ნონა ხიდეშელი – წინასწარმეტყველება წარსულში

0
1048

ერთმა ფილოსოფოსმა თქვა:,,ისტორია – ეს არის წინასწარმეტყველება წარსულში“ – შესაბამისად, ისტორია არის კაცობრიობის მესხსიერება თავისი წარსულის შესახებ. როდესაც ჩვენ აღვიქვამთ აწმყოს, შესაძლებლობა გვაქვს დასკვნები გამოვიტანოთ, როგორც აწმყოსთვის ასევე მომავლისთვისაც. რასთან გვაქვს საქმე, როდესაც უძრაობა გარკვეული ნორმა ხდება და საზოგადოება იდეოლოგიების გავლენის ქვეშ ექცევა? რაც ძალიან ქართული გვგონია საბჭოური გადმონაშთი ხომ არაა? რატომ იქცა სტერეოტიპები ნორმად და ტრადიციად? რას იწვევს ხშირად არასწორი და არასამართლიანი დუმილი მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ? საზოგადოებისთვის ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფსქილოგიურ ჭრილში  მესიჯი  ნონა ხიდეშელს ესაუბრა

message:მამარდაშვილის ნაშრომებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია თანამედროვე საქართველოზე წერს, არადა 30 წელი გავიდა უკვე. ნუთუ ამ ხნის მანძილზე წინ ცოტათი მაინც ვერ წავიწიეთ, რა შეფასებას მისცემდი, როგორც ფსიქოლოგი:რა ხდება, სად ვართ, საიდან ვერ გამოვდივართ?

მამარდაშვილს იმის გონება ნამდვილად ჰქონდა, მიმხვდარიყო, ცნობიერების რა ველში იმყოფებოდა მაშინდელი საზოგადოება. როდესაც ამის დანახვა შეგიძლია, დიდი  ფილოსოფია არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ რას მოიმოქმედებს ეს საზოგადოება, რადგან ადამიანის ქმედება ეს არის მისი გონების გამოვლინება. თუ დღესაც იგივე ხდება, რაც ხდებოდა 30 წლის წინ, შეგვიძლია სამწუხარო დასკვნა გავაკეთოთ, რომ დიდად წინ ვერ წავიდა ჩვენი ცნობიერება.

მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ინტელექტუალია თუ არა, რეალურად, მთლიანობაში ნეპოტიზმ-კორუფციულ-კონფორმისტული გონებიდან ვერ გამოვედით. შეხედეთ ნებისმიერი ხელისუფლების მომხრეს, ყოფილის თუ ახლანდელის, დასავლური იდეალების მიმდევრებსა  თუ  რუსული  ნოსტალგიით  შეპყრობილებს, პრინციპში, მნიშვნელობაც არ აქვს რა სახელს დაირქმევენ, თუ მათ ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, შეუძლიათ გაამართლონ ყველა ძალადობა, ყველა უსამართლობა და, პირიქით, თუ მათ პირად კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრება, მათ შეუძლიათ ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ.

აშკარაა, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესების კარნახით არავინ მოქმედებს, არამედ – პირადი კეთილდღეობის. რა მნიშვნელობა აქვს, რა იდეას ვიქადაგებ: წითელ ვაშლებსა თუ სამოთხის მომავალზე, დასავლეთსა თუ ლიბერალიზმზე, რეალურად, ყველაფერი ეს სიტყვების რახარუხი და წრეზე ტრიალია.

ვერაფრით ვხსნი ფენომენს, როდესაც მოქმედი ხელისუფლების მომხრე ებრძვის წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ  დანაშაულს, მაგრამ ამართლებს თავის ფავორიტს, რომელიც წინა  ხელისუფლების შემადგენლობაში იყო ან ემხრობოდა მათ და გულგრილად, ურეაქციოდ უყურებდა უსამართლობას და დღემდე არ სურს სინამდვილეს თვალებში ჩახედოს, სამაგიეროდ, დღეს ის, ადამიანის უფლებებზე საუბრობს.

სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ დღეს საქართველოში ვინმეს აღელვებდეს ადამიანის უფლებები. ჩვენმა ცნობიერებამ ჯერ მაგ მდგომარეობამდე ვერ მიაღწია. იგივეს ვიტყვი ინტელექტუალებზე, აკადემიურ წრეებზე, პოლიტიკოსებზე. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ გავცდით პირადი კეთილდღეობის ინტერესს. სულ ვამბობ, რომ ჩვენ, „გლეხის“ კომპლექსიდან, როგორც ერი, ვერ გამოვედით. გლეხს ვგულისხმობ, როგორც ინდივიდს ფეოდალურ სივრცეში და არა მის სოციალურ სტატუსს. ჩვენ ვგავართ ამ გლეხს, როგორც კასტას ფეოდალურ სივრცეში, რომელიც მუდმივად დაჩაგრული, მუდმივად დაკომპლექსებულია და თავი არარაობად მიაჩნია. აი, ამ მენტალობიდან ვერ გამოვედით.

ამიტომაც არის, რომ თუ ადამიანი მდიდარია და გარკვეული სტატუსი აქვს თანამედროვე საზოგადოებაში, აბსოლუტურად კონფორმისტები ვხვდებით მის მიმართ, თავმოყვარეობასაც კი ვკარგავთ. პოლიტიკას დავანებოთ თავი, ყოველდღიურობაში დააკვირდით ადამიანებს, რა ემართებათ – მათ არ აინტერესებთ ფული როგორ აქვს ამ ადამიანს ნაშოვნი, რა ტრაგედიები დგას იმის უკან. ფული და მორჩა ყველაფერი! ფული და ძალაუფლება! იკეტება გონება.

ეს არის ჩამოუყალიბებელი, ემბრიონში მყოფი ადამიანის მდგომარეობა. აქ კი ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ „პრადვინუტები“ არიან, მაგრამ ჯერ არავინ არის ასეთი. „პრადვინუტობა“ ეს არის ჰუმანიზმი. ჰუმანისტი ადამიანი არ შეიძლება ერთ ძალადობას ამართლებდეს და მეორეზე თვალს ხუჭავდეს. მიზეზებს რა დალევს. გამართლებისთვის მიზეზს იმდენს მოვიტან… ასე რომ, დიდად წინ წასული არ ვართ. იმიტომ არის, რომ ასე ჭირს აქ ცხოვრება, აქ ჭირს სუნთქვა ამდენი სიძულვილის ფონზე. ადამიანი ბრწყინვალე სიტყვით გამოვა, არაჩვეულებრივ მოხსენებას გააკეთებს და ამ დროს, თუ  ხელისუფლებაშია ან ასოცირდება ხელისუფლებასთან, შეიძლება თვალი დახუჭოს არქაულ ქმედებაზეც კი. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი.

message:რაც დამოუკიდებლობას ვეზიარეთ ქვეყანა მუდმივად ორ ბანაკად იყოფაწინა და ახალი ხელისფლების მომხრეებად. მიდის მუდმივი დაპირისპირება, რატომ ვერ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან, რას ვერ ვაცნობიერებთ, რა ახსნას მისცემდი ამ ფენომენს?

სწორედ ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობ – ერის ცნობიერება და მისი გონებრივი მდგომარეობა. ეს არ არის „ნაცების“ და „ქოცების“ ბრალი,  ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვეულებრივი პარტიებია. სოციუმი კვებავს და ანიჭებს მათ მნიშვნელობას, იმიტომ, რომ სოციუმს საქმე არ აქვს.

ყველა – მეწაღე, მაღაზიის გამყიდველი თუ მომღერალი – პოლიტიკას არის მიბმული. როცა იცვლება ხელისუფლება, ადამიანი მუდმივად შიშშია, რომ ახალი მეპატრონე მოვა და სამსახურიდან გაუშვებს, რადგან კადრი უნდა შეიცვალოს. რეალურად, ყველგან პოლიტიკაა გარეული. იმიტომ, რომ ყველაზე მეტი რესურსი სახელმწიფოს აქვს. ჩვენთან რომ ბიზნესი ინტელექტს აფინანსებდეს, იმ დოზით, რა დოზებითაც საჭიროა, ან სპორტს ან ხელოვნებას, ეს პრობლემა აღარ იარსებებდა და, შესაბამისად, ხალხიც არ იქნებოდა ასეთი გაგიჟებული და გაჟღენთილი პოლიტიკით, მაგრამ თვითონ ბიზნესიც არაა თავისუფალი, ისიც სახელმწიფოსთან არის მიბმული. ამას წინათ, ახლობელი მესაუბრებოდა და სამშენებლო კომპანიაზე მკითხა, ხომ არ იცი, რომელ ხელისუფლებასთან არის ახლოსო. ადამიანი ბინას ყიდულობს და არკვევს, ხელისუფლება რომ წავა, შეიძლება ამ კომპანიამ თავისი ვალდებულება ბოლომდე არ შეასრულოს. შეიძლება სახლიც არ დაგრჩეს – ეს არის საშინელება. ეს არის, კიდევ, განუვითარებელი ქვეყნის სინდრომი, როცა ყველაფერი მიბმულია პოლიტიკასთან და რაც მთავარია, არც ერთი ხელისუფლება არ ცდილობა ამისგან განთავისუფლებას.

ისე გაიოცეს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, თითქოს ბოლო 30 წელი იგივე არ ხდებოდა. ამაზე ძალიან გამეღიმა, თან ამ უტიფარი სახეებით, რომლებსაც 30 წელია პოლიტიკაში ვუყურებთ, მორალს გვიკითხავენ, რომ თურმე ეს დაუშვებელია. გვახსოვს არჩევნები, რომელიც არ გაყალბებულა? ალბათ, პირველად გამსახურდიასა და მეორედ სააკაშვილის შემთხვევაში იყო, 2003 წელს, როდესაც არჩევნები არ გაყალბებულა. რატომ გაუკვირდათ ეს ყველაფერი, ხომ ძალიან ნაცნობია, რაზედაც ჩვენ, საზოგადოებას სამწუხაროდ რეაგირება არ გვაქვს.

message:რატომ გახდა ჩვეულებრივი, რატომ იქცა ეს ნორმად?

იმიტომ, რომ სხვა ნორმა არ ვიცით. იმიტომ, რომ ჩვენ არც ვყოფილვართ ამაზე მეტნი არასდროს, ეს არ გვესმის. ჩვენ ვსაუბრობთ ბუნდოვან დიად წარსულზე, მერე 70-წლიანი კომუნიზმი იყო და კომუნიზმის დროს საერთოდ ვის აღელვებდა ვინმეს აზრი.

ერთი არჩევნები ჩავატარეთ და იმის მერე ეს ქვეყანა ინგრევა, ხან სამოქალაქო ომი, ხან დაპირისპირება… საიდან ვიცით ჩვენ, რა არის არჩევნები? ინფორმაციის დონეზე ვკითხულობთ ამ კუთხით რა ხდება ამერიკასა თუ იტალიაში, მაგრამ, რომ წაიკითხოთ, თუ როგორ ტარდება ქირურგიული ოპერაცია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გააკეთებთ? ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, ამ მხრივ, პატარა, გამოუცდელი ერი ვართ.

ჩვენ რა ვიცით რა არის დემოკრატია? ან საიდან უნდა ვიცოდეთ, რა არის დემოკრატიული სახელმწიფო? რა, გვიცხოვრია ოდესმე? ტოტალიტარული სახელმწიფოდან გადმოვედით სრულ არქაულ სიტუაციაში და ახლა ვსწავლობთ. შემოდიან ევროპელები და გვიხსნიან, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, მაგრამ, რა? შრომის კანონი მიიღო რომელიმე ხელსუფლებამ? როდესაც საუბარია ისეთ კომპანიებზე, რომლებიც მონებად ამუშავებენ ადამიანებს, მათთან მიმართებაში რამე შეიცვალა? მშენებლობაზე რამდენი ადამიანი დავკარგეთ, რამე შეიცვალა ამ მიმართულებით? – სრულიად არაფერი და რომ ვამბობთ, ხალხი რატომ არის ჩუმადო, როგორ ფიქრობთ, გლეხი/მონა რატომ იყო ჩუმად? მონობაში იბადებოდა და ამიტომ, მან სხვა ცხოვრება არ იცოდა.

რამდენი ქარტეხილი გამოიარა სამყარომ, რევოლუციები და ომები, ახალი თაობები იბადებოდნენ ახალ სამყაროში. და ჩვენ? – ჩვენ ვიცით ერთი, გვიბრძანებენ და უნდა გავაკეთოთ. რეპლიკები კი ასეთია, „კაი რა, შენ მაინც ვერ შეცვლი ამ სამყაროს“. ადამიანს არ სჯერა, რომ თვითონ რაიმეს შეცვლა შეუძლია, იმიტომ, რომ ამის გამოცდილება არ აქვს.

მოდით, ნუ  დავიბრალებთ იმას, რაც არ ვართ, ცოტა მშიშრებიც გამოვდივართ. ყველამ ვიცით, როგორია რევოლუციონერი ფრანგი, ახლაც შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ თუ რა ხდება საფრანგეთში. ქართველი არ არის რევოლუციონერი, ქართველს უნდა კარგი სმა-ჭამა, კარგი სადღეგრძელოები, ყანწი. თუმცა, ახლა, სადღეგრძელოები ჩაანაცვლა დრაგებმა, მარიხუანამ და ამით გვგონია, რომ შევიცვალეთ. სინამდვილეში კი, ერთი ილუზიიდან მეორე ილუზიაში გადავედით. სინამდვილეში ჩვენ არ ვართ ერი, რომელსაც ცვლილებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ჩვენ გვირჩევნია დავიძინოთ, თვალი ავარიდოთ, არ მოვისმინოთ, არ დაგვაინტერესოს, რადგან გვგონია, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. ამას გვირჩევნია, დავთვრეთ, მოვწიოთ, გადავყლაპოთ, ასტროლოგიით დავინტერესდეთ, პლანეტებს დავაკვირდეთ, მკითხავთან წავიდეთ. ჩვენი საქმე ეს არის.

მიმაჩნია, რომ სოციუმი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ჯერ არ დავბადებულვართ. ხომ ხედავთ, რომ არჩევნებში სხვა პარტიებთან შედარებით (შედარებით, რადგან საქართველოში რეალურად დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მქონე პარტია არ მეგულება, ამ ტრადიციების ჩამოყალიბებას თაობები სჭირდება), მყარი ფასეულობების მქონე პოლიტიკური ძალები საარჩევნო ხმებს ვერასოდეს იღებენ და არც ამომრჩეველი ინტერესდება საარჩევნო პროგრამებით. ამის მიზეზი კი გამოცდილების არქონაა.

მასას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, დარწმუნებული ვარ, არასოდეს წაუკითხავს რომელიმე პროგრამა, მის გაანალიზებაზე კი საერთოდ ზედმეტია საუბარი, რადგან – არ აინტერსებს. მისთვის მთავარია, ვინ უფორ კარგად ისაუბრებს, ვინ უფრო მაგრად „გაუხურებს“ ოპონენტს რაღაც თოქ-შოუში და ვინ უფრო კარგად მოატყუებს. სწორედ ეს არის დაბალი ცნობიერება. ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, ჩვენ ახლა ვიბადებით. ჩვენ სინამდვილეში ძალიან უკან ვართ, ძალიან ჩამოვრჩებით, ერთი საუკუნითაც კი. ეს გზა გაიარეს დღეს უკვე განვითარებულმა ქვეყნებმა და ჩვენ გავდივართ ახლა.

message:ძალიან ხომ არ გაგვიჭიანურდა განვითარების პროცესი?

30 წელი არ არის დიდი დრო. ჩვენ არ ვართ მებრძოლი და რევოლუციონერი ერი. ჩვენ შეგვიძლია განცხადებები ვაკეთოთ ლოგინში წამოწოლილებმა, აღშფოთებულები ვიყოთ სუფრასთან. ყოვლად შეუძლებელია ქართველი ადამიანი ლიდერის გარეშე ქუჩაში გამოვიდეს და თუნდაც 3 დღე იდგეს უკეთესი ცხოვრების გამო. ლიდერის გარეშე ჩვენ არ გვაქვს ამის გამოცდილება.

ერთი გაელვება იყო ზვიადი, მეორე – მიშა, საზოგადოებისთვის დანარჩენი იყო წყვდიადი. ორივეს შემთხვევაში, ამ ლიდერების ქარიზმამ იმუშავა და დადებითადაც, რადგან ამის გარეშე კიდევ დიდ ხანს ვიქნებოდით ჭაობსა და სიბნელეში.

message:თუმცა ორივე პრეზიდენტის შემთხვევაში, სიტუაცია ერთნაირად განვითარდა, ლიდერმა ქარიზმა დაკარგა და საზოგადოებამ ისინი მოიძულა. გამსახურდია საერთოდ დაამხეს.

ვინც გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო, ისინი ისევ ხელისუფლებაში არიან ან იყვნენ. ეს არის წითელი და შემდეგ გათეთრებული ინტელიგენცია. შეიძლება მათმა შვილებმა პარალელურად დასავლეთში მიიღეს განათლება, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა მათ ცნობიერებაში. ამ ადამიანებიდან ზოგი მხედრიონთან ასოცირდება, ზოგი ზვიადის წინააღმდეგ იარაღით იბრძოდა, ზოგიც რაღაც ბანდ-ფორმირებებში იყო გაერთიანებული. ამ სიტუაციას ლუსტრაცია უშველიდა. აქ კი ლუსტრაცია კომუნიზმის ეპოქისაც არ უნდათ. ამას წინათ წავიკითხე, რომ ამჟამინდელი მიტროპოლიტი ლიტვაში, თურმე უშიშროებასთან თანამშრომლობდა. თავმოყვარე და მაღალი ცნობიერების ქვეყნებმა დაიწყეს ლუსტრაციის პროცესი, რადგან არ სურთ მომავალმა თაობამ იცხოვროს ამ სიყალბეში.

ჩვენ რომ ინტელექტუალებს ვეძახით, რეალურად ეს ადამიანები თანამშრომლობდნენ უშიშროებასთან, მაგრამ დღეს ისინი მაინც პატივსაცემი ფიგურები არიან. ყველაზე მეტად მაოცებს ავტორიტეტების შექმნის პროცესი. იგივე ხდება ახალგაზრდებშიც, როგორი დაბნეულები და დაფანტულები არიან, ისეთი განცდა მაქვს, რომ საკუთარი აზრით ვერავინ ვერაფერს აფასებს. ავტორიტეტისთვის მოდური რაც ხდება, ყველა აჰყვება ხოლმე.

არ ვიცი, რამდენად ესმით, რა არის კარგი წიგნი, კარგი ნახატი, ფილოსოფიური მიმდინარეობა. ვეჭვობ, რომ ჯერ ჩვენთან გონებას ეს არ შეუძლია. ჩვენ კითხვებს ვსვამთ, ვინ თქვა? ვინ აღიარა? იმიტომ, რომ შემდეგ ამის კოპირება გავაკეთოთ. ეს კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ჯერ ისევ ემბრიონის მდგომარეობაში ვართ, ფსევდო-ინტელექტუალები. ამის აღიარება ძნელია.

ხანდახან მეცინება, როცა ვისმენ შეფასებას ვიღაც კონკრეტულ პიროვნებაზე – ის იბრძვის ჰუმანიზმისთვისო და ამ დროს, მის წარსულში სწერია, რომ ჩვეულებრივი ყაჩაღი იყო იმ ბნელ უახლოეს წარსულში. ახლა არის დიდი ქაოსის პერიოდი, ყველა ნაგავი ზედაპირზე ამოდის. ეს ხალხი ფიზიკურად უნდა წავიდეს, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას 30 წლის წინანდელ პროცესებში, ორი სამი თაობა უნდა გამოიცვალოს რეალური ცვლილება რომ  დაიწყოს.

message:ახალი თაობა რას ხედავს სამაგალითოს?

ახალ თაობაში ახლა დაიწყო გამოღვიძება, მაგრამ იქაც ძალიან ცოტა, 5-10%, ცდილობს რაღაც წაიკითხოს, მოუსმინოს, ანალიზი გააკეთოს, საკუთარი აზრი გააჩნდეს. მასა ისევ ისეა.  ჩვენთან, განვითარება და აზროვნება, ჯერ კიდევ უმაღლესის დიპლომთან ასოცირდება. აი, ეს კიდევ უფრო დიდი მარაზმია. ჩვენ კიდე ვერ მივხვდით, რომ განათლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს აზროვნებას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეალურად არაფერი ხდება, უბრალოდ, დიპლომები თავის დასამკვიდრებლად გვჭირდება. ესეც ხომ ტყუილია და ამ ტყუილშიც ხომ ვცხოვრობთ? იგივე, სკოლის განთლების სიტემა ავიღოთ, ჩვენი შვილების წიგნები, საიდანაც მათ განათლება უნდა მიიღონ, სრულიად გაურკვეველი შინაარსისაა. მაგრამ რა არის იცით? განა არ ვცვლით – ვერ ვცვლით, რადგან გონება არ გვყოფნის და ამის აღიარება გვიჭირს, მაინც გვინდა ვთქვათ, რომ „ნახეთ, რა მაგარი ტიპები ვართ“.

რუსებს დავცინით და რუსებისგან არაფრით განვსხვავდებით, ვიღაცას უკრავენ ტაშს იმიტომ, რომ ბელადი სჭირდებათ. ფიქრობენ, რომ რუსეთი არის  რაღაც ძლევამოსილი  ქვეყანა, არავის არაფერს უთმობს და ვისმენთ ამ ბოდვებს იმპერიალიზმზე. მათაც უყვართ თავიანთი სამშობლო და ამართლებენ ომებს.

ჩვენც ასე ვართ. ვამართლებთ უსამართლობას იმიტომ, რომ სადღაც ჩვენი ძმაა, სადღაც – ბიძაშვილი და ა.შ. ზოგი, უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობს და რა გამოდის? გამოდის, რომ მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს, რადგან ეს ხალხი თავისთავად უკვე ამორალურია ჰუმანიზმის თვალთახედვით. რა უნდა ვქნათ? – არაფერი. მე ილუზიებში არ ვცხოვრობ, არაფერი იქნება, არაფერი შეიცვლება. დიდ ხანს მოგვიწევს ამ ცნობიერებით წრეზე სიარული.

ჩემი შვილის, მისი შვილისა და შვილიშვილების თაობები შესძლებენ, რომ შედარებით უკეთ იცხოვრონ, რადგან გამოცდილებაში ამდენი ნაგავი აღარ ექნებათ. ის ჩვენ ჯერ მეხსიერებაში გვაქვს, ჩვენ ჩავდიოდით ამ ყველაფერს, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც უყურებდა, მხედრიონს ინტელიგენცია როგორ უმაგრებდა ზურგს, როდესაც ის სამეგრელოს ამხობდა და აწიოკებდა. ჩვენ უბრალოდ აღარ გვინდა დაპირისპირება და აღარ ვსაუბრობთ ამ თემაზე, აღარ ვახსენებთ გვარ-სახელებს, მაგრამ ხომ ვიცნობთ, ხომ ვიცით? დღეს კი ეს ადამიანები ტელევიზორებიდან ჭკუას უტიფრად გვარიგებენ.

ყველაზე სასურველი იქნებოდა, ზვიადი ყოფილიყო სახელმწიფოებრივად იმდენად  ძლიერი პრეზიდენტი, რომ არ დაეშვა ყველაფერი ის, რაც მოხდა. ზვიადსაც რომ ჰქონოდა სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, ალბათ, ამას არც დაუშვებდა. მაშინ პრეზიდენტის მხირდან სიმკაცრის ყველა ზომის გამოვლინება გამართლებული იქნებოდა, მაგრამ გამსახურდია სხვა მასშტაბის მოაზროვნე იყო და მისმა ჰუმანიზმმა  აიძულა  ასე  ემოქმედა. ის დიდი ადამიანი იყო თავისი ცნობიერებითაც – „ჩვენ ყვავილები ვესროლოთ“, ეს იყო პასუხი და დღეს ჩვენ ვიმკით ამ ყველაფერს.

სწორედ დუმილით ხდება ხელშეწყობა. მაშინ, კანონიერი ხელისუფლება არავინ დაიცვა, ხალხი მასიურად არ გავიდა ქუჩაში, როგორც ბალტიისპირეთში, რადგან ისევ ქართულმა მცონარებამ გადაწონა. თუ თავის დროზე ზვიადს მოსახლეობის 90% დასდევდა და „საქართველოს“ და „ზვიადის გაუმარჯოს“ ყვიროდა, ერთი წლის მერე სახლებიდან ვერ გამოვიდნენ და ვიგინდარებს დაანგრევინეს თბილისი. ჩვენ ვიცით, რამხელა მსხვერპლი გავიღეთ, არა მარტო ფიზიკური – ფსქიოლოგიური. ჩვენ ეს თაობა ვართ და ეს ტრამვა სულ მოგვყვება. აი, ეს გააკეთეს ჩვენმა ინტელექტუალურმა მამებმა. ამ 30-მა წელმა ხომ გვაჩვენა წინა ხელისფლებებმა რა წაიღეს?! ისევ ომში არიან ჩართულები…

message:ახლაც ხომ არიან ეს ,,ავტორიტეტები” .. ინტელექტუალური მამები, რომლებიც ყველა ხელისუფლებასთან არიან ტკბობაში. მუდმივად არჩევნების წინ გამოდიან და გვახსენებენ, რომ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.

მოდით, უფრო ღრმად წავიდეთ. ამ ადამიანებს რომ ავტორიტეტებს ვუწოდებთ, ეს არის უკვე შეცდომა. ისინი ჯანსაღ საზოგადოებაში ავტორიტეტით ვერ ისარგებლებდნენ. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთი მყარი პოზიცია ცხოვრებაში, გამართული პოლიტიკური ხედვა, რატომ არიან ავტორიტეტები? მათი ხედვა არ არის არც დასავლური, არც აღმოსავლური, ან ლიბერალური, არამედ მხოლოდ ჯიბეზე მორგებული.

მე არ მაქვს საქმე პოლიტიკოსებთან, არც სასულიერო ლიდერებთან, არამედ – საზოგადოებასთან. ჩვენ სანამ არ გავიღვიძებთ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ასე ცხვრების როლში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია, რომ უნდა დავანგრიოთ ყველა ავტორიტეტი და ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, მანამდე ვერ გამოვალთ მოჯადოებული წრიდან.

ჩვენი ემოციურობა რამდენიმე საათს გრძელდება თუ მაგარი ლიდერი არ უდგას მოძრაობას სათავეში. მახსენდება 2007 წლის ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა, რომელიც ძმებ გაჩეჩილაძეებს უკავშირდება. „უცნობს“ (არა მის ძმას) ჰქონდა ის ქარიზმა, რაზედაც ვისაუბრეთ. თუმცა მაშინ ისეთი ქაოსი იყო, შედეგზე ვერ გავიდნენ.

ჩვენ ის სტიმული არ გვაქვს გონებაში, რომელიც გამოგვაფხიზლებს და გვაიძულებს, რომ, ვთქვათ, ზაზა სარალიძეს დავუდგეთ გვერდში, ეს მოვალეობად ჩავთვალოთ. ჩვენ ჯერ ამ დონეზე განვითარებულნი არ ვართ, ამ დონის აზროვნება არ გვაქვს. ჩვენ ბევრი ხალხის გამოსვლას ველოდებით, სხვას ველოდებით, რომ თუ ისინი გავლენ და იყვირებენ, მერე შეიძლება ჩვენც მოვიფიქროთ რამე, ანუ თუ ეს მოდური გახდება, ჩვენც დავწერთ ფეისბუქზე, შემდეგ ფოტოსაც გადავიღებთ მიტინგიდან, რომ დავფიქსირდეთ, აქ ვიდექითო. ისევ გლეხის კომპლექსთან მივედი. ჩვენ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, რეალურად პოზირებიდან ვერ გამოვედით – აი, ნახე, მე აქ როგორი ტიპი ვარ.

სარალიძე ნამდვილად გამოიყენა ნაციონალურმა მოძრაობამ. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა და, ცხადია, ყველაფერზე მიდის. საზოგადოებას კი აწყობდა იმის დაჯერება, რომ იგი ნაციონალური ფრთიდან იყო. ხომ მშვენივრად ვიცით, რომ ეს ადამიანი სიმართლისთვის იბრძვის. ისევ ადამიანების პასიურობასთან გვაქვს საქმე. სარალიძე არც „ოცნებას“ დაუზარალებია და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საზოგადოების პასიურობამ დააზარალა, თორემ „ოცნება“ და ზოგადად ხელისუფლება რომ თავის ინეტერსზე, თავის ჯიბეზე და თავის ძალაუფლებაზე ზრუნავს მხოლოდ, ეს ვიცით. სხვათა შორის, ბუტა რობაქიძის დედასაც კი მოუვიდა უდიდესი გადაცდომა განცხადებებში.

ფეისბუქსაც რომ გადავხედოთ, ყველას გვყავს აქტიური მეგობრები, რომლებიც მიშას დროინდელ მკვლელობაზე სწორ ანალიზს აკეთებენ, შემდეგ ჩადენილ მკვლელობებზე კი, ჩვეულებრივ, სირაქლემას პოზაში არიან. არ ვიცი, წარმოუდგენელია ჩემთვის. ეს არის დაუბადებელი ადამიანის პოზიცია. ის, რომ წიგნს კითხულობ, ლექსებს წერ, რაღაცეები გესმის და რამდენიმე ენაზე საუბრობ, ეს არ არის მაღალი ცნობიერება, ცნობიერება კიდე სხვა რაღაცაა.

გონიერ ადამიანს ესმის, დღეს რომ ხეს ჩეხავს, ზეგ მისი შვილიშვილი დაზარალდება. თუნდაც ეკოლოგიას შეხედეთ თბილისში. განცხადება იყო, რომ ყველა ფიჭვი გაფუჭებულია და უნდა მოიჭრას. ეს ხომ ხელოვნურად არის გაკეთებული? მე დღეს მაქვს ასეთი კითხვა, ვინც ამას აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს, ხომ ადამიანია, ქართველია, ამ ქვეყნის მოქალაქეა? რატომ არის მისი გათვლა ასეთი ვიწრო? მას არ აინტერსებს შემდგომი თაობები, ალბათ ფიქრობს, რომ მისი ფულით მათაც დაიცავს. ბუნებასთან როგორ მოვიქცეთ ეს არ გვესმის, ჩვეულებრივი პრიმიტივები ვართ, როგორც პირველყოფილი ადამიანი იყო ბუნებასთან მიმართებაში, ზუსტად იგივენაირად ვიქცევით. იგივე ვერეს ხეობა ავიღოთ, დღეს ისევ გრძელდება მშენებლობა და ყველას ყველაფერი დაავიწყდა რა ტრაგედიაც მოხდა აქ. რა შეიცვალა? – არაფერი.

message:უდავოდ რეტროგრადიული ამნეზია გვჭირს

დაბალი ცნობიერების დაავადებაა. გონება ასე მარტივად არ ირთვება, აქ არავინ მუშაობს თავის თავზე, აქ მიდის ადამიანის გაკულტება; ტრადიციის, რელიგიის გაფანატება და ეს ყველაფერი ახშობს აზროვნებას. შვილებსაც კი მშობლები ყველა გზას უჭრიან თუ რაიმე დამოუკიდებელი გადაწყვიტეს ცხოვრებაში და რატომ გვიკვირს თუ კუს ტემპებით მივდივართ? ჩვენს ცნობიერებას ისევ ნახევრად სძინავს. ასე სჭირს ჩვენს პარლამენტსაც, თამბაქო პრობლემა ყოფილა და ტყვიით გაჯერებული ჰაერი ან სათამაშოები ბავშვებისთვის – არა.

როგორც პირველყოფილმა ადამიანმა არ იცოდა და ქაოსურად მოძრაობდა, ჩვენც დაახლოებით ასე ვართ: რა ვქნა, – მავანი გეტყვის – მე რა შემიძლია, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. ჯერ ჩვენ ეს ცნობიერება ვერ დავბადეთ, რომ მე ვარ ჩემი თავის ბატონ-პატრონი და მე შემიძლია გამოვიწვიო ცვლილებები, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე.

დღეს საქართველოში არიან მაღალი ცნობიერების ადამიანები, თუმცა პროცენტულად ძალიან ცოტა. მათზე ვერ ვიტყვი, რომ დუმან, მაგრამ მათი აზრი არავის აინტერსებს. შეხედეთ შოუებს რა ხდება, როგორ ხალხს ეთმობა ეთერი. როგორ დავიჯეროთ, რომ მოაზროვნე ხალხი არ არის ამ ქვეყანაში? არიან, მაგრამ მგონია, რომ ისინი არ აინტერსებთ. დღეს ბანკები აფინასებენ რაღაც, ფსევდო-ინტელექტუალობას, გაურკვეველ ტრენინგებს – როგორ ვიშოვოთ ფული, როგორ მოატყუო სხვა ადამიანს და ა.შ. რეალურად ეს არაფერია, რაც უფრო ქაოსური იქნება აზროვნება, მით მარტივია ასეთი ხალხის მართვა.

ამ ქვეყანაში პროკურორი და მოსამართლეც კი არ არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და დირექტივას ელოდებიან. ეს ხომ კომუნისტური გადმონაშთია, ეს ხომ იმდრონდელი იდეოლოგია იყო და ჯერ ეს არ მოგვიშორებია. 

ახლა მასიურად გადიან უცხოეთში და შეიძლება ამან შეცვალოს რაიმე. არ ვიცი, ძალიან მძიმეა აქ ყოფნა, პერსპექტივაც მძიმეა. წარმოუდგენელია ამხელა სიძულვილი ადამიანებს შორის. შეიძლება სოციალურ ქსელში ვიღაცის ფოტოზე იქირქილოს მთელმა ერმა, 1800 კომენტარი დაიწეროს და სერიოზული ინფორმაცია ეკოლოგიაზე ან აზროვნებაზე უყურადღებოდ გაატაროს.

არ აინეტესებთ, რა ვქნათ. ცხოველებიც ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლები არიან და არც მათ ესმით ეკოლოგია, არ იციან, რომ რაღაცეებს მოვლა უნდა. თუმცა ცხოველები ბუნების კანონზომიერებებს ექვემდებარებიან  და მას არ არღვევენ. თითქოს მასიურად ამ სიღატაკემ პირველყოფილ დონემდე დაგვიყვანა. ოღონდ კი ფული ვიშოვოთ და სულ ერთია, რა გზით გავაკეთებთ ამას, მოგვწამლავენ თუ გაზის კამერაში შეგვიშვებენ. დღეს თბილისი გაზის კამერაა, აბა სხვა რა არის? არავის ფულის ხარჯვა არ უნდა ნორმალურ პროექტებზე. მწვანე სივრცე რომ არსებობდეს, გახვიდე და ისუნთქო. შავი ზღვის ზოლს სიბინძურე აღარ ჰქვია, არაფერი შველის. თურქეთში გადახვალ და როგორი სუფთაა, კამკამა პლიაჟებით. არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ, ხომ შეიძლება 10 წელიწადში ერთხელ მაინც გაკეთდეს?

სინამდვილეში, ხელისუფლებასაც არ ესმის, რომ ეკოლოგიური კატასტროფა იწვევს ათას დაავადებას. ჩვენ არ გვესმის, რეალურად, ვერ ვაცნობიერებთ სამყაროში რა კანონზომიერებაა და მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ არ დავბადებულვართ, როგორც მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ აზროვნება გვგონია ბევრი წიგნის წაკითხვა, მერე ამ წიგნებზე ლაპარაკი და გაურკვეველი აზრების ფრქვევა, რომელიც ვისთვის არის საინტესო, კაცმა არ იცის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი