თამაზ ბუთხუზი – პარადოქსი

0
641

მოგეხსენაბათ, მეხსიერების გარეშე მოვლენათა ანალიზი შეუძლებელია, ხოლო ანალიზის გარეშ ნაციონალური აზროვნება წარმოუდგენელია. მხოლოდ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოებაა ეკონომიკური და სულიერი აღმავლობის გარანტი.
პარადოქსი შემდეგშია:ჩვენ ვთვლით, რომ არც მეხსიერების პრობლემას ვუჩივით, არც ანალიზის უნარს, არც რაციონალურ აზროვნებას და ამავე დროს სულიერი და მატერიალური სიღატაკის ჭაობში ვიხრჩობით.

შევთანხმდეთ – არაა საჭირო აზროვნების ინსცენირება. დავბრუნდეთ რეალობაში. დიახ, ჩვენ სწორედ რაციონალური აზროვნება გვაკლია, რის გამოც გაუცნობიერებელ ქმედებამდე, არსებულ ყოფამდე დავეშვით, შედეგი კი საკუთარ სულსა და სხეულზე ვიგრძენით. ამ პარადოქსში გარკვევა გაცილებით მეტ ჩაფიქრებას, ჩაღმავებას, თვითკრიტიკას მოითხოვს.

ბავშური გულუბრყვილობაა, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება. ამ პრობლემის გააზრების გარეშე ნებისმიერი უსწავლელი, თავხედი, ავანტურისტი, პოლიტიკური კარიერის მაძიებელი დაარწმუნებს მეხსიერებადაქვეითებულთ, რომ ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებში:რეგრესში, სიღატაკეში,… დამნაშავეა:

1.ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი სწრაფად არმიმღები ევროპა და ამერიკა (პრინციპით – აი, თავის დროზე, რომ მივეღეთ…) ასევე, მასონები, ებრაელები, იეღოველები, კათოლიკე და არაკათოლიკე მწვალებლები, მარხვისა და აღსარების არადროულად და არათანმიმდევრულად შემსრულებლები, ეკლესიური ქორწინების გარეშე არსებული შარვლიანი და უშარვლო არაქალწულნი (რადგან სძაგს ისინი უფალსა),… (თქვენი აზროვნების შესაბამისი და დამაკმაყოფილებელი მიზეზი მოინიშნეთ და დაიმახსოვრეთ შემდგომი გამოყენებისთვის, თვითგამოთაყვანებისთვის)

2.ნებისმიერი მთავრობა (თუ თავად არ ვარ ამ ელიტის წევრი) რადგან ის არის არჩევნების დარღვევით მოსული, რაკონსტიტუციური, ვიწროშუბლიანი, გაუაზრებელი, ხარბი, სისხლისმსმელი, სამშობლოს გამყიდველი, იუდა,… (თქვენი აზროვნების შესაბამისი და დამაკმაყოფილებელი მიზეზი მოინიშნეთ და დაიმახსოვრეთ შემდგომი გამოყენებისთვის, თვითგამოთაყვანებისთვის)

3.ყველა ის ქართველი, რომელიც არ ცნობს, აღფრთოვანებით არ აღიარებს ჩემს განუმეორებლობას, ზეციურ აზროვნებას ან იდუმალ კავშირებს არაამქვეყნიური კეთილ და ბოროტ ძალებთან, ან ჩემს ეზოთერულ განსწავლულობასა და უდიადეს კარმულ ძალას, რომელსაც შეუძლია სულთა ერთობა. საქართველოს ისტორიულ გზაზე წამოწოლილი მეტაფიზიკური შავი ნისლი გაფანტოს და ყოველივე ამის გათვალისწინებით არ ამიღცევს მე პრეზიდენტად,..(თქვენი აზროვნების შესაბამისი და დამაკმაყოფილებელი მიზეზი მოინიშნეთ და დაიმახსოვრეთ შემდგომი გამოყენებისთვის, თვითგამოთაყვანებისთვის)

როცა ამ კოშმარს უყურებ, გიჩნდება აზრი:საქართველო არსებობს. ჩვენ გასაკეთებელი ცოტა რამ დაგვრჩა – შევქმნათ ქართველები.

საქართველოში პოლიტიკოსები გვპირდებიან, რომ ხუთ წელიწადში ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბოლო 2500 წელია უკეთესობისკენ არაფერი შეცვლია. აქედან დასკვნა ერთია:თუ შენ არაფერი იცი, მაგრამ გგონია, რომ ყველაფერი იცი, უკვე პოლიტიკოსი ხარ. ყველა დანარჩენი, ვინც ზემოთ მოყვანილი მიზეზებით ვერ დაკმაყოფილდა და ვისაც ჯერ კიდევ შემორჩენია ანალიზის უნარი, ზრდილობიანად შევახსენებთ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწევს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ეს არის ყველა დროსა და სივრცეში ჩვენი სოცილური აზროვნების დაბალი დონის შედეგი.

დიახ, სწორედ ამ დაქვეითებულ დონეზე წარმოიქმნა ყველა ის პრობლემა, რომელიც ადამიანის არასაკადრის ცხოვრებას განაპირობებს. აქ უცილობლად უნდა გავიხსენოთ ალბერტ აინშტაინის მოსაზრება:„პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ აზროვნების იმავე დონეზე, რა დონეზეც ეს პრობლემა წარმოიშვა. ამიტომ საჭიროა შემეცნების უფრო მაღალ დონეზე გადასვლა, რათა შემდეგ ამ სიმაღლიდან ვცადოთ პრობლემის გადაჭრა”

რჩება ერთი გზა – აზროვნების დონის ამაღლება. ცხადია, ამაღლებული აზროვნების დონეზე გადასვლა მკვეთრად გამოხატულ ნებას და შინაგანი სულიერი პოტენციალის სრულ მობილიზებას მოითხოვს. ჩვენ ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ. რთულ ამოცანას კი მარტივი ამოხსნა, სამწუხაროდ მხოლოდ მითებსა და ზღაპრებში აქვს. ჩვენი სასტიკი ყოფის ზედაპირული ანალიზი მოითხოვს, რეალობას შემეცნების განსხავებული კუთხით შევხედოთ. დავფიქრდეთ, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგომით, ,,გააზრებულად” თუ გაუაზრებლად, ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრებას, მამავლის სამართავად ვინ არ აგვირჩევია, ვის არ ვირჩევთ, ვის არ ავირჩევთ, მაგრამ ჩვენი საშველი მაინც არ არის.

დავუკვირდეთ პარადოქსებს: – თითოეული ჩვენგანს, კონკრეტული მე-ს ადამიანის ღირსების საკადრისი ცხოვრება, ასევე ცალკე აღებულ ჯგუფს -ჩვენ-ს იგივე უნდა, შედეგი სახეზეა. გამოდის, რომ ეს, ადამიანის საკადრისი ცხოვრება არც მე-ს და არც ჩვენის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანს აუცილებლად უნდა გაუჩნდეს უმთავრესი კითხვა:თუ მე-სა და ჩვენ-ის ნება-სურვილით შედეგს ვერ ვაღწევთ, მაშ რა არის ის „მესამე“, რაც ადამიანის ღირსების საკადრის ცხოვრებასთან მიგვიყვანს? ეს ერთი მხრივ.

მეორე მხრივ, შეგახსენებთ კარლ გუსტავ იუნგის პარადოქსს, რომლის არსი შემდეგშია – იკრიბებიან მხოლოდ ინსტიქტით შეპყრობილი ცხოველები, მწერები, ფრინველები,… და იბადება „კოლექტიური გონი“ სხვაგვარად არ იხსნება ვეშაპებისა და წეროების უნიკალური, ურთულესი მიგრაცია ან ფუტკრების და ჭიანჭველების ზეორგანიზებული „გონივრული“ ქმედება, ცხოვრება. მათგან განსხვავებით ვიკრიბებით ჩვენ, გონიერი ადამიანები და იბადება კოლექტიური უგუნურობა.

მაშ ასე, გვაქვს ორი პარადოქსი. შევეცადოთ, გავერკვეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევიკრიბოთ გონიერი ადამიანები და დაიბადოს არა კოლექტიური უგუნურება, არამედ კოლექტიური გონი, რომელის მეშვეობით გავიაზრებთ იმ „მესამე“-ს რაზედაც არის დამოკიდებული განვითარებადი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა. თავის მხრივ, კოლექტიური გონის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს კონგენიათა სისტემა. კონგენიალური (ლათ. con – ერთად genius – გონი, სული) ნიშნავს სულითა და აზროვნების სტილით ახლოს მდგომ ადამიანებს.

კონგენიალურობა, თავისი არსაიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა მოითხოვს ისეთ უმაღლეს ფასეულობებზე შეთანხმებას, როგორიცაა სამშობლო, ჭეშმარიტება, ბედნიერება, განთლება, თავისუფლება, განვითარება, ეთიკა,…

ვიმეორებთ, ამ შეთანხმების გარეშე შეუძლებელია იმ „მესამე“-ს გააზრება, რომელიც თვითგანვითარებადი, პროგრესირებადი სოციალური სისტემის ჩამოყალიბებისთვის არის აუცლებელი. მართლაც, შეუძლებელია, საათის მექანიზმმა შეასრულოს თავისი ფუნქცია, თუ მისი თითოეული დეტალი, ნაწილი არაა მოყვანილი ერთმანეთთან ჰარმონიაში და ამ ნაწილებს შორის არ არის „უმაღლესი შეთანხმება“ მთავარ მიზანთან მიმართებაში.

უპირველესად გასარკვევია, თუ რატომ ვერ ქმნის ადამიანის ღირსების საკადრის ცხოვრებას ვერც მე და ვერც ჩვენ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი