მიშელ მერსიე – ერთად ერთი როლის ტყვეობაში დარჩენილი

0
922

სრული და ნამდვილი სახელი – Jocelyne Yvonne Renée Mercier
დაიბადა 1939 წლის 1 იანვარს, ნიცაში

იმ დღეს საგანგებო არაფერი მომხდარა – უბრალოდ პროდიუსერმა მას ფსევდონიმის შერჩევა მოსთხოვა. გოგონას თავად ესმოდა, რომ “ჟოსელინა მერსიე” არცთუ ისე კარგად ჟღერდა. მას მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ მშობლები არ დასთანხმდებოდნენ, გარდაცვლილი დის სახელი – მიშელი – აეღო ფსევდონიმად.

…მშობლებმა კი თანხმობა გამოთქვეს და ჟოსელინა უზომოდ გაახარა ამან. მომავალ კინოვარსკვლავს არც-კი შეეძლო წარმოედგინა, რომ ეს, ერთის შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტი მის ცხოვრებას შეცვლიდა და მრავალი მისი თავგადასავლისა და უბედურების მიზეზი გახდებოდა.
                                                                               *  *  *
ნამდვილი მიშელ მერსიე, მისი უმცროსი და, მშობლების საყვარელი შვილი იყო და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჟოსელინას სრული ანტიპოდი გახლდათ. ისინი გარეგნობითაც აბსოლუტრად განსხვავდებოდნენ: (ნამდვილი) მიშელი იყო უხეში ნაკვთების, მორიდებული და და­მჯერი გოგონა, ჟოსელინას კი პრანჭვა-გრეხის ყველა ილეთი უმაღლეს დონეზე ჰქონდა ათვისებული. სწორედ წყნარ და აკურატულ მიშელზე ამყარებდნენ იმედებს მშობლები – მუსიე მერსიე, რომელიც ნიცაში დიდ ფარმაცევტულ ფაბრიკას ფლობდა, და მისი მეუღლე. ისინი იმედო­ვნ­ე­ბ­დ­ნ­ენ, რომ მათს საქმეს უმცროსი ქა­ლი­შვილი გააგრ­ძ­ელებდა. თავქარიან ჟოს­ელ­ი­ნაზე კი ოჯახში ხე­ლი ჰქონდათ ჩაქნეული, რადგან ის მათს ჯიშსა და ჯილაგს საერთოდ არ ჰგავდა. ჟოსელინას მთელი ინტერესები სარკის წინ ტრიალიდან იწყებოდა და საბალეტო სკოლაში ფეხების ბაკუნით მთა­ვრდებოდა. იგი ადრეული ბავშვობიდანვე ოცნებობდა ბალერინობაზე და ამით მშობლების დიდ გულისწყრომას იმსახურებდა. მიშელი კი. პირიქით, ერთ ნაბიჯსაც არ დგამდა მშობლების ნებართვის გარეშე და ყველაფერში ეხმარებოდა მათ.
ჟოსელინას იმის გაფიქრებაც კი საშინელ სევდას ჰგვრიდა, რომ, შესაძლოა, მთელი ცხოვრება მიყრუებულ ნიცაში გაეტარებინა.  მადამ მერს­იე, ეს ამაყი და პატივმოყვარე ქალი, დიდი სინაზით არ გამოირჩეოდა უფროსი ქალიშვილის მიმართ. ჟოსელინას არასოდეს დაავიწყდება, დედამ მას, უკვე მოწიფულ გოგონას, როგორი მწა­რე სილა სტკიცა ხალხის თვალწინ, მოდური მაღაზიის შესასვლელში. ამის ერთადერთი მიზეზი კი ის იყო, რომ ჟოსელინამ “ლამაზბაფთიანი კაბის” შეძენა სთხოვა მშობელს და… საპასუხოდ შეურაცხყოფა მიიღო. აცრემლებულმა გოგონამ იქვე, ხალხის თვალწინ განუცხადა დედას, რომ არასოდეს იქნებოდა მორჩილი და არასოდეს დაემგვანებოდა მათს საყვარელ დამჯერ მიშ­ელს!…
როცა საბრალო მიშელი გარდაიცვალა, მშობლებს ცხოვრების აზრი დაეკარგათ, მათი მწუხარება იმდენად დიდი იყო, რომ უფროსი ქალიშვილის არსებობა საერთოდ გადაავიწყდათ.
                                                                                   *  *  *
ასე და ამრიგად, ჟოსელინას ლონდონში გაქცევის საბაბი მიეცა. იქ ბალერინას კარიერის დაწყება სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა… და ისევ ნიცაში დაბრუნდა. დედამ კი, ნაცვლად გულ­თ­ბილი შეხვედრისა, ისტერიკა გაუმართა, რად­გან დარწმუნებული იყო, რომ ლონდონში უპატ­ი­ოსნო ცხოვრებას ეწეოდა ეს თავქარიანი გოგონა; ესეც არ აკმარა და პირდაპირ განუცხადა, რომ “იგი არათუ მსახიობი, არამედ ცოლიც და დედაც ვერ იქნებოდა, რადგან უნამუსო ქალი იყო და სხვა არაფერი!”
ეს სიტყვები სამუდამოდ ჩაეჭედა ჟოსელინას მეხსიერებას; იგი, მართალია პრანჭია გახლდათ, მაგრამ ამორალურობისაკენ მიდრეკილება არ ახასიათებდა და ამგვარი ბრალდების მოსმენა სრულიად აუტანელი იყო მისთვის.
                                                                                     * * *
ჟოსელინა მერსიე ისე გახდა მსახიობი, რომ თითის განძრევაც არ დასჭირვებია საამისოდ. 1957 წლის გაზაფხულზე, ქალაქის პარკში რომ დასეირნობდა, მას რეჟისორი დენი დე ლა პლატერი მიუახლოვდა და მაშინვე დანიშნა მთავარ როლზე ფილმისათვის “სახელურის მობრუნება”. ამ დღიდან (უკვე) მიშელ მერსიეს არასოდეს გან­უცდია როლებისა და თაყვანისმცემლების ნაკლებობა. მისი თვალისმომჭრელი და ვნებიანი სილამაზე, იშვიათი ფოტოგენიურობა და კამერის წინ თავდაჭერილობის უნარი რეჟისორებსა და სცენარისტებს მაგნიტივით იზიდავდა. მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ეს ლამაზმანი ბევრ წინადადებაზე უარს ამბობდა და ოცნებობდა შეექმნა საკუთარი ოჯახი, რათა დედისათვის დაემტკიცებინა, რომ მის შესახებ ძალზედ ცუდი წარმოდგენა ჰქონდა.
                                                                                           

                                                                               
საკუთარი ოჯახის შექმნა კი პირველი ცდიდან არ გამოუვიდა. მისი პირველი სატრფიალო თავგადასავალი საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა.
პირველი “რაინდი” მისი რომან­ებისა, გრუზათმიანი რომანტიული ყმაწვილი ჟიუ, გამუდმებულ ხოტბას ასხამდა მის მშვენიერებას, უკითხავდა აღ­მოსავლელი პოეტების ლექსებს, აცნობდა მისტიურ თხზულებებს და… ოჯახის შექმნაზე კრინტსაც კი არ ძრავდა, რაც დედისაგან საყვედურების მოსმენის კიდევ ერთი მიზეზი ხდებოდა და აი, ასეთ ვითარებაში მიშელ მერსიე იტალიაში გაემგზავრა ფილმ “ლუკრეცია ბორჯიას ღამეების” გადაღებებზე.                                                                       “ანჟელიკა და შაჰი”

იმხანად იტალიაში ირანის (ნამდვილი) შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ატარებდა “რომაულ არდადეგებს” და მან სადღაც გა­ზ­ეთში თვალი შეასწრო მიშელ მერსიეს ფოტოს…  მოჰამედ რეზა მაშინ უცოლო გახლდათ, მისი მშვენიერი მეუღლე სორაია უკვალოდ გაქრა და ირანის მონარქი სამეორენახევროდ არანაკლები სიტურფის ქალს ეძებდა და მიშელ მერსიე, მგონი, ზუსტად ისეთი გახლდათ, ვინც მის გემოვნებას აკმაყოფილებდა.
შაჰს არ დაუყოვნებია გაცნობის დღის დანიშვნა და მსახიობი თავისთან მიიწვია… ეს იმდენად გამაოგენებელი იყო მიშელისათვის, რომ იგი მთ­ლად დაიბნა და მოჰამედ რეზას ვნებიანი მზერის შემხედვარემ ხმის ამოღებაც კი ვერ მოახერხა.
იმ ღამეს დიდხანს იტირა მიშელმა, მას გაორების საოცარი გრძნობა დაეუფლა: ერთის მხრივ შაჰი და ბრწყინვალება და მეორეს მხრივ კინო და დამქანცველი შრომა!  მან არჩევანი მაინც მეორის სასარგებლოდ გააკეთა, რადგან უყვარდა კინო და, გარდა ამისა, უკვე აღიზიანებდა მამა­კაცების თავხედური მზერა, რაც მასში თითქოს სპობდა და ჩქმალავდაო პიროვნებას.
“ეს ქალი სიყვარულისთვისააო შექმნილი!” – ბოლოს უიმედოდ ჩაილაპარაკა შაჰმა და კვლავ განაგრძო ცოლის ძებნა. მიშელ მერსიემ კი მტკიცედ გადაწყვიტა, რომ “შეერბილებინა” თავისი მომზიდველობა და ნაკლებად მოხვედრილიყო მონარქთა თუ მილიარდერთა თვალთახედვის არეში.

                                     ანჟელიკა ჰოლივუდელების (ვერშემდგარი) მარკიზა

შაჰთან გადატანილი თავგადასავლის შემდეგ მიშელი ჰოლივუდში მიიწვიეს გადაღებებზე, სადაც ამერიკელი საქმოსნები ელვის პრესლისათვის პარტნიორის ძებნით იყვნენ დაკავებულნი. მის საპატივცემლოდ მოწყობილ წვეულებაზე მე­რ­სიემ შეგნებულად ჩაიცვა უბრალო შავი კაბა, არანაირი სამშვენისები არ გამოუყენებია და არც კოსმეტიკის ნასახი წაუცხია სახეზე და კვლავ შეცდა, რადგან ასეთმა ბუნებრივმა სილამაზემ უფ­რო გაახელა ჰოლივუდელი დონ ჟუანები და იმავე საღამოს ერთმა მათგანმა ცეკვისას გულზეც კი მიიხუტა ფრანგი ლამაზმანი, მიშელი კი ამან ლამის სიგიჟემდე მიიყვანა, ხელი ჰკრა თავხედ კავალერს და სახალხოდ განაცხადა, რომ ურჩევნია მსახიობის კარიერა დათმოს ვიდრე “ჰოლივუდის ჭაობში” ჩაეფლოს.
მეორე დღეს მიშელ მერსიე საფრანგეთში გამოფრინდა, პარიზში ჩასვლისთანავე ვიღაც გამოძებნა და უაზროდ ჩქარა ცოლად გაჰყვა.
                                                                                * * *
მინიოს კუნძულზე მდებარე პატარა ბინაში მი­შელი საკუთარი ბუდის მოწყობას აპირებდა. მას სურდა, რომ ყველაფერი მოეწყო ისე, როგორც რიგით ადამიანებს ჰქონდათ. იგი თავდავიწყებით მოეკიდა საოჯახო ცხოვრებას; მართალია, ეს ჯერ ენთუზიაზმი იყო, მაგრამ მას სჯეროდა, რომ ყველაფერს მალე აითვისებდა. მას თითქოს გადაავიწყდა კინო, მაგრამ კინომ ვერ დაივიწყა ის და სულ მალე ფრანსუა ტრიუფოს ძალდატანებით მიშელ მერსიე კვლავ გადაღებებზე მოხვდა.
“ესროლეთ პიანისტს” ასე ერქვა მის მორიგ ფილმს. ეს მიშელის ყველაზე საყვარელი როლი აღმოჩნდა, რაც ქმარმაც შენიშნა და ერთხელ განუცხადა: “მართლაც ნიჭიერი ვინმე ხარ – დღ­ი­სით მეძავს თამაშობ, საღამოს კი კეთილშობი­ლების განსახიერება ხარ”. ქმარმა ეს განცხადება გარკვეული ქვეტექსტით გააკეთა. მათი მეუღლეობის მანძილზე მიშელი მხოლოდ დიასახლისის “პროფესიის” დაუფლებას ცდი­ლობდა და არაფრით არ სურდა იმ ეროტიული ვულკანის ამოფრქვევა, რასაც მასში, არათუ ქმარი, ყველა მამაკაცი აშკარად ლანდავდა.

                                                                  ვულკანის ამოფრქვევა

სამოციანი წლების დას­აწყისში ლოკარნოს ფესტივა­ლზე მერსიემ პირველი პრიზი დაიმსახურა ქალის როლის სა­უ­კეთესო შესრულებისათვის ფი­ლმში “მბრდღვინავი წლები”. მისი კარიერი საკმაო წარმატებ­ით ვითარდებოდა, მაგრამ მი­შელს ეს არ აღელვებდა და იმას უფრო მეტი ხალისით აღიქვამდა, როცა მეზობლები კარგად გაკრეჭილი გა­ზონის გამო მის დიასახლისობას შეაქებდნენ.
1963 წლის ერთ მშვენიერ მზიან დღეს კი, როცა იგი მეუღლესთან ერთად ყავას მიირთმევდა, გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. მიშელი დასწვდა ყურმილს, საიდანაც ამოიფრქვა:
“თქვენ მიწვეული ხართ ანჟელიკას როლზე!”
                                                                                * * *
ანი და სერჟ გოლონების ცნობილი რომანი “ანჟელიკას” შესახებ ახლად ჰქონდა გადაკითხული და შინაგანად გრძნობდა, რომ ეს გმირი აბსოლუტური სიზუსტით შეესაბამებოდა მის პიროვნულ თავისებურებებს. იგი დაავადებული იყო ანჟელიკათი:
“ანჟელიკას ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია” – გამოუტყდა იგი საკუთარ თავს და პირველად იგრძნო, რომ აღარ იზიდავდა საოჯახო საქმე……პირველი ორი ფილმი – “ანჟელიკა ანგელოზების დედოფალი” და “ბრწყინვალე ანჟელიკა” – უმოკლეს ვადებში გადაიღეს…
დაიწყო “ანჟელიკას” სერიალის ტრიუმფალური სვლა ეკრანებზე და მიშელ მერსიეში თითქოს ახალი ადამიანი იშვა. ანჟელიკად გარდაქმნილი მიშელი  ცხოვრებაშიც იქცა იმ ქალად, ვისაც მასში ყველა ხედავდა, მაგრამ სააშკარაოზე არავის ეჩვენებოდა. სხვა ქალი დაინახა მასში ქმარმაც და მიხვდა, რომ მთელი ის “დიასახლისობანა”, რასაც აქამდე მისი კანონიერი ცოლი თამაშობდა თვალთმაქცობა და მოჩვენებითობა იყო მხოლოდ. მიშელი კი ისე იყო გაბრუებული შექმნილი ვითარებით, რომ მეუღლისაგან აღარანაირი საყვედურის მოსმენა არ სურდა. ამას ზედ დაერთო ქმრის გალოთება და უფრო უარესიც:
ერთხელ, სახლი რომ მოჰყავდა წესრიგში, ქმრის ჩანაწერებში “ანჟელიკა” ამგვარ დაუსრულებელ სცენარს (…თუ სცენარის ჩანაფიქრს) წააწყდა: “…ცოლი აპირებს ოჯახიდან წასვლას; ქმარს არ უნდა მისი გაშვება და მკვლელობის იდეა შეიპყრობს მას. კაცი გზის პირას მდგარ ხეს ნახევრად გადახერხავს და როცა ცოლი ამ ხის გვერდით ჩაივლის, მოახერხებს იმას, რომ ხე გადმოიქცეს და ქალს დაემხოს…”
ცხადია, ამგვარი აზრები მიშელის ქმრის გონებაშიც ტრიალებდა და შედეგმაც არ დააყოვნა – ქმარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, ცოლი კი ნერვული სტრესის უკიდურესი ფორმის ტყვეობაში მოექცა. ოჯახი, რა თქმა უნდა, დაინგრა, მაგრამ უფრო მეტი უბედურება ის იყო, რომ მიშელ მერსიეს საკუთარი სილამაზისადმი ანტიპათიური დამოკიდებულება გაუჩნდა, იგი მართლაც ბრწყინავდა “ანჟელიკაში”, მაგრამ ამგვარი თვალისმომჭრელი იერი ცხოვრებაში ზედმეტ ტვირთადაც კი აწვა.
ბუნებრივია, უმშვენიერეს ქალს “უპატრონოდ” არვინ დატოვებდა და სულ მალე ვიღაც მხატვართან გაიბა თავბრუდამხვევი რომანის ქსელი, რაც უფრო მეტი დრამატულობით დასრულდა. ისევე როგორც პირველი ქმრისათვის, მიშელს არც ახლა უღალატია ახალი სატრფოსათვის, არ მიუცია უმცირესი საბაბიც კი ეჭვიანობისა, მაგრამ ამას არც ის მხატვარი იჯერებდა და არც არავინ სხვა მათი ნაცნობობის წრეში, რის ლოგიკური განვითარებაც გამუდმუბული აურზაური გახლდათ არარსებული “ღალატის” გამო.
მალე მიშელი მიხვდა, რომ ამ კაცსაც ვერ ჰქონდა ფსიქიკა წესრიგში; ერთხელ მან მთლად დაფლითა სატფროს ახლადშექმნილი პორტრეტი და თვალების ნარჩენები სარკეზე მიამაგრა, რამოდენიმე დღის შემდეგ კი, მორიგი მრისხანებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენა  – ბეჭდიანი ხელი ისეთი ძალით გაარტყა სახეში, რომ მიშელს ცხვირი გაუტყდა და პირიდან სისხლდენა დაეწყო.
…ასე დაიწყო ხანგრძლივი მკურნალობის და პლასტიკური ოპერაციების ხანა, რაც თითქმის კატასტროფულად დასრულდა ეკრანის ვარსკვლავისათვის – მან ძველებური სილამაზე დაკარგა!
…მაგრამ თავადაც ხომ ეს ფარული აზრი აწუხებდა, რომ აღარ ყოფილიყო ლამაზი და ამით მამაკაცების მომაბეზრებელი (…და შეურაცხმყოფელი!) დამოკიდებულება განეშორებინა?!
…მაგრამ არა! სწორედ ახლა სჭირდებოდა მიშელს თავის სილამაზე! სწორედ ახლა იგრძნო მან, რომ იგია ერთადერთი ანჟელიკა!
…ღმერთო! დამიბრუნე სილამაზე!  – ესღა იყო ტრავმაგადატანილი მსახიობის ვედრება…
                                                                                * * *
…და საფრანგეთის რივიერის ბუნებამ, მაცოცხლებელმა ჰაერმა და ზღვის აბაზანებმა მოახდინეს ეს სასწაული – მიშელი კვლავ იქცა ისეთ ქალად, რომლის წინ ნებისმიერი მამაკაცი მუხლს მოიდრეკდა და მავედრებელ თვალებს მიაპყრობდა.
კვლავ დატრიალდა ჭორის ბორბალი, რომ ამ ქალის საძინებელში საყვარლები უფრო ხშირად იცვლებიან, ვიდრე ყვავილები ამავე საძინებლის ლარნაკში. მიშელის მშობლებიც დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მათი ქალიშვილი ზნეობრიობისაგან საკმაოდ განზემდგომ ცხოვრებას ეწეოდა და მათს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიშელი (1969 წელს) მამისეული ოჯახის მეგობარს, ხელხვავიან ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს ალენ რენეს გაჰყვა ცოლად, თუმცა დედამ მაინც ვერ შეიკავა თავი და ირონიულად ჩაიქირქილა: “ეგებ ახლა მაინც იქცეო ქალად!”
                                                                           * * *
თავად მიშელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კარგი ცოლი ყოფილიყო მუსიე რენოსი, დაემტკიცებინა ყველასათვის, რომ ის სულ სხვა პიროვნებაა, რომ არ არის ღირსი ამ გაუთავებელი ეჭვებისა და ჭორებისა, მაგრამ მას ამის უფლებას არავინ აძლევდა, რადგან ამ უმშვენიერეს ქალს ქილიკ-ქირქილის მოყვარულთა გაუმაძღარი ფანტაზია დღენიადაგ რომ არ გამოეკვება, ამ უკანასკნელთა ცხოვრებას აზრიც დაეკარგებოდა და დანიშნულებაც.
მუსიე რენო კი რატომღაც უგულისყუროდ ეპყრობოდა ახლადშერთულ ცოლს და აძალებდა კიდეც მას, რომ უფრო მეტხანს ყოფილიყო გადაღებებზე და მეტი ემუშავა. რატომ? ეშმაკმა უწყის! ფაქტი კი ისაა, რომ მიშელი თვეობით იყო სახლს მოშორებული და მარტო ცხოვრობდა სადმე ლიგურიის ან ადრიატიკის სანაპიროზე.
ერთხელ, გადაღებისას, რეჟისორმა კარლო ლიძანიმ მთელი ორი საათის განმავლობაში აყურყუტა მიშელი წყალში და გადაღება ისე შეწყვიტა, რომ არც-კი გახსენებია შუა ზღვაში მარტოდ დარჩენილი მსახიობი… დიდხანს ებრძოლა “ანჟელიკა” წყლის სტიქიას, მაგრამ ბოლოს გამოეცალა ძალა და… გონს რომ მოეგო, ქვიშაზე იწვა, თავზე კი ნადვილი აპოლონი ედგა.
                                                                                  * * *
ეს “აპოლონი” ახალგაზრდა რეჟისორი პიტერ კოლინსონი აღმოჩნდა, რომელმაც შენიშნა ზღვასთან მებრძოლი ქალი და მისი გადარჩენისათვისაც არაფერი დაიშურა. დიახ, ეს ის კაცი გახლდათ, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდა ქალი…
მაგრამ არა! მას ახლა კანონიერი ქმარი ჰყავს, იგი არ ჩაიდენს უკადრის საქციელს!
პიტერმა კი გადაღებებზე სიარული და ფარული თვალთვალი დაიწყო; მათ შორის ისიც კი არ გამართულა, რასაც საუბარი ჰქვია, მაგრამ ცალკე კაცს და ცალკე ქალს ვნებამორეულმა სიზმრებმა აუფორიაქეს ცხოვრება.
განა გასაკვირია, რომ მცირე ხანში პიტერ კოლინსონის აგენტმა მიშელ მერსიეს მთავარი როლი შესთავაზა ფილმში, რომლის გადაღებები დღედღეზე უნდა დაწყებულიყო.
ამ ფილმის გადაღებები თურქეთის სანაპიროზე დაიგეგმა; ბუნება იქ ისეთი იყო, რომ დანტეს ჯოჯოხეთს მოგაგონებდათ, მაგრამ ბოროტად პირდაფჩენილ კლდეებსა და ქარაფებს შორის “ანჟელიკას”, რაღაც იდუმალი გრძნობა გაუჩნდა, რაც მას სილაღის უსასრულობას განაცდევინებდა; და ამას  ზედ მის ცხოვრებაში პირველი ნამდვილი რეჟისორის მოვლინება დაერთო.
…და არა მარტო რეჟისორის!
მას ვერც-კი წარმოედგინა, რომ ამგვარი სიყვარულის განცდას შეძლებდა, რომ ამგვარი ექსტაზი იმალებოდა მის არსებაში; ახლა მას ერთადერთი კითხვა აწუხებდა – რატომ ახშობდა საკუთარ თავში ამ უდიდეს განცდას? განა შეიძლება წუთისოფლისთვის გამოეტაცებინა ამაზე უკეთესი რამ?
“ვინ ვარ მე – შვილი? ცოლი? თუ საყვარელი? საყვარელი!… – დიდის გაჭირვებით ასკვნიდა სიყვარულს ნატრული ქალი და პიტერის მიერ დასმულ შეკითხვას – ,,გამომყვები ლონდონში?” – იგი თითქმის მზადაც კი შეხვდა, მაგრამ რჩებოდა ერთი მოუგვარებელი საკითხი, რაც ქმრის არსებობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს პრობლემა თავისთავად მოგვარდა, როცა სრულიად შემთხვევით მას ხელში ჩაუვარდა ქმრის ბარათები ვიღაც ქალისადმი… ამ ქალს კი თურმე დიდი ხანია, ეტრფოდა მისი ქმარი… ქმარი უმშვენიერესი “ანჟელიკასი”.
მადლობა ღმერთს, რომ განქორწინების პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა.
გზა ლონდონისაკენ სრული სიცხადით გამოჩნდა, თუმცა განგებამ სხვაგვარი შემობრუნება ინება.
დიახ, მიშელი აღარ იყო პატარა გოგონა და ასე თავქარიანად (….როგორც დიდი ხნის წინ -ჟოსელინა!) ვეღარ გაქანდებოდა ლონდონისაკენ… ცხოვრება უკვე  პრობლემებით იყო აღსავსე. 
                                                                                     * * *
სამოცდაათინი წლების შუა ხანებში მიშელ მერსიე მარტო დარჩა. გადასაღები მოედნების დანახვაც კი აღარ სურდა მას, ერთხანს პარიზის თეატრებში სცადა ბედი, მაგრამ მალე მიხვდა, რომ აღარც ამ საქმისათვის შემორჩენოდა გული. 36 წლის ასაკში უმშვენიერესმა ქალმა იგრძნო, რომ სული აბსოლუტურად გამოცარიელებული ჰქონდა. ყველაზე მტანჯველი კი ის დღეები იყო, როცა ტელევიზიით “ანჟელიკას” სერიალის მორიგი ჩვენება მიდიოდა და იგი საკუთარი ბედნიერების დღეებს ადევნებდა თვალს. ასე რომ, როცა ადრიანმა, მისმა ძველმა თაყვანისმცემელმა, როგორც იქნა გაბედა და უთხრა – “შენ მე ბედნიერებას მომიტანო” – მიშელმა, მგონი, დაიჯერა კიდეც ეს.
ან სურდა, რომ დაეჯერებინა…
ციურიხში მცხოვრები ადრიანი ცნობილი ბიზნემენის სახელით სარგებლობდა. მას ახლადგარდაცვლილი მეუღლისაგან ორი შვილი ჰყავდა – თორმეტი წლის პატრიკი და ცხრა წლის ბენჯამინი. საოცარია, მაგრამ ბავშვებმა თავიდანვე კარგად მიიღეს მიშელი. ბიჭები სკოლიდან პირდაპირ სახლში მორბოდნენ და დედობას მონატრებულ ქალს საოცარი სითბოთი ავსებდნენ.
“მეც ხომ შემეძლო ასეთი შვილები მყოლოდა?” – ეკითხებოდა საკუთარ თავს ქალი და კინოში დაბრუნება აზრადაც კი აღარ მოსდიოდა. იგი ქმარს დაჰყვებოდა გაუთავებელ წვეულებებზე და საქმიან შეხვედრებზეც კი, თავს თითქმის ბედნიერად თვლიდა, მაგრამ დღითიდღე გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი მაინც არ იყო მისი, მისთვის განკუთვნილი ცხოვრება, რადგან იქ, სადღაც არსებობდა პიტერი, ვინც აღარც ცხადში და აღარც სიზმარში არ ანებებდა მას თავს.
ერთ მშვენიერ დღეს კი გაირკვა, რომ ადრიანს ავთვისებიან სიმსივნე აქვს… დიახ, ეს იყო მორიგი კაცი, ვისაც მან უბედურება მოუტანა…
ო, რა კარგი იქნებოდა, რომ ის ხე მართლა დასცემოდა თავში… რომ იმ მხატვარს სასიკვდილო ჭრილობა მიეყენებინა… რომ ზღვაში დამხრჩვალიყო – ფიქრობდა მიშელი და ვერ შორდებოდა მომაკვდავი ადრიანის სარეცელს.
ორ თვეში ადრიანი გარდაიცვალა. მისმა დედამ ყველაფერი იღონა, რათა მიშელი ციურიხიდან გაეძევებინა, რათა ბავშვებისაგან განეშორებინა; მას არ შეხვდა არაფერი, არც ფული, არც ქონება და არც პატივისცემა, აქ არაფერი ეკუთვნოდა მას, თუმცა ეს არ იყო მთავარი, რადგან სიცხადესა თუ ზმანებებს კვლავ პიტერის ხატება ავსებდა.
                                                                               * * *
მიშელი ნიცაში, მშობლებთან დაბრუნდა;
მამამ იგი ვერ იცნო სადგურზე.
…ვერ იცნო  წელში მოხრილი, მობერებული მიშელი, იგივე ჟოსელინა…  იგივე უმშვენიერესი “ანჟელიკა”, რომელიც ამ ერთადერთი როლის ტყვეობაში დარჩა ამ წუთისოფლად…

მასალა მომზადებულია ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი