მერაბ მამარდაშვილი – არაფერი დიდი არ იბადება არქივებიდან

1
478

ფილოსოფოსად ჩემი ჩამოყალიბების დროს რუსული აზროვნება უკვე აღარ არსებობდა და მრავალი ჩემი თანამედროვის მსგავსად მეც აღმოვჩნდი წარსულის უწყვეტი გაგრძელების, თუნდაც ფარულის, მიღმა.

1917 წელს რუსეთმა განიცადა დიდი ანთროპოლოგიური კატარსტროფა. დაიმსხვრა შინაგანი მიმართება წარსული დროის მოაზროვნეებთან. ორმა დიდმა პოეტმა, მანდელშტამმა და პასტერნაკმა – ეს ისეთი სახით გამოხატეს, რომ დამეხმარნენ, მეცხოვრა ამ უბედურებაში.

განგებამ დამიცვა იმ დროს, როდესაც სიცოცხლე საშიში იყო, იმდენად საშიში, რომ სიფრთხილეს აზრი არ ჰქონდა. საუკეთესო გზა იყო, ყოფილიყავი უგუნური, რათა ნორმალურად დარჩენილიყავი, გეცინა, გყვარებოდა, რაღაც გაგეგო. იმისათვის რომ გეარსება, საჭირო იყო განდობოდი, გული გაგეხსნა სხვებისათვის, თუნდაც ისინი დამსმენები ყოფილიყვნენ.

მანდელშტამი და პასტერნაკი ამბობდნენ, რომ, თუ რაღაც დიდი უნდა დაიბადოს, მას აღმოაჩენენ არა არქივებში, არამედ იმ ადამიანებში, ჩვენს ირგვლივ რომ არიან. მანდელშტამი წერდა: „სწორედ წითელი არმიის ამ ჯარისკაცებიდან, რომელთაც მე მივყავარ, ამ უბირი, გულქვა და მონურად მორჩილი ჯარისკაცებიდან, რომლებიც მე მიკრძალავენ პუშკინის კითხვას, შეიძლება იშვას რაღაც დიდი რამ. ყოველ შემთხვევაში, უმალ მათგან, ვიდრე პუშკინისაგან, რადგან ძაფები, რომლებიც დიდ პოეტს გვაკავშირებდა, ამიერიდან გაწყვეტილია“.

დღეს ვხედავთ, თუ რაოდენ მართალი იყო იგი: ცენზურა მოხსნეს და ბევრს ჰგონია, რომ გადაილახა 1917 წლის კატასტროფა, რომ შეიძლება განახლდეს კავშირი, მაგალითად, ბერდიაევთან; ეს ყველაფერი უპრობლემოდ მოხდეს და თავს საერთოდ არ დაუსვან კითხვა – რატომ დასრულდა ყველაფერი ასე ცუდად. დღეს, ენისა და მეტყველების სოვიეტიზაციის შემდეგ, ჩვენ გვესაჭიროება, ხელახლა ვიპოვოთ თიოეული სიტყვის მნიშვნელობა. კვლავ მანდელშტამს მოვიხმობ – იგი განმარტავს ჩაადაევის ერთ-ერთ ფრაზას, რომელშიც ნათქვამია:რუსეთი ისტორიის მიღმაა, მაგრამ არსებობს ენა, დიდი რუსული ენა. ის, თითქოს, წინასწარ გრძნობდა საფრთხეს. მანდელშტამი დასძენს: „თუ ამას დაივიწყებენ, თუ ენის ისტორიულობა შეილახება, ნიჰილიზმის უფსკრულში ჩაიძირებიან“.

ამრიგად, დღეს ძალზე ძნელია გადმოსცე ყველა ტექსტი, რის გაცნობასაც ჩვენ გვიკრძალავდა ცენზურა. ეს იყო კატასტროფის შედეგი. ეს არ არის ცოდნისა თუ ნიჭის საკითხი, არამედ ეს სივრცის კანონია – სამყაროები შორდებიან ერთმანეთს, საგნები იცვლებიან და ძაფი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა ამ თხზულებებთან, საბოლოოდ გაწყვეტილია. ამჟამად ამ ტექსტებს არაფრის თქმა არ ძალუძთ ჩვენთვის.

არ მოკვდე სიკვდილამდე

როდესაც დასავლეთში ჩამოვდივარ, ვამჩნევ, რომ ყველაფერი, რაც მე მაწუხებს, ეს არის ის, რაც აწუხებს სიცოცხლეს. ისეც ხდება, რომ კვდებიან სიკვდილამდე. ვინც საკუთარ სულს უფრთხილდება, მას მაინც დაკარგავს და ვინც მას გაიღებს, შემდეგ მოიპოვებს. ჩვენში ისეთი მდგომარეობაა, გეგონებათ, ცოცხალი ადამიანები ქმნიდნენ შენობის წყობას. მსგავსი მიდის მსგავსთან და სიცოცხლე – სიცოცხლესთან. მაგალითად, ვინმე სახაროვისათვის არსებითი არის აზრის ამბოხი ისეთი საზოგადოების წინააღმდეგ, სადაც ადგილი არ არის აზროვნებისათვის; სადაც აზროვნებისა და პატიოსნების, ღირსების სანაცვლოდ, ცხოვრების წესად უგუნურება დადგენილა.

ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება მეცნიერები, რომლებიც ფუტკრებივით თავიანთი პატარა საქმით იქნებიან დაკავებული და მეცნიერს სჭირდება დიდი სიმამაცე, რათა გახდეს მოაზროვნე.

_____________

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი