ, ამბობდა: „არა, მე ბევრი ბოროტება მაქვს ჩადენილი“. – „მერე წადი, მოინანიე“. – „არა, – პასუხობდა, – მღვდლის წინაშე მონანიებას აზრი არა აქვს, მე ხალხის წინაშე შევცოდე, ამიტომ ხალხის წინაშე ღიად უნდა ვაღიარო ჩემი ცოდვები“.

აი, ეს არის სრული გაცნობიერება იმისა, თუ რა არის მონანიება. აქ თქვენ ხედავთ ეკლესიურ აღქმას, ძველქრისტიანულსა და ჭეშმარიტად ბიბლიურს, რომ ადამიანი არასდროსაა მარტო სამყაროში. იგი, უპირველესად, ღვთის წინაშე დგას, მაგრამ ასევე – ხალხის წინაშეც. ამიტომ ბიბლიაში ადამიანის ცოდვას ღვთის წინაშე ყოველთვის აქვს მოყვასთან დამოკიდებულება: ეს კი ნიშნავს, რომ მას აქვს სოციალური, საზოგადოებრივი განზომილება და შედეგი. ეს ჩვენს ხალხშიც იგრძნობა და უმეტეს რუს მწერლებშიც.

მართლმადიდებელი ერის ცნობიერებით, ვინმე ქურდი ან ტირანი, ან ვინც მოყვასთან მიმართებით ბოროტებას სჩადის, ისეთივე უღმერთოა. რომც სწამდეს მას ღმერთი, ეს მაინც არაფრისმთქმელია, – საქმით ის ღმერთს შეურაცხყოფს, რადგან მისი ცხოვრება რწმენასთან შეუსაბამოა. აქედან – მონანიება მთლიანობაში გაიგება, როგორც გამოსწორებული მდგომარეობა ღმერთისა და ხალხის წინაშე.

მონანიება ვერ გაიზომება მხოლოდ სოციალური ან ფსიქოლოგიური მასშტაბებით – ის ყოველთვის არის ღვთივგაცხადებული, ბიბლიური, ქრისტიანული ცნება. ქრისტე თავის სახარებას, კეთილ უწყებას, კაცობრიობის დამოძღვრას იწყებს მონანიების შესახებ საუბრით. წმიდა მარკოზ განშორებული, წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე, რომელიც მცირე აზიაში მეუდაბნოე ცხოვრებას ეწეოდა მე-4 – მე-5 საუკუნეებში, ასწავლის, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ღვთის ძალამ და ღვთის სიბრძნემ, როდესაც ყოველთა გამოხსნაზე ფიქრობდა, თავისი სხვადასხვა დოგმატებისა და მცნებებისაგან ერთადერთი კანონი შეადგინა: თავისუფლების კანონი, და ისიც მონანიების გზაზე გადის. ქრისტემ მოციქულებს მცნებად მისცა: „უქადაგეთ ყველა ერს მონანიება, რამეთუ მოახლოვდა ცათა სასუფეველი“.

უფალს ამით იმის თქმა სურდა, რომ მონანიების ძალა შეიცავს ცათა სასუფევლის ძალას, როგორც საფუარი შეიცავს პურს ან თესლი – მცენარეს. ასე რომ, მონანიება ცათა სასუფევლის დასაბამია. გავიხსენოთ წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ: ვინც მოინანია – ცათა სასუფევლის ძალა, მომავალი საუკუნის ძალა შეიგრძნო, მაგრამ როგორც კი ცოდვას მიუბრუნდნენ, ეს ძალა დაკარგეს, და კვლავ დასჭირდათ მონანიების აღორძინება. 

ამდენად, მონანიება არ არის მხოლოდ სოციალური ან ფსიქოლოგიური უნარი იმისა, რომ სხვა ადამიანებთან კონფლიქტის გარეშე იცხოვრო. მონანიება არის ონტოლოგიური, ანუ ქრისტიანობის ყოფითი ცხოვრების კატეგორია. როდესაც ქრისტემ სახარება დაიწყო მონანების შესახებ საუბრით, მას მხედველობაში ჰქონდა ადამიანის ონტოლოგიური რეალობა.

ვიტყვით გრიგოლ პალამას სიტყვებით:უფლის მიერ მოცემული მონანიების მცნება და სხვა მცნებები სრულად შეესაბამება თვით ადამიანის ბუნებას, რამეთუ დასაწყისში ღმერთმა შექმნა ადამიანის ეს ბუნება. მან იცოდა, რომ შემდგომში თავად მოვიდოდა და მოგვცემდა ამ მცნებებს, ამიტომაც ქმნიდა ბუნებას მათთან შესაბამისობაში. და პირიქითაც, უფალმა ისეთი მცნებები მოგვცა, რომლებიც იმ ბუნებას პასუხობენ, რომელიც მან თავიდან შექმნა. 

ამგვარად, ქრისტეს სიტყვა მონანიების შესახებ, ცილისწამება არ არის ადამიანის ბუნებაზე, არც მისთვის უცხო რამის „თავსმოხვევაა“, არამედ ეს არის ყველაზე ბუნებრივი რამ, ნორმალური, ადამიანის ბუნების შესაბამისი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანის ბუნება დაცემულია და ამჟამად არანორმალურ მდგომარეობაში იმყოფება. და სწორედ მონანიებაა ის ბერკეტი, რომლითაც ადამიანს შეუძლია თავისი ბუნების გამოსწორება, მისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. ამიტომაც მოგვიწოდა მაცხოვარმა: „იმეტანოეთ“ – ანუ „შეიცვალეთ თქვენი ცნობიერება“.

ჩვენი აზრი დაშორდა ღმერთს, დაშორდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც; ეს არის ავადმყოფური, პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც „ვნება“ ეწოდება (ბერძნულად „პათოსი“ – პათოლოგია, რუსულად „სტრასტი“). ეს უბრალოდ ავადმყოფობაა, შერყვნაა, მაგრამ არა – განადგურება; როგორც ავადმყოფობა, ის არ ანადგურებს ორგანიზმს, მაგრამ რყვნის. ადამიანის ცოდვითი მდგომარეობა – ეს არის მისი ბუნების შერყვნა, მაგრამ ადამიანს შეუძლია აღორძინდეს, გამოსწორდეს, ამიტომ მონანიება მოდის როგორც სიჯანსაღე სნეულების ადგილზე, ადამიანის დასნებოვნებულ ბუნებაზე.

რაკი მაცხოვარმა ბრძანა, უნდა მოვინანიოთ, და თუნდაც ვერ ვგრძნობდეთ საკუთარ თავში მონანიების მოთხოვნას, მაინც უნდა გვჯეროდეს მისი, რომ მართლაც გვჭირდება მონანიება. დიდი წმიდანები რაც უფრო უახლოვდებოდნენ ღმერთს, მით უფრო ძლიერად გრძნობდნენ მონანიების შინაგან მოთხოვნილებას, რადგან გრძნობდნენ ადამიანის დაცემის სიღრმეს. 

სხვა მაგალითი თანამედროვეობიდან. ვინმე პერუელმა მწერალმა კარლოს კასტენადამ 8 წიგნი დაწერა ვიღაც ინდოელი ბრძენისა და მაგის – მექსიკელი დონ ხუანის – შესახებ, რომელმაც მას ნარკოტიკების მიღება ასწავლა სხვა, განსაკუთრებული რეალობის მისაღებად, რათა შესულყო ქმნილი სამყაროს სიღრმეში და ეგრძნო იქ მისი სულიერება, შეხვედროდა სულიერ არსებებს. კასტენადა ანთროპოლოგია და დიდი ინტერესი გააღვივა ახალგაზრდებს შორის; სამწუხაროდ, ჩვენთანაც. უკვე მისი რვა ტომი თარგმნეს. ამ დღეებში ბელგრადში მიმდინარეობდა განხილვა: რა არის ეს „კასტენადიზმი“, მივიღოთ ის თუ უარვყოთ.

ერთი ფსიქიატრი ამბობდა, რომ ჰალუცინაციების მიზნით ნარკოტიკების მიღება სახიფათო გზაა, საიდანაც შეიძლება ვეღარც დაბრუნდე. ერთი მწერალი აქებდა კასტენადას. მე ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი გამოვდექი. კაცობრიობა იმყოფება ტრაგიკულ, არანორმალურ მდგომარეობაში. მაგრამ რას გვთავაზობს კასტენადა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად? შეიგრძნო სხვა რეალობა, ოდნავ გათავისუფლდე შეზღუდულობისგან. და რას ვღებლობთ ამით? არაფერს! ადამიანი რჩება ტრაგიკულ, გამოუსყიდველ არსებად. არ ძალუძს მას ბარონ მიუნჰაუზენივით საკუთარ თავს თმაში ჩაავლოს ხელი და ჭაობიდან ამოათრიოს.

პავლე მოციქული გვმოძღვრავს, რომ ვერც სხვა ცა, ვერც სხვა ქმნილება, ვერც არაამქვეყნიური ნათელი თუ მეშვიდე ცა ადამიანს ვერ იხსნის, რადგან ის არ არის უპიროვნებო არსება, რომ მხოლოდ მშვიდობასა და სიწყნარეს საჭიროებდეს. იგი – ცოცხალი პირია, და ეძებს ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან. ერთმა სერბმა გლეხმა-კომუნისტმა, საკმაოდ უხეშად მითხრა: „აბა, სად არის ღმერთი, რომ ყელში ვწვდე?“ ის უღმერთოა? არა, უღმერთო არ არის, რადგან ცხოვლად გრძნობს ღმერთს, ეჩხუბება მას, თითქოსდა იაკობის მსგავსად.

რა თქმა უნდა, უმსგავსობაა მისი მხრიდან ასე ლაპარაკი, მაგრამ იგი გრძნობს ცხოველ სიცოცხლეს… ხოლო ჩათვალო, რომ ცხოვრება მდომარეობს რაღაც გაწონასწორებულ ნეტარებაში, ნირვანაში, შინაგან კონცენტრაციასა და მედიტაციაში – ეს ადამიანს ვერსად მიიყვანს; პირიქით, ეს გადარჩენის შესაძლებლობას ართმევს, რადგან ადამიანი არის არსება, რომელიც არარადანაა შექმნილი და უმყოფობიდან მყოფობაში მოწვეულია ურთიერთობისთვის… „ქებათა ქებაში“ ან ფსალმუნებში ჩვენ ვხედავთ ეგზისტენციალურ დიალოგს [ლათ. existentia – არსებობა] ღმერთსა და ადამიანს შორის. ისინი ორივენი იტანჯებიან. ღმერთსაც ებრალება ადამიანი, და ადამიანსაც ებრალება.

დოსტოევსკიმ განსაკუთრებით მკაფიოდ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანი ღმერთს შორდება, იკარგება რაღაც ძვირფასი, დიდი. ასეთი შეცდომა: არ მიხვიდე ღმერთთან შეხვედრაზე – ყოველთვის ტრაგედიაა. ტრაგედიაა იმის გაცნობიერება, რომ დავკარგეთ ის, რისი მიღწევაც შეგვეძლო. როდესაც ადამიანი სიყვარულს კარგავს, შორდება ღმერთს, იგი ამას ტრაგიკულად გრძნობს, იმიტომ, რომ სიყვარულისთვისაა გაჩენილი. მონანიება გაბრუნებს ამ ნორმალურ მდგომარეობაში, ან, უკიდურეს შემთხვევაში – ნორმალური გზის დასაწყისთან. მონანიება, როგორც მამა იუსტინე (პოპოვიჩი) ამბობდა, მიწისძვრასავითა, ყველაფერს რომ ანგრევს, და რაც სტაბილურად და სწორად გვეჩვენებოდა, აღმოჩნდება რომ სიცრუე ყოფილა.

აი, მაშინ ყველაფერი უნდა შეცვალო, რაც მანამდე იყო. ამის შემდეგ იწყება ნამდვილი, მუდმივი აღმშენებლობა პიროვნებისა, ახალი ადამიანისა. მონანიება შეუძლებელია ღმერთთან შეხვედრის გარეშე. ამიტომ მიდის ღმერთი ადამიანთან შესახვედრად. მონანიება რომ მხოლოდ ჩადენილ ქმედებათა განხილვა ყოფილიყო, მხოლოდ სინანული, საკუთარი ძალების სხვანირად გადაწყობის მცდელობა, მაშინ ეს გარდაქმნა იქნებოდა, მაგრამ არა არსებითი ცვლილება. დაავადებული, როგორც წმიდა კირილე ალექსანდრიელი ამბობს, საკუთარ თავს ვერ განიკურნავს, მას გამნმკურნებელი – ღმერთი სჭირდება.

რაში მდგომარეობს ავადმყოფობა? – სიყვარულის შერყვნაში. სიყვარული, სულ ცოტა, ორმხრივი უნდა იყოს, ხოლო სიყვარულის სისავსისათვის, საკუთრივ, სამია საჭირო: ღმერთი, მოყვასი და მე.

მოყვასი, ღმერთი და მე. ეს პერექორისისია – ურთიეთგანმსჭვალვა სიყვარულით, სიყვარულის წრიულზე ბრუნვა. სწორედ ეს არის მარადიული ცხოვრება. მონანიებაში ადამიანი გრძნობს, რომ ავად არის, და ეძებს ღმერთს. ამიტომ მონანიებას ყოველთვის ამაღორძინებელი ძალა აქვს.

მონანიება არ არს მხოლოდდამხოლოდ საკუთარი თავის სიბრალული, ან დეპრესია, ან არასრულფასოვნების კომპლექსი, არამედ – გაცნობიერება და შეგრძნება იმისა, რომ დაკარგულია ურთიერთობა, და მაშინვე იწყება ძიება და ამ ურთიერთობის აღდგენის მცდელობა. აი, გონს მოდის უძღები შვილი და ამბობს: ეჰ, როგორ მდგომარეობაში ვარ. მაგრამ მამა მყავს, ავდგები და წავალ მასთან!“ მას რომ, უბრალოდ, შეცდომილად ეგრძნო თავი, ეს ჯერ კიდევ არ იქნებოდა ქრისტიანული მონანიება. მაგრამ ის მამასთან წავიდა! წმინდა წერილის თანახმად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამა უკვე გამოსული იყო მის შესახვედრად, რომ მამამ უკვე გააკეთა პირველი ნაბიჯი, და ამან იმოქმედა შვილის გამოფხიზლებასა და დაბრუნებაზე. თუმცა არ არის საჭირო იმის ანალიზირება, თუ რა იყო პირველად და რა – მერე: მოხდა ორმხრივი შეხვედრა.

ღმერთიც და მონანული ადამიანიც ერთმანეთთან აქტიურ სიყვარულში შედიან. სიყვარული ურთიერთობას ეძებს და სწორედ მონანიება არის დაკარგული სიყვარულის გამო სინანული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონანიება იწყება, ადამიანი გრძნობს მის მოთხოვნილებას. თითქოსდა, ადამიანმა ჯერ უნდა იგრძნოს, რომ მონანიება სჭირდება, რომ ის მისთვის ცხონებაა. სინამდვილეში კი პარადოქსალური რამ გამოდის – როდესაც ადამიანი უკვე განიცდის მონანიებას, მაშინ იწყებს მისი მოთხოვნილების გაცნობიერებას. ეს ნიშნავს, რომ გაუცნობიერებული გული ცნობიერზე ღრმაა, რომ ღმერთი აძლევს მსურველს.

ქრისტე ამბობს: „ვინც დაიტევს, დაიტიოს“. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კითხულობს: ვის შეუძლია დაიტიოს? და თავადვე პასუხობს: იმას, ვისაც სურს. რა თქმა უნდა, ნებელობა არაა მხოლოდ გაცნობიერებული გადაწყვეტილება, ის უფრო სიღრმისეულია. დოსტოევსკიმ ეს იგრძნო, და მართლმადიდებლურმა მოღვაწეობამაც იცის, რომ ნებელობა გაცილებით სიღრმისეულია, ვიდრე ადამიანის გონება. ის ჩანერგილია ადამიანის ბირთვში, რომელსაც ეწოდება გული ან სული. როგორც 50-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“. ეს პარალელიზმია: გული წმიდა – სული წრფელი; დაჰბადე – განმიახლე; ჩემ თანა (ჩემში) – გუამსა ჩემსა. ანუ აქ სხვა სიტყვებით დასტურდება ის, რაც უკვე პირველ ნაწილში იყო ნათქვამი. გული ანუ სული – ეს არის ადამიანის არსი, ადამიანის ღვთისხატობრივი პიროვნების სიღრმე.

შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულისა და თავისუფლების ადგილი ცენტრშია, ადამიანის ბირთვში. ღვთის სიყვარულმა გამოიძახა ადამიანი უმყოფობიდან. ღმერთის ძახილს მოჰყვა პასუხი. მაგრამ ეს პასუხი პიროვნულია! ანუ ადამიანი – ეს არის გამოძახილი ღვთის ხმაზე. წმიდა ბასილი დიდი ამბობს (და ეს შესულია წმიდა ანგელოზებისადმი მიძღვნილ მსახურებაში), რომ ყველა ანგელოზებრივი ძალა დაუოკებელი სიყვარულით ისწრაფვის ქრისტესკენ.

მართალია, ისინი ანგელოზები და დიდი სულიერი არსებანი არიან, თითქმის ღმერთები, მაგრამ მათ შინაგანი სიცარიელე აქვთ ქრისტეს გარეშე, უღმერთოდ. თავის რომანში – „მოზარდი“ – დოსტოევსკიმ ვარსილოვს ათქმევინა, რომ კაცობრიობამ განახორციელა სოციალური სიმართლე, სიყვარული, სოლიდარობა, ალტრუიზმი, მაგრამ დედამიწიდან განდევნა ღმერთისა და უკვდავების უდიდესი იდეა. და როდესაც ქრისტე თავის მეორედ მოსვლისას გამოჩნდა, მაშინვე იგრძნო ყველამ, – ყველა იმ ბედნიერმა, ვინც განახორციელა მიწიერი სასუფეველი, „სამოთხე დედამიწაზე“, – რომ სიცარიელე ჰქონიათ სულში, უღმერთობის სიცარიელე. ე. ი. სიყვარული არ ჰქონიათ.

დოსტოევსკი მართალია, როცა ამბობს, რომ ადამიანისადმი სიყვარული შეუძლებლია ღმერთის სიყვარულის გარეშე. სიყვარულის ორი ცნება შეერთებულია. ღვთის სიყვარული მთელი შენი არსებით, შენი ყოფიერებით, – და მოყვასის სიყვარული ასევე მთელი არსებით, როგორც საკუთარი თავი გიყვარს. ამ ორ სიყვარულს არ შეუძლიათ უერთმანეთოდ არსებობა, და მხოლოდ ერთად ქმნიან ქრისტიანულ ჯვარს: ვერტიკალსა და ჰორიზონტალს. თუ ერთ მათგანს მოაშორებ, ჯვარი არ გამოვა, და ქრისტიანობაც აღარ არის. ღმერთის სიყვარული არ არის საკმარისი, და არც მოყვასის სიყვარულია საკმარისი. მონანიება კი უცებ აღძრავს ადამიანს როგორც ერთის, ისე მეორის შესაყვარებლად.

წმიდა თეოფანე დაყუდებული წიგნში „გზა ცხონებისაკენ“ (“Пути ко спасению”) ამბობს (თუმცა ეს ყველა მამის გამოცდილებაა), რომ როდესაც ადამიანი მონანულად აღიძვრება, მაშინვე გრძნობს, რომ უყვარს მოყვასი. ის უკვე აღარ ამპარტავნობს, არ მიაჩნია საკუთარი თავი სხვაზე მეტად. მას სურს, რომ ყველა ცხონდეს. ეს უკვე ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების ნიშანია. ე. ი. მონანიება გვიხსნის ჩვენ – არანორმალურ, ცოდვით, გაუცხოებულ მდგომარეობაში მყოფთ – გამოსწორების გზას, გვიჩვენებს მიმართულებას ნორმალური მდგომარეობისკენ, ანუ ღმერთთან მისასვლელ გზას.

მონანიება გვიცხადებს სრულ ჭეშმარიტებას ადამიანის მდგომარეობის შესახებ და მაშინვე გადადის აღსარებაში. აღსარება ეს არის – გახსნილობა ჭეშმარიტი ადამიანისა. ზოგჯერ ჩვენც, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვეჩვენება, რომ შენანება ადამიანის ერთგვარი „მოსახდელი ვალია“. მაგრამ არა, ეს აღსარების ძალიან დაკნინებული გაგებაა.

აღსარება ჰგავს იმას, რაც მიამბო ერთმა რუსმა მოხუცმა ქალმა, რომელიც პატარა შვილიშვილს ზრდიდა: რაღაც სიცელქის გამო მან პატარას ხელებზე სცემა; იგი წავიდა, კუთხეში დადგა და განაწყენებული ატირდა. ბებია ყურადღებას არ აქცევდა, თავის საქმეს განაგრძობდა. ბოლოს შვილიშვილი მივიდა ბებიასთან და უთხრა: „ბებია, მე აქ დამარტყეს, ბებია, მე აი, აქ მტკივა“. ბებია ამ მიმართვამ ისე შეძრა, რომ თავად ატირდა. ბავშვის მიდგომამ ბებია დაამარცხა. ის გაეხსნა მას. ასე რომ, აღსარება-შენანება – ეს არის საკუთარი თავის გახსნა ღმერთის წინაშე.

როგორც ის სიტყვები ფსალმუნიდან, რომლებიც ირმოსში გადავიდა: „განვჰფინო [გადმოვღვარო] მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი…“ (141:3). თითქოსდა დოქი გაქვს ჭუჭყიანი წყლით და უბრალოდ ღვრი მას ღმერთის წინაშე… „და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა“ (იქვე). ის უბრალოდ გრძნობს, რომ დაინთქა უფსკრულის ძირამდე, როგორც იონა ვეშაპში, და ახლა ღმერთის წინაშე იხსნება. ჭეშმარიტი მონანიებისას ყველაფერი ღიაა და ცოდვა აშკარად ჩანს.

ერთი განდეგილი, რომელიც ათონზე ცხოვრობდა, კლდის მღვიმეებში, სადაც არაფერია, ჩავიდა მონასტერში აღსარების სათქმელად, და როცა მოძღვარმა ჰკითხა, რა უნდა ეღიარებინა, მან მიუგო: „გულზე დიდი ცოდვა მაწევს. ქოთანში ორცხობილას ვინახავ, თაგვი კი მოდის და მიჭამს. მე ძალიან ვგულისდები მასზე“. მცირე ხნით დადუმდა და შემდეგ დასძინა: „ეს თაგვი მე მართალაც მაწუხებს და მაზარალებს, მაგრამ მე იმაზე მეტად ვბრაზდები, ვიდრე ის მაწუხებს“. აღსარება, როგორც მონანიების გაგრძელება, არის ადამიანის ჭეშმარიტი თვითგახსნა. დიახ, ჩვენ ცოდვილები ვართ, ამიტომაც ვხსნით ჩვენს ჭრილობებს, სნეულებებს, ცოდვებს.

ადამიანი ხედავს საკუთარ თავს სასოწარკვეთილ, გამოუვალ მდგომარეობაში, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს უყურებს, მაგრამ როგორც ანტონი დიდი ამბობს: დააყენე შენი ცოდვა შენ წინაშე და უყურე ღმერთს ცოდვების მეორე მხარეს. ცოდვების მიღმა უყურე ღმერთს! მაშინ ცოდვა ვერ გაუძლებს ღმერთთან შეხვედრის კონკურენციას. ღმერთი ყველაფერს ძლევს: რა არის ცოდვა? არაფერი. არარაობაა ღმერთის წინაშე. მაგრამ ეს – ღმერთის წინაშე.

ჩემთვის კი – უფსკრულია, წარსაწყმედელია, ჯოჯოხეთია. როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს:„ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო“ (ფსალ. 129:1). ჩვენი სულს ღმერთი სწყურია, როგორც ირემს წყარო ანკარა. ნეტარმა ავგუსტინემ იგრძნო: ვერსად დამშვიდდება ადამიანის გული – მხოლოდ ღმერთში. ბავშვიც ასე გარბის დედასთან, როცა რამე შეემთხვევა, და სხვა არავისთან, და სხვა არავინ სურს, გარდა დედისა, ხოლო როცა მის მკლავებში აღმოჩნდება, წყნარდება.

ამიტომ სახარება სწორედ ძირითადი ურთიერთობების წიგნია: მასში საუბარია ყრმაზე, მამაზე, შვილზე, სახლზე, ოჯახზე. სახარება არც თეორია, არც ფილოსოფია, არამედ ეგზისტენციალურ ურთიერთობათა გამოხატვაა – ჩვენი ერთმანეთთან და ჩვენი ღმერთთან. ამდენად, აღსარება – ეს არის საკუთარ თავზე ჭეშმარიტების გაცხადება. არ არის საჭირო, შენს თავს ცილი დასწამო, ანუ იმაზე მეტად დაადანაშაულო, ვიდრე შესცოდე, მაგრამ არც ჩადენილი უნდა დამალო.

თუ ჩვენ ვიმალებით, ე. ი. ღმერთი გულწრფელად არ გვიყვარს. ბიბლია – ეს არის რეალობიდან აღებული და ჩაწერილი ცოცხალი გამოცდილება. ბიბლიაში ბევრი რამ არის ნაჩვენები, ბევრი ცოდვა, ღვთისგან განდგომა, მაგრამ ყოველივე ამასთან, ვერ მოიძევთ ერთ რამეს – არაგულწრფელობას. იქ არ არსებობს ცხოვრების ისეთი სფერო, სადაც ღმერთი არ იქნებოდა.

უნდა ვიცოდეთ, – ამბობს მამა იუსტინე (პოპოვიჩი) – როგორც ეს იცოდნენ წმიდა წინასწარმეტყველებმა, რომ ადამიანში ბევრი ბოროტებაა, და სოფელი ბოროტებაშია დაძირული, მაგრამ შეიძლება სწორედ ასეთი სოფლის გადარჩენა და სწორედ ასეთი ადამიანის ცხონება. ესაა ჩვენი სიხარული: შეიძლება რეალური გადარჩენა და არსებობს რეალური მაცხოვარი. 

მამა იუსტინემ ეს ერთხელ ასეთი მაგალითით აჩვენა (მას ძალინ უყვარდა წინასწარმეტყველი ელია და იოანე ნათლისმცემელი). მისი სიტყვებით, წმიდა წინამორბედი იყო ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში, იგი ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დედასთან ერთად უდაბნოში გავიდა, ხოლო როცა დედა გარდაეცვალა, თავად იქვე დარჩა, და ღმერთი მას თავისი ანგელოზებით იფარავდა.

ამგვარდ, ის ცხოვრობდა სუფთა უდაბნოში, სადაც ყველაფერი სუფთა იყო – მოწმენდილი ცაც და ციდან წამოსული წვიმაც, მიწაც და ქვებიც, და არ იცოდა მან ცოდვა, ღმერთის ანგელოზივით ცხოვრობდა სხეულში. და მაშინ მოდის მასთან ხალხი ცოდვების აღიარებით… ეს ადამიანები ახვავებენ წინამორბედის წინაშე საკუთარ ცოდვებს, რომლებიც ბორცვს ქმნიან… მერე ეს ბორცვი მთასავით იზრდება… და არ შეუძლია წინამორბედს ამ ცოდვების გაძლება.

ხომ იცით, როგორ ცოდვები აქვთ ადამიანებს და როგორ ცოდვებს დაატარებენ გულით. და აი, წინამორბედს ეწყება სასოწარკვეთა: „უფალო, ეს არის ადამიანი, რომელიც შენ შეჰქმენი? ეს არის შენი ხელთქმნილი?“. წინამორბედმა დანთქმა იწყო. ხალხის მასა კი მოდის და მოდის აღსარებისთვის _ კიდევ რამდენი ცოდვა უნდა დაახვავონ? და როცა უკვე წინამორბედს გაძლება აღარ შეუძლია, უცებ მას ღმერთი ეუბნება: „აი, ტარიგი ღვთისა, ამ ცოდვილებს შორის ერთადერთი, რომელმაც ყოველთა და ყოვლისა ცოდვები იტვირთა“. და აი, ყველაზე უბედური ადამიანი ყველაზე ბედნიერი ხდება. დიდება შენდა, უფალო! ე.ი. შესაძლებელია ამ ცოდვებისგან და, საერთოდ, ყველა ცოდვისგან გამოხსნა. 

არსებობს მაცხოვარი! ამას, მამა იუსტინე აღწერს, რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილებიდან – თუ რა განიცადა იქ წინამორბედმა მასთან მისული ადამიანების აღსარების მოსმენით. ჩემი მცირე გამოცდილებიდან მამა იუსტინეს შესახებაც ვიტყვი, რაც მის გვერდზე ცხოვრებისას დავინახე. ეს იყო ადამიანი, რომელიც იოანე წინამორბედივით ცხოვრობდა. ნამდვლად, წმინდა და დიდი მოსაგრე იყო, და ისიც იტანჯებოდა მიტროპოლიტ ანტონივით (ხრაპოვიცკი), რამეთუ თანალმობდა ცოდვილებს, თანაუგრძნობდა თითოეულ ადამიანს, ყველა ქმნილებას, და ღმერთმა მას ამისთვის ცრემლის დიდი ნიჭი მიჰმადლა. და ეს არ ყოფილა რამე უცხო ჩვენთვის.

ადამიანური ცრემლი ყოველთვის ახლოა თითოეულ ჩვენგანთან. იმ ადამიანის გვერდით, ვინც ინანიებს, შეიძლება იგრძნო, რომ მონანიება შენც გჭირდება, რომ ცრემლი – ეს ნატურალური წყალია, ძვირფასი, როგორც სისხლი, ეს ახალი ქრისტიანული სისხლია, ახალი ნათლისღებაა, – როგორც მამები ამბობდნენ. ცრემლის მეშვეობით ჩვენ ვაახლებთ ემბაზის წყალს, რომელიც თბება და მადლით ივსება.

და ასეთ მონანიებას უერთდება მარხვა. წმიდა იოანე კრონშტადტელი თავის წიგნში „ჩემი ცხოვრება ქრისტეში“ წერს, რომ როდესაც ადამიანს სძულს, მისი მზერა სხვას სიარულშიც კი უშლის ხელს. ცოდვით არამარტო თავად იტანჯება, არამედ ყველა სხვაც მის ირგვლივ, – ბუნებაც კი; ხოლო როცა მონანიებას იწყებს და მარხულობს, ეს მის ირგვლივ ყველაფერზე აისახება. 

ნება მიბოძეთ ასეთი გადახვევა გავაკეთო: თანამედროვე ადამიანებიდან უფრო მეტს რომ ემარხულა, ამდენი ეკოლოგიური პრობლემა დედამიწაზე არ იქნებოდა. ადამიანის დამოკიდებულება ბუნებასთან სრულებითაც არ არის მარხული, მოღვაწეობრივი. ის უფრო ბრუტალურია [უხეში, სასტიკი], ძალადობრივია. ადამიანი ბუნების ექსპლუატატორი და ოკუპანტია. მარქსი ასეც ასწავლიდა: საჭიროა, უბრალოდ, თავს დაესხა ბუნებას და გამოიყენო ის, დაეუფლო მის კანონებს და რეპროდუცირება გაუკეთო. სწორედ ეს იქნება „ისტორია“ და ა.შ. ასეთ დამოკიდებულებას ყველაფერი შეგიძლია დაარქვა, გარდა ადამიანობისა და ჰუმანურობისა. 

წმიდა მოსაგრე მამები ამბობდნენ, რომ ჩვენ ხორცის მკვლელები კი არა, ვნების მკველელები უნდა ვიყოთ. მარხვა არ არის სხეულის, როგორც ღვთის ქმნილების წინააღმდეგ ბრძოლა. ქრისტეც ხორცია, და მისი ზიარებაც ხორცია. ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ სხეულის გარყვნილებასთან. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გააცნობიეროს და იგრძნოს, რომ თუკი ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს არ ფლობს, მაშინ ის ხდება საჭმელის ან სასმელის, ანაც სხვა რამ სიამის მონა. ნივთი იწყებს ადამიანის ფლობას, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი ფლობდეს მას.

ადამის დაცემა სწორდ იმაში მდგომარეობდა, რომ მან არ მოისურვა თავი შეეკავებინა: როდესაც ნაყოფი შეჭამა, მას ახალი ამით არაფერი მიუღია. მცნება იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ მას ამ ნაყოფის ჭამა აკრძალვოდა, თითქოს მასში რამე სახიფათო ყოფილიყო, არამედ დისციპლინას შეჩვეოდა, რათა ღვაწლის გზაზე დამდგარიყო. ესაა სწორედ თავისუფლების ღვაწლი და სიყვარულის ღვაწლი. ადამიანის გარდა ამის გაკეთება არავის ძალუძს, ამიტომ არის მოწოდებული ამისთვის. თავისუფლებისა და ღვთის სიყვარულის თანაზიარი რომ გახდეს, ამისთვის საჭიროა, ადამიანი ჯერ მოსაგრე (მოღვაწე) გახდეს. 

მაგალითად, სპორტსმენი, ფეხბურთელი მოღვაწე უნდა იყოს. მას არ შეუძლია ჭამოს და სვას ზომიერების დაუცველად, გააკეთოს ის, რაც სურს, – თუ უნდა რომ კარგი შედეგები ჰქონდეს. ეს დღესავით ნათელია. ქრისტიანმა კი კიდევ უფრო უნდა მოთოკოს საკუთარი სხეული, რათა ის მას ემსახუროს (ბერძ. ელიტურგიოს) ანუ „ლიტურგიაში“ მონაწილეობა მიიღოს. „ლიტურგია“ კი ნიშნავს: სრული, ნორმალური, ერთობლივი ფუნქცია, ერთობლივი მოღვაწეობა. როცა წმინდა ლიტურგიის შესახებ ვლაპარაკობთ, მაშინ ეს ნიშნავს ღვთის წინაშე ადამიანების მსახურებას, მაგრამ ამ სიტყვის ზოგადი აზრი – ეს არის ნორმალური ფუნქციონირება ყოველივე იმისა, რაც ადამიანს მიეცა. 

ამიტომ ქრისტიანი, რომელიც მოსანანიებლად მიდის, ასევე იყენებს მარხვასაც. საჭიროა, ამისთვის იმარხულო, და არა იმიტომ, რომ უბრალოდ ვალი მოიხადო, ან, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, ღმერთისგან ჯილდო, გვირგვინი დაიმსახურო. არანაირი მსხვერპლი, რომელიც ჯილდოს ეძებს, საკუთრივი გაგებით მსხვერპლი არ არის, – მხოლოდ სამუშაოა, რომლისთვისაც გასამრჯელოს ელიან. ასე დაქირავებულთ შეუძლიათ იფიქრონ და არა – ძეებს.

ქრისტე, როდესაც ჩვენ გამო მსხვერპლად ეწირებოდა, მამა ღმერთისგან ჯილდოს არ ეძებდა, – მას მხოლოდ სიყვარული ამოძრავებდა. როგორც მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს, ძე მამა ღმერთის სიყვარულით გაეკრა ჯვარზე, ჩვენი სიყვარულით ევნო და სულიწმიდის სიყვარულით დაამარცხა სიკვდილი თავისი ჯვარცმით. ამის გაგება მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი. 

ოჯახში ან მეგობრობაში, როცა სიყვარულია, ძალიან ადვილია, უარი თქვა რაიმე სახის სიამოვნებაზე სხვის გამო. თავშეკავება, საყვარელი პიროვნების სასარგებლოდ (სასიამოვნოდ, სათნოდ), ადამიანის ბუნებრივი სურვილია. ამაში მდგომარეობს მარხვის სწორი გაგება. გარდა ამისა, მარხვა გვეხმარება, გამოვასწოროთ ადამიანის შერყვნილი ბუნება, შევიტანოთ მასში ღმერთისგან მოცემული საჭირო ცვლილება. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სიტყვით საზრდოობა, შემდეგ – საარსებო პურით. პური, რა თქმა უნდა, აუცილებელია. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ. მაგრამ პური მეორე ადგილზე უნდა დავაყენოთ. როგორც ქრისტემ უპასუხა ეშმაკს უდაბნოში გამოცდისას: „არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან“ (მათე 4:4), _ ანუ ღმერთთან ზიარებით.

მახსოვს ერთი რუსი ჭირთდამთმენელი, ჩვენი ფაკულტეტის ყოფილი ბიბლიოთეკარი. იგი 4 წელი დაჰაუში [ფაშისტების საკოცენტრაციო ბანაკი დიდი სამამულო ომის დროს] იჯდა. მან მიიღო და აღზარდა ერთი სერბი ობოლი ბიჭი, შემდეგ დააქორწინა. მისმა ცოლმა კი მოხუცი სახლიდან გააგდო. შემდეგ ის სიღატაკეში მოკვდა. მან მოგვითხრო, რომ დაჰაუში სახეზე შეატყობდი ადამიანს, ჰქონდა თუ არა ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა.

იქ პირმოთნეობას ადგილი ვერ ექნებოდა. მან მითხრა, რომ მისი აზრით, ბევრ ადამიანს არასდროს ჰქონია ღმერთთან ცოცხალი კონტაქტი. რა თქმა უნდა, ბერდიაევი ტრაგიკული ფიგურაა, ბევრი ჭირი დაითმინა, იტანჯა – არ შეიძლება ეს უკუვაგდოთ. მაგრამ ის ზედმეტად პრეტენზული იყო, უგულებელყოფდა და არ იცოდა მორჩილება. მორჩილება აუცილებელია ღმერთის წინაშე. თუმცა არა „არასრულფასოვნების კომპლექსით“. იობი იყო სნეული, მრავალვნებული, მაგრამ სრულებითაც არ ყოფილა „ინფერიორული“ [არასრულფასოვანი]განცდის მქონე ღვთის წინაშე. იგი მდაბალი იყო და ეს სიმდაბლე მას კადნიერებას სძენდა. „გარდამოხდი ზეციდან“, – მიმართავდა ღმერთს იოაბი, და ღმერთიც გარდამოხდა.

არ არის საჭირო, ფსიქოლოგიური ან სოციალური კატეგორიებით მსჯელობა: სიმდაბლე – არ არის უძლურება; სიმდაბლე კადნიერებაა. მაგალითად, მივედი მეუფე მარკოზთან, ფული არა მაქვს, მშიერი მოვკვდებოდი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მეუფე იზრუნებს ჩემზე და დამაპურებს. ეს კადნიერებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე არათუ საკუთარ თავს, არამედ მეუფესაც არასათანადოდ ვაფასებ. აი, როგორ ლოცულობდნენ ძველი დროის ქრისტიანენი. ერთი ეგვიპტელი ბერი ამბობდა: მე, როგორც ადამიანმა, შევცოდე, შენ კი, როგორც ღმერთმა, შემიწყალე“. სიმდაბლე და კადნიერება გვერდიგვერდ მიდიან, ერთად.

ყველაფერი ერთადაა, დაწყებული მონანიებიდან, – ვარაუდობს მონანიება რწმენას თუ იბადება რწმენაში – სულერთია, მაინც ერთად მიდიან. ღმერთის რწმენა მაშინვე რთავს მონანიებას ჩემს ტრაგედიაში, ჩემს პრობლემაში, ჩემს ცხოვრებაში. მე ვერანაირად ვერ გადავწყვეტ საკუთარ პრობლემებს ღმერთის გარეშე, ამიტომ ვეძებ მასთან ურთიერთობას. ღმერთმა კი ქრისტეს მეშვეობით დაგვანახა, რომ ჩვენთან ურთიერთობა სურს, – ამიტომ მოგვმადლა თავისი ძე! მანამდე შეგვიყვარა, ვიდრე ჩვენ შევიყვარებდით მას. ე.ი. ისიც ეძებს ურთიერთობას.

ღმერთი ჭეშმარიტად კაცთმოყვარეა. ღმერთი აქტიურია, ღმერთი, რომელსაც ზოგიერთი მამა „ეროსის წინარეს“ უწოდებს. იმისათვის, რომ თავის ყოვლადძლიერებაში შევიდეს, იგი ჩვენს შესახვედრად გამოდის, და ამით იზღუდავს საკუთარ თავს ჩვენი საზომისაებრ, მდაბლდება ჩვენთვის [შდრ. ფილიპ. 2:7]. ამას „კენოზისი“ ჰქვია. ის რომ პირდაპირ მოსულიყო ჩვენთან, მაშინ… დაგვწვავდა, როგორც მზე, და უბრალოდ, დავიფერფლებოდით.

მან კი ჩვენი სიყვარულის გამო თავი დაიმცირა, ეძებდა რა ჩვენთან ურთიერთბას არა იძულებით, არამედ, უბრალოდ, ასეთია მისი სურვილი. ეს ჩვენ დიდ ღირსებას გვძენს. ამიტომაც გვაქვს ჩვენს მართლმადიდებლურ ტრადიციებში კადნიერებისა და ღმერთის სასოების მყარი საფუძველი. ადამიანი ცოდვილია, მაგრამ მაინც: ღმერთი მეტია, ვიდრე ცოდვა.

დოსტოევსკის „ეშმაკნში“ ბერი ტიხონი სტავროგინს ეუბნება: „თქვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ სიწმინდემდე“. მართლაც, ეს ერთი ნაბიჯი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა და ღმერთს შეხვდეს. არაფერია შეუძლებელი. ადამიანს არ ძალუძს, მაგრამ ღმერთს ძალუძს. ის შემოვიდა ჩვენთან ამ კავშირში და არ უნდა, რომ ჩვენი პრობლემები მის გარშე გადავწყვიტოთ. და ჩვენ არ გაგვაჩნია საფუძველი, ამაში ეჭვი შევიტანოთ, რამეთუ მან თავისი მხოლოდშობილი და საყვარელი ძე გასწირა ჩვენთვის. აი, როგორი ძლიერი მიზეზები გვაქვს მონანიებისათვის.

ეს არ არის მხოლოდ მორალური სწავლება, რომ კარგი უნდა იყო და ამიტომ გმართებს მონანიება. არა, მონანიება აღორძინებს ადამიანში ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებს. ღმერთს ჩვენი გადარჩენა სურს, ეძებს ამას და სწყურია, და ელოდება. ჩვენი მხრიდან საჭიროა, რომ ჩვენც გვქონდეს ამის სურვილი, და მაშინ შევძლებთ, მაგრამ არა საკუთარი, არამედ ღმერთის ძალით. 

მონანიება – თავისი თანმდევი ქრისტიანული სათნოებებით, როგორიცა, აღსარება, სიმდაბლე, კადნიერება, სასოება, მარხვა, ლოცვა… – უკვე არის აღდგომის წინასწარ დაგემოვნება და, შეიძლება ითქვას, აღდგომის დასაწყისიც. ეს არის ადამიანის პირველი აღდგომა. მეორე იქნება შედეგი, დასასრული, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.
მონანიების ასეთი გამოცდილება არც ერთ სხვა რელიგიაში არ არსებობს, არც რაიმე სულიერ გამოცდილებაში, არც – მისტიკაში.

სამწუხაროდ, დასავლურ ქრისტიანობაში თითქმის დაიკარგა ეს გრძნობა, ეს განცდა, ეს მოვლენა. მამა იუსტინე გვიამბობდა, რომ იგი – 1917-1919 წლებში – ოქსფორდში სწავლობდა. და აი, ერთი ანგლიკანელი ბერი ორწლიანი მეგობრობის შემდეგ ეუბნება: „ყველა თქვენ, ახალგაზრდები, მხიარულები ხართ, როგორც ჩვენ, მაგრამ თქვენ ერთი რამ გაქვთ, რაც ჩვენ, როგორც ეკლესიას, არ გაგვაჩნია; ეს არის მონანიება – ჩვენ ეს არ ვიცით“. „საქმე ისაა, – ამბობს მამა იუსტინე, – რომ ერთმანეთში ეთხელ სერიოზულად წავიჩხუბეთ. მაგრამ მერე ვერ მოვითმინე და მივედი პატიების სათხოვნელად, ფეხებში ჩავუვარდი, ვტიროდი და ადამიანმა ეს მიიღო… ასე დაინახა ჩემი მონანიება“. სიმდაბლე ვერ იქნება ჭეშმარიტი, თუ მას სიყვარული არ ახლავს.

როცა ძმის ხვედრისადმი გულგრილი ხარ, მაშინ შენი სიმდაბლე მის მიმართ ნამდვილი სიმდაბლე და უვნებობა კი არ არის, არამედ რაღაც კონვენციონალური დამოკიდებულებაა, „კარგი ტონი“, ანუ ორგულობა, ოფიციალური დადგენილება, რომ არ უნდა ჩაერიო სხვის საქმეში (თუნდაც კვდებოდეს ხალხი ვიეტნამში, იუგოსლავიაში ან კუბაზე). ყველაფერი მიესადაგება გარეგნულ წესებს… როგორც მამა იუსტინეს უყვარდა გამოთქმა: კულტურა ძალიან ხშირად ლამაზი, მაგრამ ჭიანი ვაშლია.

რა თქმა უნდა, არც აგრესიული უნდა იყო. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლებს, ღმერთი ისტორიულად ისე გვატარებდა, ისე ვეხსნებოდით მას, რომ პრობლემების გარეშე არ შეგვეძლო. მაგრამ სტატუს-კვოს აღიარება, არანორმალური რეჟიმის ნორმალურად მიჩნევა, – ეს არ არის ქრისტიანობა. მონანიება სწორედ რომ პროტესტია არანორმალური მდგომარეობის წინააღმდეგ.

სიძნელეები გხვდება ოჯახში, სამრევლოში, ეპარქიაში, სახელმწიფოში, მსოფლიოში – ქრისტიანი ამას ვერ „შეეგუება“. იგი აუცილებლად იბრძოლებს, მაგრამ დაიწყებს საკუთარი თავიდან, ამიტომ მონანიება – ეს თვითგანსჯაა, თვითშეზუდვაა, ან როგორც სოლნეჟიცინი ან ტარკოცსკი იტყოდა – სირცხვილია, – სირცხვილი, როგორც რელიგიური ცნება, იმ გაგებით, რომ ადამიანი უბრუნდება თავის თავს და რცხვენია საკუთარი სინდისის.

აბულაძის „მონანიებაში“ ბოლოს ჩანს, თუ რა არის ჭეშმარიტი ადამიანური მონანიება, ადამიანს რცხვენია საკუთარი საქმეებისა და მაშინვე უჩნდება გადაწყვეტილება, შეცვალოს ის. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მართლმადიდებლურ ქვეყნებში არსებობს მონანიება, როგორც თემა (ლიტერატურაშიც კი). ჩვენთან ახლახან გამოვიდა ლუბარდოს რომანი „მონანიება“ – სერბების, მუსლიმებისა და კათოლიკების ურთერთობის შესახებ ბოსნიაში. რომანში მხოლოდ სერბები ინანიებენ. სერბები არა მხოლოდ საუბრობენ, არამედ ინანიებენ კიდეც.

დიდება ღმერთს, – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. აქ ამპარტავნება კი არ არის, ჩვენ არ ვიქებთ საკუთრ თავს, არამედ ეს ნიშნავს, რომ ვერ ვეგუებით ასეთ მდგომარეობს ვერც საკუთარ თავში და ვერც სხვებში. მამა იუსტინემ ამას უწოდა ნამდვილი რევოლუციონერობა ქრისტიანებისა ცოდვის, ბოროტების, ეშმაკისა და სიკვდილის წინააღმდეგ. ეს არის ადამიანის ბუნტი თავისი ცრუ „მე“-ს წინააღმდეგ, და ბუნტი სხვა ადამიანში ცრუ ადამიანის წინააღმდეგ, რელიგიაში კი – ცრუ ღმერთების წინააღმდეგ ბრძოლა ჭეშმარიტი ღმერთის სასარგებლოდ.

მონანიება ეძებს სამყაროს ჭეშმარიტ ხედვას, ღმერთს, ადამიანს; ეძებს მართალ სარწმუნოებას. ახლა მასობრივად უბრუნდება ხალხი მართლმადიდებლობას. ეს არ ნიშნავს რწმენის ძიებას რომელიმე ღმერთში. ათეიზმის უარყოფას მისტიკის კი არა, ცოცხალი ღმერთის ძიება და ეკლესიის ჭეშმარიტ ცხოვრებაში ჩართვა უნდა მოჰყვებოდეს.

ამ დღეებში ერთი კარგი სტატია წავიკითხე: ვლადიმერ ზელინსკის „ეკლესიის ჟამი“, სადაც აღწერილია, როგორ იპოვა ადამიანმა ღმერთი, ქრისტე, ეკლესია. თუკი ადამიანმა უბრალოდ მოინანია და უნდა ისე იცხოვრის, რომ მისთვის სულერთია, რომელ ეკლესიაში იქნება, მაშინ ეჭვი მეპარება მისი მონანიების სიწრფელეში. ეს არის რაღაცნაირი „მეტამელია“ და არა „მეტანია“. ეს არ არის ჭეშმარიტი აღდგინება ცხოვრებისა.

ამიტომაც ასე მოშურნედ იდგნენ ჩვენი მამები სარწმუნოებისათვის. მაგრამ ამასთან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიყვარული ჩვენი სარწმუნების მთავარი დოგმატია. სიყვარული – ეს ჭეშმარიტი ჯვარია, მაგრამ ნუ შეგვეშინდება სიყვარულის, როცა ეს ჯვარი გოლგოთისკენ გაგვიძღვება. ნურასდროს დაივიწყებთ, რომ როდესაც სიყვარული ჯვარზეა გაკრული, ის მაშინაც სიყვარულად უნდა რჩებოდეს.

ქრისტეს რომ არ ეთქვა: „მამაო, მიუტევე მათ“, მაშინ არ იქნებოდა ქრისტე, მერწმუნეთ. ის იქნებოდა გმირი, იდეალური ადამიანი, მაგრამ არა ჭეშმარიტი ქრისტე მაცხოვარი. დოსტოევსკის „დიდ ინკვიზიტორში“ [თავი „ძმები კარამაზოვებიდან“] უფალი ინკვიზიტორსაც კი კოცნის. ეს არ არის სენტიმენტალობა, არც რომანტიზმი, ეს ნამდვილი სიყვარულია, რომელსაც არაფრის ეშინია. ამიტომ ჩვენ, მართლმადიდებლები, ყოველთვის ვგრძნობთ, რომ ჩვენი ძალა და დაუმარცხებლობა საკუთრივ ჩვენში კი არ არის, არამედ იმ ჭეშმარიტებაშია, რასაც ვეძებთ, გვსურს, რისიც გწამს და რისთვისაც ვცხოვრობთ. 

მონანიებაში უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ჩვენი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. არ უნდა გავაიგივოთ საკუთრი თავი არც ჩვენს ბოროტებასთან, არც ჩვენს კეთილ საქმეებთან. არ უნდა ვიფიქროთ, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა კეთილი საქმეების გზით. სასოება მხოლოდ ღმერთის უნდა გვქონდეს. მაგრამ ასევე უნდა გვჯეროდეს, რომ ბოროტი საქმეებიც, თუმც მათ განვიკითხავ და უარვყოფ, მაინც ვერ დამაშორებს ჩემს ღმერთს.

რუსები მიდრეკილნი არიან, გააზვიადონ საკუთრი ცოდვები, და სული ღაფონ, დაიძირონ მათში, როგორც უფსკრულში. ეს უკვე თავსებური უიმედობაა ღმერთზე. ასეთი აღქმა, საკუთარი ცოდვების გაზვიადება, ამავე დროს არის ღმერთის დამცირება. მაგრამ საპირისპირო მიდგომაც ღმერთს ცრუდ წარმოგვიდგენს: მან წარმოგზანა თავისი ძე ჩვენს სახსნელად, ჩვენ კი ვეუბნებით: „არა, არ გვინდა, ცოდვები არა გვაქვს“… ქრისტე უსასყიდლოდ გვანიჭებს ცხონებას! ჩვენ ამისთვის არაფერს ვიხდით, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდვა არის ცოდვა, რომ ცოდვა ბოროტებაა, სიცრუეა, რომ ცოდვა ადამიანის მტერია.

მართლმადიდებლობაში სრული მონანიება ვაჟაკცურია და არა სენტიმენტალური. ადამიანი საბრძოლველად აღიმართება. წმიდა მამები ამბობენ, რომ ადამიანს აქვს განრისხების, გაბრაზების უნარი, – როგორც ჭამის უნარი – და რომ ეს ღვთის ნიჭია. ჭამის უნარიდან შეიძლება აღმოცენდეს საჭმლისადმი ვნება. ასეა რისხვასთან მიმართებითაც, რომელსაც ახასიათებს მოძრაობა – დინამიკა.

საჭიროა, რომ სათნოება იყოს შემტევი – აქტიური, და არა პასიური. მაგრამ თუ ის დეფორმირებას განიცდის, მაშინ შეიძლება ტირანიად იქცეს სხვებისთვის, გადავიდეს აგრესიაში. მაგრამ დინამური მაინც უნდა იყო! ბოროტებას უნდა ებრძოლო. მართლმადიდებლურ მონანიებას ახასიათებს ეს „განრისხება“. მსმენია, რომ ერთ-ერთ ბერს, მეტეორას მონასტერში, მამა აბრაამს, ტვინში სისხლის ჩაქცევა დაემართა. ეს მოხდა ტრაპეზისშემდგომი დასვენების დროს. წევს იგი და უცებ ხედავს, რომ ირგვლივ ყველაფერი წითელია, ცდილობს ლოგინიდან წამოდგეს, მაგრამ არ შეუძლია. უცებ მისი სულის სიღრმიდან ამოდის აზრი: „ვკვდები, და აღსარება არ მითქვამს, არ ვზიარებულვარ! ნუთუ ამდენი წლის ბერი ვარ და ზიარების გარეშე მოვკვდები?“ ნებისყოფის მთელი დაძაბვითა და შექმნილი სიტუაციისადმი რისხვით, შეუგუებლობით წამოდგა და არც კი იცის, როგორ მიაგნო გამოსასვლელ კარს. ღმერთი დაეხმარა: იღუმენი ამ დროს თავისი სენაკიდან გამოვიდა და დაინახა მისი ასეთი მდგომარეობა. ბერი კი ყვირის: „რას მიყურებ? ჩქარა ზიარება!“ იღუმენი მაშინე მიხვდა… ბერმა მიიღო ზიარება. ამის შემდეგ კიდევ იცოცხლა. აი, რისხვის ძალა. 

კვდები? მერე რა? ნუთუ ამის გამო უზიარებლად დაიტოვებ თავს?
წმიდა დიმიტრიმ წამოაყენა ნესტორი, ახალგაზრდა ქრისტიანი და აკურთხა გლადიატორ ლეოს მკვლელობაზე, რომელიც სასტიკი ბოროტმოქმედი იყო. ისიც წავიდა და რისხვა დაატეხა თავს ბოროტების მსახურს. ამის შესახებ იგალობება წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ტროპარში. ეს ჭეშმარიტად ცხონების მომტანი რისხვაა; ეს არის ძალა იმისა, რომ ფეხზე წამოდგე. როდესაც იობი ჩიოდა, და ჰქონდა მიზეზი ჩივილისა, ღმერთს არ უნუგეშებია იგი, არამედ მოსთხოვა, რომ ის ფეხზე დამდგარიყო და დამორჩილებოდა. მაგრამ სწორედ ამან აღადგინა იობი. 

მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა მოღვაწეობრივი ეთოსი [ხასიათი]. ჩვენ განვიცდით დაცემას და ვითმენთ, არ ვბოროტდებით, მაგრამ არც გულგრილი ვრჩებით სხვების მიმართ. მე არ შემიძლია ვიყო გულგრილი, მაგრამ არ შემიძლია, აგრეთვე, როგორც ქრისტიანმა, ვინმე შევიძულო, რადგან შეძულება – ეს არის ქრისტიანული პასუხისმგებლობისგან გაქცევა. სამრევლოში ხდება: ადამიანს ჰგონია, რომ მავანს ის სძულს და ამით იქმნის „ალიბს“ იმისათვის, რომ იურთიერთოს მასთან. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი: უნდა ვეცადოთ მასთან ურთიერთობის აღდგენას და მისი პრობლემების გათავისებას. ვინც შესაბრალებელია, ერთგვარი ამპარტავნებით კი არა, ნამდვილი თანაგრძნობით უნდა შეიბრალო.

ქრისტიანობა დინამიურია და არა პასიური. ქრისტიანობა არ არის „აპათია“, როგორც ეს ძველი დროის სტოცისტებს ეგონათ. საქმე ის კი არაა, რომ საკუთრი თავი მოაკვდინო, არამედ საკუთრ თავში მოაკვდინო ბოროტებისა და ცოდვისადმი მსახურება და გახდე ღვთის მუშაკი.

ცხოვრება ნირვანა არ არის. ცხოვრება არის ზიარება, ღვთის დიდება, აღდგომა, სულიერი ზრდა. ამიტომ მონანიება ქმედითია, თუ ის ნამდვილი და აქტიურია, თუკი მაშინვე აღძრავს ადამიანს, თუკი მაშინვე აგრძნობინებს თავს ჩინებულად (ხმობილად). როცა ერთმანეთს ორი წმიდა მოღვაწის – ისააკ ასურისა და სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველის – ხასიათებს ადარებ, ხედავ, რომ ისააკ ასური უფრო პირქუში და დაღვრემილია. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყელი კი – სიხარულია, დინამიკაა; ის მთლიანად სიხარულშია. 

აი, ამ უფრო დაღვრემილ, უფრო პირქუშ მხარეს გამოხატავს დასავლეთი, მაგალითად, წმიდა კლარა. როდესაც მათ ღვთის მადლი ტოვებს, ისინი სასოწარკვეთილებაში იბნევიან. მართლმადიდებლობაში – არა! აქ ადამიანი ამბობს: „ღმერთი ჩემთან მოვიდა, მიბოძა თავისი მადლი და ამით ჩემი აღდგენა სურს“. ათონზე ყოველთვის მრჩებოდა ასეთი შთაბეჭდილება ბერებისგან: ათონელები დიდი მოღვაწენი არიან, ცივილიზაციის ბევრ მიღწევებს მოკლებულნი არიან, მაგრამ სახე ყოველთვის სიხარულით უბრწყინავთ. ყოველი მათგანი განსხვავებულია, ორიგინალურია, რადგან ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობენ. 

მონანიება კარგ „ამბიციურობას“ აღძრავს ადამიანში. გავიხსენოთ უძღები შვილი: ნუთუ ასეთი მამის შვილი იმისთვის ვარ შექმნილი, რომ უცხო ქვეყანაში ღორები ვმწყემსო? არა, წავალ მამაჩემთან… მონანიება, ლოცვა, მარხვა, აღსარება – ყველაფერი სპონტანურად მიდის. ისე უნდა განაწყო საკუთარი თავი, რომ ქრისტიანული ცხოვრების ეს სიჯანსაღე მუდმივად გქონდეს, მას ესწრაფოდე; და როგორც ძველი დროის მამები ამბობდნენ, ყოველდღე ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყო.

თარგმნა: ვლადიმერ ჩხიკვაძემ
წყარო:kenozozisi.ge

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი