თამაზ ბუთხუზი – სოციუმის ანატომია

0
1193

თუ თქვენთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი                                                                      თუ თქვენ ქვეყნის მომავალი არ გაფიქრებთ                                                                                    თუ თქვენ შვილების ღალატის გარდა აღარაფერი შეგიძლიათ                                                    თუ თქვენ დანაშაულამდე მხოლოდ იმიტომ არ მისულხართ, რომ არც შემთხვევა გქონდათ და არც გამბედაობა გეყოთ                                                                                                                    თუ თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასურველია                                                    თუ თქვენ ზნეობაში პატიოსნების გარდა რაციონალიზმს ვერ ხედავთ                                        თუ თქვენთვის არსებობს სამშობლო სამშობლოს გარდა, მაშინ თქვენ ეს ნაშრომი არ დაგაინტერესებთ. შესაბამისად, არ გვაინტერესებს თქვენი შეხედულება. ამ ეტაპზე ჩვენ შორის დისკუსია უსაფუძვლოა.

ფსევდო ეროვნული იდეის გადასვლამ ჩვენი ქვეყნის გეგმაზომიერ განადგურებაში, კრიმინალთა გაბატონებამ, ძველი აზროვნებით ახალი ცხოვრების წესის ჩამოყალიბების ცინიკურმა მცდელობამ, ,,მოდერნისტული” აზროვნების ძალადობრივად დანერგვის მცდელობით მიღებულმა სადო-მაზოხისტურმა სისტემამ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვამ, მეცნიერების, ეკონომიკის, წარმოების განადგურებამ, ჩვენი ქვეყნიდან ადამიანური რესურსის, ენერგიის, ინტელექტის გადინებამ სხვა ქვეყნების საკეთილდღეოდ, მხოლოდ ოცნებებით ქვეყნის განვითარების მცდელობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ, როგორც სოციუმს, რაღაც მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი გვაკლია. და სანამ არ დავფიქრდებით, ვერ მივხდებით რა გვაკლია, იქამდე უბედურების წინაშე პირისპირ მარტო დავრჩებით.

დავფიქრდეთ

თუ ქვეყნის საზღვარი თანდათან გიახლოვდება, საკუთარი სახლიდან გასახლებენ და ღია ცის ქვეშ ცხოვრება შეგიძლია, გადარჩები.

თუ შენს სახლს ცეცხლი უკიდია და ხანძრის ჩაქრობა ერთი ქვაბი წყლით შეგიძლია, გადარჩები.

თუ კვირაში ერთხელ საკვების მიღებით არსებობა შეგიძლია, გადარჩები.

თუ ფილტვების ანთება დაგემართა და კარგი შელოცვა იცი, გადარჩები.

თუ შენი შვილების ნარკომანიისგან, ძალმომრეობისგან,… დაცვა მარტოს შეგიძლია, გადარჩები.

თუ წინასაარჩევნო დანაპირები არ შეგისრულეს და დეპრესიიდან როგორმე გამოძვერი, გადარჩები.

და გადარჩენილები, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ძვირდება ყველაფერი, უფასურდება მხოლოდ ადამიანის სიცოცხლე, ჩლუნგდება გონება, ირღვევა ადამიანთა შორის ურთიერთობა, მოვალეობა, პასუხისმგებლობა,…

ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში, რომელიც დღითი დღე ყოველმხრივ დეგრადირებას განიცდის. სოციუმი მტაცებელი, სისხლიანი მორალისტებით გაივსო. როდის მივხვდებით, რომ ჩვენს ინტელექტს რაღაც აკლია და ეს რაღაც ინტელექტია. როდის მივხვდებით, რომ ჩვენს სახელმწიფოს რაღაც აკლია და ეს რაღაც სახელმწიფოა. როდის მივხვდებით, რომ ჩვენი სახელმწიფო, სახელმწიფო კი არა, სასტიკი ხორცსაკეპი მექანიზმია, რომელსაც ქონდრისკაცები მართავენ. სწორედ ამ მექანიზმით იქმნება ის სოციუმი, რომელიც ყველაფერს ითმენს, ოცნებობს ადამიანის ღირსების საკადრის ცხოვრებაზე, რასაც ვერასდროს ეღირსება. სწორედ ესაა ის სოციუმი, რომლის ელიტას ქონში გახვეული შურით შურს მათი, ვინც მასზე მეტი მოიპარა, მეტი მოკლა, ვინც უკეთესი მანქანა, სახლი, ქონება კრიმინალით იშოვა. 

როდის მივხვდებით, რომ სახელმწიფო კი არ ქმნის საზოგადოებას, არამედ საზოგადოება _ სახელმწიფოს.

როდის მივხვდებით, რომ საზოგადოების აშენება მხოლოდ ეთიკის საფუძველზეა შესაძლებელი.

როდის მივხვდებით, რომ ამაღლებული ეთიკის დამკვიდრება მხოლოდ უმაღლეს ფასეულობებზე შეთანხმებით, კონგენიალობით შეიძლება. 

უპირველესად გასარკვევია, თუ რატომ ვერ ქმნის ადამიანის ღირსების საკადრის ცხოვრებას ვერც მე და ვერც ჩვენ. ჩვენ წინა სტატიაში განვიხილეთ პარადოქსი, რომელიც თავის მხრივ, ითხოვს სოციუმის ანატომიაში გარკვევას.

სოციუმის ანატომია

ადამიანთა გაერთიანებამ შეიძლება შექმნას ბრბო, მასა, ხალხი, საზოგადოება, სახელმწიფო. შევთანხმდეთ და ადამიანთა ნაკრები _ ბრბო, მასა, ხალხი, საზოგადოება შემდეგნაირად დავახასიათოთ.

ბრბო – ადამიანურ არსგამოცლილ, გონივრულობამოკლებულ სუბიექტთა უმართავი ნაკრები. ბრბო მეტასტაბილური მდგომარეობაა.

მასა – სუბიექტთა მართვადი, მანიპულირებადი ნაკრები, სტაბილური მდგომარეობა.

ხალხი – რეალობის მაძიებელთა ნაკრები.

საზოგადოება – თვითრეგულირებადი, თვითორგანიზებადი, რეგენერაციის უნარის მქონე შემოქმედ ადამიანთა სისტემა. ხალხის განვითარების ორიენტირის განმსაზღვრელი, სახელმწიფოს ჩამოყალიბება-განვითარებისთვის აუცილებელი ბირთვი.

და თუ ეს დეფინიცია თქვენში შეშფოთებას არ იწვევს, გავაგრძელოთ საუბარი.

ერთი და იმავე ადამიანთა ჯგუფის მიერ შეიძლება შეიქმნას როგორც ბრბო, ასევე – მასა, ხალხი, საზოგადოება.

ერთი და იგივე სუბიექტი, იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფში აღმოჩნდება, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც საზოგადოების, ხალხის, მასის ან ბრბოს შემადგენელი სხვადასხვანაირად გრძნობს, ფიქრობს და მოქმედებს.

განვიხილოთ სუბიექტი, რომელიც ბრბოში, მასაში, ხალხში, საზოგადოებაში ხვდება.

მართლაც, ისეთი რა უნიკალური თვისება ახასიათებს ბრბოს, მასას, ხალხს, საზოგადოებას, რომ შეუძლია, შეცვალოს ადამიანი?

როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისგან პროფესიით, ხასიათით, ინტელექტით,… მაინც ის ფენომენი მოქმედებს, რასაც შეიძლება ბრბოს, მასის, ხალხის ან საზოგადოების სული ვუწოდოთ. მისი ზემოქმედებით სუბიექტი, როგორც აღვნიშნეთ, სხვაგვარად აღქმას, ფიქრს, ქმედებას იწყებს. ჩნდება, მჟღავნდება ან გარდაიქმნება შესაბამისი იდეები და გრძნობები.

და თუ არსებობს გამონაკლისი, როგორც ცნობილია, ესეც ჩვენი მოსაზრების მართებულობას, კანონზომიერებას ადასტურებს.

ადამიანთა გაერთიანებანი თითქოს ქმნიან ახალ არსებას, ორგანიზმს (მასას, ბრბოს, ხალხს ან საზოგადოებას) მხოლოდ მისთვის მახასიათებელი ახალი თვისებებით, რომელიც განსხვავებულია მისი შემადგენელი უჯრედის, სუბიექტის თვისებებისგან.

ბრბო პრიმიტიული, სპონტანური, მეტასტაბილური წარმონაქმნია, რომელსაც ამჯერად ვრცლად არ განვიხილავთ.

მასა მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდება. შესაბამისად, შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს მასის საშუალო ხასიათი. მასაში მყოფი ადამიანი, მასის ნაწილი თავს ,,ძლიერად” გრძნობს. ის თითქოს ეძებს სამართლიანობას მაშინ, როცა დაკარგული აქვს ზნეობა. თავისუფლდება მარტივი იმპულსები, რომელიც სუბიექტის განმხოლოებისასაა შეზღუდული. მასა ქმნის ანონიმურობის შეგრძნებას, ქრება პირადი პასუხისმგებლობა, სუბიექტში ქრება კანონის შიში, ის კარგავს მის არსში ჯერ კიდევ შემორჩენილი, მოჩვენებითი მორალის ანარეკლს, თავისუფლდება ქვეცნობიერის ყველა უარყოფითი იმპულსი, იძირება ცნობიერი. ინდივიდი მზადაა ჰიპნოზისთვის. იგი გამოსხივების იმ ველში ხვდება, რასაც მასა ასხივებს. ის მართვადია და ცივილიზაციის კიბეზე რამდენიმე საფეხურით ეშვება. განსწავლულიც კი ზოოლოგიური ობიექტი ხდება, რომელსაც ნებისმიერი ვიგინდარა მარტივად მართავს. ჩნდება სპონტანურობა, ველური ენთუზიაზმი, ქრება საკუთარი თავის უნდობლობა, ეჭვი.

იბადება, ერთი მხრივ, ვიღაცის ან რაღაცის გაღმერთების დაუოკებელი სურვილი და მეორე მხრივ, ვიღაცისა თუ რაღაცის მიმართ ანტიპათია ან პათოლოგიური სიძულვილი. მიზანმიმართულად ამოტივტივებულ, შემოგდებულ, ზნეობადაქვეითებულ ე.წ. პოზიციურ თუ ოპიზიციურ ლიდერს საქმე უმარტივდება. ლოგიკა აღარაა საჭირო. მთავარია ექსპრესია, მთავარია იმეორო ერთი და იგივე. მასა ლიდერისგან არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას, არამედ უკვე გამოყენებასაც ითხოვს. მისდამი შიში მასის წევრს მაზოხისტურ სიამოვნებას ანიჭებს. ის ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ლიდერის გაღმერთებით პასუხისმგებლობა ნებისმიერ ქმედებებსა თუ შედეგებზე მხოლოდ ლიდერს ეკისრება და იმედი აქვს, რომ აქედან რაიმე ხეირს მიიღებს.

იწყება ზიზღი ყველაფერი ახლისადმი, პროგრესისადმი, რასაც დაფიქრება, შემეცნება სჭირდება. მასის სული თითქოს მისი შემადგენელი დაჩლუნგებული სუბიექტის სული ხდება. ის ლიდერის ყველა პრიმიტიულ აზრს ეთანხმება, იმ აზრსაც კი, რომელსაც მასაში ყოფნის გარეშე არასდროს დაეთანხმებოდა. ყველა ქედს იდრეკს და მათში ჩნდება პირველყოფილი ადამიანის მახასიათებელი ელემენტები: ტაბუ პიროვნებებზე, აზრებზე,… მასას უკვე აღარ სჭირდება რეალობა. მას ილუზია სჭირდება და ამას ის ლიდერისგან იღებს. მასას ილუზიის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია.

ილუზია ენაცვლება რეალობას.

იწყება უკუკავშირი: _ მასის მიერ იდეის ატაცება აიძულებს ლიდერს, დაიჯეროს, რომ ის, მართლაც ,,გენიოსია”. მასში მასაზე ზემოქმედების სურვილი ახალი ძალით იღვიძებს. ასეთი პრესის ქვეშ მასა უცილობლად იქცევა ბრბოდ. ეს უკვე რევოლუციის, ამბოხის რეალური საფუძველია. შედეგად, ერთი უაზრო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, უარესით იცვლება და შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.

ზემოაღნიშნული მოსაზრება არახალია და სოციუმის მეტ-ნაკლებად განსწავლულმა ნაწილმა ეს საკუთარ სულსა და ხორცზე უკვე იგრძნო

ეს უმარტივესი გააზრებაც საკმარისია, რათა მივხვდეთ, რომ ადამიანთა გაერთიანება ურთულესი ფენომენია.

ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავერკვეთ:

-რა არის ის შემაკავშირებელი ,,ნივთიერება”, რაც ადამიანთა გაერთიანებებს ქმნის?

-რას შეიძლება შევადაროთ დღეს იმ ადამიანთა ნაკრები, რაც ჩვენს სოციუმს აყალიბებს?

ადამიანში ეთიკისა და გონივრულობის დაქვეითების საკითხს უხსოვარი დროიდან განიხილავდნენ. ეს პრობლემა ყველა მეტ-ნაკლებად განათლებულ შემოქმედ ადამიანთა კვლევის საგანი იყო და მკაცრ შეფასებებსაც არ ერიდებოდნენ.

არისტოტელე არათავისუფალთა, არსით მონათა ნაკრებს შინაურ ცხოველებს უწოდებს.

ფრიდრიხ ნიცშე მასას, ბრბოს არაორაზროვნად ნახირთან აიგივებს.

მასის ასეთ შეფასებას არ ერიდება არც ვაჟა და არც ილია.

ეს ემოციური დახასიათება, გარკვეულწილად, სერიოზულ, აზრობრივ დატვირთვასაც ატარებდა.

ჩვენი ყოფის არასიღრმისეული ანალიზისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა მასა მართლაც იყოფა ორ, მკვეთრად გამოსახულ ნაწილად.

ერთ ნაწილს, უმრავლესობას თითქოს ისე აქვს დაქვეითებული ასტრალურობა (მგრძნობელობა), სიფაქიზე, რომ ყველაზე უმსგავსო, უსახურ გარემოშიც კი შეუძლია ადაპტირება, კმაყოფილების მიღება. ამ დაქვეითებული გარემოს მიღმა არსებული უსაზღვრო, საინტერესო, ლამაზი სამყარო კი მისთვის უცხოა, იმ აზრით, რომ ეს სამყარო მას უბრალოდ არ სჭირდება, ზედმეტია მისთვის. სუბიექტი თავს აფარებს ბუნაგს და ის უკვე დიდი ხანია ამ დატბორილ სულიერ ჭაობს შეეგუა.

ადამიანის ჭაობიდან ამოთრევა მარტივია. ურთულესია მისი სულიდან ჭაობის ამოგლეჯა.

ასეთის გონებრივი პოტენციალი მხოლოდ საკუთარი ბიოლოგიური ორგანიზმის თვალსაწიერით შემოიფარგლა. ასეთი არ ცდილობს ამაღლებას, საკუთარ მე-ში გარკვევას და ამით მთელი სამყაროს შეცნობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მას ჰგონია, რომ ის უკვე ამაღლებულია. ცხადია, უკვე ,,ამაღლებულს” აღარ სჭირდება შემოქმედება-განვითარება. ასეთს ჰგონია, რომ ყველაფერი აქვს: სად დაიძინოს, პურის ნაჭერი, ჭიქა წყალი, გარშემო თავისივე მსგავსნი ჰყავს და ამ ,,ჯოგში” ის თავს კმაყოფილად გრძნობს.

კმაყოფილი არაფერს ქმნის იმიტომ, რომ ის კმაყოფილია.

მას არ ეშინია სიმარტოვის, რადგან ჯოგში სიმარტოვის შეგრძნება უბრალოდ ქრება.

მეორე, ამაღლებული ასტრალურობის მქონე უმცირეს ნაწილს კი ეს უსაზღვრო რაოდენობის მცოხნავთა ჯოგი მარტოობას უმძაფრებს. ასეთი მე

მარტოა საკუთარ მე-სთან, ის გრძნობს თავის ,,გამორჩეულობას, განუმეორებლობას”, არაიდენტურობას არავისთან და არაფერთან. ასეთი ღრმადაა დარწმუნებული, რომ არ იმყოფება თავის სულიერ სამყაროში, რადგან ჯოგის სული მისი სულიერი არეალი არ არის. ის სწორედ ამ გაუცხოებულ სამყაროში გრძნობს და განიცდის სიმარტოვის საშინელებას. მას ცნობიერება სთავაზობს, დაფიქრდეს, გაიაზროს ჯოგის ობიექტური არსი, ჯოგის სამყარო. ამ ,,ობიექტურობის” შემეცნებას ის არათუ გამოჰყავს მარტოობიდან, არამედ უფრო უმძაფრებს მარტოობის ტკივილს, რაც მასში უსასრულო სევდას იწვევს, რადგან არ უნდა ამ უსახო მუდმივობას, მუდმივ წყურვილს, უაზროდ დინებად დროს შეურიგდეს. სწორედ ეს უსახურობა აიძულებს მას, ღრმად ჩაიკეტოს საკუთარ ნაჭუჭში, სადაც ის უცილობლად იქცევა მარტოობის სევდის მცოხნავ ცხოველად, რომელიც სულიერ საკვებს განმარტოებული დაეძებს.

განსხვავება ისაა, რომ ასეთ მარტოობის მცოხნავთა სიმრავლე, ერთი შეხედვით, არ ქმნის ჯოგს.

ეს მსჯელობა არსებული საშინელი რეალობის საფუძველს თითქოს ააშკარავებს.

ჩვენი აზრით, უბედურების სათავე თვით ამ მსჯელობის არსშია. საქმე ისაა, რომ სოციუმის არც პირველ ნაწილს აქვს ისე დაქვეითებული ასტრალურობა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და არც მეორე ნაწილის ასტრალურობა ბრწყინავს ჩვენი ყოფის წყვდიადის ფონზე.

სწორედ ამაზე ამბობს ვაჟა:

,,თუ მე არა ვარ მზის დარი,

არც შენ ანათებ ღამითა”.

სწორედ ამ ,,ჯოგის” წევრებმა შექმნეს ,,ვეფხისა და მოყმის”, ,,ჩაკრულოს”,… ისეთი სულიერი შედევრები, რომელსაც მრავალი მარტოობის სევდით შეპყრობილი ,,ამაღლებული” ასტრალურობის ინდივიდი მოაწერდა ხელს, როგორც ავტორი და იამაყებდა ამით.

ასევე, მარტოობის სევდით შეპყრობილი, უმაღლესი ასტრალურობის მქონე გალაკტიონის ერთი ლექსიც კი საკმარისია, რომ ,,ჯოგის” სულიერი ვოლიერი შეინგრეს.

დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის გაუნათლებელი, უსახური მასის არსებობა.

რა საფუძვლები აქვს მართვადი სოციუმის ჩამოყალიბებას?

მოგეხსენებათ, რათა გონება გაგეხსნას, ათიოდე წიგნის წაკითხვაა საჭირო, თუმცა ამ გონებისგამხსნელი 10 წიგნის აღმოსაჩენად უნდა წაიკითხო 10000.

ჩვენ ვფლობთ უმაღლეს განათლებას და ვცდილობთ ამ განსწავლულობის ცხოვრებაში გამოყენებას, მაშინ როდესაც საწყისი და საშუალო განათლება პრინციპულად არ მიგვიღია.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანს უნდა გააჩნდეს საშუალო აზროვნების უნარი მაინც და ესმოდეს ეთიკის საწყისი საფუძვლები.

შესაბამისად, ვიღებთ სოციუმს, სადაც:

-არაა ზღვარი მორალურსა და ამორალურს შორის.

-ვლაპარაკობთ ერთს, ვფიქრობთ მეორეს, ვაკეთებთ მესამეს.

-ინფანტილურად ვადევნებთ თვალს კრიმინალური ელიტის ზეობას.

მერკანტილიზმით გატაცებული ერის სულიერი მამები, რომელთაც სოციუმის სულიერი მდგომარეობა უნდა ადარდებდეთ, მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათა სიამოვნებისთვის ზრუნავენ. ყველაფერ ამაზრზენზე თვალს ხუჭავენ და მმართველთა მორალურ ლეღვის ფოთლებად იქცევიან.

ამგვარად, საქართველო წარმატებით დაბრუნდა შუა საუკუნეებში, თუმცა უფრო მართებული იქნებოდა, გვეთქვა – საქართველო არასდროს გამოსულა შუა საუკუნეებიდან.

შედეგი: – ადამიანის ნიჭისა და უნარის მიუხედავად, ცხოვრებაში მის ადგილს იკავებს პროფესიული აფერისტი, რომელიც თეატრალური აღმაფრენით აპელირებს ილიათი და ვაჟათი, ეპირფერება სოციუმს და ამავე დროს ავიწყდება, რომ ეს სოციუმი, რომელმაც ერთი ტყვიით ,,დააჯილდოვა” და მეორე – გაუსაძლისი ცხოვრებით, დღემდე უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

დღევანდელი ბავშვები სკოლაში ისევე იღებენ საღვთო სჯულს, როგორც წარსულში მეცნიერული კომუნიზმის საფუძვლებს და სულიერ მოძღვართ ავიწყდებათ, რომ რელიგიურ რწმენაში ძალით ვერავის შეიყვან.

ადამ სმიტის მიხედვით, ბაზრის ფასეულობა გამოიხატება ფრაზაში: _ ,,ადამიანი ეძებს საკუთარ სარგებელს და ამით ის ამდიდრებს საზოგადოებას. მაგ., როცა მეპურე პურს აცხობს, ის საკუთარ მოგებაზე ფიქრობს, მაგრამ შედეგი საერთო კეთილდღეობის ზრდაა”.

ამისგან განსხვავებით, როცა კრიმინალურ-პოლიტიკური ლიდერები სოციუმს ძარცვავენ, საკუთარ კეთილდღეობას ზრდიან და არა _ სოციუმისას.

შესაბამისად, ჩვენ ვართ სოციუმი, სადაც უფრო სარგებლიანია იყო მძარცველი პოლიტიკოსი, ვიდრე _ მეპურე, ინჟინერი, მეცნიერი…

ეს ნაშრომი სწორედ სოციუმის დეგრადირების მიზეზებისა და სულიერი ამაღლების საფუძვლის ძიების მცდელობაა.

ჩანართი

აქ გასარკვევია, ვინ და როგორ ახერხებს ისეთი უსაზღვრო პოტენციალის მქონე არსების, როგორიცაა ადამიანი, დეგრადირებას, დამახინჯებას, ჯოგის დონემდე დაყვანას. ცხადია, ამ პროცესის პერმანენტულობის საფუძველს გაუნათლებლობა წარმოადგენს.

არ იფიქროთ, რომ ამ ჯოგის მიერ აღიარებულ ბელადებს, მმართველებს დიპლომებისა თუ წოდებების მიუხედავად, რაიმე საერთო აქვთ განათლებასთან.

როგორც ჯოგისთვისაა უცხო და მიუღებელი განათლებული ადამიანი, ასევე განათლებულისთვისაც მიუღებელია ჯოგის არსი.

დიდი სხვაობაა განათლებულსა და მენახირეს შორის.

დავფიქრდეთ, რა განათლება აქვს მენახირეს? – მიუხედავად ამისა, ის ნახირს მათრახით მშვენივრად მართავს. ხოლო მმართველთა მართვის იარაღი კი მასმედიის სხვადასხვა საშუალებებია.

მიგვითითებენ, თუ რა ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა დავლიოთ, რით გავრეცხოთ, რით დავიბანოთ, სად წავიდეთ, ვინ და როგორ შევიყვაროთ, როდის აღვშფოთდეთ, როდის დავიძინოთ ნეტარი ძილით, რა ვიფიქროთ პოლიტიკასა და დემოკრატიაზე, ეკონომიკასა და ისტორიაზე, როგორ ვიცხოვროთ, როგორ გავზარდოთ შვილები,…

ესაა ჩვენი არჩევანი. რას იზამთ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენივე გულისამრევ არჩევანს.

უპირველეს ყოვლისა გასარკვევია, თუ რატომ დაეცა ჩვენი სოციუმი ამ ამაზრზენ, არაადამიანურ ყოფამდე?

სწორედ ამ გაურკვევლობას მივყავართ დილემამდე – სიმარტოვე თუ ჯოგში გათქვეფა.

ეს დილემა სოციალურ ფილოსოფიაში გამოიხატება ,,ზრდილობიანი” ფორმით – კონფორმიზმი და ნონკონფორმიზმი (ინდივიდუალიზმი).

სოციალურ ფილოსოფიაში კონფორმიზმი აშკარად უარყოფითად აღიქმება მაშინ, როცა ინდივიდუალიზმი დადებით ელფერს ატარებს. ამ დამკვიდრებული შეხედულებიდან გამომდინარე, თურმე ადამიანის დეგრადაცია იწყება მაშინ, როცა ის კარგავს ინდივიდუალიზმს და ხდება კონფორმისტი, ჯოგის წევრი.

საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში გასარკვევად ვალდებულნი ვართ, გავაანალიზოთ, თუ რა დატვირთვა აქვს ცნებებს – კონფორმიზმი და ინდივიდუალიზმი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი