თამაზ ბუთხუზი – ცნობიერების მიღმა

0
450

არისტოტელეს აზრის დოგმად ქცევამ ერთის მხრივ, რამდენი ბოროტება, სისხლი, კოცონზე დაწვა, გილიოტინით თავის მოკვეთა, დახვრეტა, ჩამოხრჩობა, რამდენი წამება, და მეორეს მხრივ, რამდენი ცოდვადადებული ჯალათის შექმნა გამოიწვია, ვერავინ დაითვლის.

წარმოიდგინეთ რა საშინელ დღეში ჩავარდა გენიოსი ფიზიკოსი ნილს ბორი, როდესაც ის საკუთარი აზრის დაცვას არა მარტო ლოგიკით, არამედ რწმენითაც შეეცადა. გავიხსენოთ მისი დიალოგი ოპონენტებთან, როდესაც საქმე ცივილიზაციის ურთულეს პრობლემას, ატომის აგებულებასა და გამოსხივებას შეეხო. 
იმდროინდელი ლოგიკის კანონის მიხედვით, ელექტრონს ატომის ბირთვის გარშემო ვერ უნდა ებრუნა. ის ბირთვს უნდა დასცემოდა. ბორმა “ლოგიკის” დარღვევა გაბედა და განაცხადა:
– ელექტრონს ბირთვზე დაცემა უნდა ავუკრძალოთ!
– რას ბრძანებთ? – აღშფოთდნენ “ლოგიკით” აღსავსე ოპონენტები – როგორ თუ ავუკრძალოთ? ელექტრონსა და ბირთვს შორის ხომ მიზიდულობის ძალები მოქმედებენ? 
– დიახ!
– აღიწერებიან თუ არა ისინი მაქსველის განტოლებებით?
– დიახ.
– განა ელექტრონისა და ბირთვის ყველა თვისება ამ კანონით არ გამოითვლება?
– დიახ.
– მაშასადამე ელექტრონის ატომში მოძრაობა ამ კანონს უნდა დაექვემდებაროს.
– არა.
– როგორ? თან ექვემდებარება და თან არა?
– დიახ!
დამეთანხმებით, რომ ასეთმა მსჯელობამ ყველაზე გაწონასწორებული ოპონენტიც კი, შეიძლება წყობილებიდან გამოიყვანოს. ნილს ბორი ბოროტებას გადაურჩა. მის “ალოგიკურობაში” ადამიანებმა ჭეშმარიტების შეცნობა შეძლეს, მაგრამ რა ვუყოთ მეორე უდიადეს მეცნიერს – ლუდვიგ ბოლცმანს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს? 
აქ სიყვარულსა და მოთმინებას ბოროტებამ აჯობა.

ასევე ვერ ვითმენთ და ზიზღით ვუყურებთ ადამიანს, რომელიც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ A შეიძლება იყოს და არ იყოს A . . . ამ აზრის ლოგიკურობას არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთშიც მიხვდნენ, არისტოტელემდეც და მის შემდეგაც.

ჰერაკლიტე – “ყველაფრის აზრი ურთიერთწინააღმდეგობაა”; “ჩვენში ერთდროულად არსებობს ცოცხალი და მკვდარი, სიფხიზლე და ძილი, ახალგაზრდა და მოხუცი”.

ლაო ძი – “მსუბუქის არსი მძიმეა”; “მოძრაობის არსი _ უძრაობა”; “ჩემი სიტყვების გაგება და აღსრულება ადვილია, მაგრამ ხალხს არ ესმის და არ შეუძლია აღსრულება”; “ვუყურებ მას (დაოს) და ვერ ვხედავ, ამიტომ ვეძახი მას უხილავს. ვუსმენ მას და არ მესმის, ამიტომ ვეძახი მას გაუგებარს, ვცდილობ ხელი მოვკიდო და ვერ ვკიდებ, ამიტომ ვეძახი არაფერს”; “მართალი სიტყვები ჰგავს მის საწინააღმდეგოს”.

გავიხსენოთ ჩუან ძი _ “ერთი არის ერთი და ამავე დროს ერთი არ არის ერთი”.  

ამრიგად, რაიმეს არსებობა და იმავდროულად არარსებობა შესაძლებელია.  ნირვანაში ყოფნა ერთდროულად არსებობას და არარსებობას ნიშნავს.  ამის გააზრებას ჩვენი უმრავლესობის ლოგიკა ეწინააღმდეგება, ხოლო ინდოელებს კი – რწმენით ესმით. თუ არ დაიზარებთ და ღრმად ჩავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს მდგომარეობა (ნირვანაში შესვლა), ჩვენი ლოგიკით, სიკვდილს ნიშნავს, ბუდისტებისთვის – არა. ბუდას ნირვანაში შესვლა ბუდას სიკვდილს არ ნიშნავს, არა, მან მხოლოდ შეიცვალა ცხოვრების, არსებობის არეალი, მდგომარეობის მოდუსი. 

მოდუსი _ ესაა საშუალება, გარდამავალი თვისება, რომელიც ნივთს რომელიღაც მდგომარეობაში ახასიათებს, ეს მდგომარეობა მის ძირითად მდგომარეობაში არსებობისაგან განსხვავდება. ფიზიკაში ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც ნივთიერების გადასვლა პლაზმურ მდგომარეობაში. 

ბუდა გადავიდა სანსარული – მუდმივ მოძრავი სამყაროდან – ნირვანაში და დღესაც იქაა. ეს ნიშნავს, რომ მან არაფერი იცის, ვერაფერს ხედავს, არაფერი ესმის, არაფერი უნდა. ის საუკუნო სიწყნარეშია. ის არაა ბედნიერი, მაგრამ არც უბედურია. 

– რატომ? – იმიტომ რომ ბედნიერება და უბედურება ფარდობითი ცნებებია. ნირვანაში არავითარი ფარდობითობა არ არსებობს. 

ვთქვათ, რომ ბუდა იყო რელიგიური, ან არ იყო რელიგიური – არ შეიძლება.
ერთის მხრივ, ის აღიარებდა ღმერთებს, მეორეს მხრივ ლოცვის რეკომენდაციას არ იძლეოდა. “რა სალოცავი ისინი არიან”. . . (ღმერთები ჰყავდა მხედველობაში).
ერთხელ მოხუცმა ქალმა ჰკითხა ბუდას: 
– მასწავლებელო, მე ვლოცულობ ღმერთ ინდრაზე, შევძლებ მე ამ გზით ხსნას? 
– კი ბებია, ილოცე ინდრაზე, ხსნამდე მისვლა ამ გზითაც შეიძლება. 
ერთი სიტყვით, მისთვის ეს მნიშვნელოვანი არ იყო. ან კიდევ, მას ჰკითხეს
– როგორაა მოწყობილი ეს სამყარო? 
– რა ფერის თმები აქვს ჯერ არდაბადებულ ბავშვს? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ბუდამ.
– რა სისულელეს გვეკითხები მასწავლებელო? რა ვიცით, როგორი ფერის თმები აქვს ჯერ არდაბადებულ ბავშვს? 
– სამყაროც არარეალურია, რა სისულელეს მეკითხებით თქვენც? რასაც თქვენ ხედავთ, არის ილუზია – შეგრძნების სიყალბე, ტყუილი. 
– მაშ რაღაა რეალური? – ისევ შეეკითხნენ მას.

ამაზე რა უპასუხა, მე არ ვიცი, ეს არც არავინ იცის. მოგვიანებით, მისი მიმდევარი ბუდისტების შრომებიდან გამოირკვა, რომ სამყარო არის დრამების ნაკადი. 
სიტყვა “დრამას” ორმოცზე მეტი განმარტება აქვს. ამ შემთხვევაში გამოდგება მისი ერთი მნიშვნელობა – ნიუანსი – ესაა კანონზომიერების კვანტი. ეს არაა მატერიალური ატომი, არც პლატონისეული იდეა, არა, ბუდისტების აზრით, სამყაროში არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც იკვანტება.

მე ვერ აგიხსნით, ეს როგორ ხდება, მე გაწვდით ინფორმაციას, რომელიც ბუდისტურ შრომებში ამოვიკითხე. დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ”დრამა” არის კანონზომიერების კვანტი. გარდა ამისა, “დრამა” ნიშნავს კანონს. 

ჰოდა, ეს დრამები ეჯახებიან ერთმანეთს, ხანდახან ეს ურთიერთქმედება წარმოქმნის ”სკანდებს”. აი, ეს ”სკანდები”, უფრო სწორად მათი გარკვეული კომბინაცია, ქმნის ადამიანის სულს, რომელმაც შესაძლოა ნირვანულ მდგომარეობას ან მიაღწიოს, ან ვერა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცოდვილია, სული იშლება შემადგენელ ნაწილებად და კარგავს ინდივიდუალობას, ე.ი. ნირვანას ვერ აღწევს. თითქმის ისევე, როგორც გამსუნს აქვს აღწერილი თავის პიესაში, სადაც გიუნტს (პერსონაჟს) უცხადებენ: “თქვენ ძალიან ცუდათ იქცეოდით, ამიტომ თქვენი სული გადადნობას ექვემდებარება”!

ზემოაღწერილი პროცესის უფრო ნათლად წარმოდგენის მიზნით უკეთეს შედარებას ვერც მოვიყვანთ. ამრიგად, ბუდიზმის აზრით, აუცილებელია სრულყოფის მიღწევა. ეს კი მარტო ადამიანს შეუძლია. 
მართლაც, ავიღოთ ღმერთები. მათ ეს არ შეუძლიათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ევოლუციას არ განიცდიან, ისინი უკვდავნი არიან, მოკლედ, სრულყოფის გარეშეც კარგად გრძნობენ თავს. 
სრულყოფამდე მისვლა ასურებსაც არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ღმერთებთან ბრძოლაა. მორიგი დამარცხების შემდეგ, ისინი კვლავ ბრძოლისთვის მზადებას იწყებენ. რა დროს სრულყოფაზე ფიქრია?! 
ცხოველებს გონება არა აქვთ, ამიტომ ვერც ხვდებიან, რაზე იფიქრონ. 
დემონები . . . საინტერესოა, ინდური წარმოდგენით როგორ გამოიყურება დემონი. მას აქვს უზარმაზარი თავი და ქინძისთავივით პატარა პირი, დიდი, ძალიან დიდი ტანი ვეებერთელა მუცლით, პატარა ხელ-ფეხი. 
ცხადია, ასეთი პატარა პირით, ამხელა მუცლის ამოვსება საკმაო პრობლემას წარმოადგენს. ის სულ მშიერია, ე.ი. მუდმივ ტანჯვაშია. თუ დემონმა როგორმე იშოვა საკვები, რაიმე საწუწნი, სხვაგვარი კვება არ შეუძლია, მაგალითად, თავისი მსხვერპლის სისხლი, აქ პრობლემა არ თავდება. მოგეხსენებათ, გადამუშავებული საკვები რა გზით გამოიდევნება. დემონს, რატომღაც, გადამუშავებული პროდუქტი ცეცხლის სახით გამოსდის ორგანიზმიდან და ამით ის ძალიან უკმაყოფილოა. 
– მითხარით, შეიძლება ამ პირობებში სრულყოფაზე ფიქრი? 
– რა თქმა უნდა, არა. 
ეს კიდევ არაფერი, ქვესკნელში არიან ე.წ. ტამუები. არავინ იცის, როგორები არიან ისინი, მაგრამ ცნობილია, რომ დემონებზე მეტად იტანჯებიან. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მეტი ტანჯვა, გაუგებარია – მაგრამ ასეა.
იმათაც არაფერზე ფიქრის თავი არა აქვთ. 

დასკვნა: სრულყოფა შეუძლია მხოლოდ ადამიანს. ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მრავალჯერადი გარდაქმნის გზით, მივაღწიოთ სრულყოფას, გავხდეთ წმინდანი, და ბოლოს, მივაღწიოთ უნეტარესსა და უდიადეს მდგომარეობას, ნირვანას, სადაც არაფერი გინდა, ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს ხედავ, ვერ დაეხმარები ტანჯულებს, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი ღაღადი არ გესმის. 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ასეთი პერსპექტივა, ასეთი დიდებული ბოლო, სულაც არ მხიბლავს. ინდუსებს ეს, რატომღაც, ძალიან მოსწონთ. ჩინელებს კი არა. რატომღაც . . . 
ყოველივე ზემოთქმული ბუდიზმისადმი ჩვენი ევროპული აზროვნებით მიდგომის ვერსიას ასახავს. თავდაპირველად, ის ინტერესს იწვევს თავისი არსისა და სპეციფიკის ფუნდამენტალური არგაგებით. 

რა არის ბუდის გასხივოსნება? 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არის ცნობიერების მესამე დონე – ინტუიტიური მიდგომა. აქ სუბიექტი მენტალურად ერევა, ენივთება ობიექტს. 

ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია ნათლად აჩვენებს, რომ ყოველგვარი მცდელობა, ჩაწვდე ბუდიზმის არსსა და სპეციფიკას, ფუნდამენტალური არგაგების პრობლემას აწყდება. 
მიუხედავად ამ თემაზე არსებული უამრავი ფაქტობრივი მასალისა, ამ მხრივ ადგილი აქვს ისტორიულ – კულტურულ კურიოზს.

ყველაფერი გვესმის, გარდა მეზობელი აზიური, ინდური აზრისა. აქ ჩნდება მარტივი შეკითხვა – თუ მე მესმის შექსპირის, ანრი ბერგსონის ინტუიტიური ფილოსოფიის, გალაკტიონის, რატომ ბოლომდე არ მესმის მსოფლიოს თითქმის ერთ მესამედზე გავრცელებული რელიგიის აზრი. 

ალბათ, ეს მაინც ჩვენი პრობლემაა. ალბათ, ადამიანის სულიერი განვითარება მდგომარეობს არა ძირითადად იმაში, რომ გადავწყვიტოთ ჩვენი პირადი პრობლემები, არამედ იმაში, რომ გავიზარდოთ, პრობლემაზე აზრობრივად ავმაღლდეთ, ამ პრობლემის ზეგავლენის არეალიდან გამოვიდეთ. 

რის გადაწყვეტასაც ვცდილობთ ინტელექტის დონეზე, ალბათ, თავისთავად მცირე პრობლემაა. ყველა პრობლემას აზრობრივი გადაწყვეტა არ გააჩნია. ცნობიერების მიღმა არსებობს რაღაც, რაც უნდა გვწამდეს! 

ჩვენ ბავშვობიდანვე თავი რომ გამოგვედო და გვეცადა, პასუხი გაგვეცა ყველა კითხვაზე, გადაგვეჭრა ყველა პრობლემა, რომელიც წინ გვხვდებოდა, მაშინ ჩვენი განვითარება დასაწყისშივე შეწყდებოდა. მრავალი ჩვენგანი გადაუწყვეტელი პრობლემის სიმძიმის ქვეშ ჩაიმარხებოდა. პრობლემის გადაუჭრელობით იწყება ჩვენი ტანჯვა, და მართლაც, პრობლემებს გონებრივი ამაღლებით ვიცილებთ. 

მაგალითად, ბავშვობაში ვნატრობდი მქონოდა ველოსიპედი, და ეს, ჩემთვის უდიდესი პრობლემა იყო. ვიზრდები, და პრობლემა თავისით კარგავს აზრს, ე.ი. მე ავმაღლდი პრობლემაზე.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი