სვამი ვივეკანანდა – შრომისთვის იშრომეთ და თაყვანისცემისთვის ეცით თაყვანი, აკეთეთ სიკეთე, რადგან სიკეთის კეთება კარგია და ნურაფერს იკითხავთ

0
344

მთელი უპანიშადების ფილოსოფია ქურუმების კი არა, მეფეების გონების ნაყოფია. ყოველ რელიგიურ დაპირისპირებაში ეკონომიური ბრძოლა იმალება. თუმცა ადამიანად წოდებულ ცხოველს მცირე რელიგიური გავლენებიც ახასიათებს, მის ცხოვრებას ეკონომიკა წარმართავს. ინდივიდებს შეიძლება სხვა რამეც ამოძრავებდეს, მაგრამ ხალხის მასებს ეკონომიური მოსაზრების გარეშე ნაბიჯიც არასოდეს გადაუდგამს. შეიძლება იქადაგო რელიგია, რომელიც სულაც არ არის ყოველმხრივ სრულყოფილი, მაგრამ თუ იგი ეკონომიურად გამართლებული იქნება და საკმაოდ გულმხურვალე მომხრეებიც ეყოლება, მთელი ქვეყანა იწამებს…

ნებისმიერ რელიგიას, რომელიც იმარჯვებს, ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. შეიძლება ერთმანეთის მსგავსი ათასობით სექტა იბრძოდეს ძალაუფლებისთვის, მაგრამ მას მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს გადაწყვეტს. ადამიანს მუცელი მართავს. როცა ის მიდის, მუცელი წინ მიუძღვის, თავი კი უკან მიჩანჩალებს. ნუთუ არ შეგიმჩნევიათ? დიდი დრო გაივლის, სანამ თავი წინ სიარულს ისწავლის.

როცა ადამიანი სამოცი წლის ასაკს უახლოვდება, მას სიკვდილი უხმობს. მთელი სიცოცხლე ზმანებაა და მას მხოლოდ მაშინ აღწევ თავს, როცა ყველაფერს ისე ხედავ, როგორც არის. სანამ მთლიანად მუცელი გმართავს, არაფერი გიჭირს. როცა ბავშვური ოცნებები იფანტება და საგანთა ნამდვილი ბუნების გარჩევას იწყებ, საქმეში თავიც ერთვება. მხოლოდ მაშინ, როცა წინ თავი მიგიძღვის, გადიხარ მიღმა. უპანიშადების რელიგიის გავრცელება ძნელი ამოცანა გახლდათ. ეკონომიური მოტივი მასში ძალზე უმნიშვნელო იყო, მაგრამ დიდი იყო ალტრუიზმის ძალა…

უპანიშადების სამფლობელო ძალიან პატარა გახლდათ, მაგრამ ის შეამჩნიეს მეფეებმა, რომელთა ხელშიც იყო მთელი სამეფო ძალაუფლება. ამან ბრძოლა . . . კიდევ უფრო გაამძაფრა. კულმინაციას მან ორი ათასი წლის შემდეგ მიაღწია და ბუდიზმის სახით გამოიხატა. ბუდიზმის თესლი აქ, მეფეებსა და ქურუმებს შორის მარტივ ბრძოლაში მარხია. ამ ბრძოლაში მთელი რელიგია დაკნინდა. ერთ მხარეს რელიგიის გაღება სურდა მსხვერპლად, მეორეს კი _ მსხვერპლშეწირვის, ვედური ღმერთების და ა.შ. შენარჩუნება. ბუდიზმმა – დაამსხვრია მასების ბორკილები. ერთ წუთში ყველა კასტა თუ აღმსარებლობა თანასწორი გახდა. ასე რომ, ინდოეთში არსებობს დიადი რელიგიური იდეები, თუმცა ისინი ჯერ კიდევ საქადაგებელია – სხვანაირად ვის რაში არგია…

კონსერვატორი ყველა ქვეყანაში ქურუმია. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ ეს მისი ლუკმაპურია, მეორე კი ის, რომ ხალხის გარეშე მას გზა არა აქვს. ყველა ქურუმი ძლიერი არ არის. თუ ხალხი მოითხოვს, `ორი ათას ღმერთზე გვიქადაგეო, ის ასეც მოიქცევა. ქურუმები იმ მრევლის მსახურები არინ, რომელიც მათ ფულს უხდის. ღმერთი მათ არაფერს უხდის. ასე რომ, სანამ ქურუმებს დასდებდეთ ბრალს, ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთ. თქვენ მხოლოდ იმ მთავრობას, რელიგიას და ქურუმებს იმსახურებთ, რომელიც გყავთ და არა უკეთესს.

როგორც ხედავთ, ინდოეთში გრანდიოზული ბრძოლა გაჩაღდა, რომლის ერთ-ერთი კულმინაციაც გიტაში გამოიხატა. როდესაც ინდოეთის გახლიჩვის და ორ ჯგუფს შორის განაწილების საშიშროება გაჩნდა, მაშინ გამოჩნდა ეს კაცი, კრიშნა. გიტაში ის ქურუმთა ცერემონიებისა და ფილოსოფიის ხალხთან შერიგებას ცდილობს. კრიშნა, ისევე როგორც თქვენი ქრისტე, ერთდროულად უყვართ და აღმერთებენ კიდეც. განსხვავება მხოლოდ ეპოქებშია. ჰინდუები ისევე აღნიშნავენ კრიშნას დაბადების დღეს, როგორც თქვენ ქრისტესას აღნიშნავთ. კრიშნა ხუთი ათასი წლის წინ ცხოვრობდა და მისი ცხოვრება სავსეა სასწაულებით, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან წააგავს ქრისტეს სასწაულებს. ბავშვი ციხეში დაიბადა. მამამ იგი გააპარა და მწყემსებთან დამალა. ბრძანების მიხედვით იმ წელს დაბადებული ყველა ბავშვი მოკლეს. განგების ნებით მისი სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა.

კრიშნა დაოჯახებული კაცი იყო. მის შესახებ ათასობით წიგნია დაწერილი. მე ეს წიგნები დიდად არ მაინტერესებს. როგორ გითხრათ… ჰინდუებს ზღაპრების შეთხზვა კარგად ეხერხებათ. თუ ქრისტიანი მისიონერი მათ ბიბლიიდან ერთ ზღაპარს მოუყვება, ისინი მას ოც ზღაპარს მოუყვებიან. თუ მათ ეტყვით, რომ ვეშაპმა გადაყლაპა იონა, ისინი გეტყვიან, რომ ვიღაცამ სპილო გადაყლაპა. . . . ბავშვობიდანვე ჩამესმოდა კრიშნას ცხოვრების ამბები. ეჭვი არაა, რომ ნამდვილად არსებობდა კაცი, სახელად კრიშნა და გიტაც მოწმობს, რომ მან შესანიშნავი წიგნი დაგვიტოვა. როგორც უკვე გითხარით, პიროვნების ხასიათის შეტყობა მის შესახებ შექმნილი თქმულებების მიხედვით შეიძლება. თქმულებები მორთულობის ბუნებისაა. მათში ყველაფერი ისეა დამუშავებული და შელამაზებული, რომ პერსონაჟის ხასიათს მიესადაგოს. მაგალიად, ბუდა ავიღოთ. მისი ცენტრალური იდეა მსხვერპლის გაღებაა. მასზე ათასობით ხალხური თქმულება არსებობს, მაგრამ მსხვერპლის იდეა ყველა მათგანში გვხვდება.

ლინკოლნის შესახებ ათასობით ისტორია არსებობს, რომლებიც ამ დიდი ადამიანის გარკვეულ თვისებებზე მიგვანიშნებს. ყველა თქმულების საფუძველზე შეგვიძლია საერთო იდეას მივაკვლიოთ და გავიგოთ, რა იყო ამა თუ იმ პიროვნებისვის მთავარი. კრიშნას შემთხვევაში მთავარი მიუჯაჭველობის იდეაა. მას არაფერი სჭირდება და არც არაფერი სურს. იგი შრომისთვის შრომობს. „შრომისთვის იშრომეთ და თაყვანისცემისთვის ეცით თაყვანი. აკეთეთ სიკეთე, რადგან სიკეთის კეთება კარგია და ნურაფერს იკითხავთ.“

სწორედ ეს უნდა იყოს ამ პიროვნებაში მთავარი. სხვაგვარად ყველა ეს იგავი მის შესახებ მიუჯაჭველობის იდეის შემცველი არ იქნებოდა. გიტა ხომ მისი ერთადერთი ქადაგება არ არის…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი