აგატა კრისტი – ფანტაზიის ვირტუოზი

0
475

 

აგატა კრისტი

მის ხასიათში ყველაზე თვალში საცემი მეტისმეტი მორცხვობა იყო. ძირითად ინსტინქტად კი მეტისმეტი პასუხისმგებლობა შეიძლება ჩაითვალოს. მთავარი უარყოფითი თვისება ჭამისადმი მეტისმეტი ტრფიალი გახლდათ… ძირითადი საქმე – მოგზაურობა და მეტისმეტი ადგილმონაცვლეობა.  სახელი კი გაითქვა იმით, რომ მეტისიმეტად დიდი რაოდენობის მკვლელობებში “მიიღო მონაწილეობა…”

საინტერესო იცით რა არის? – ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ღრმა მოხუცებულობამდე აგატას ესიზმრებოდა ერთი და იგივე კაცი, რომელიც არასოდეს ენახა თვალ­ით. მან ამ კაცს ასეთი განსაზღვრება მოუძებნა – ადამიანი პისტოლეტით ანუ ადამიანი-მკვლელი, თუმცა ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, რადგან იმ კაცს არასოდეს არავინ მო­უკლავს. ესიზმრებოდა, რომ ოჯახურ ჩაი­ს­სმაზე ან მხიარულ პიკნი­კ­ზე უეცრად მას მოევლინებოდა ის კაცი, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო. ყველაზე საშინელი კი ის გახლდათ, რომ ადამიანი-მკვლელის სახეს მისთვის საყვარელი პიროვნებები იძენდნენ ხოლმე. იღვიძებდა პატარა აგატა და ცხარე ცრემლით ტიროდა… “მის აგატას კვლავ ის პისტოლეტ­იანი კაცი ესიზმრა!” – მშვიდად განაცხა­დებდა ხოლმე საუზმის მაგიდასთან ძიძა ნენი.
ამგვარი რამ მით უფრო საოცარი იმიტომ გახლდათ, რომ აგატა მერი კლარისა მილერი ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც ყველა­ფერი სიყვარულით იყო გაჟღენთილი. მამას უყვარდა დედა (…და კიდევ აგატა, მისი ძმა მონტი და მისი და მეჯი); დედას უყვარდა მამა (… აგატაც, მონტიც და მეჯიც), ორივე ბებიაც ჭკუას კარგავდა მამიკოსთვისაც და დედიკოსთვისაც (…აგატასთვისაც, მონტისთვისაც და მეჯის­თვ­ისაც). მოგვიანებით აგატამ სახალხოდ განაცხადა, რომ მის ბავშვობაში აუსრულებელი სურვილი არ ყოფილა!
განა ბევრ ბავშვს შეუძლია დაიკვეხოს ასე?
                                                            * * *
დედა საქსოვს მიუჯდებოდა ხოლმე, მამა კლუბში წავიდოდა, ძიძა ბავშვებს დასდევდა, იორქიშირული ტერიერი ტონი კი ეზო-მიდამოს დარაჯობდა; და ირგვლივ  შეუბღალავი სიმშვიდე სუფევდა! ტონი კი (ტერიერზე მოგახსენებთ) სულ პატარა ლეკვი იყო, აგატას რომ აჩუქეს; გოგონას ბედნიერებისაგან თავბრუ დაესხა და ხმის ამოღება ვერ შეძლო; მან, რა თქმა უნდა, თავისებურად გამოხატა ეს აღტაცება ანუ გაიქცა და გაშორდა იქაურობას…
– ხომ არ შევაშინეთ ბავშვი, კლარისა? – ანერვიულდა მამა.
– არ ვიცი, არ ვიცი ფრედერიკ! – პასუხობდა დედა – აგატა ძალზედ უცნაური ბავშვია…
ამ დროს კი აგატა ტუალეტში იყო ჩაკეტილი, სახეს ხელებით იფარავდა და აღტაცებული ჩურჩულებდა – “მე ახლა ძაღლი მყავს… ნა­მ­დვილი ცოცხალი ძაღლი!” – და იცით რატომ? ხუთი წლის ასაკში მას უკვე ჩაგონებული ჰქონდა, რომ კარგმა ინგლისელმა გოგო­ნებმა თავისი ძლ­იერი ემოციები გარეშე თვალთაგან უნდა დამალოს; უბრალოდ ის არ იცოდა, თუ სად შეიძლებოდა ამ ემოციების დამალვა და საამისოდ ტუალეტზე უკეთესი ადგილი ვერ მოძებნა.
დიახ, აგატი იყო კარგი ინგლისელი გოგონა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, წარმოსახვის მეტისმეტი ოდენობა ჩვეულებრივი ბავშვობის გატა­რ­ების საშუალებას არ აძლევდა. საკმარისი იყო დედას რაიმე ახალი ინტერესი გასჩენოდა (…დედა კი სულ და­ინტერესებული იყო ხან ახალი ფილოსოფიური მოძღ­ვრებით, ხან ახალი რელი­გიით, ხან ხელოვნების ახალი ტალღა გაიტაცებდა მის ცნობიერებას….) და აგატას ეჩვენებოდა, რომ მთელ მათს უზარმაზარ მამულში, მთელ ქალაქ ტორკში და, შესაძლოა, მთელ ინგლისშ­იც იგი არავის აღარ სჭირდებოდა, რომ იგი ყვე­ლ­აზე ობოლი და მიუსაფარი ბავშვია ამქვეყნად.
აგატას ფანტაზიის ავად­მ­ყ­ოფურ მიმოხვრას ვერც ვერავინ ამჩნევდა. თვით ძიძა ნენიც კი, რომელიც ბრ­იტანული აღუშფოთველობის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა, უყურადღებოდ ტოვებდა გოგონას სევდას. თუმცა იყო ნათელი დღეებიც, და საღამოებიც, როცა დედა მოიცლიდა და ყოველ ჯერზე სულ ახალ და ახალ ზღაპრებს უყვებოდა გოგონას! ეს მთელი ზარზეიმი იყო ბავშვის ცხოვრებაში, რადგან ძილის წინ ძიძა მას ერთი და იგივე ექვს ზღაპარს ჩამოურაკრაკებდა ხოლმე და როცა თხრობის სურვილი არ ჰქონდა, ბიბლიას სჩრიდა ხელში. მაგრამ მაინც უყვარდა გოგონას ნენი!
და ერთხელ, ნენისთან ერთად რომ სეირნობდა, ისინი შემთხვევით მეზობელი არენდატორის ნაკვეთში გადავიდნენ, იმ კაცმა კი არც აცია და არც აცხელა და დაუპატიჟებელ სტუმრებს გასძახა:
– აქედან თუ არ წახვალთ, ცოცხლად გადაგსანსლავთო!
ეს იყო და ეს!… აგატას კი სამი დღ­ის განმავლობაში ელანდებოდა, თუ როგორ შთანთქავდა ბოროტი არენდატორი მის საყვარელ ძიძას და რო­გორი მადიანი თვალებით იმზირებოდა მის გადასაყლაპავადაც… გოგონა თი­თქოს დამუნჯდა, ხმას აღარავის სცემდა და ემოციების დასამალავად კვლავ ნაცნობ “თავშესაფარში” დარბოდა.
სულ მალე კი ძიძა ნენი გათხოვდა, მამა სადღაც მივლინებაში გაუჩინარდა, დედა რაღაც ახლადგამოჩეკილ “მოძღვრებას” ჩაუღრმავდა და აგატას ისღა დარჩენოდა, რომ მზარეულ ჯენისთან საუბარში გაეტარებინა დღეებიც და საღამოებიც. ამის მიზეზი ეგებ ისიც იყო, რომ ჯეინი მეტისმეტად გემრიელ პუდინგს ამზადებდა? ასეა თუ ისე, იმ დღიდან აგატასთვის ჭამა სიამოვნებადაც იქცა და დამშვიდების უპირველეს საშუალებადაც…
                                                             * * *
ბებიების შესახებ ჯერ არაფერი გვითქვამს?
დიახ, აგატას ორი უმშვენიერესი ბებია ჰყავდა, რომლებიც მეუღლეების გარდაცვალების გლოვობდნენ და შავ სამოსს ტანიდან არ იშორებდნენ. “მსუქანი შავი ქალები” – ასეთებად და­რჩნენ ბებიები მომავალი მწერლის წარმოსახვით სამყაროში.
განსაკუთრებით ივლინგში უყვარდა აგატას წასვლა, სადაც ბებია მარგარეტი ცხოვრობდა…
ერთხელ ჟურნალისტებმა აგატა კრისტის ჰკითხეს – იყო ვინმე რეალური პიროვნება ამქვეყნად, ვისაც მან მის მარპლი მიამგვანა?
პასუხი ასეთი გახლდათ:
“ერთხელ საკუჭნაოში ბებია მარგარეტის ძველ ნივთებში ვიქექებოდი და მისი გაცრეცილი თეატრალური ჩანთა გავხსენი, საიდანაც ტკბილი ორცხობილას ნაფხვენები, ორი პენი და ჩრჩილის დაჭმული აბრეშუმის ზონრები გადმოიყარა… სასადილო ოთახში რომ გავედი, იქ ბებიის ნაცვლად მის მარპლი დამხვდა.”
ივლინგი იმითაც იყო საამოდ სახსენებელი, რომ იქ ყოველთვის ბარაქიანად უმასპინძლდებოდნენ სტუმარსა თუ მასპინძელს. საკვებ-სასუსნავით განებივრებულ აგატას ბებიის სამფლობელოში ცოცხალი ზღაპრების თამაშიც უყვარდა, სადაც ძველი ხავერდგადაკრული დივანი თვალის დახამხამებაში აღმოსავლელი სულთნის ტახტად იქცეოდა ხოლმე, თუთიყუში კი მის ბრძენ მრჩეველად…
                                                                                * * *
ერთხელ ათი წლის აგატა კონცერზე უნდა გამოსულიყო, როგორც თავისი კლასის საუკეთესო პიანისტი. კონცერტამდე დიდი ხნით ადრე დაეწყო პანიკური შეტევები გოგონას, მას ამშვი­დებდნენ, ამხნევებდნენ, არიგებდნენ და ასე ძალისძალობით გაიყვანეს სცენაზე. აგატამ კი დახედა კლავიშებს, შემდეგ დარბაზს მიმოავლო თვ­ა­ლი და გაქვავდა… იგი სცენიდან გაიტანეს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საღამოს კი გოგონას სიცხემ აუწია, ოფლი თვარივით მოასკდა და… ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა, რომ აუდიტოირის წინაშე გამოსვლა მისი საქმე არ არის!
საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ყოფიერი იდილიისა, აგატას სწავლა-განათლებაზე საგანგებოდ არავინ ზრუნავდა. მასთან ხანდახან თუ ჩამოჯდებოდა ბებია და ასოების ხატ­ვით (ასოების ხატვა მათი ოჯახური ტრადიცია იყო) შეიქცევდა თავს. მამა თუ სახლში იყო, გოგონას არითმეტიკაში ავარჯიშებდა, უფრო სწორად ამა თუ იმ ლოგიკური თამაში-თავსატეხით, შა­რადით, რებუსით ან კრიპტოგრამით ამოწმებდა აგატას წარმოსახვის დონეს… როგორც თვითმხილველბს არაერთხელ აღუნიშნავთ, ციფრებისა და რიცხვების თავსამტვრევ კომბინაციებს, როგორც წესი, აგატა უფრო მალე უღებდა ალღოს, ვიდრე “ყოვლისმცოდნე მამა”.
                                                                                 * * *
აგატას ბავშვობა დასრულდა მაშინ, როცა უეცრად მამა გარდაეცვალა!…
ქმრის სიკვდილმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო კლარისა; მან თითქოს დაკარგაო ცნობიერება და აგატას საფიქრალად ექცა, რომ დედას სადმე ტრამვაი არ დასჯახხებოდა ან საღამოს გზა ვეღარ გამოეკვლია შინისაკენ…
რა თქმა უნდა, ფინან­ს­ურმა პრობლემებაც წალეკეს მათი ოჯახი. ის დროც მოახლოვდა, როცა აგატა ცხ­ოვრებაში უნდა გამოსუ­ლიყო, ამას ზედ ექიმის რჩევაც დაერთო, რომელმაც კლარისა მილერს დაჟინებით მოსთხოვა, რომ გარემო და ჰავა შეეცვალა. ასე და ამრიგად აგატა ეგვიპტეში მოხვდა. ამგვარი ნაბიჯი გამართლებული იყო თუნდაც იმით, რომ ცხოვრება კოლონიაში ბევრად უფრო იაფი ღირდა და შემოსავალ-გასავალს შორის სხვაობა დიდად არ იყო შემაშფოთებელი.
თავისი ცხოვრების “პირველი სეზონი” აგატამ კაი­როში, ახალგაზრდა ოფიცრების, არქეოლოგების და აღმოსავლეთმცოდნეების გარემოში გაატარა. ამ საზოგადოებას ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ ერუდირებული, მომღიმარი, დახვეწილი და ამავე დროს საოცრად მორცხვი ქალიშვილი; აგატა სიამოვნებით ესწრებოდა ამ ხალხის თავშეყრას და ხელიდან არ უშვებდა საშუალებას,რომ ნაირგვარ მეჯლისებსა და წვე­ულებებს დასწრებოდა. ასე იშვა მის ცხოვრებაში კიდევ ერთი (უცნაური) გატაცება – იგი განუზომელი ინტერესით ადევნებდა თვალს ადამიანებს… ოღონდ შორიდან.
ერთხელ ერთ წვეულებაზე მას მხიარული, ყმა­წ­ვილი კაცი გაეცნო. მან მთელი საღამო უტრიალა აგატას და ბოლოს სახლამდეც მიაცილა. სახლში რომ შევიდნენ ყმაწვილმა კლარისას განუცხადა:“ჩაიბარეთ თქვენი ქალიშვილი… მან ადვილად შეისწავლა ცეკვის პირველი ილეთები, ახლა ისღა რჩება, რომ მას ლაპარაკი აწავლოთო”.
                                                                        * * *
ამ გენიალური ქალბატონის თვისებათა შორის იყო კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი – მას საერთოდ არ შეეძლო საკუთარი სიმპათია-ანტიპათიის გამომჟღავნება. ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა მას მეზობლად მცხოვრები, ცისფერთვალება ყმაწვილი, სახელად ფილიპი, შეუყვარდა, მისი დანახვისა და მოსვლისთნავე აგატა შორდებოდა იმ არემარეს და თავქუდმოგლეჯით გარბოდა; ხოლო როცა ოჯახი სასადილო ოთახში იკრიბებოდა და აგატას ფილიპთან ერთად უწევდა მაგიდასთან ჯდომა, იგი ზურგს აქცევდა ხოლმე ყმაწვილს და არაფრის დიდებით არ იყურებოდა მისკენ. ეს როგორღაც დედამაც შენიშნა და აგატა დატუქსა – თუ ვერ იტან ამ ბიჭს, თავაზიანად მაინც მოიქეციო…
“ვერ იტანო?!…”  – ვერ იტანდა კი არა ჭკუას კარგავდა მისთვის.
                                                                      * * *
1911 წელს მოხდა სასწაული და აგატამ საპასუხო გრძნობები გამოამჟღავნა ერთი ასაკოვანი, წესიერი, ჭკვიანი კაცის მიმართ, რომელსაც სახელად… თუმცა მის სახელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აგატა ცოლად სულ სხვა კაცს გაჰყვა.
1912 წლის 12 ოქტომბერს აგატა კრისტი თავის სიყვარულს შეხვდა, უფრო სწორად მას ეს სიყვარული თავზარივით დაეცა… გაცნობის დღიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ყმაწვილი, სახელად არჩიბალდი, აგატას დედას ესტუმრა ქალიშვილის ხელის სათხოვნელად. ოჯახი ამ ფაქტმა გააოგნა, რადგან ამ კაცს არ ჰქონდა არც ფული, არც საზოგადოებრივი სტატუსი და არც რაიმე განსაზღვრული საქმიანობა. მაინც ვინ იყო იგი? ვინ და კაცი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არარსებულ სამეფო საავიაციო ჯარებში აპირებდა სამსახურს. ასეა თუ ისე, აგატამ თანხმობა გამოთქვა და მათი ნიშნობის ცერემონიალიც შედგა, რასაც მოჰყვა ლოდინი იმ დღისა, თუ არჩი როდის იშოვიდა ქორწილისათვის აუცილებელ ფულს. მთელი ეს მოლოდინი კი დანიშნულთა შორის მგზნებარე წერილების გაცვლა-გამოცვლას მოხმარდა; სხვათა შორის, ამ წერილებში არაიშვიათად ვნებები ისეთ უკიდურესობას აღწევდა, რომ ხან ერთი და ხან მეორე მხარე, ქორწილის გადავადების შემთხვევაში თვითმკვლელობით აშინებდა მთელ სამყაროს.
არჩიზე ფიქრის მცირეოდენი განელებისათვის აგატამ ფარმაკოლოგიის შესწავლა დაიწყო. გაიარა სააფთიაქო საქმის მთელი კურსი და პრაქტიკაზე ყოფნისას ისეთი უცნაური და მრისხანე პერსონაჟი გაიცნო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდა. ეს ბებერი აფთიაქარი შხამების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კლიენტებისათვის სულ სხვა წამლებს ამზადებდა, ვიდრე რეცეპტით იყო გათვალისწინებული. ერთხელ აგატამ შენიშნა, რომ ეს კაცი იმდენად “შეცდა” პროპორციების დაცვისას, რომ შედეგი ძალზედ სავალალო უნდა ყოფილიყო. აგატამ, ვითომ შემთხვევით, დამზადებულ წამალს ხელი ჰკრა და ამით უბედურებისაგან გადაარჩინა მისი მომხმარებელი. ერთხელ იმ ბოროტმა აფთიაქარმა, რაღაც ტრაბახისა და ნიშნის მოგების მიზნით, აგატას აჩვენა პატარა ბოთლი, რაშიც მომაკვდინებელი სითხე იყო მოთავსებული და ამაყად განუცხადა, რომ ეს არის კურარე, მისი “შემოქმედების” მთავარი ღირსშესანიშნაობა…
ერთი სიტყვით, ამ ცხოვრებისეულმა ეპიზოდმა განაპირობა ის, რომ შხამი და ნაირგვარი ქიმიკატები აგატას სალიტერატურო საქმიანობაში თითქმის გამუდმებით იჩენდა თავს.
                                                                              * * *
ამასობაში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. აგატას მთელი ცხოვრება დაჭრილებისა და ავადმყოფების მოვლით შეევსო. მისი თავქარიანი საქმრო კი, როგორც იქნა, ჩარიცხეს მფრინავთა რიგებში და საბრძოლოდ გაიწვიეს. დიახ, ნამდვილად თავქარიანი იყო ეს კაცი და, შესაძლოა, ეს თვისება ეხმარებოდა კიდეც იმაში, რომ გმირობა გმირობაზე ჩაედინა და 1915 წელს დამსახურებული შვებულებაც მიეღო. არჩიბალდი, რა თქმა უნდა, აგატასთან ჩავიდა, გაუგონარი თავხედობით დაარწმუნა ადგილობრივი მღვდელი, რომ უმოკლეს ვადაში უნდა დაეწერა მათთვის ჯვარი, მხოლოდ სამი დღე გაატარა ახლადშერთულ ცოლთან და ამ სამი დღის განმავლობაში სამჯერ მაინც მოახერხა სამუდამო განშორების “სტატუსის” მქონე აყალმაყალი აეტეხა ოჯახში…
მათი ქალიშვილი 1919 წელს დაიბადა. მას სახელად როსალინდა მარგარეტ კლარისა დაარქვეს… სულ რაღაც ორიოდე წლის იყო, როსალინდა, როცა მშობლებმა გოგონა ბებიას მიაბარეს და თავად მსოფლიოს მოსავლელად გაემგზავრნენ…
მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ მეჯის, აგატას დას, საკუთარი პიესის დადგმა მოეხერხებინა ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ თეატრში. ეს ფაქტი სასიხარულოც იყო აგატასთვის და შურისაღმძვრელიც, რადგან იგი შინაგანად გრძნობდა, რომ მეჯიზე ბევრად უკეთესი წერა შეეძლო.

                                                                        * * *
აგატას პირველ წიგნს დიდი წარმატება ხვდა წილად და მათ შორის ფინანსურიც, რამაც შექმნა იმის პირობები, რომ ბოლოსდაბოლოს საკუთარი სახლი შეეძინა უკვე ჩამოყალიბებულ მწერალ ქალს. ეს სახლი ლონდონის მახლობლად, პრესტიჟულ რაიონში მდებარეობდა. მართალია, მეზობლები ამბობდნენ, რომ მისი მობინადრენი აუცილებლად რაიმე უბედურებაში ეხვეოდნენ ხოლმე, მაგრამ არჩიბალდს არაფრის დიდებით არ სურდა იქიდან წასვლა, რადგან იმ სახლის შემოგარენში გოლფის შესანიშნავი მოედნები იყო. ასე რომ აგატამ საკუთარ თავს არცთუ ხუმრობით “გოლფის ქვრივი” შეარქვა.
არჩი თამაშობდა გოლფს, აგატა კი ქალიშვილთან ერთად უვლიდა სახლსა და პატარა ბაღს, რომლის გამშვენიერებასაც დიდ ყურადღებას უთმობდა. სახლის ავბედიანობა კი აღარც ახსოვდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ქმარმა არ განუცხადა, რომ უყვარს სხვა, ახალგაზრდა ქალბატონი ნენსი ნილი, რომელიც გოლფის თამაშისას გაიცნო…
საოცარია, მაგრამ აგატას პირველად უმტყუნა გონებამაც და ლოგიკურმა აზროვნებამაც; მან არ იცოდა, რა მოემოქმედებინა, გაშორებოდა თუ არა ქმარს. ამას ზედ დაერთო ისიც, რომ ორიოდ დღეში აგატამ დედის სიკვდილი შეიტყო. მოხდა ისიც, რომ მის ფსიქიკაში საოცარი გარდაქმნები მოხდა და კვლავ იმ პისტოლეტიანი კაცის ზმანება აეკვიატა…  და პარასკევს, 3 დეკემბერს, აგატამ აიძულა შინამოსამსახურე, რომ სახლიდან გასულიყო, თავად კი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა… მთელი ღამის ლოდინის შემდეგ აგატას დაკარგვის ამბავი პოლიციას აცნობეს, დაიწყო ძებნა და მისი გადაბრუნებული მანქანა გზიდან გადავარდნილი იპოვეს. გამოიძახეს არჩი და, რა თქმა უნდა, ეჭვიც მიიტანეს მასზე… ერთი სიტყვით, საზოგადოება აღშფოთდა, რადგან მისი საყვარელი მწერალი აღარსად ჩანდა.
…რამოდენიმე კვირის შემდეგ აგატა კრისტი ერთ პატარა ქალაქში იპოვეს, სადაც იგი შეთხზული სახელით ცხოვრობდა, თუმცა მთავარი ისაა, რომ გონებაზე ბინდი გადაჰფენოდა და თვით საყვარელ ქალიშვილსაც კი ვეღარ სცნობდა.
                                                                               * * *
მკურნალობის შემდეგ დაიწყო მორიგი და დამაგვირგვინებელი ეტაპი აგატა კრისტის ცხოვრებისა, რომლის დროსაც მის მთავარ საზრუნავს ნაირგვარი თავსატეხის მოგონება და ადამიანური ღალატის გაანალიზება შეადგენდა. მისი წიგნები უკვე ძალიან კარგად იყიდებოდა და მარტოდ დარჩენილ ქალს ყველა ფინანსურ პრობლემას უხსნიდა. შეიძლება ითქვას, რომ `ფულის შოვნა  აგატა კრისტის ლიტერატურული საქმიანის აუცილებელი მხარე გახდა და იგი არც მალავდა ამას, ცხოვრობდა ხელგაშლილად, ბინას ბინაზე იცვლიდა და ძალიან ბევრს მოგზაურობდა. ზამთარს, როგორც წესი, მახლობელ აღმოსავლეთში ატარებდა და ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟისას აგატამ ახალგაზრდა არქეოლოგი მაქსიმილიან მელოუნი გაიცნო…
                                                                                * * *
ამბობენ – აგატა კრისტის, დეტექტივები კი არა, “ქალური რომანები” რომ ეწერა, მის შემოქმედების მუზა სწორედ ეს ახალგაზედა არქეოლოგი გახდებოდაო. მართალია, აგატა არჩის ღალატის გამო, მამაკაცებს ახლოსაც აღარ იკარებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბედისწერამ თავისი გაიტანა და აგატამ და მაქსიმილიანმა 1930 წელს იქორწინეს.
მათ შორის სხვაობა ასაკში 15 წელს შეადგენდა…
დიახ, ერთმანეთისათვის დაბადებულმა ორმა ადამიანმა, როგორც იქნა ერთმანეთი იპოვა. შვილები მათ არ ჰყოლიათ, ისინი სულ ერთად იყვნენ და ცხოვრებას გამუდმებულ მოგზაურობაში ატარებდნენ.
                                                                                    * * *

სამეფო ისტორიულ საზოგადოებაში აგატას სახელოვანი მეცნიერის მეუღლედ მოიხსენიებდნენ; შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისათვის იყო უბრალოდ ნიმა, მთელი მსოფლიოს მილიონი მკითხველისათვის კი, რომლებიც მას ყველა ქვეყნიდან უგზავნიდნენ მოსაკითხ ბარათებს იწოდებოდა მხოლოდ ასე – “აგატა კრისტი – გენიალური მწერალი!”

ავტორი:ალექსანდრე ელერდაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი